დაგვიანებული ექოები
არსებობენ ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად, ზღვის სანაპიროზე, საათების განმავლობაში (არც წუთების), ფერად კენჭებსა და ნიჟარებს ვერ დაითვლიან, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის განცდის ბედნიერება გაჩუქონ..
მთელი დღეებია (უკეთ, ათასწლეულები) ანათებს. ჩვენ კი ქოლგების, შლაპების, კეპების, თავშლების და ათასი რამის ქვეშ ვემალებით.
მერე ადგება და ნელ-ნელა უკან დახევას დაიწყებს.
განა არ იცის, რომ გვჭირდება, რომ მის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია, რომ კნუტებივით ჩვენთვისაც აუცილებელია მისნაირი თბილი პატრონი, რომ გავეგლასუნოთ და თავი მშვიდად ვიგრძნოთ. ჩვენ გვჭირდება მისი სინათლე, საკუთარი ჩრდილ(ებ)ის დასანახად, რომ არსებობა დავიჯეროთ. ჩვენ შესაძლოა არ გამოვიყენოთ მისი რესურსები, მაგრამ ყოველგვარი საჭიროების გარეშე გვჭირდება იგი. მისი არსებობა თავისთავადია, მაგრამ ნამდვილობას მხოლოდ უშუალო შეხებისას გრძნობ, (ქვე)ცნობიერად და რწმენით.
ის არ ემორჩილება პროგნოზებს და გრძნობებით მოქმედებს.
მისი არსებობა ვიცით, ვგრძნობთ, გვჯერა და გვწამს, ან/ან/ან გამორიცხულია. მისი უშუალობა მუდამ უბრალოა. ის არ თამაშობს. ჩვენ მას საკუთარი სხეულივით ვირგებთ და დამსახურებებზე ლაპარაკს ვიწყებთ. ის კი ანათებს, უხმაუროდ, თავდაუზოგავად. ჩვენ ვიმალებით.
მაგრამ არის წამები, როცა მისი ნათება თვალს გვჭრის ანუ.. ის მიდის.
მიდის, მაგრამ მისი წასვლაც განსხვავებულია, თავისთავადი. ზურგს კი არ გიჩვენებს, უკუსვლით მიდის, და მთელი თავისი ენერგიის ფოკუსირებას ცდილობს, რომ როგორმე გამოგახედოს საკუთარი თავიდან და მიგახვედროს, შენთვის კი არ არსებობს, არამედ შენით.
არ არსებობს წასვლა, რომელზეც იტყვიან შთამბეჭდავიაო, მასზე კი ამბობენ.
იქნებ იმიტომ რომ ზურგის შექცევა არ შეუძლია და იმედით მიდის, არწასვლის იმედით. შთამბეჭდავი ,,სანახაობიდან'' გამოერკვევი და ბედნიერების ღიმილი სასოწარკვეთილ უხმო ვედრებად გარდაგექმნება, მაგრამ..
მზე უკვე ჩავიდა.
თუმცა, მე მზის ჩასვლაზე არ გიყვებოდი. მან უბრალოდ ჩვენი ურთიერთობა ცისფერ სცენაზე გაითამაშა, ზმანება-სიზმარივით, გაფრთხილებასავით..
მზე ჩავიდა, მეგობარო, მაგრამ შენ ისევ ხარ.
შემეხმიანე.
Comentarios