top of page

თუკი ვერ ახერხებ, რომ შენც შეგიყვარონ - ერიხ ფრომი

ერიხ ფრომის / სიყვარულის პრაქტიკა


ერიხ ფრომის თანახმად, კაცობრიობის განზრახვა არის მარტოობის დაძლევა, რომელსაც განვიცდით ადამიანთან განშორებისას.

ფრომისთვის: სხვა ადამიანის დანახვის შესაძლებლობა, ისეთად როგორიც ის არის, დამოუკიდებელად იმისა, თუ როგორ ხედავ და რა გსურს. ანუ, პატივისცემა სხვისი მოგზაურობის მიმართ. ერთმანეთის უნიკალურობის მიმართ.

საუკეთესო პასაჟი:


"კიბეზე მაღლა და ბოლოში მყოფებს შორის მცირე განსხვავებაც კი არ არის. ყველა ასრულებს ორგანიზაციების და სტრუქტურების მიერ დადგენილ დავალებებს, დადგენილი სისწრაფით და დადგენილი წესით. გრძნობებიც კი არის დადგენილი: მხიარულება, შემწყნარებლობა, საიმედოობა, ამბიცია და ყველასთან ურთიერთობა უთანხმოების გარეშე. გართობა რუტინულად მიმდინარეობს. წიგნებს ურჩევენ წიგნის კლუბები, ფილმებს კინოსა და თეატრის მფლობელები და სარეკლამო ლოზუნგები; დაბადებიდან სიკვდილამდე, ორშაბათიდან ორშაბათამდე, დილიდან საღამომდე - ყველა ღონისძიება რუტინულად მიმდინარეობს და ასაწყობია.“



ფრომი სიყვარულის ხელოვნებაზე:


სიყვარული უბრალოდ სენტიმენტალური გრძნობა არ არის, რომლის განცდაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიუხედავად მის მიერ მიღწეული სიმწიფისა, სიყვარულის ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, თუკი, ადამიანი არ ეცდება უფრო აქტიურად განავითაროს თავისი პიროვნება.


ადამიანების უმრავლესობის პრობლემა ისაა, რომ თვითონ სურთ იყვნენ სიყვარულის ობიექტნი, სხვებში აღძრავდნენ სიყვარულს და არა ის, რომ მათ უყვარდეთ, თავად შესწევდეთ სიყვარულის უნარი და ნიჭი. იმისათვის, რომ ისინი შეიყვარონ, ადამიანები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ. პირველი, რითაც უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცები სარგებლობენ, არის წარმატების სურვილი, სიმდიდრისა და ძალაუფლების ძიება. მეორე გზა უფრო ხშირად ქალის მიერ გამოიყენება და იგი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავი აქციოს მიმზიდველ პიროვნებად. ზედმიწევნით მოუარონ სხეულს, სამოსს და ა.შ. ჩვენ ყველანი ერთმანეთისათვის უცხონი ვართ და როცა ჩვენ შორის არსებული გამყოფი კედელი ირღვევა, ადამიანის ცხოვრებაში ეს ერთობის განცდა გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ მომენტად. ისინი, ვინც მანამდე გათიშულნი, ერთმანეთისაგან იზოლირებულნი, სიყვარულს მოკლებულნი იყვნენ, ახლა ამ გრძნობაში პოულობენ ყველაზე მშვენიერ და მომაჯადოებელ განცდას. ეს სიახლოვე ხშირად უფრო ადვილად მყარდება, თუკი იგი ფიზიკური ლტოლვითა და მისი დაკმაყოფილებით იწყება. უნდა ითქვას, რომ ასეთი სახის სიყვარული თავისი არსით არამყარია. ორი ადამიანი სულ უფრო უკეთ ეცნობა ერთმანეთს, მათი სიახლოვე სულ უფრო და უფრო კარგავს ჯადოსნურობის ელფერს, მანამ, სანამ მათი ანტაგონიზმი, იმედგაცრუება, ერთმანეთით ავსება არ მოკლავს იმას, რაც დარჩა იმ პირვანდელი მღელვარებიდან. დასაწყისში მათ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ, ისინი ნამდვილად შეპყრობილნი იყვნენ ბრმა ურთიერთლტოლვით. ერთმანეთზე ასეთი „გაგიჟება“ მათი სიყვარულის ძალის მაჩვენებელია, თუმცა ამასთან ერთად იგი იმაზეც მიანიშნებს, თუ რაოდენ მარტოსულად გრძნობდნენ ისინი თავს.

პირველი აუცილებელი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ სიყვარული-ხელოვნებაა, ისეთივე, როგორც ცხოვრების ხელოვნება. თუ ჩვენ გვსურს ვისწავლოთ სიყვარული, ჩვენ ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც მოვიქცეოდით ნებისმიერი სხვა ხელოვნების სფეროს, მუსიკის, ფერწერის, საექიმო ან საინჟინრო საქმის შესწავლისას.

რა ნაბიჯებია საჭირო სიყვარულის ხელოვნების შესწავლის საქმეში?

პირველად ხდება - თეორიის დაუფლება; მეორე ეტაპი კი პრაქტიკაა. თუ მინდა სამედიცინო მეცნიერებას დავეუფლო და მასში დავოსტატდე ჯერ ადამიანის ანატომია და დაავადებებთან დაკავშირებული ფაქტები უნდა შევისწავლო. ასევე, ამ საქმეში ოსტატობას მივაღწევ მხოლოდ გარკვეული პრაქტიკის მიღების შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეზულტატი ჩემს ინტუიციად გადაიქცევა, რაც არის კიდეც პროფესიონალიზმის საზომი. თეორიასა და პრაქტიკასთან ერთად არის მესამე ფაქტორიც, კერძოდ, ეს საქმე უნდა გახდეს ჩემი ყურადღების ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი; ქვეყნად არაფერი უნდა არსებობდეს ამ საქმეზე მნიშვნელოვანი. ასე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მუსიკის, მედიცინის, არქიტექტურის და ასევე სიყვარულის შესწავლაზეც. იქნებ სწორედ აქ იმალება პასუხი კითხვაზე: რატომ არ სწავლობს ჩვენი კულტურის ადამიანი სიყვარულის ხელოვნებას, მაშინ როდესაც ამ საქმეში ასეთი აშკარა წარუმატებლობა აქვს. ყველას სწყურია სიყვარული, მაგრამ სხვა ყველაფერი გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად არის მიჩნეული, იქნება ეს კარიერული წინსვლა, პრესტიჟი, ფული, ქონება, ძალაუფლება. მთელი ჩვენი ენერგია მიემართება ამ მიზნების მიღწევისაკენ და თითქმის არაფერი სიყვარულის ხელოვნების შესასწავლად.


დაბოლოს:

თუკი შენ ისე გიყვარს, რომ ვერ იწვევ საპასუხო სიყვარულს, თუ შენი სიყვარული სხვაში ვერ ბადებს იმავე გრძნობას, თუკი ვერ ახერხებ, რომ შენც შეგიყვარონ, მაშინ შენი სიყვარული უძლურია და იგი ტრაგედიად გადაიქცევა. სიყვარული აქტიური დაინტერესებაა იმ ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების მიმართ ვინც ჩვენ გვიყვარს. სიყვარული ეს არის მოქმედი ძალა, რომელიც ადამიანთა შორის გაუცხოების კედლებს არღვევს. სიყვარული ეხმარება ადამიანს გადალახოს იზოლირებულობისა და მარტოობის განცდა და ამასთანავე საშუალებას აძლევს არ დაკარგოს საკუთარი თავი, შეინარჩუნოს თავისი მთლიანობა. სიყვარულში თავს იჩენს პარადოქსი: ორი ადამიანი ხდება ერთი მთლიანობა და ამასთანავე ნარჩუნდება ორობა. სიყვარული ეს აქტიურობაა და არა პასიური აფექტი, ეს დახმარებაა და არა გატაცება. ზოგადი სახით სიყვარულზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უფრო გაცემაა ვიდრე მიღება. გაცემა ძალის უმაღლესი გამოვლინებაა. გაცემის ყოველ აქტში მე ჩემს ძალას, სიმდიდრეს, ძალაუფლებას ვავლენ. სიცოცხლისუნარიანობისა და ძალის ასეთი გამოვლინება სიხარულით მავსებს. სიყვარული აქტიურობაა, სულის ძალაა.

თუკი მე მართლაც მიყვარს ერთი ადამიანი, მაშასადამე მე მყვარებია ყველა, მე მყვარებია სამყარო, სიცოცხლე. თუ მე შემიძლია ვინმეს ვუთხრა „მე შენ მიყვარხარ“, მაშინ მე უნდა შემეძლოს იმის თქმაც, რომ „მე შენში ყველაფერი მიყვარს“, „მე შენი მეშვეობით მთელი სამყარო მიყვარს, მე შენში საკუთარი თავი მიყვარს“. /ერიხ ფრომი/ "სიყვარულის ხელოვნება"


სტატია მოამზადა სოფო სუდაძემ

14.02.2020

630 views0 comments

Comments


bottom of page