და თქვა ასტრონომმა: "მოძღვარო, რას იტყვი დროის შესახებ?"
და მიუგო მან:
გინდათ აღრიცხოთ დრო, განუზომელი და აღურიცხველი. გინდათ თქვენი ქცევა მიუსადაგოთ მას და თქვენი სული კი წარმართოთ საათებისა და წელიწადის დროთა მიხედვით. გსურთ დრო აქციოთ წყაროდ, რომლის ნაპირას ჩამოსხდებოდით და დააკვირდებოდით მის დენას.
და მაინც, რაც უჟამო და მარადიულია თქვენში, მან იცის, რომ სიცოცხლეც უჟამოა და მარადიული. და კიდევ იცის, რომ "გუშინ" არის დღევანდელი დღის მეხსიერება, "ხვალე" კი ოცნებაა დღევანდელი დღისა. ის, რაც გალობს და აზროვნებს თქვენში, ახლაც სუფევს იმ პირველ ბიძგში, რომელმაც სივრცეში გატყორცნა ვარსკვლავები.
რომელი თქვენგანი არ გრძნობს, რომ უსაზღვროა ნიჭი თქვენი სიყვარულისა? და კიდევ, რომელი თქვენგანი არ გრძნობს, რომ სწორედ ეს უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარული შემოსაზღვრულია თქვენით, ჩაბუდებულია თქვენს გულისგულში და განყენებულად არ დაქრის სასიყვარულო ოცნებად, ფიქრად, სურვილად?!
და განა დროც სიყვარულივით განუყოფელი და უსასრულო არ არის?
ხოლო თუ თქვენს ფიქრებში ჟამი მაინცდამაინც უნდა დაყოთ წელიწადის დროებად, დაე, ყოველმა მათგანმა დაიტიოს დანარჩენი დრონი წელიწადისანი. დაე, დღევანდელმა დღემ წარსული მოიცვას ხსოვნით და მომავალი - სურვილითა და სწრაფვით".
Kommentare