top of page

Interview: Ana Subeliani

✍️ ინტერვიუ / ანა სუბელიანი


❓ როგორ ხარ ამ ეტაპზე, თავს როგორ გრძნობ?


ახლა ცოტა არ იყოს ქაოსია ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. სერიოზული გადაწვა მქონდა პრაიდ კვირეულის შემდეგ, თვეების განმავლობაში არაადამიანურ რეჟიმში ვმუშაობდი, რაც მომწონდა, თავად მიმაჩნდა მნიშვნელოვნად, უდიდესი მოტივაციით ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ როგორც კი დაგეგმილ ამოცანებს მივაღწიეთ, ავდექი და ბრძოლის ველზე დავეცი )) შემდეგ მქონდა დასვენების რეჟიმში გადასვლის ეტაპი. საკმაოდ დიდხანს ვერ ვდუნდებოდი, მიჭირდა ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. დროებით ყველაფერს გამოვეთიშე, ყველანაირი კომუნიკაცია შევწყვიტე გარე სამყაროსთან და ვცადე მიმეღწია მდგომარეობისთვის, რომელშიც სრულად მოდუნებული და სამყაროსგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაზე ვიქნებოდი მომართული. საბოლოო ჯამში გამომივიდა. ოღონდ, ჯერ სრულად გადაშვებამ საქმეებში, შემდეგ კი დასვენებაში, იქამდე მიმიყვანა, რომ ბევრი მოსაგვარებელი საკითხი დავაპარკინგე (სხვაგვარად არც შემეძლო), ახლა კი მათ დალაგება-მოწესრიგებაში ვარ. მგონი ცხოვრებაში პირველად მართლა ვცდილობ ბალანსს მივაღწიო და ასე თუ ისე გამომდის. შინაგანი სიმშვიდეც იმაზე მეტად მაქვს, ვიდრე ოდესმე მქონია.


❓ დაბრუნდი ბავშვობაში და მომიყევი რამე, პატარა ანას შესახებ.


ბევრი მტკივნეული რამ მახსენდება ხოლმე, არ მქონდა დიდად მარტივი და დალხენილი ბავშვობა. თუმცა ბედნიერი ეტაპებიც იყო. ძალიან ლამაზად მახსენდება ოზურგეთში გატარებული ზაფხულები, რომელიც, სამწუხაროდ, რაღაც ეტაპზე შეწყდა. დიდი, მხიარული, ბედნიერი ოჯახი, ფუსფუსი, ქოთქოთი, ჟრიამული. მახსოვს ასევე ის, რომ სულ კონცერტებს ვაწყობდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, ესეც გარკვეულ ასაკამდე, სანამ იყო საკმარისი სივრცე სილაღისთვის და თავისუფლებისთვის.


❓ რა გიყვარს ცხოვრებაში? იცვლება ხოლმე ხშირად?


ადამიანური ურთიერთობები, მოგზაურობა, ცეკვა, მუსიკა, ჭამა, სექსი, თავგადასავლები. მიყვარს ზოგადად ცხოვრება და მისი თითოეული კომპონენტი, ზოგჯერ აუტანლად მტკივნეული გამოცდილებებიანად. ყველა ეს გამოცდილება ერთობლიობაში ქმნის ჩემს უნიკალურ ბიოგრაფიას და პიროვნებას.


❓ ბედნიერი ადამიანი ხარ? რა გაბედნიერებს?


ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ხან მეტად შევიგრძნობ ამას, ხან ნაკლებად, თუმცა, ვცდილობ რაც შეიძლება მეტად შევძლო ამ წამით და აქ ყოფნით ტკბობა, ბედნიერების შეგრძნება. მაბედნიერებს ჩემი არაჩვეულებრივი შვილი, რომლითაც უზომოდ ვამაყობ და რომელიც უდიდეს სიყვარულს მჩუქნის. მაბედნიერებენ კეთილი ადამიანები, მათი გამოწვდილი ხელი, ზრუნვა, სიყვარული და ზოგჯერ უბრალოდ მათი არსებობაც კი.. მაბედნიერებს ცხოველებთან გატარებული დრო, ბუნებასთან შერწყმის თითოეული შესაძლებლობა, მიწაზე ფეხშიშველი სიარული, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მზის სხივები, წყალთან თამაში... საოცრად მაბედნიერებს ცეკვა, სიმღერა და მუსიკასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. მაბედნიერებს იმის რწმენა, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ და კიდევ უფრო მაბედნიერებს მიღწეული შედეგები, სიყვარული და მადლიერება, რომელსაც ხშირად სრულიად უცნობი ადამიანებისგან ვიღებ ძალიან დიდი დოზით. მაბედნიერებს ახალი აღმოჩენები საკუთარ თავსა და სამყაროზე და ზრდისა და განვითარების გზაზე დაუსრულებელი სიარული.


❓ შეგიძლია აღწერო შენი ერთი ბედნიერი დღე?


ჩემი ბედნიერი დღე შეიძლება არც არაფრით იყოს გამორჩეული სხვა დღეებისგან, გარდა იმისა, რომ ამ დღეს ვახერხებ ვიყო მარტივი მოცემულობებით, არსებულით კმაყოფილი, საკუთარი თავის მიმართ მეგობრული და მომავლის იმედებით სავსე.


❓ რას აფასებ ადამიანებში?


გულწრფელობას, ყველაზე მეტად. ეს ის არის, რასაც ველი და ვითხოვ ყველასგან, ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში, იქნება ეს სასიყვარულო, მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობა. ან სულაც პოლიტიკა. თან მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგ და სასარგებლო რამეს ვითხოვ ამით ყველასთვის. მგონია, რომ ასე უფრო მარტივია და ასე უფრო სამართლიანიცაა.


❓ არსებობს უსამართლობა? სად წყდება ამის ზღვარი?


უსამართლობით არის სავსე ჩვენი სამყარო. არ ვიცი ზღვარის გაწყვეტაში ზუსტად რას გულისხმობთ, მაგრამ თუ ის გაინტერესებთ, არსებობს თუ არა ამ უსამართლობების სრულად აღმოფხვრის შანსი, გეტყვით რომ არა, ეს უტოპიაა, იდეალური მოცემულობა, რომლისკენაც მუდმივად უნდა ვისწრაფვოდეთ და რომელსაც სრულყოფილად მაინც ვერასდროს მივაღწევთ, სამწუხაროდ.


❓ რისი გწამს ყველაზე მეტად გულის სიღრმეში?


სიყვარულის და სიკეთის.


❓ ზოგადად როგორ უმკლავდები ხოლმე რთულ პერიოდებს?


ჯერ იმის გაცნობიერებაა, რომ ძალიან ცუდად ვარ, შემდეგ ამის აღიარება, ღიად საუბარი, დახმარების თხოვნა, თუმცა საბოლოოდ, მაინც მე ვარ საკუთარი თავის მაშველი.


❓ რა არის ცხოვრებაში მთავარი როგორ ფიქრობ?


წინ სვლა, შემეცნება, სიკეთის კეთება.


❓ რას ეყრდნობი ხოლმე საკუთარ თავში?


საკუთარ ღირებულებებს, მორალურ კომპასს, რომელიც დროთა განმავლობაში თავად გამოვძერწე.


❓ რითი ხარ სავსე? რა არის შენში ყველაზე ბევრი?


სიყვარულით ვარ სავსე, ბევრი მაქვს ძალიან და ვანაწილებ, რამდენადაც შემიძლია. თან, არ მთავრდება, უსასრულო რესურსია.


❓ რას ეტყოდი ახალგაზრდა მოწყენილ ადამიანებს?


ისიამოვნე თითოეული წუთით, იზრუნე საკუთარ თავზე და სხვებზე. დაიჯერე, რომ ეს სამყარო შენია და რომ საუკეთესოს იმსახურებ. გახსოვდეს, რომ სხვებსაც სჭირდები. გაზიარება და ზრუნვა მხოლოდ გაგზრდის და გაგაბედნიერებს.


❓ რისი გეშინია ყველაზე მეტად?


ომის, ადამიანის სისასტიკესთან მიახლოვების.


❓ გაქვს რაიმე ფრაზა რასაც საკუთარ თავს ხშირად ეუბნები ხოლმე?


ყოჩაღი ხარ, ხომ იცი! ამასაც გაუძლებ.


❓ რა გინდა რომ მუდამ გახსოვდეს?


როგორი იყო ახალშობილი დადა.


❓ მითხარი რამე სიყვარულზე...


სიყვარული მიყვარს.


❓ ერთ მშვენიერ დღეს ...


☀️ დავადგები გზას და გაუჩერებლად ვივლი, ფეხშიშველი, თმაგაშლილი, პასუხისმგებლობებისა და გეგმების გარეშე, მხოლოდ სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის, აღმოჩენის, კვლევის დაუსრულებელი სწრაფვით აღსავსე.



ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი


Ana Subeliani

85 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page