top of page

Interview: Ana Topuridze

✍️ ინტერვიუ / ანა თოფურიძე 🌞


☀️ დავიწყოთ მოგზაურობა


დავიწყოთ!


როგორ გრძნობ თავს ამჟამად და ზოგადად?


აგვისტოში კარგად დავისვენე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურე და კიდევ მეტად დავაფასე ჩვენი ქვეყნის ბუნების სილამაზე. მადლობელი ვარ, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში დავიბადე. რადგან ეს თვე თავისუფალი ვიყავი და დრო და სივრცე მხოლოდ მე მეკუთვნოდა, ბევრი დრო გავატარე სიმშვიდეში და თვითშემეცნებაში. ბევრი რამ აღმოვაჩინე და გადავაფასე და ახლა ვემზადები ახალი შემოქმედებითი წლის შესაქმნელად.

Let Your Life Be your Daily Art -

- ჩემი საყვარელი სლოგანია, ასე რომ ვემზადები ახალი ეტაპისთვის. შემოქმედება - მხოლოდ ხატვა, ფოტოგრაფია, წერა, მუსიკა ან სხვა რომელიმე ხელოვნების მიმართულება არაა, შემოქმედება ყოველი დღეა, ყოველი გადაწყვეტილება და მოქმედება, რითაც შენს გარშემო რეალობას ქმნი და გარშემომყოფებზე ზემოქმედებ. იმედი მაქვს მეტად გაცნობიერებული, ბედნიერი და ნაყოფიერი წელი მექნება. ახლა მოტივირებული და ცნობისმოყვარე ვარ.


შენთვის ცხოვრება მუდმივად პერიოდებად იყოფა თუ ერთი ნაკადით მიდის სულ? როგორ აღწერდი, მინდა გამიზიარო


ცხოვრება ჩემთვის მოგზაურობაა და ჩემს გარშემო მუდამ ახალი საოცრებების აღმოჩენა. იმის შესაბამისად თუ რა ხდება ჩემს შინაგან სამყაროში იცვლება გარემოც. სამყაროს ცოცხალ ცნობიერებად აღვიქვამ და ის მუდამ კომუნიკაციაშია ჩემთან. რაღაცას მასწავლის, მჩუქნის, მიჩვენებს და გამომაცდევინებს. ჩემს აღქმაში, როგორც ენერგეტიკული, ასევე მატერიალური ხელშესახები სამყარო, უსასრულოდ მრავალფეროვანია. მხოლოდ ჩემს არჩეულ გზაზე და ჩემს ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რომელი ახალი კარი გამეხსნება და რომელ ახალ თუ ძველ ოთახში აღმოვჩნდები გარკვეული დროით. ასე რომ, ცხოვრება ერთი დიდი მოუსვენარი ნაკადია, მხოლოდ სხვადსხვა რითმებში და ფერებში.


რომელი სეზონია შენს ბუნებასთან ახლოს და რატომ თვლი ასე?


ჩემი აღქმით ყველა სეზონი სრულყოფილი და ულამაზესია, ადამიანები ბედნიერები ვართ, რომ დედამიწაზე ამ მრავალფეროვნებას გამოვცდით. განსაკუთრებით მიყვარს იაპონური პოეზია, რადგან ნამდვილ ჰაიკუში ყოველთვისაა გადმოცემული რომელიმე სეზონი და ცხოვრების წარმავლობის იდეა. ადამიანის რომელიმე განცდას და ბუნების მოვლენას რამდენიმე სიტყვაში აერთიანებს პოეტი და ლამაზ ემოციურ ამბავს გვიხატავს. მაგალითად ასეთს:


„როგორ შევნატრი

ჩამოცვენილ ალუბლის ყვავილს,

ნეტავ შემეძლოს მეც გავთავდე

ასე ლამაზად“


ყოველ სეზონზე, ყოველ ამინდში შეგიძლია აღმოაჩინო სილამაზე და დატკბე იმ წუთებით, როდესაც ბუნებასთან ერთიანდები. დილაც მშვენიერია და საღამოც. წვიმა, ყინული, თოვლი, ფოთოლცვენა, ქარბუქი და ა.შ.. შესაძლოა ამინდი ადამიანს დისკომფორტს უქმნიდეს, მაგრამ რასაც ბუნება ქმნის, ყველაფერი თვითკმარი სრულყოფილებაა. იაპონიას ერთხელაც ვახსენებ. არის ასეთი რეჟისორი შონკაი მაკოტო, რომლის ანიმაციებშიც მუდამ წვიმაა და ყოველი კადრით წვიმის მთელ სილამაზეს გადმოსცემს. მისი ანიმეების ყურების შემდეგ ქოლგის ყიდვა და წვიმაში ბევრი სეირნობა მომინდა. პირადად მე კი, თუ მაინცდამაინც უნდა დავაკონკრეტო, ალბათ მაინც ზაფხული, რადგან განსაკუთრებით მიყვარს მზე რომ ანათებს და მისი სხივები გარშემო ყველაფერს ოქროსფერი სინათლით ანათებენ. ყვავილებს, მიწას, მწვანე ფოთლებს, ჰორიზონტებს, წყლის ტალღებზე თამაშობენ. მზის სხივები ყველაფერს ალამაზებენ. სანამ მზე გვანათებს ყველაფერი კარგად იქნება.


რა ასაკი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ დროს რა მოხდა შენში?


რაც დავიბადე ყველა წელი და ასაკი მნიშვნელოვანი იყო და მუდამ რაღაც ხდებოდა. უმნიშვნელო არაფერი ყოფილა რას კადრულობთ ამ კითხვით.. !? :D არა რათქმაუნდა ბევრი იყო, ძალიან ბევრი შემთხვევა და მოვლენა რამაც ჩემში ცვლილებები გამოიწვია, მაგრამ მოდი ერთ ძალიან უბრალო რამეს გავიხსენებ. 19 წლის ვიყავი მისული ჯავახიშვილის კორპუსში „რა?სად?როდის?“ ახალგაზრდულ თამაშზე, იქ არავის ვიცნობდი და უბრალოდ ვესწრებოდი, კითხვებს ვუსმენდი და ვამოწმებდი ჩემს ცოდნას. ამ დროს მოულოდნელად უკან პალტოს დაქაჩვა ვიგრძენი და წამიერად შევშფოთდი, ვის რა უნდა ჩემგან რა ხდებათქო, რომ შევბრუნდი უცნობი გოგო იყო ჩამუხლული და პალტოს მიწმენდდა ხელით. ამან ისე გამაკვირვა, ნამდვილად გავოცდი და ამ პატარა ჟესტმა მაშინ ჩემი ცნობიერება შეცვალა.. ვერ წარმომედგინა უცნობს ასე თავი რატომ უნდა შეეწუხებინა ჩემთვის, თან არც უთქვამს „მოდი გაგიწმინდო“ ან „დასვრილი გაქვს პალტო“, ასე უბრალოდ გადაწყვიტა ჩაემუხლა და გაეწმინდა ჩემი ტანსაცმელი. რათქმაუნდა მადლობა ვუთხარი, მაგრამ ისე იმოქმედა ჩემზე ამ ჟესტმა, სახლისკენ წამოსული მთელი გზა ვფიქრობდი, რა კარგი გოგო იყო მეც რომ გავიზრდები ასეთი გავხდები, უნდა ვისწავლო, ქრისტიანობა შევიმეცნო, ვიმუშაო ჩემს თავზე და ოდესმე მეც ასეთი პიროვნება გავხდებითქო.. 19 წლის ანას აზრადაც არ მოუვიდოდა უცნობს ასე დახმარებოდა, საკმაოდ ჩაკეტილი, ინტროვერტი და არაკომუნიკაბელური ვიყავი. უცნობებთან საუბრისაც კი მეშინოდა და ეს მოვლენა და შემდეგ ეს გადაწყვეტილება ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩემთვის. მოსაყოლად ეს ამბავი იმიტომ ავარჩიე, რომ მინდა ვთქვა ყოველდღიურობაში, ერთ პატარა გულწრფელ საქციელში შეიძლება ჩადო მთელი სიყვარული და შეცვალო ვიღაცის ცხოვრება. არაა აუცილებელია სულიერი ტრანსფორმაცია სადღაც ჰიმალაის მთებში, ტაძრებში ან გურუსთან შეხვედრისას მოხდეს. ყოველდღიურობაში ყველგანაა ღმერთი და ყველგან ვლინდება, ხან სხვის, ხან შენს საქციელში და ასეთი პატარა ჟესტებისგან იქმნება ცხოვრება.


როგორი ხასიათი გაქვს?


ზურა დოიჯაშვილის „მარტი“ მშვენივრად გადმოსცემს ჩემს ხასიათს სიმღერაში.. :D კოსმოსმა წყლის სტიქია უხვად დამანათლა თევზების, კირჩხიბის და მორიელის დიდი გავლენა აქვთ.


რა გეხმარება ყველაზე მეტად კარგად ყოფნაში?


ტოქსიკური ურთიერთობების გაწყვეტა. ცოტა სევდიანი მეთოდია და ვერ ვიამაყებ რომ სულიერების უმაღლესი გამოვლინებაა, მაგრამ ამ გარემოში ალბათ თვითგადარჩენის ერთ-ერთი რეკომენდირებული გზაა. ტოქსიკური მიჯაჭვულობებისგან განთავისუფლება, ზედმეტი არასაჭირო პასუხისმგებლობებისგან თავის დაღწევა, ტოქსიკური ურთიერთობის დასრულება და გაშვება. ჩემს აღქმაში ჩვენი სასიცოცხლო ენერგია, ენერგეტიკული არხებით იგზავნება იმ ადამიანების და მოვლენებისკენ რასთანაც ემოციური და აზრობრივი კავშირი გვაქვს. შესაძლოა ვიღაცას არ უნდოდეს შენთან გულწრფელი ენერგიის ცვლა, ვიღაცას არ სჭირდებოდე ან პირიქით შენით ზედმეტად სარგებლობა უნდოდეს ცნობიერად ან გაუცნობიერებლად. ასე რომ, კავშირის გაწყვეტისას, ზოგჯერ, თითქოს დიდი ტვირთი მოგვეხსნება ხოლმე, როცა ვიღაცას ვშორდებით, უშვებ და გადაწყვეტილებას იღებ რომ აღარ გჭირდება ცხოვრებაში იმ ფორმთ, როგორითაც არის. იმასაც კი ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი რეალზიებული, ბედნიერი და ცხოვრების მადლობელი არაა, მაშინ ის აუცილებლად თავის ახლო გარემოცვიდან ვიღაცას უნდა დაშორდეს, რადგან ბედნიერებას თუ არა, მადლიერებას აუცილებლად უნდა განიცდიდეს ადამიანი თუ სწორად ცხოვრობს. ასევე მოქმედებს სახლის დალაგება და ძველი ნივთების გაჩუქება ან გადაყრა.


კარგად ყოფნის ინსპირაციული მეთოდიც რომ ვთქვა, საბრძოლო ხელოვნების პრაქტიკა მაგრძნობინებს თავს ყოველთვის განახლებულად, ძლიერად და ბედნიერად.



შენს ცხოვრებაში რა გიყვარს ყველაზე მეტად?


როდესაც ღმერთისგან ნიშანს ვიღებ რომ სწორ გზაზე მივდივარ.


ბევრი საიდუმლო გაქვს? რა უნდა დამალოს ადამიანმა როგორ ფიქრობ?


ყველა ჩვენი ფიქრი ესმის სამყაროს და საიდუმლო ღმერთისგან ვერ გექნება. საიდუმლო ალბათ ადამიანებს შორისაა და ამას უფრო გაცნობიერებულ მოქმედებას დავარქმევდი. ყველა ადამიანი, სხვადასხვა ცნობიერების ეტაპზეა, სხვადსხვა გახსნილობით და ჩემს მიმართ სხვადასხვა ინტერესით. უნდა შეარჩიო ვის რა მიაწოდო და რა დოზით, შეიძლება რაღაც ვერ გაიგონ და ამან ააღელვოთ. შესაძლოა რაღაც უკონტროლო გამოიწვიო შენი ენერგიით და მიწოდებული ინფორმაციით, ამიტომ საჭიროა იცოდე რატომ რას ამბობ.

ჩემი აზრით ადამიანმა უნდა დამალოს პირადი ცხოვრების დეტალები და პირადი გეგმები. რადგან რაც უფრო მეტმა იცის, მეტი თვალი უყურებს, მეტი პირი ლაპარაკობს და მეტი აზრი ზემოქმედებს, რაც შესაძლოა უარყოფითიც იყოს. ვიღაცას შეშურდეს, ვიღაცას არ მოეწონოს, გვინდა თუ არ გვინდა სხვისი ენერგიაც გადმოდის ჩვენზე და ამიტომ ვფიქრობ პირადი ცხოვრება და პირადი გეგმები მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უნდა გაუზიარო, ვისაც მხოლოდ შენდამი სიყვარული ამოძრავებს.


რთულ პერიოდებში, როგორ შემოუძახებ ხოლმე თავს? როგორ შველი


ყოველთვის ვიცი, რომ ამ გამოცდილებამ რაღაცები უკეთ უნდა დამანახოს და მასწავლოს. ღმერთი არ გვაქცევს უმიზნოდ რთულ სიტუაციაში და ისე არაფერი ხდება. საბედნიეროდ ჩემზე უფროს და გამოცდილ ბევრ ადამიანს ვიცნობ და მათ რჩევას ვეკითხები ხოლმე. “ნეგატიური ემოცია ეს ყოველთვის ღმერთის არასწორად გაგებაა“ მითხრა ოდესღაც ჩემმა მედიტაციის მასწავლებელმა და უნიკალური ფორმულასავით ვცდილობ მოვარგო ყველა სირთულეს. იყო შემთხვევა, როდესაც ვიდეოთამაშმა გადამატანინა რთული ეტაპი. იყო პერიოდი როდესაც სპორტმა ითამაშა დიდი როლი. იყო დღეები, როდესაც უწყვეტად ვლოცულობდი და ვღიღინებდი ღმერთის საგალობელს. იყო პერიოდი, როცა ახალი, უცნობი სფეროს შესწავლა დამეხმარა. იყო პერიოდი, რომ რომელიმე, საინტერესო ადამიანის ვიდეოებს ვუსმენდი საათობით და მისმა ენერგეტიკამ და მისმა აზრებმა ამიმაღლეს მდგომარეობა. სხვადსხვა ეტაპზე, სხვადსხვა გზებია. ესეც არაა ჩემთვის შაბლონური. ბოლოს აღმოვაჩინე, ძალიან ბევრს თუ ვიწუწუნებ და გულით მოვთქვამ, მეორე დღე თენდება და მალევე იცვლება გარემო უკეთესობისკენ. კი ეს უფრო ეგოისტურია, ტიპიური ენერგოვამპირიზმი, მაგრამ ზოგჯერ ესეც სახალისო მეთოდია.. :D


რა უთქვამთ შენთვის საუკეთესო სიტყვები, რამაც შენზე ძალიან იმოქმედა და გულში ჩაგრჩა?


„ნეგატიური ემოცია ყოველთვის ღმერთის არასწორად გაგებაა“


უაროფით ემოციებს, რას უშვრები ხოლმე?


შევისწავლი წარმოქმნის ისტორიას, მიზეზს, საჭიროებას და ვიღებ პასუხისმგებლობას. მგონია, უარყოფითი ემოცია ოდესღაც სიყვარულის გაცემის და მიღების სურვილი იყო, რაც ვერ რეალიზდა. ყველაფრის უკან სურვილია, რომ ვუყვარდეთ ან გვიყვარდეს, როდესაც ეს ვერ რეალიზდება უარყოფითი ემოცია ყალიბდება. უარყოფითისგან განთავისუფლების სწრაფი მეთოდი კი სპორტია, სირბილი ან რაიმე პრაქტიკა.


რას ეტყოდი იმ ადამიანებს ვინც ხშირად ამბობს, „რა ვქნა ვერ ვერევი, არ შემიძლია“


მესმის შენი, ერთი ადამიანისთვის რთულია ცხოვრება და ამდენის ზიდვა. მაგრამ შენ მარტო არ ხარ. ითხოვე დახმარება, რომ შეგაძლებინონ. ითხოვე დახმარება, რომ გასწავლონ როგორ შეძლო. გულით ითხოვე და აუცილებლად მიიღებ. დაიჯერე რომ შენ თუ არა, სხვას შეუძლია, ადამიანს თუ არა, ღმერთს ხომ ყველაფერი შეუძლია. მთავარია გინდოდეს მორევა და გახვიდე „არ შემიძლიას“ კომფორტის ზონიდან. სანამ სხეული სუნთქავს ყველაფერი შესაძლებელია.. შენს თავს გულწრფელად კითხე თუ გინდა შეძლო, შემდეგ კი თავი ასწიე და მოძებნე ადამიანები, ვინც დაგეხმარებიან. მარტო არასდროს არავინაა, მხოლოდ თავადვე იზოლირდება ადამიანი ღმერთისგან და სხვა ადამიანებისგანაც.


რას მეტყვი ნებისყოფაზე? რა დროს შეუძლია ადამიანს ნებისყოფის გამოჩენა, ეს ძალა რომ ნახოს თავის თავში რა სჭირდება?


თუ ადამიანი ბუნებრივად ძლიერი ნებისყოფით არ დაიბადა, მაშინ ის უნდა გამოიმუშავოს. ვფიქრობ სისტემატიური სპორტული აქტივობა, ამის საუკეთესო საშუალებაა. შესაძლოა იმ სპორტში წარმატებას ვერ მიაღწიოს, მაგრამ ფიზიკური ვარჯიში სხეულის წვრთნის გარდა, ტვინზეც მოქმედებს და პიროვნების ხასიათს აძლიერებს.


რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?


სხვა სამყაროს აღმოჩენაზე და იქ მოგზაურობის უნარზე, რომ მეგობრებთან ერთად პორტალებში მეფრინა, მერე კი ისევ დაბრუნებულიყავი სახლში. რამდენიმე სახით ავიხდინე ეს ოცნება სხვათაშორის :D


რისკენ მიდის შენი ცხოვრება?


იმისკენ რაც ღმერთმა ჩაიფიქრა ჩემთვის.


რისი გწამს? თუნდაც მაშინ როცა ყველაფერი ინგრევა და არაფერი აღარ არსებობს, რა გინათებს ხოლმე ასეთ მომენტს, რისი რწმენა


მხოლოდ რიგითი ილუზია შეიძლება დაინგრეს და ინგრევა ის, რაც საზიანო კომფორტად გვექცევა ხოლმე. მწამს, რომ რეალობა ბევრად დიდია, ვიდრე ახლა ვხედავ და იმაზე ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე აქამდე მეგონა. ასე რომ, ნანგრევებს გადავაბიჯებ და წინ ვიყურები, რადგან მუდამ მწამს - წინ მეტია..


რა არის ყველაზე გამამხნევებელი ამ ცხოვრებაში?


მზე.


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა


☀️ God Is A Game Designer.


-------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორნია - თანთანი


ანა თოფურიძე

109 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page