✍️ ინტერვიუ / ანა ვარშანიძე წვიმო
☀️ ბედნიერებაა გააცნობიერო, რომ არაა აუცილებელი ცხოვრება მხოლოდ ნათელი ფერებით იმოსებოდეს. საკუთარი თავის ყოლა არის ბედნიერება.
❓ როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?
გოდერძი ჩოხელის დარდების შემგროვებელი გამახსენდა. მეც დარდებს ვაგროვებ და ჩემი გუდა ჩემი ჩანაწერებია, ან ლექსები. ბაირონივით მსოფლიო სევდის ტარების სურვილი და პრეტენზია არ მაქვს, თუმცაღა. ადვილად მსხვრევადი, თუმცა გაკერპებული. ხანდახან, ალბათ, ზედმეტად მგრძნობიარე. მხიარული და ჯამბაზურიც. დიდი ბავშვი.
❓ ახლა როგორ ხარ?
ახლა აფორიაქებულად, არ ვიცი საით წავიდე...
❓ უმეტესად როგორ ხარ?
"ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი".
❓ რა გასევდიანებს ხოლმე?
მასევდიანებს, როცა ადამიანი მთელი ცხოვრება საკუთარ თავს გაურბის, უწევს იმის გაკეთება, რაც მას არ სურს, იმად ყოფნა, რაც არ არის. ადამიანების გულგრილობა მასევდიანებს რიგ საკითხებში.
❓ რა დამოკიდებულება გაქვს სევდასთან?
სევდა არის ის, რაც გვაადამიანურებს. ოღონდ, მთლად დეპრესაში გადავარდნა და ჩარჩენაც არაა სასურველი. სევდა ესთეტიკურიც კია ხოლმე. მგონია, ყველაფერი ლამაზი სევდისგან იშვა.
❓ რა გიყვარს ცხოვრებაში ძალიან?
დაკვრა... რომ შემეძლოს - მთელი ცხოვრება შევიკეტებოდი ჩემს ინსტრუმენტებთან. წვიმა მიყვარს კიდევ და ჩიტები, ჩიტების ხატვა, ფაზლის აწყობა, ფერადი ბუშტები, პოეზია, დაისი, შტორმი, მინდვრის ყვავილები... ძალიან ბევრი რამე მიყვარს და მაბედნიერებს. ცოტა ურთიერთგამომრიცხავიც მათ შორის. ამ ფერადობების მიღმა, ბარემ, იმასაც ვიტყვი, რომ სახის წვალება მიყვარს ძალიან. (მთლად ზღაპრის გმირი რომ არ გეგონოთ)
❓ რა მოგწონს საკუთარ თავში?
გულწრფელად გაღიმების და ემპათიის უნარი, გემოვნება, ჭორფლები და ხალები.
❓ რას უსურვებდი ადამიანებს?
ტელეფონებს და ყოველდღიურ საზრუნავს მოწყვეტას და 2 წუთით გაჩერებას,
მომენტის დაჭერას და შეგრძნებას.
❓ რაზე ოცნებობ ხოლმე?
დიდ, შუშებიან სახლზე მუსიკალური ინსტრუმენტებით, ნახატებით, სადაც
სალონური საღამოების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ხანდახან გადაკარგვაზეც ვოცნებობ, მაგრამ არ მეთმობიან ძვირფასი ადამიანები და ადგილები.
❓ როგორი გინდა რომ იყოს შენი ცხოვრება?
ნამდვილი, სიყალბისგან დაცლილი.
❓ აღმიწერე შენი ერთი ბედნიერი დღე.
პროკრასტინაციას აღარ განვიცდი, დილის მზე მაღიმებს, საუზმე მადლიერების
გრძნობას აღმიძრავს. ველოსიპედით გავდივარ, ზღვას ვუსმენ. ვინმეს ყვავილს ვჩუქნი. ჩემს დას ვეთამაშები და მიხარია ამბებს რომ მიყვება. წვიმაში გალუმპვასაც თუ მოვასწრებ, მთლად უკეთესი... უბედნიერესი დღის დასასრულიი - თუ დაძინება შევძელი საერთოდ.
❓ რა არის შენთვის ბედნიერება?
ზემოთ, კითხვაში, რაც და რისი გაკეთებაც მიყვარს, იმათი შეგრძნება რომ შემიძლია. ბედნიერებაა გააცნობიერო, რომ არაა აუცილებელი ცხოვრება მხოლოდ ნათელი ფერებით იმოსებოდეს. საკუთარი თავის ყოლა არის ბედნიერება.
❓ დაასრულე ფრაზა: ვისურვებდი რომ...
დარაბებს მიღმა გაიღვიძოს ქვეყანამ და მეც...
❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა
☀️ ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი.
-------------------------------------------------------
ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:
თანთან - სიმყუდროვის კუთხე
Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი
2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან
წვიმო
留言