top of page

Interview: Anna Taruashvili

✍️ ინტერვიუ / ანნა ტარუაშვილი



☀️ Სამი ხე და ორი ბუჩქია საკმარისი, რომ ბედნიერებისგან ვიტირო.


გამეცანი, ვინ ხარ შენ?


Ჩემი ერთ-ერთი ვიდეო ასე იწყება „გამარჯობა, მე ვარ ანნა და ვცდილობ ცხოვრება შევიყვარო“, ჰოდა ალბათ ეგაა და კიდევ, მოგზაური ვარ. ისეთი მოგზაური, ვისთვისაც ყველაფერი მოგზაურობაა.


რა არის შენი ოცნება და მიზანი ცხოვრებაში?


მიზნები არ მაქვს. Უფრო სწორად, არ მაქვს რაიმე კონკრეტული მიზნები, ჩემი მიზანია ვიყო მოქმედებაში, შემეცნებაში და გზაში მუდმივად. ოცნება არ ვიცი რამდენად ჰქვია ამას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად ვნახავ ვეშაპებს.


როგორ ფიქრობ, რისთვის დაიბადე?


ვფიქრობ არა, დარწმუნებული ვარ, რომ ენერგიებისა და ცოდნის გამტარად დავიბადე. ცოტა რთულია საკუთარ თავზე საუბარი ასე, მაგრამ მაინც, ზუსტად ვიცი, რომ მომეცა განსაკუთრებული უნარი, დავინახო და დავიჭირო მესიჯები, ნიშნები, სიკეთეები და ეს ყველაფერი ჩემში შემოვუშვა, მერე კი გავცე და მთელი ჩემი ცხოვრების ყველა აქტივობა ამის გარშემო ტრიალებს, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი ასაკიდან.


რა გიყვარს საკუთარ თავში?


მიმღებლობა. ვფიქრობ, ამ უნარის წყალობით მაქვს ყველაფერი, რაც მაქვს და ზუსტად ვიცი, მომავალშიც ბევრ საოცრებას მიმზადებს სამყარო, რომელსაც ამ ჩემი უნარის გამო, აუცილებლად დავინახავ და მივიღებ. მიმღებლობა ადამიანებთან ურთიერთობაშიც ძალიან მეხმარება და ალბათ ამის გამოა, რომ ხშირად სიამოვნებთ ჩემთან კომუნიკაცია და თითქმის არასდროს და არავის უჭირს ჩემთან საერთო ენის გამონახვა.


რა გინდა ძალიან რომ გამოვიდეს?


ძალიან მინდა გამოვიდეს ჩემი მცდელობის შედეგი და ჩემი თავი მთელი არსებით შევიყვარო და სრული ნდობა გამოვუცხადო იმდენად, რომ სრულ სიმარტოვეშიც ვიყო ბედნიერად და კომფორტულად. ვიცი, რომ გამოვა, რადგან ბევრს ვშრომობ ამისთვის.


რა იყო შენს ცხოვრებაში დიდი იმედგაცრუება? თუ გქონია.


ამ გადმოსახედიდან აღარ მაქვს ემოცია ამ ფაქტების მიმართ, მაგრამ რამდენიმე გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა ველოდებოდი, რომ დამეხმარებოდნენ და მარტო აღმოვჩნდი. Მაგალითად 17 წლის ასაკში, როცა თბილისში ჩამოვედი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნათესავები აქ ცხოვრობდნენ, მერე ცოტა არ იყოს ქუჩაში აღმოვჩნდი (აქ ვიცინი), მაგრამ ამ გადმოსახედიდან ეგ იყო ყველაზე დიდი ამბავი, რადგან მაგის წყალობით გავიცანი საოცარი ოჯახი, ვისთან ცხოვრების პერიოდშიც ვიგრძენი ოჯახის მნიშვნელობა და უანგარო ზრუნვა.


რამდენი წლის ხარ და რას მიხვდი შენი ცხოვრების მანძილზე?


27 წლის ვარ და იმდენ რამეს მივხვდი, სად წავიღო აღარ ვიცი (აქაც ვიცინი). თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც გავაცნობიერე და მგონია ბედნიერების და ყველაფრის გასაღები არის ის, რომ როგორც ესაუბრები შენს თავს, იდენტურად, ზუსტად იგივე სიტყვებითა და განწყობით გესაუბრება სამყარო, ცხოვრება, ღმერთი. (რისიც გჯერათ, ის)


როგორი სიბერე გინდა რომ გქონდეს?


მიჭირს წარმოდგენა, არ ვიცი სად მინდა ცხოვრება და ყოფნა, მაგრამ იმედია ბევრი ადამიანისთვის ვიქნები საუკეთესო დაქალი ბებო. ვაიმე, ეს მართლა ძალიან მინდა.


რა გაძლევს ძალას და მოტივაციას?


იმ ემოციებზე ფიქრი, რასაც დავკარგავ, თუ არ ვიმოძრავებ.


როგორი ბუნების ადამიანი ხარ?


მრავალფეროვანი. Ძალიან მრავალფეროვანი.


ცუდ პერიოდებში როგორ ექცევი ხოლმე თავს, როგორ იმხნევებ/იმშვიდებ?


დროს ვაძლევ, რომ განიცადოს და ბოლომდე იყოს ცუდად, ვწუწუნებ, ძალიან მახინჯად ვტირი, ვაკეთებ ყველაფერს იმის გარდა, რომ ვეჩხუბო ჩემს თავს და დავაძალო კარგად ყოფნა.


დაასრულე ფრაზა: მიზანს რომ მიაღწიო, მნიშვნელოვანია


რომ გაიაზრო, ჭეშმარტი მიზანი თავად გზაა.


დაასრულე ფრაზა: მე ძალიან მიყვარს


ბუნებასთან სიახლოვე. Სამი ხე და ორი ბუჩქია საკმარისი, რომ ბედნიერებისგან ვიტირო.


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა:


☀️ Do not wait the perfect moment, take the moment and make it perfect.

(ეს რომ ვისწავლე, ცხოვრება საჩუქარი გახდა)


ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან

----------------------------------------------------------------------


Anna Taruashvili

72 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page