ინტერვიუ / დარეჯან თოლორდავა
ძირითადად როგორ გრძნობ ბაზისურად თავს? რა განწყობა ტრიალებს შენში, რას დაარქმევდი, ან როგორ აღწერდი?
ცხოვრების მესამე ფაზაში ვარ, ისევ და ისევ მუდმივი კითხვებით: ვინ ვარ მე? საით მივდივარ? ახლა სად ვარ? რა არის ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამოცანა? ძალიან გავს თინეიჯერულ დეინვენტარიზაციის ფაზას, ნასწავლის გადასწავლის და თავიდან გასინჯვა ასიმილაციის პროცესს. ასეთი პილინგი და რეგენერაცია მეხმარება იმის გაგებაში რომ ცოცხალი ვარ.
როგორია შენი ერთი ბედნიერი დღე? რა გაბედნიერებს?
ის რაც სეროტონინის წყაროა და რისი მუდმივი ტყვეებიც ვართ. მზე, სიარული, მოძრაობა, მუსიკა და ბუნების ხმები,( მათ შორის პლანეტებისაც) სხვადასხვა გემოები და არომატები, ზღვის, მთის, მიწის სუნი, ადამიანები, ვისი დანახვაც მიხარია, ის სამუშაო რასაც ვაკეთებ, (საჭიროებაში ყოფნა და სხვებისთვის სასარგებლოობის განცდა) სიჩუმეში ყოფნა, ჩემი თავის მოსმენა და კავშირი შეგრძნებებთან, სურვილებთან და საჭიროებებთან.
რა გაძლევს ცხოვრებაში მოტივაციას?
ის კითხვები, რაც ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ფაზაში ბიოგრაფიულ კრიზისებს მოაქვს, ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ თუ სულიერ ჭრილში.
რამ გიბიძგა საკუთარი თავის ძიებისკენ?
ჩემი თვითშეცნობის რუქა არის ადრეული ასაკის ტრავმული გამოცდილება. წლის და ერთი თვის ვიყავი როცა ჩემი ძმა დაიბადა, გარკვეული დროით მე წამიყვანეს დედას მშობლებმა, სადაც მივიღე დედასთან განშორების ტრავმული გამოცდილება, დეპრივაცია (დედასთან ფიზიკური და ემოციური კავშირის დანაკარგი) ამ ბზარის გამოცდილებამ ემპათიის, სხვისი ტკივილის დანახვის და გაგების დიდი სინათლე შემოიტანა ჩემში და მომცა შესაძლებლობა თვითგამორკვევის მიზნით ამერჩია ისეთი პროფესია, სადაც სხვა ადამიანებს ვეხმარები გამთლიანებაში, სადაც პიროვნული და პროფესიული პროცესის ღრმა შრეები მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან.
რაში ეხმარება ადამიანს თვითშემეცნება? რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს?
საკუთარ თავთან აკავშირებს, ემოციებთან, შეგრძნებებთან, ქცევებთან, აზროვნებასთან და თვითანალიზთან, ასევე ის ეხმარება ადამიანს ცხოვრების საზრისის გაცნობიერებაში, ცხოვრების გზამკვლევია.
ხშირად აზროვნებას /თვითშემეცნებას ტკივილი შემოაქვს და ამიტომაც ადამიანთა უმეტესობა არ ირჩევს მას, უპირატესობას ილუზიით სიამოვნებას ანიჭებს.
როგორ აღიქვამ დროს? როგორ ეურთიერთები.
შერჩევით, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად, შინაგანი მდგომარეობის შესაბამისად.
როგორ პოულობ პასუხებს ცხოვრებაში?
საკუთარ თავთან, ადამიანებთან და წიგნებთან ურთიერთობით.
რას ეყრდნობი ხოლმე საკუთარ თავში?
ფეხებს, ხერხემალს და ინტუიციას, რომელიც წლებთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის.
კრიზისულ მომენტებში, რა გაძლევს ძალას?
ბრაზი, რომელსაც ვიყენებ გადაჭრის ენერგიად.
სევდა რით არის ზოგადად გამოწვეული? როგორ უნდა მოექცეს სევდას ადამიანი?
ეს არის სიზიფეს ლოდის ნაწილი ადამიანში. არსებობის ტკივილთან დაკავშირებული გარდაუვალი სევდა. რომელსაც თან ახლავს ცხოვრების მკაცრ რეალობასთან შეჯახებით გამოწვეული შფოთვა. ესაა ჩვენი და ჩვენი ახლობელი ადამიანების გარდაუვალი სიკვდილი; ჩვენი ეგზისტენციალური მარტოობა, სიცარიელის განცდასთან დაკავშირებული შფოთვა და დეპრესია, ამ სიცარიელის სოციუმში ადაპტირებული სეროტონინის „ჯანმრთელი“ (ადამიანებით, ბავშვებით, სამუშაოთი და ა.შ ) ამოვსების გზები და ადდიქციის გამომწვევი (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები და ა.შ) ამოვსების „არაჯანმრთელი“ გზები.
20-21 წლის ასაკში რომ დაბრუნდე, რას ეტყოდი საკუთარ თავს?
რომ ისეთ ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად, სადაც მიიღებს უკეთესი ხარისხის ცოდნა/ განათლებას, საინტერესო ცხოვრებას, გამოცდილებას და შემდეგ შეძლებს სხვებისთვის გაზიარებას.
რად ღირს ეს ცხოვრება?
არ ვარ დარწმუნებული რამედ თუ ღირს, ალბათ „სამოგზაუროდ“ ღირს, თუ ეს მოგზაურობა საინტერესო იქნება.
რა შეგიძლია მითხრათ სიყვარულზე?
ბიოლოგიურად ნეირომედიატორები - სეროტონინი, დოფამინი და ოქსიტოცინია, რის უწყვეტ გამომუშავების საჭიროებაში და ტყვეობაშიც იმყოფება ადამიანი.
რაც შეეხება სოციუმში ძირითადად გავრცელებულ სიყვარულის ფორმას, სადაც სიცარიელის ამოვსება, მარტოობასთან ბრძოლის საშუალება და ჩაჭიდებაა, ის იწვევს ტკივილს. ასეთ ტოქსიკურ მიჯაჭვულობაში ერთმანეთის მიმართ არის ბევრი ილუზია, ცრუ მოლოდინები და იმედგაცრუება. ნამდვილი სიყვარულის უნარის წინაპირობა საკუთარ თავთან მარტო ყოფნის უნარია.
როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანი საკუთარ თავს?
ყოფა ადამიანისგან ბევრ ქირას მოითხოვს და ამიტომაც დისფუნქციურია, ე. ი ადამიანი ფსიქოტრავმის გარეშე არ არსებობს, ასეთ დროს ის კარგავს თავის ემოციებთან, სხეულთან, შეგრძნებებთან, კოგნიციასთან კავშირს და მნიშვნელოვანია ამ დაკარგული კავშირის დროული აღდგენა, ფსიქოლოგიური ჭრილობის მოვლა სპეციალისტის დახმარებით. ფსიქოთერაპიის შემდეგ ადამიანი სწავლობს აწმყოში ყოფნას, საკუთარ თავთან და გარემოსთან კონტაქტის ფუნქციების გაუმჯობესებას. ცნობიერების გაფართოება, ანალიზი და პრობლემის გადაჭრის უნარი არის ფსიქოლოგიური პრევენციის, სტრესგამძლეობის და მედეგობის გარანტი.
ჩვეული ფრაზა...
"დიახ მეც გავტყდი, მაგრამ გადავრჩი"
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
----------------------------------------------------
დარეჯან თოლორდავა / ფსიქოთერაპევტი
Comments