,,რასაც ებრძვი ის ძლიერდება“. ამიტომ ვებრძვი საკუთარ თავს და ვძლიერდები.
ასაკთან ერთად ფიქრი იმატებს თუ განცდები?
მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან კორელაციაში ბევრი ცვლადია სტატისტიკურად ნაკვლევი, ცალკეულ შემთხვევებზე სტატისტიკით მსჯელობა არ მიყვარს. ჩემს შემთხვევაში ყოველთვის მძაფრად განვიცდიდი და ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რასაც განვიცდიდი. პირველი მოგონება ამასთან დაკავშირებით ძალიან ადრეული ასაკის მაქვს: ჯერ კიდევ ბაღში ვიყავი, ხელი რომ გავიჭერი და დავფიქრდი, რა იყო ტკივილი. მივხვდი, რომ თუკი ტვინს არ ეცოდინებოდა ამის შესახებ, ვერ ვიგრძნობდი და ვეცადე დამევიწყებინა. მახსოვს, მაშინ ტკივილი გავაქრე. მას შემდეგ სულ ასე ვარ. არც განცდამ იკლო, არც ფიქრმა, რადგან ჩემთვის განცდები საინტერესოა. მათზე დაკვირვებით ყველაზე მეტს ვიგებ საკუთარ თავზე. ასაკთან ერთად გაცილებით მეტ ინფორმაციას ეხსნები, რაც გაძლიერებს და ალბათ შესაძლებლობას გაძლევს განცდებისგან თავი დაიცვა, თუმცა მე მაინც რუმის ,,ვაწვები“ - იქამდე უნდა იტეხო გული, ვიდრე ბოლომდე არ გაიხსნება“. ჰოდა, ჭილაძის არ იყოს -,,ჩემს ტკივილს ხელში ვიღებ და ვკოცნი“. განცდები საშიში არ არის, როდესაც ფიქრი შეგიძლია.
ბედნიერი ხარ?
ერთხელ ერთმა ადამიანმა ჩემი სოციალური სტატუსის გარკვევის კონტექსტში დამისვა ეს კითხვა - ალბათ გაბედნიერებული ბრძანდებითო. რა უნდა მეპასუხა? არა, როგორც ჩანს, უკვე გაუბედურებული- მეთქი ))))) ამიტომ სულ დაკონკრეტებას ვითხოვ ხოლმე. თუკი ბედნიერებაში ისეთ ემოციურ მდგომარეობას ვიგულისხმებთ, რომელიც სავსეა სასიამოვნო შეგრძნებებით, მაშინ ვიტყოდი, ბედნიერი ვარ კი არა, ბედნიერების განცდის უნარი მაქვს. ვცდილობ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას დისტანცირება გავუკეთო და მასთან არ გავიგივდე. ეს შეკითხვა დაახლოებით ასე ჟღერს ჩემთვის - კარგი ამინდი ხარ? მე ცა ვარ და არა ამინდი. ცაზე გამუდმებით იცვლება ამინდი, მაგრამ ამინდი ცა არ არის. მე არ ვარ საკუთარი ემოციური მდგომარეობა, მე უბრალოდ შემიძლია მქონდეს ისა თუ ეს ემოციური მდგომარეობა, მათ შორის ბედნიერების მდგომარეობაც. ბედნიერი ვარ ყოველთვის, როდესაც ჩემი შვილი შეყვარებული თვალებით მიყურებს, ბედნიერი ვყოფილვარ, წვიმიან ამინდში ცხელი შოკოლადის ყლუნწვით, ბედნიერი ვყოფილვარ ჩამავალი მზისას ცის სილამაზით, მონატრებულ ზღვაში შესვლით, ჭექა ქუხილით და თავსხმით, შეყვარებული წყვილების ყურებით, მიღწეული წარმატებების დანახვით, გემრიელი ტორტის ნაჭერითა თუ საყვარელი მუსიკის მოსმენით.
რა გავსებს ცხოვრებაში სიხარულით?
შესაძლოა ცოტა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ როცა რაღაც ამაღელვებელის მომსწრე ვხდები - ნიჭის, სილამაზის, ისტორიების გმირობის შესახებ.
რა გაძლევს იმედს როცა ცუდად ხარ?
ხელზე ტატუ მაქვს - serendipity - ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად სათარგმნი სიტყვაა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპზე გავიკეთე. დაახლოებით ნიშნავს ამას - როდესაც რაღაცას გეგმავ, ისე არ ხდება როგორც გეგმავ, მაგრამ ხდება იმისთვის, რომ უკეთესი მოხდეს. სერენდიფითიში ვერ წახვალ, უნდა წახვიდე სხვაგან და ,,შემთხვევით“ სერენდიფითიში აღმოჩნდები. ეს ან ჩვენი არაცნობიერის თამაშებია, ან კიდევ განგების, ვისაც როგორ სჯერა. ჩემთვის არსებობს რაღაც, ზემოთ თუ ქვემოთ, რაც უფრო მასშტაბურად ხედავს, უკეთესად აერთებს წერტილებს მომავალში და სიუჟეტსაც შესაბამისად ავითარებს. რადგან დრო ილუზიაა, თუკი წარსული ახდენს მომავალზე გავლენას, მომავალიც გავლენას ახდენს წარსულზე. ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მას აქვს წინაპირობა და იმისთვის, რომ ფინალს სჭირდება ასე. როცა ცუდად ვარ, ვცდილობ წარმოვიდგინო, საკუთარი ცხოვრების მწერალი, თუ რეჟისორი, შემოქმედი რომ ვყოფილიყავი, რაში დამჭირდებოდა ამ კონკრეტული სიუჟეტის განვითარება საკუთარ ცხოვრებაში, რისი თქმა მენდომებოდა ამით და მერე გავაცნობიერო, რისთვის ხდება ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება.. ჰო, ჩემი ,,ღმერთი კამათელს არ თამაშობს...“ საინტერესოა დრამა. პერსონაჟში უფრო ღრმად შესვლის საშუალებას გაძლევს. მე რომ ფილმის პერსონაჟი ვიყო, რაღაც ფსიქოლოგიური, სამეცნიერო ჟანრის ფენტეზი ვიქნებოდი, ბევრი სერიით. დეპრესია ჩემი გარდაცვალებული მეს გზააბნეული სული იქნებოდა, რომელსაც რაღაც საამქვეყნიო საქმეები მოუგვარებელი დარჩენია და ახლა მოჩვენებად ქცეული რეალობას კოშმარად მიქცევდა. რაღაც ასე წარმომიდგენია - ცუდი ემოციები კონკრეტული მესიჯის სათქმელად საკუთარი არაცნობიერიდან გამოგზავნილი ტიპებია, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ მოსატანი, მაგრამ რადგან მხოლოდ არსებობას გრძნობ და ვერ ხედავ, გაშინებს და გაურბიხარ. ისინი თავისას არ იშლიან და იქამდე გიბრახუნებენ კარზე, სანამ არ გაბედავ კარი გააღო, შემოუშვა, მშვიდად მოუსმინო და გაიგო, რა უნდათ. მოჩვენებები საშიში არ არიან. უნდა გავარკვიოთ რა დარჩენიათ აქ, სიმშვიდის მოპოვებაში დავეხმაროთ და გავამგზავროთ.
რა ა რის ცხოვრებაში შენთვის ყველაზე რთული?
რწმენა საშინელი ეჭვის გარეშე, რომ შესაძლოა ვცდები და ყველაფერი ის, რისიც მინდა რომ მწამდეს, ტყუილია.
რას ებრძვი ყველაზე მეტად?
,,რასაც ებრძვი ის ძლიერდება“. ამიტომ ვებრძვი საკუთარ თავს და ვძლიერდები. თანაც კარგია საკუთარ თავთან ბრძოლა, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული გამოდიხარ.
რა გიყვარს/გაღიზიანებს ადამიანებში?
დოსტოევსკის უწერია, ადამიანი უნდა გიყვარდეს არა ისეთი, როგორიც არის, არამედ ისეთი, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრაო. მე ეს ასე მესმის - ადამიანი უნდა გიყვარდეს, როგორც დინამიკა, თვითქმნადი პოტენციალი და არა როგორც რაღაც სტატიკური ქმნილება, თავისი ლამაზი და ულამაზო შტრიხებით. მიყვარს ადამიანი, როგორც პროცესი, როდესაც ვხედავ, რომ შეუძლია გამოვიდეს მსხვერპლის როლიდან, არ მიიღოს საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება როგორც რაღაც, რაც დაემართა. არ დაადანაშაულოს გარემო იმაში, რაც ხდება. მომწონს, როდესაც ადამიანი გრძნობს საკუთარ თავში შემოქმედს. მომწონს რომ შეუძლია აღიქვას საკუთარი თავი და ცხოვრება, როგორც პროექტი და მიუხედავად იმისა, რომ ეშინია, პასუხისმგებლობა აიღოს მასზე. ადამიანში კრეატორი მიყვარს. მიყვარს როდესაც ვხედავ, რომ ცდილობს, თავად გადაწყვიტოს ვინ გააკეთოს მიღებული მასალისგან, გააკეთოს არჩევანი თუ ვინ იყოს. ეს არჩევანი ყოველდღიური, ყოველწუთიერი პროცესია. მაღიზიანებს, როდესაც ამ პროცესს ვერ ვხედავ. როდესაც ადამიანი ისეა ჩაბეტონებული საკუთარ შიშებში, ისეა გაძეგლებული, რომ დარწმუნებულია, თუ გაინძრა, შესაძლოა დაიმსხვრეს და თუ დაიმსხვრა, მტვრად იქცევა, ამიტომ გამუდმებით მისდევს ვიღაცისგან ბრმად მიღებულ ქცევის პატერნებს და ვერც უშვებს, რომ ყველაფერი, რაც ხდება, მისი არჩევანია. მატერიაზე ჩაბღაუჭებული, დამფრთხალი, უსამართლობასთან შეგუებული ადამიანები მაღიზიანებს, რომლებსაც ჰგონიათ რომ ისეთ ნაგავ სამყაროში, როგორადაც მათ სამყარო წარმოუდგენიათ, ნაგავი უნდა იყო რომ გადარჩე და მაინც გადარჩენას ცდილობენ ყველანაირად. მაღიზიანებს არა, მაფრთხობს. ეს ჩემი ომია. სხვაში ვერაფერს დავინახავთ ისეთს, რაც ჩვენი ნაწილი არ არის. მიყვარს სხვებში ის, რაც მინდა რომ ვიყო და მაღიზიანებს ის, რადაც მეშინია, რომ არ ვიქცე. თუმცა შორეულ პერსპექტივაში, როცა კიდევ უფრო ,,ვზუმავ“ აზროვნების მასშტაბებს, ეს გაძეგლებაც დროებითია და არც ეგ უნდა მაშინებდეს. რაც არ უნდა გაძეგლდე და დამცავი კედლები აიშენო, არ არის გამორიცხული, ერთხელ ვიღაცის ბრმად მოქნეული ჩაქუჩი ისე მოგხვდეს, მართლა მტვრად იქცე და მერე აღმოაჩინო, რომ მხოლოდ მტვერი არ ყოფილხარ, რაღაც კიდევ სხვაც ხარ და შენგან დარჩენილი მტვრითაც უფრო მაგარი რამის გამოძერწვა შეგიძლია. მტვრისგან არ ვართ შექმნილები ბოლოს და ბოლოს? თანაც ვარსკვლავების მტვრისგან.
რა არის განშორება ორი ადამიანის? როგორ გადააქვს ეს ადამიანს, რას ტოვებს..
,,coldplay’’-ს აქვს ერთი სიმღერა - everglow ქვია. ეს სიმღერა ,,coldplay’’- ს სოლისტმა თავის ყოფილ მეუღლეს - გვინეტ პელტროუს მიუძღვნა. Everglow - სლენგია, რომელიც კრის მარტინთან საუბრისას ერთ-ერთმა სერფერმა გამოიყენა იმ მდგომარეობის აღსაწერად, როცა რაღაცა ისეთ მაგარს განიცდი, რომელიც დასრულების სევდასთან ერთად მარადიულ ნათებად რჩება შენში. მეც ძალიან მომწონს ეს სიტყვა. განშორებებს ახლავს ტკივილი, თუმცა თუკი შეხვედრისას რეაქცია დიდი იყო, ამ ტკივილთან ერთად აუცილებლად დაგიტოვებს სინათლეს, ,,this feeling of total everglow’’. ეს დროის ილუზია გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დასრულდა. სინამდვილეში არც არაფერი სრულდება, ცხოვრება ფირივითაა - კადრი იცვლება, თუმცა ფირზე რჩება. როცა გინდა მაშინ გააცოცხლებ. ყველაფერი რაც იყო, მარადიულობაშია გაჭედილი და მარადისობისთვის განწირული. განშორებამ არ უნდა შეგვაშინოს. ყველაფერი რაც მიდის, აუცილებლად ბრუნდება იგივე ან სხვა ფორმით. ეს ენერგიის მუდმივობის კანონია.
რა უნდა გახსოვდეს ყოველთვის?
ალბათ სიკვდილი. ‘’Memento mori’’. მის ლინზაში ყველაზე კარგად ჩანს, თუ რაში ღირს იმ ძვირფასი შეზღუდული რესურსის გამოყენება, რომელიც ამ დრო სივრცულ განზომილებაში მატერიალურ ფორმებში მყოფებს გვეძლევა. უკიდურესი უბედურების დროს, ვიხსენებ რომ მოკვდავი ვარ და ეს მამშვიდებს, უკიდურესი ბედნიერების დროს ვიხსენებ რომ მოკვდავი ვარ და ბოლომდე ვირგებ. როცა ვმერყეობ, რამე გავაკეთო თუ არა, როცა შეცდომების დაშვების მეშინია, როცა არ ვიცი, რა ვქნა, ვიხსენებ სიკვდილს და ყველაფერი ლაგდება. სიკვდილის გახსენება ძალიან მეხმარება. კარგი მრჩეველია და კარგი მეგობარი.
რა გგვრის ხოლმე ყველაზე დიდ სევდას?
ილუზია იმისა, რომ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება.
მამაკაცსა და ქალს შორის განსხვავება რა არის? მათ გრძნობებს შორის განსხვავება
ერთი ფრაზა გამახსენდა, - ნიცშეს აქვს ნათქვამი, - მამაკაცს უყვარს და ქალი თანაუგრძნობსო. შესაძლოა ვიღაცისთვის ცოტა სექსისტურად ჟღერდეს, მაგრამ მე ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებებზე ვსაუბრობ ხოლმე მხოლოდ საწყისების კონტექსტში, ბიოლოგიურ სქესს არ ვგულისხმობ. ამ ორ ბუნებას საკუთარ თავში ყველანი ვატარებთ, გარკვეული მეტ-ნაკლებობით და ამ მეტ-ნაკლებობის შესაბამისად ვარჩევთ პარტნიორსაც. ჩემთვისაც მამაკაცური ბუნება იმპულსია, ქალური ბუნება ამ იმპულსის მიმღები, გამღვივებელი და დამბრუნებელი. ქალი და კაცი ერთი მთლიანობის ორი დაპირისპირებული ნაწილია, ორი პოლარობა, რომელიც ერთმანეთის დაბალანსებით აღწევს ღმერთს. სექსიც ძალიან გავს ამ პროცესს - გახლეჩილი ნახევრების შერწყმას.
როგორ სამყაროში გინდა რომ ცხოვრებდე?
ძალიან მიყვარს რუმი. მაგ კითხვაზეც რუმი გამახსენდა - ,,გუშინ ძალიან ჭკვიანი ვიყავი და სამყაროს შეცვლა მინდოდა, დღეს ბრძენი ვარ, ასე რომ, საკუთარ თავს ვცვლი“. გარეგანი შინაგანის პროექციაა მხოლოდ. სამყაროში ვერ დაინახავ ვერაფერს ისეთს, რაც შიგნით არ გაქვს. ერთი და იგივე რეალობაში ორი სხვადასხვა ადამიანი, საკუთარი შინაგანი მდგომარეობის შესაბამისად, სულ სხვადასხვაგვარ სამყაროში ცხოვრობს. მეც ბევრ სხვადასხვა სამყაროში მიცხოვრია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ჯერ არ მინახავს ისეთი, სადაც სამუდამოდ დავრჩებოდი. იმიტომ კი არა, რომ არცერთი არ მომწონებია, უბრალოდ საკმაოდ ძლიერი მოგზაურის არქეტიპი მყავს, მისთვის გზა და გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულების პუნქტში ჩაღწევა.
რის გამო გიხარია სიცოცხლე?
იმის გამო, რომ მოულოდნელობებით არის სავსე, რომ შესაძლოა ყოველ წუთს მოხდეს რაღაც ისეთი მაგარი, რასაც ვერ წარმოიდგენდი, ან კიდევ შეუძლებელი გეგონა.
რა გიყვარს საკუთარ თავში? რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული? რატომ უნდა უყვარდეს ადამიანს თვის თავი
საკუთარი თავის სიყვარული ხშირად ეგოიზმში ერევათ ხოლმე, თუმცა დიდი ეგო ყველაზე ნაკლებად მგონია საკუთარი თავის სიყვარული. მეტიც - ვიტყოდი, რომ საკუთარი თავის სიყვარულის საპირისპირო ცნება - ეგოიზმია, იმიტომ რომ ეგო გყოფს და გაპირისპირებს, სიყვარული კი გაერთებს და გარიგებს.
ერთია ნარცისული ზრუნვა იმაზე, რომ უარყო და დაფარო საკუთარი თავის რაღაც ნაწილები, რაც არ მოგწონს, შექმნა ისეთი იმიჯი, რომლითაც გგონია რომ სხვებს თავს მოაწონებ, სხვებს აჯობებ და ასე უმტკიცო საკუთარ თავს, რომ სიყვარულის ღირსი ხარ, ხოლო მეორე - სიყვარულით ზრუნვა - საკუთარი თავის მიღება მთლიანობაში, ყველა იმ ნაწილით რომელიც მოგწონს და არ მოგწონს, მადლიერებაა იმის გამო, რაც მოგწონს და ზრუნვა იმის გამოსწორებაზე, რაც არ მოგწონს. საკუთარი თავის სიყვარული ხიბლში ყოფნა და ამ ხიბლში ყოფნის შესანარჩუნებლად ყველაფრის გაკეთება არ არის, სიყვარული იმაზე ზრუნვაა, რომ გახადო საკუთარი თავი უკეთესი და დატკბე პროცესით და პროგრესით. ნარცისული სიყვარულისგან განსხვავებით, საკუთარი თავის სიყვარულის უფლებაზე არ გჭირდება სხვისი ნებართვა და სხვებისგან ქულების დაწერა. ეგოიზმისგან განსხვავებით, საკუთარი თავის სიყვარული არ გიშლის ხელს სხვების სიყვარულში.
ერთი იგავია ასეთი: ადამიანს აძლევენ უფლებას თავად გადაწყვიტოს სამოთხეში იცხოვრებს თუ ჯოჯოხეთში და ორივე მათგანს დაათვალიერებინებენ. ჯოჯოხეთში სუფრაა გაშლილი. სუფრაზე ყველაფერი დევს, თუმცა ადამიანებს ორივე ხელზე უზარმაზარი კოვზები უმაგრიათ, ისეთი გრძელი რომ შეუძლებელია მოხარო და პირამდე მიიტანო. ჰოდა, სხედან მშივრები, უბედურები, უხასიათოები, დაბოღმილები და გაბრაზებულები. შემდეგ სამოთხეს ნახულობენ. სამოთხეშიც ისეთივე სიტუაციაა: სავსე სუფრა და გრძელი კოვზები, თუმცა ადამიანები მაძღარნი, ბედნიერები და მხიარულები არიან და იცით, რატომ? მოიფიქრეს, რომ ერთმანეთი გამოეკვებათ. გრძელი კოვზებით, რომელიც პირთან ვერ მიჰქონდათ, იმას აჭმევდნენ, ვისაც პირთან მიუტანდნენ.
ის რომ ადამიანი საკუთარ ცხვირს იქეთ არ იყურება, არ ნიშნავს რომ საკუთარი თავი უყვარს. ,,ჯერ მე“ საკუთარი თავის სიყვარული არ არის. სიტყვა ჯერ უკვე გულისხმობს შეჯიბრს სხვებთან და როცა სხვებთან კონკურენციაში ხარ, ეს სიყვარულის დეფიციტია. იმდენად არ მიგაჩნია თავი სიყვარულის ღირსად, ზრუნვის ღირსად, ამას გამუდმებით ამოწმებ, ამტკიცებ, გამუდმებით თავდასხმის მოლოდინში ხარ და ცდილობ რაც შეიძლება მეტი მიიღო სხვებისგან, ვიდრე გასცე, ცდილობ სხვებს აჯობო და არა საკუთარ თავს. როცა შენი თავის ყველა ნაწილს მიიღებ, შეიყვარებ და არავისთვის არაფერი გექნება სამტკიცებელი, სხვების შეყვარება უფრო იოლია. სხვებს ვერ პატიობ იმას, რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობ, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვერ აძლევ. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეყვარება, იმ ნაწილებისაც კი, რომელიც საშინლად გაფრთხობს და ამიტომ გეჯავრება.
Obscurial - ის ფენომენი გახსოვთ beautiful beasts and where to find them-იდან? ისინი ჯადოქრები არიან უმართავი მაგიური შესაძლებლობებით და დესტრუქციული ტენდენციებით. ამ ფენომენის წარმოშობას განაპირობებს ბავშვობაში მიღებული ტრავმა. როდესაც პატარები იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი უნარების მართვა ესწავლებინათ, გარშემომყოფებმა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობით ჩაახშეს და ამ ტალანტის გამოვლენა აუკრძალეს. ეს ნაწილი ჩაკეტილია, თუმცა როდესაც ემოციური დისტრესი დიდია, ჯადოქარი კონტროლს კარგავს მასზე და ბნელი ენერგია ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს. დამბლდორის აზრით არსებობს Obscurial-ების განკურნების ერთადერთი გზა - გარიყვის გრძნობა მიკუთვნებულობის გრძნობით უნდა ჩავუნაცვლოთ.
ჩვენც ამ ჯადოქრებს ვგავართ და ასეთია ჩვენი ბნელი მხარე. შეშინებული, პატარა ბავშვები, რომელთაც მართვა კი არ ასწავლეს, დასაჯეს და დაამწყვდიეს და ახლა ჩვენ გვყვანან პირში ძონძებჩატენილები და გაკოჭილები, რომ არ გაგვისხლტნენ ხელიდან. დაახლოებით იმას გავს, ავადმყოფი ბავშვი რომ შეეძინებათ და თავიდან მოშორებას და დამალვას რომ ცდილობენ, რადგან სირცხვილს გრძნობენ ასეთი ბავშვების მშობლობის გამო. საშინელი ტანჯვაა ეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხალხში არ გაგვექცეს და ყველას არ გააგებინოს ეს ჩვენი სირცხვილი. ვაგრძელებთ სადამსჯელო ღონისძიებებს, ვამკაცრებთ ზომებს, მაგრამ ვერაფერს ვხდებით, მაინც გარბის და მაინც გვარცხვენს. რომ არც გაიქცეს, რომ მოვახერხოთ შეკავება, ხალხმაც რომ არ ნახოს, როგორი ასატანია ეს არაადამიანური ღმუილი და იმის გააზრება, რომ ესეც შენ ხარ, რომ შენი ნაწილია. ამიტომ სხვისი ბავშვები თუ უფრო მეტად ღმუიან, გვიხარია - რადგან მარტო ჩვენ არ გვჭირს ეს სირცხვილი, რადგან გვგონია ჩვენისას ფარავს. ვერ გადაფარავს, ვერ გავაჩუმებთ, სანამ არა ვიქნებით მზად მივიღოთ, საკუთარ ნაწილად ვაღიაროთ და გავზარდოთ. ის, პირველ რიგში, ჩვენგან მოითხოვს გარიყვის გრძნობის მიკუთვნებულობის გრძნობით ჩანაცვლებას. აი, ეს არის საკუთარი თავის სიყვარული ჩემთვის. მიღება და დახმარება. მგონი დედა ტერეზას აქვს ნათქვამი - ნუ ეცდები ადამიანი შეცვალო, შეიყვარე და სიყვარული შეცვლის. ეს ჯერ საკუთარ თავთან მიმართებაში უნდა გავაკეთოთ. ჯერ საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ და დღის სინათლეზე გამოვიყვანოთ შეშინებული, გარიყული, დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც მოსიყვარულე მშობელი სჭირდება და არა გაუგებარი აკრძალვები და ულტიმატუმების ენით საუბარი. საკუთარ თავშიც ის ნაწილი მიყვარს ყველაზე მეტად, ვინც ამ პატარა დემონების ნდობასა და სიყვარულს სწავლობს, ვისაც მათი გადარჩენა უნდა და არა განადგურება, ვისაც სჯერა, რომ გადაარჩენს.
შენი საყვარელი ფრაზა
მას, რასაც მუხლუხო სამყაროს აღსასრულს ეძახის, ოსტატი უწოდებს პეპელას! - რიჩარდ ბახი
Commentaires