top of page

Interview: Ekaterine Darsania

Updated: Sep 25, 2021

"თუ მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც ელემენტი, მაშინ შემდეგი სიცოცხლეა"


მითხარი პირველ რიგში, როგორ ხარ?


რომ იტყვიან: როგორც თევზი წყალშიო. ვარ იქ სადაც მინდა ვიყო, ისე როგორც მინდა ვიყო და მათთან ვისთანაც მინდა ვიყო.


მაინტერესებს ბუნებით ხარ თუ არა მეოცნებე.


ბავშვივით მეოცნებე ვარ, ზოგჯერ რეალობასა და ოცნებას შორის ზღვარიც კი მეშლება და ძალიან მომწონს ეს... სანამ პირში სული მიდგას ოცნებას თავს ვერ დავანებებ.


ხდება ოცნებები?


რა თქმა უნდა! ყველა ოცნება ახდენადია, მთავარია სურვილი იყოს, რასაც მოტივაციას ვეძახით ჩვენ. ოცნება ერთგვარი ენერგიაა, რაც გვმუხტავს ადამიანებს და თუ საკმარის მუხტს მივიღებთ თავისთავად ქმედებაზე გადავდივართ.


რა არის ცხოვრებაში მთავარი?


დამოკიდებულება მოვლენებისადმი, ადამიანებისადმი და საკუთარი თავისადმი. თუ სამივე კომპონენტში ყველაფერი ჯანსაღადაა ჩათვალე რომ შენი ცხოვრება შედგა!


რისთვის ღირს დროის დათმობა?


ცუდად მხვდება ფრაზა ყურში „დროის დათმობა“, თითქოს რაღაც მსხვერპლის გაღებად, იძულებად ჟღერს... თუ ვფიქრობ, რომ რაღაცას დრო უნდა დავუთმო, ესე იგი, ეს რაღაცა ჩემთვის ღირებული არ არის, უფრო ვალდებულებაა...

არც ერთი წუთი არ მემეტება დასათმობად!...


თითოეულ წამს გამოყენება, განცდა, გარინდვა სჭირდება, რომ მეტი სიცხადით ვიცხოვროთ...

და თუ კითხვას შევცვლით და მკითხავთ: რისთვის ღირს დროის გამოყენება?


მაშინ გიპასუხებთ - სიფხიზლისთვის! ნაკლებად დავიძინო (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და მეტად ვიფხიზლო, რომ შევიგრძნო სიცოცხლის არსი თავისი ტკბილი და მწარე გემოებით, სასიამოვნო და უსიამოვნო შეგრძნებებით, პოზიტიური თუ ნეგატიური ფიქრებით, დადებითი თუ უარყოფითი ემოციებით და ასეთ ორპოლუსიან ერთ კონტინიუმზე ვიმოძრაო სანამ ცოცხალი ვარ 😊.


რთულ პერიოდებში რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს? როგორ აგყავს ხელში?


არასდროს არ დავუტოვებივარ ღმერთს რთულ პერიოდში და ახლა უკვე ნახევარ საუკუნე გამოვლილ ეკას, რომელმაც იცის, რომ ისედაც უფლის ხელის გულზე ზის, არ სჭირდება საკუთარი თავის ხელში აყვანა.


ფრაზას რომელსაც ხშირად ვიმეორებ ამ დროს არის ასეთი:

- იყოს ნება შენი!


რა შეუძლია სიყვარულს?


ხშირად მიწევს ადამიანებთან სიყვარულის თემაზე საუბარი როცა ვმუშაობ. და სიყვარულის რაობისთვის ბევრი კითხვის დასმაც მიწევს. სულ მახსოვს ჩოხელის სიტყვები და მეტად ვრწმუნდები მათ ჭეშმარიტებაში... „სიყვარულის რაობისთვის იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის დედამიწაზე. ყველა მათგანის პასუხი მართალია, ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბუნდოვანია ყველასთვის, რადგან სიყვარული თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა“...

ამიტომაც, ჩემთვის სიყვარულს არაფერი არ შეუძლია თავისთავადად! ეს ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია სიყვარულით ბევრი რამის შექმნა. ან „სიყვარულის სუროგატით“ ბევრი რამის დანგრევა!


არის რამე რისიც ყველაზე მეტად გეშინია?


როცა ვიცი შიშის ბუნება, შემიძლია ყველანაირი ხელის შემშლელი შიშის მორევა, რადგან ის ჩემს გონებაშია და ჩემზეა დამოკიდებული მას ვამეფებ ჩემზე თუ მე ვიმეფებ მასზე.


დრო რომ დაბრუნდეს შეცვლიდი რაღაც-რაღაცეებს?


მიუხედავად იმისა რომ არც ისე მოკირწყლული გზით მოვედი დღევანდლამდე, და არც ისე ფართო გამზირს მივუყვები დღესაც, არც ერთ წამს არ შევცვლიდი. სხვა შემთხვევაში არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ და ისეთი როგორიც ვარ დღეს.


„ეს ცხოვრება არის...........“


ყველაზე დიდი და საინტერესო მოგზაურობა, რომლის დასასრულს უნდა ვთქვათ: ახლა მე ასეთივე ხანგრძლივ და მშვენიერ დასვენებას ვიმსახურებ!


„თურმე......“


თურმე ყველაფერი ისე არ არის როგორც მე მგონია... რაც უფრო მეტ თურმეს აღმოვაჩენთ ჩვენს ცხოვრებაში, მით მეტად ვხვდებით რომ გავიზარდეთ.


რას შეუძლია თქვენი დანაღვლიანება?


უმოქმედობას... ადამიანის ყველაზე დიდი მტერი უმოქმედობაა! რომელსაც ნაღველი, დარდი, სინანული, დაუკმაყოფილებლობა და უსარგებლობის განცდა მოაქვს.


რა გივსებს გულს სიხარულით?


კონტაქტი ადამიანებთან და ბუნებასთან.


რა არის ამ ცხოვრებაში ყველაზე რთული?


საკუთარი თავის შეცნობა. თუ ამას შეძლებს ადამიანი, მისთვის სხვა სირთულე უბრალოდ წაბორძიკებაა. გამოსწორება და გზის გაგრძელება ყოველთვის შესაძლებელია.


ვინ ვართ ერთმანეთისთვის?


ზოგჯერ მგლები... ზოგჯერ ერთმანეთის ნახევრები...


მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი... რა არის შემდეგი?


ორი ვარიანტია:

თუ მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც ელემენტი, მაშინ შემდეგი სიცოცხლეა.

და თუ მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც სტიქია, მაშინ აპოკალიფსი...

ჩვენზეა დამოკიდებული მოვლენებს როგორ აღვიქვამთ, საფრთხედ თუ რესურსად...


„ ერთ მშვენიერ დღეს....“


ერთ მშვენიერ დღეს ყველა მიხვდება, რომ ყოველი დღე შეიძლებოდა მისთვის ყოფილიყო მშვენიერი.


რა ასაკში დაიწყო ცხოვრების ფაზლმა აწყობა და სურათის ჩვენება?


დღემდე არ არის ბოლომდე გამოკვეთილი 😊 მთავარია ფაზლები მაქვს, აწყობის პრინციპი ვიცი და სულაც არ მეჩქარება საბოლოო სურათის მიღება 😊


რა ხდება ძალიან აშკარა, დროსთან ერთად?


თვითონ დროის ფასი! რაც მეტი დრო გადის მით მეტად აშკარა ხდება რომ ის ყველაზე ამოწურვადია.


არის რამე რაშიც ძალიან დარწმუნებული ხარ?


არაფერში არ ვარ ძალიან დარწმუნებული და ვერც ვერავინ დამარწმუნებს ძალიან ვერაფერში (ეს დათა თუთაშხიას ინტონაციით წაიკითხეთ 😊)


რა არის ამოუწურავი?


საკუთარი თავი!

მთავარია მივაგნოთ ამ საბადოს.


ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს?


ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს!!!

ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დამირეკონ და მითხრან: ქალბატონო ეკა ისე კარგად ვარ, ისეთი ბედნიერი ვარ, მინდა თქვენთან მოვიდე და ჩემი ამ მდგომარეობის განცდაში დამეხმაროთ😊 ხომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და კიდევ უფრო შემიყვარდება 😊)) რა ჯობია ასეთ საქმიანობას, როცა გინაწილებენ ბედნიერების, სიხარულის და კმაყოფილების განცდას <3


ცხოვრება მშვენიერია?


გააჩნია ვისთვის რა არის მშვენიერება...

ჩემთვის ცხოვრება საინტერესოა. ყველაფერი საინტერესო კი ჩემთვის მშვენიერია.

თუ მშვენიერებაში გულისხმობენ მხოლოდ დადებით და სასიამოვნოს, მაშინ ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი!


მითხარი რამე აზრი ან შეხედულება.


წარსული უკვე აღარ არსებობს, მომავალი კი ჯერ არ დამდგარა. რეალური მხოლოდ აწმყოა, მხოლოდ აწმყოში შეგვიძლია ფიქრი, განცდა და შეგრძნება. მხოლოდ აწმყოში შეგვიძლია ვიმოქმედოთ.

სწორედ ამიტომ...

იცხოვრე ფხიზლად!

არ იქექო ფუჭად წარსულში!

...და არ გაფლანგო დრო ფუჭადვე მომავლის შიშით!

იცხოვრე ფხიზლად!

იმოქმედე აქ და ამჟამად!


ფსიქოთერაპევტი - ეკატერინე დარსანია


----------------

ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი https://www.facebook.com/chemtan.shentan





Recent Posts

See All

Comments


bottom of page