top of page

Interview: Erekle Deisadze

- რისთვის ღირს ცხოვრება? ალბათ იმისთვის რომ მერე ადგე და საინტერესოდ მოყვე.

როგორ გრძნობ თავს?

თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ გარემო ძალიან მთრგუნავს, თუმცა სახლში ჯდომით და მუშაობით, ადვილად ვუმკლავდები.

დღის რა მონაკვეთი გიყვარს, რისი კეთება გიყვარს?

ყველაზე მეტად წერა-კითხვა მიყვარს, განსაკუთრებით მუსიკის კეთების პროცესი, როდესაც მელოდია უკვე მზად მაქვს და ტექსტია მოსაფიქრებელი, ეს საუკეთესო მდგომარეობაა.

რა არის ის რასაც ყოველ ჯერზე სულმოუთქმელად ელი?

ეს არის კავშირი სამყაროსთან, რომელიც მუდმივად გელაპარაკება, მინიშნებებს გაძლევს, თუ ამის დანახვა გინდა აუცილებლად დაინახავ, სხვანაირად რთულია ჰარმონიულად იყო შერწმული სამყაროსთან, რომლის ერთ -ერთ ნაწილაკსაც წამოდაგენ.

რა გიყვარს ამ ცხოვრებაში?

ძიება, რომელსაც თან სდევს აღმოჩენები. კარგია როცა მუდმივად ეძებ, მოდუნების საშუალება არა გაქვს.

რისთვის ღირს ბრძოლა?

ყველაფრისთვის რასაც მნიშვნელობას მიანიჭებ, არსებობს საერთო ღირებულებები და არსებობს ინდივივუალური ღირებულებები, გააჩნია ადამიანს და მის მისწრაფებას.

გჯერა სიკვდილის მერე სიცოცხლის?

მე მჯერა რომ არაფერი არ სრულდება, სიკვდილი სიცოცხლის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სახეცვლილია და ჩვენ მუდმივად გვაშინებენ ამით, მერე ამ შიშით მანიპულირებენ და გვაჯერებენ უამრავ სისულელეს. ჩვენც გვიწევს დაჯერება რადგან არასაკმარის ცოდნას ვფლობთ. პირველ რიგში საკუთარი თავის შესახებ. რაც გასაღებია სამყაროს შესაცნობად.

რა არის ყველაზე მთავარი რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?

გააზიაროს ის რაც უყვარს, გაზიარების გარეშე ყველაფერი ამოწურვადია,

ჩერდება და ხავსი ეკიდება.

რისთვის ღირს ცხოვრება?

ალბათ იმისთვის რომ მერე ადგე და საინტერესოდ მოყვე.

რისთვის იბადება ადამიანი შენი აზრით?

არსებობენ ბევრნაირი ადამიანები, განსხვავებული მიზნებითა და მისწრაფებებით, ალბათ ცხოვრების არსიც არის, ეძებო და აღმოაჩინო უფრო მეტი, ვიდრე იცი.

რა გგვრის ადამიანის არსებობაში ყველაზე დიდ სევდას? / დიდ სიხარულს?

ადამიანი არ არსებობს სევდის გარეშე, სევდა სრულყოფილი ადამიანების თვისებაა. სიხარული კი ამ თვისების მეორე მხარეა.

რა მოგწონს საკუთარ თავში?

პრინციპულობა

რას სცემ ადამიანში პატივს?

პრინციპულობას.

რას იზამდი ღმერთი რომ იყო?

ღმერთი ვარ და ვერაფერს ვშვები.

რისი გეშინია ყველაზე მეტად?

უცოდინრობის.

რა არის ის რაც გასწავლა ცხოვრებამ? გამიზიარე გამოცდილება, რას „მიხვდი“

საბოლოოდ ყველა ადამიანი მარტოობისთვისაა განწირული, სხვა დანარჩენი კი რეპეტიციაა, რათა ამისთვის მზად იყო.

მე რომ მოწყენილი ვიყო როგორ გამამხნევებდი?

გაიღიმე.

რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს როცა ცუდად ხარ? ან როგორ იქცევი?

ვწერ, ეს ყველაზე კარგი თერაპიაა რაც კი აქამდე გამომიცდია.

რა არის ბედნიერება შენი აზრით?

ბედნიერება არის მდგომარეობა, რომელიც ცვალებადია.

შენ რა გაბედნიერებს ხოლმე?

საინტერესო ადამიანები და მათთან ურთიერთობა.

რას აკვირდები ადამიანებში ყველაზე მეტად?

ცოდნას და ნიჭს.

რა გაინტერესებს ამ სამყაროში ყველაზე მეტად?

ყველაფერი რაც მეხმარება სამყარო უკეთ შევიცნო.

რა არის შენთვის აუხსნელი?

ბევრი რამ, და სწორედ ამიტომ არის ცხოვება საინტერესო რომ მიახლოებითი პასუხები ვიპოვო.

რას ნიშნავს შენთვის განშორება?

განშორება ნიშნავს, რაღაც ახლის დასაწყისს. სხვათა შორის წიგნს რომელსაც ახლა ვკითხულობ ჰქვია ,,ჩვენი განშორებები’’ ავტორი: დავიდ ფონკინოსი.

როგორ უყურებ ტრავმებს ადამიანის ცხოვრებაში?

ეს მნიშვნელოვანია, რათა სრულყოფილ პიროვნებად იქცე, ტრავმები განსაზღვრავენ ადამიანს, ზოგი სუსტია და მარცხდება მასთან, ზოგი პირიქით მასზე იმარჯვებს და ძლიერდება.

რა არის სიყვარული, რა ადგილი უჭირავს შენ ცხოვრებაში?

სიყვარული ბევრნაირი არსებობს, მაგრამ შეგრძნების დონეზე ალბათ მაინც ერთია, ის რაც გიყვარს, უფრთხილდები, ხოლო რასაც უფრთხილდები ის დიდხანს ძლებს. შესაბამისად სიყვარული ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობის სურვილს უჩენს.

რას სცემ პატივს?

პრინციპულიბას და ბუნებრიობას

რა გიჩუყებს ხოლმე გულს?

ის რასაც პატივს ვცემ, პრინციპულობა და ბუნებრიობა.

რა არის შენი საყვარელი ფრაზა?

,,შეიცან თავი შენი.’’


64 views0 comments

Comments


bottom of page