top of page

Interview: George Mikaberidze

✍️ ინტერვიუ / გიორგი მიქაბერიძე



საიდან იწყება ყველაფერი?


☀️ ყველაფერი იწყება სინათლიდან და სინათლეშივე მთავრდება, შუალედში კი ვისაც რა უნდა, ის ხდება 😊


☀️ მე ვგულშემატკივრობ ყველა ადამიანში არსებულ გულითად არსებას.


უცხო ადამიანმა რომ გკითხოს როგორი ხარო, რას ეტყოდი?


დაკვირვებული.


რამდენი წლის ხარ?


მე პირადად არ მახსოვს თუმცა ამბობენ რომ 80-იანების პირველ ნახევარში დავიბადე.


ბედნიერი ხარ?


ბედნიერი ვარ. ცხოვრების ზედაპირზე ბევრი განსხვავებული მოვლენა, ემოცია ტივტივებს და  ენაცვლება ერთმანეთს, მაგრამ ფონზე ჩემს შიგნით, რაც თავი მახსოვს მუდმივად არსებობს უცვლელი, ყოვლისმომცველი, თბილი, გამამთლიანებელი შეგრძნება, რომელსაც მე ბედნიერებას ვეძახი.


ცვალებადია შენი აზროვნება, თუ რასაც მიხვდები მყარია და უცვლელი?


აზროვნება ზოგადად დინამიური და შესაბამისად ცვალებადი პროცესია. რასაც მივხვდები  რჩება უცვლელი მანამ, სანამ კიდევ სხვა რამეს არ აღმოვაჩენ.  სამყაროში ხომ ყველაზე უცვლელი რამ ცვალებადობაა. თუმცა არსებობს დროისა და აზროვნების მიღმა უცვლელი მდგომარეობები და ცნებები, რომელიც ჩემშიც არ იცვლება.


მომიყევი რამე შენი თავის შესახებ..


ძალინ იშვიათად მინდება  საკუთარ თავზე ზოგადად საუბარი და ახლა არ არის ის იშვიათი მომენტი, ამიტომ ამ კითხვას ღიმილით ვუპასუხებ 😊 


მომიყევი შენი ბავშვობის შესახებ, რამე ისტორია რაც ახლა გაგახსენდა.


ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ადამიანებზე დაკვირვებაც მომწონდა, ასევე ბევრ ექსპერიმენტს ვატარებდი, ამ ექსპერიმენტებს და სიცელქეს ბევრი ნივთი და ახლობლების ნერვები ეწირებოდა :))). ერთი ისტორია, რაც ეხლა გამახსენდა მოხდა საბავშვო ბაღში, როცა 5 წლის ვიყავი. ბაღში ვერთობოდი, მაგრამ მაინც რატომღაც ციხედ აღვიქვადი იქაურობას, ამიტომ ერთ დღეს გადავწყვირე დიდი გაქცევა მომეწყო. შემოვიკრიბე 4-5 მეგობარი, გავუზიარე იდეა, მათშიც გავაღვივე „ციხიდან“ გაქცევის სურვილი; დამთანხმდნენ, შეიკრა გუნდი. შევიმუშავე დეტალური გეგმა: საპირფარეშოს ფანჯრიდან უნდა დაგვეტოვებინა ბაღის ტერიტორია, შემდეგ თბილისიდან უნდა წავსულიყავით ავტობუსით ბათუმში და შემდეგ გემით გადაგვეცურა ზღვა, შემდეგ აღარ მახსოვს რა იყო გეგმაში😊.  გავაცანი  გეგმა თანამოაზრეებს, ისე რომ არავის გაეგო და ამ „ოპერაციის“ შესახებ. ყველაფერი შევათანხმეთ. დავიშალეთ სახლებში და ველოდებოდით ხვალინდელ დღეს . მეორე დილით მშობლებმა მიმიყვანეს ბაღში, მოახლოვდა ნანატრი მომენტი, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ ყველა გუნდის წევრმა ბოლო წამს უკან დაიხია, შეეშინდათ და გადაიფიქრეს. არ მახსოვს რას ვფიქრობდი მაგ დროს, მაგრამ მახსოვს, რომ თავდაჯერებული და მიზანდასახული ვიყავი იმ მომენტში, ჩემს გეგმაზე უარი მაინც არ  ვთქვი  და გადავწყვიტე ეს „საიდუმლო ოპერაცია“  მარტო განვახორციელო. დაგეგმილ დროს გავედი საპირფარეშოში, გადავძვერი ფანჯრიდან ისე, რომ ვერავინ შეამჩნია და ჩუმად დავტოვე ბაღის ტერიტორია და ჩემს გზას გავუდექი მარტო. ეხლა ვხვდები, რომ საბედნიეროდ გარეთ ციოდა, და გზაში გამახსენდა, ქურთუკი დამრჩა კარადაში.  ასე გავიყინებოდი და ისევ ჩუმად დავბრუნდი ბაღის ტერიტორიაზე  და შევეცადე შეუმჩნევლად ქურთუკის აღება საერთო გარდირობიდან, სანამ ყველა გვერდით ოთახში იმყოფებოდა. ესეც წარმატებით მოვახერხე და ბოლო წამს ერთმა მასწავლებელმა შემამჩნია როგორ გავდიოდი კარიდან  და იქ გაისმა მისი „სირენის“ ხმა - მიქაბერიძე!!! გამომეკიდნენ, დამიჭირეს და დამაბრუნეს😊. ასეთი იყო ჩემი მატრიციდან გაქცევის პირველი სიმბოლური მცდელობა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა 😊 


რა მოგწონს და რა არ მოგწონს საკუთარ თავში?


არის გარკვეული თვისებები, რასაც გავაუმჯობესებდი და დავამუშავებდი, მაგრამ საერთო ჯამში ასეთ რადიკალურ ორ პოლუსს არ ვგრძნობ, ყველა მხარე ასე თუ ისე ჰარმონიულად თანაცხოვრობენ ჩემში. ვმეგობრობ  საკუთარ თავთან.


ადამიანებთან კონტაქტი გიყვარს? რა სახის?


პროფესიიდან გამომდინარე ადამიანებთან კონტაქტი მიადვილდება. მაგრამ ამის მიღმა ბუნებრივად ზომიერება დამჩემდა თითქმის ყველაფერში. მათ შორის ადამიანებთან კონტაქტიც ზომიარად მიყვარს, გარკვეული დოზით, არა როგორც მძაფრი საჭიროება, არამედ, როგორც ბონუს სიამოვნება. ბევრ ადამიანთან კონტაქტის მოთხოვნილება ნაკლებად მაქვს. რაოდენობას ხარისხი მირჩევნია.


რა არის შენთვის ნამდვილი კონტაქტი? როგორი კონტაქტი განიჭებს სიამოვნებას?


არა მერკანტილური, ინტუიტიური, გულწრფელი, გახსნილი და ამავდროულად ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კონტაქტი, რაც  ერთად იშვიათობაა....

 

შეგიძლია გამიზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება, რასაც შენ მიხვდი ცხოვრების შესახებ?


ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ  არ აქვს დიდი მნიშვნელობა ბევრი რამის ცოდნას, მთავარია მიაგნო და იცოდე მთავარი; როცა იცი მთავარი, მაშინ საკუთარ თავთან კარგად ხარ, ასევე სხვებთანაც, გარე სამყაროსთანაც და ღვთაებრივთანაც კარგ ურთიერთობაში ხარ.  რა არის ის მთავარი?  ამის ახსნა რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ გამიჭირდა. ინტელექტუალურ-ლინგვისტური ინსტრუმენტი ძალზედ მშრალი და ვიწროა ამისთვის.  ვგრძნობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანს და მთავარს სიტყვებით სრულფასოვნად ვერ ახსნი, და არც სჭირდება ალბათ. ეს უნდა იგრძნო და ჩუმად იყო.  ძალიან ვხმაურობთ ადამიანები, და ეს ხმაური იმდენად უაზროდ გვართმევს დროს და ენერგიას, რომ ხელს გვიშლის იმ „მთავარის“ აღმოჩენაში.  როგორც ძველად ამბობდნენ - „ცარიელი დოქი ყველაზე ხმამაღალ ხმას გამოსცემსო“.

 

ადამიანების შესახებ? რას მეტყვი მათზე?


როგორი განწყობაც გვაქვს, ხომ ისეთს ვხედავთ გარესამყაროს და მათ შორის ადამიანებს. მე  კარგი განწობა მაქვს და ადამიანებსაც დადებითად და ემპათიურად აღვიქვამ. მე ვგულშემატკივრობ ყველა ადამიანში არსებულ გულითად არსებას <3


რას შეუძლია შენი გაკვირვება?


ეს ძალიან იშვიათი ამბავია. ალბათ სასიამოვნო სიურპრიზია, როცა ვხედავ ადამიანს, რომელიც  უპირობო კეთილგანწყობას და ინტუიტიურ  აზროვნების უნარს ავლენს.


სიცოცხლე გიყვარს? რა გაინტერესებს მასში?


ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ვცდილობ არ ვიყო მასზე მიჯაჭვული. უფრო ადრე ალბათ აღმოჩენების გაკეთება  მაინტერესებდა, ახლა  ვიტყოდი - გამიმართლა რომ ამ ეპოქაში  მომიწია ცხოვრება, სადაც უნიკალურ კოსმოლოგიურ პროცესებზე დაკვირვების და თანამონაწილეობის საშუალება მეძლევა.


მადლიერებას გრძნობ? რის მიმართ ?


რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად ვგრძნობ მადლიერებას.  ყველაზე მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ყოფიერების მიმართ ვგრძნობ მადლიერებას, როგორიც არ უნდა იყოს ის.


როცა ცუდად ყოფილხარ შინაგანად, რას გამოუყვანიხარ მდგომარეობიდან?


როცა ხდება ისე, რომ ცუდად  ვგრძნობ თავს, საკუთარ თავთან დიალოგს ვიწყებ და ვცდილობ მოვძებნო ამ შეგრძნების სათავე. როცა შეგრძნების მიზეზს აღმოვაჩენ და გვერდიდან დავაკვირდები, შემდეგ უკვე მარტივია  გამოსავალის მოძებნა და  მას მერე შეგრძნების დონეზე ტივტივდება  ფონზე მუდამ არსებული ის ყოვლისმომცველი, ჯადოსნური, მშვიდი სისავსე. ამ მომენტიდან იმ პრობლემის მიმართ მადლიერების გამოხატვაც ყველაზე ადვილია.


ზოგადად რას ურჩევდი ადამიანებს ასეთ დროს, რა ქნან და რა ხერხს მიმართონ?


ხერხი და ტექნიკა ბევრია, საჯაროდ რჩევების მიცემას ახლა არ დავიწყებ. მაგრამ იმას ვიტყოდი, რომ ნუ დაგვავიწყდება, ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროში (პირობითად 100 წელი) იმდენად ხანმოკლე მონაკვეთია, იმდენად მცირე დრო გვაქვს მოცემული ამ უნიკალური გამოცდილებისთვის, რომ არ ღირს ცუდად ყოფნაზე ამ დროის დაკარგვა.


რას ფიქრობ, რა შეუძლია ჩვენს ფიქრებს?


დიდი არაფერი შეუძლით, ფიქრებს შეუძლიათ თამაში და რეალობის კონსტრუქტირება.


 

დაასრულე ფრაზა/წინადადება

 

რომ შემეძლოს..

ფრენა მომინდებოდა სიარულის სწავლაც.

როცა ცაში ვიხედები..

მყუდროდ ვგრძნობ თავს და ვხედავ ახალ შესაძლებლობებს.

როცა სიკვდილზე ვფიქრობ..

თბილად მეღიმება.

მე..

მოდის, მე მიდის, შენ კი რჩები  <3.

კიდევ კარგი..

რომ ეს ყველაფერი ჩვენს გონებაშია. 😊 

რა სახალისოა..

ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

დედამიწას..

ადამიანთან შედარებით ალბათ 5 გრძნობაზე მეტი აქვს .

გული მკარნახობს..

ყოველთვის ნამდვილ გზას.

სიყვარული არის..

ის რასაც მთელი ცხოვრება ყველანაირი ხერხით და მეთოდით ვეძებთ გარესამყაროში, მაგრამ გარესამყარო თურმე მხოლოდ კინოთეატრის თეთრი ეკრანია... 

რა მშვენიერია..

ხანდახან ყველაფერი..

 

 

 

რა გინდა რომ ადამიანებს ურჩიო?


არ მისცეთ არავის რჩევა მითუმეტეს თუ არ გთხოვეს ამის შესახებ.


ყველაფერი კარგადაა?


კი, ყველაფერი კარგადაა თუ ამისთვის მზად ხარ.


რა გიყვარს ყველაზე მეტად?


იმის შეგრძნება რომ ვარ არაფერი და ყველაფერი ამავდროულად.


რა გიყვარს ყველაზე მეტად ადამიანში?


კეთილგონიერება, გულწრფელობა, თვითრეფლექსია.


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა ან არასაყვარელი მაგრამ ის, რასაც ამ მომენტში ეთანხმები.


☀️ „ადამიანი საკუთარ თავს თვლის ღმერთად, და ის მართალია, რადგან ღმერთი არის მასში. თავს თვლის “ღორად”, და ის ამაშიც მართალია, რადგან “ღორიც” არის მასში. მაგრამ ადამიანი ძალიან ცდება, როდესაც თავისი შინაგანი “ღორი” ჰგონია ღმერთი.”

უმეტესად რა გაქვს აკვიატებული? არის რამე ასეთი?


ხშირად ვიკვიატებ ერთ ან რამდენიმე სიმღერას და ვუსმენ „ლუპში“ დიდი ხნის განმავლობაში. უცნაური სიტყვების აკვიატებაც მჩვევია.


გულის ხარ თუ გონების?


მე გულის ვარ ხოლო გონებას ვიყენებ ინსტრუმენტად.

 

 


-------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან



George Mikaberidze

 

265 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page