top of page

Interview: Gia Edzgveradze

"პარადოქსია: როგორ უნდა უსურვო შენს შვილს ტრავმა"

ინტერვიუ / George Edzgveradze


- როგორია თქვენთვის წარმატებული ადამიანი?


წარმატებული ადამიანი — აბსურდის ადამიანია, მოთამაშე ადამიანი: რომელმაც საკუთარი ცნობიერება ამოავსო რუსული გამოთქმით: “ვსიო ესტ ტპინ-ტრავა”


- რისი გწამთ?


ადამიანის შესაძლებლობის, საკუთარი თავის გადალახვის. ეს რომ არ მწამდეს “აქ” ვერავინ გამაჩერებდა...


- ღმერთი რომ იყოთ რას იზამდით?


თავს გავიუქმებდი და აბსურდის ტრიალს მოვრჩებოდი სამყაროში...


- რა არის თქვენში საინტერესო?


უმოწყალო დამოკიდებულება კომფორტულ სააზროვნო ზონებთან…


- რას უნდა ცდილობდეს ადამიანი ცხოვრებაში?


ჯერ გახდეს ადამიანი (ინდოეთში მათ “ორჯერ დაბადებულებს” ეძახიან) და შემდგომ გადალახოს “ადამიანი”...


- ცხოვრებისეული გამოცდილება, რისი გაზიარებაც ჩემთვის შეგიძლიათ


არ მოგწონდეთ საკუთარი თავი და ეცადეთ გადაზარდოთ ის უპირობო მოძრაობაში აბსტრაქტული სრულყოფისკენ. ეს იდეალი განუწყვეტლივ უნდა იცვლებოდეს და გადაფასდეს


- ბედნიერი ხართ?


ბედნიერება არ მაინტერესებს— უძველესი, ყავლგასული და პრიმიტიული სამოთხის კონცეფტია ვითომდა კმაყოფილებაში არსებობის. მძაგს კმაყოფილება...


- რა გაკლიათ ამჟამად ყველაზე მეტად?


როგორც ყოველთვის — საბოლოო ჟინი და ნაბიჯი სრული გადალახვის


- რა განიჭებთ ხოლმე სიხარულს?


ნაყინი, ლამაზი ქალი, ძალიან გამჭვირვალედ გამოთქმული რთული სააზროვნო კონცეფტი, კარგი ფილმი, ზოგჯერ ცუდი ფილმიც, ძალიან დახვეწილი და ესთეტურად მომავალზე მობილიზებული კულტურული გარემო (არქიტექტურა, დიზაინი) ... ბევრი რამ...


- რა გიყვართ სიცოცხლეში?


ერთიანი ტოტალური კითხვითი ნიშნისკენ ადამიანის უწყვეტი ჟინიანი ლტოლვა...


- რისთვის დაიბადეთ როგორ ფიქრობთ?


არანაირად და არასდროს არ მივიღებ იმას, რაც ჩემს უკითხავად მომახვიეს თავზე. შეგნებული ცნობიერებისთვის დაბადება შეურაცხმყოფელია


- რით არის ადამიანი უნიკალური და საინტერესო?


მხოლოდ და მხოლოდ “თავისუფალი ნებით”


- სჭირდება ადამიანს ტრავმა?


ფროიდი და ლაკანი, ორივე იმ აზრისაა, რომ ტრავმის გარეშე ადამიანი როგორც “ადამიანი” ვერ შესდგება — იგი არ დაიბადება როგორც ცნობიერებაში ფუნდამენტური კითხვითი ნიშნის მატარებელი არსება. პარადოქსია: როგორ უნდა უსურვო შენს შვილს ტრავმა — არადა ამის გარეშე არაფერი ნამდვილი და ღირებული მის ცნობიერებაში არ აღმოცენდება.

მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ეხება — მოდის ისეთი მომავალი, რომელც ჩვენს ძირეულ ღირებულებებს — მორალურს, ეთიკურს, ესთეტიკურს და ასევე სააზროვნო საფუძვლებს უბრალოდ გააუქმებს — ყველა დღეს არსებული სამომავლო განვითარების ვექტორი გაუქმდება და მე ვერ გეტყვით რა იქნება აღზრდის, მიზნის და არსის მახასიათებლები ასეთი მომავლის სიტუაციაში...


- მე რომ სიცოცხლე აღარ მინდოდეს, რას მეტყოდით?


გეტყოდით: სწორი ხარ, მაგრამ ასეთი ადვილი არ არის გაუძვრე სიცოცხლეს ხელიდან — მთელი აღმოსავლური (და არა მარტო აღმოსავლური) რელიგიების მიზანი ერთია: დაუძვრენ სიკვდილის და სიცოცხლის წრებრუნვას (დხარმის ბორბალს) — ამისთვის კეთდება მედიტაციები, ლოცვები, ყველა სულიერი პრაქტიკა, რომ ადამიანი განთავისუფლდეს სიცოცხლის ნებისგან რომელიც ისევ და ისევ გვბადებს და გვაიძულებს ვიარსებოთ ამ მოსაზღვრულ, მატერიალურ სამყაროში — რომელსაც სიცოცხლე ჰქვია. ამას ამბობდა შოპენჰაუერი: ადამიანი პიროვნული და გაცნობიერებული ნება უნდა დაუპირისპირდეს ბუნების ნებას ჩვენში, რომელიც ისტერიულად ილტვის სამყაროში დამკვიდრებისთვის და ფეხის მოკიდებისთვის. დელფის ორაკულმა როცა შეეკითხეს — რა არის აზრი ადამიანის ცხოვრების, ასე უპასუხა: უკეთესი იქნებოდა რომ ადამიანი არ დაიბადოსო…


- თქვენი საყვარელი ფრაზა...


“მე ვისვრი ისრებს უკუნეთ ღამეში ჯულია...” (“ჯულია” ანტონინ არტო)




64 views0 comments

Recent Posts

See All

Comentários


bottom of page