top of page

Interview: Giorgi Shermazanashvili



☀️ „მთავარია მიხვდე რა არის მთავარი“.

❓ რა იყო შენს ბავშვობაში ყველაზე ძვირფასი, რაც ახლა გახსენდება?


პირველი კითხვით უკვე ვხვდები, რომ ბევრ რამეზე დამაფიქრებს ეს ინტერვიუ. დავუბრუნდეთ კითხვას.

ჩემი სახლი მახსენდება, ჩემი ეზო... მზიანი ამინდი... მეზობლის თუთის ხეზე ძრომიალი, სადაც ბიჭებს ერთგვარი „ბირჟა“ და „შტაბი“ გვქონდა.


❓ ახლა როგორ გრძნობ თავს?


გაზაფხულდა. ფერადმა სამყარომ გაიღვიძა და მეც გამაღვიძა მგონი. კარგად ვგრძნობ თავს, თვალებს მოვიფშვნეტ და წავალ ლამაზი ხედების სანახავად.

❓ როგორ ფიქრობ, ვინ ხარ შენ? როგორ ხედავ საკუთარ თავს?


ერთი ჩემებური ადამიანი, ისევე უნიკალური, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ამ სამყაროს ძალიან პატარა ნაწილი, რომელიც ვცდილობ სულ მცირე ჩემს გარშემო სამყარო გავალამაზო, უკეთესობისკენ შევცვალო.


❓ როგორ ხედავ სამყაროს? ყველაზე ხშირად რა კადრს ხედავ გონებაში?


სამყაროს კოსმოსად ვხედავ. უსასრულო შესაძლებლობები, უსასრულო სილამაზე, მოუწესრიგებელი და მოწესრიგებული სიმრავლეები და სულები. დედამიწაც კოსმოსია მისი ყოველი კილომეტრი საინტერესოა, განსხვავებული, ზოგან ფერადი, სველი, ზოგან ქარიანი და მოღრუბლული.


შენი ცხოვრების ერთ ფოტოდ გადმოცემა რომ შეგეძლოს, რა კადრს აარჩევდი?


ეს არის გზის კადრი, მარჯვნივ და მარცხნივ ბევრი სილამაზე და თავგადასავალია. გზაზე კი კვალია, რომელზეც ჩანს რომ გზის ორივე მხარეს გადავდივარ-გადმოვდივარ.


❓ რისი გადმოცემა გინდა ხოლმე კადრით? რა არის პრიორიტეტი შენთვის.


ფოტო უნდა იყოს „ვაუ“! ეს არის პრიორიტეტი ყოველი ფოტოს გადაღების და შემდეგ განთავსების. და ეს „ვაუ“ ფოტოს ნახვის პირველ წამზე უნდა მოდიოდეს ან მაქსიმუმ 3 წამიანი დაფიქრების შემდეგ.


❓ როგორ ფიქრობ, რამ მიგაჩვია სილამაზის დანახვაში და აღქმაში? თუ ასეთი დაიბადე უბრალოდ? მე მაინტერესებს რამემ თუ იქონია გავლენა, რამაც ეს შენში განავითარა.


სამყაროს აღქმამ, ისეთის როგორიც არის. მოგზაურობამ, მრავალფეროვნებამ, ფოტოგრაფიამ, თუნდაც ფოტოგრაფიის და რეალობის ცდომილებამ. ხშირად მიკვირს ამას ასე რატომ არ აღიქვამს ყველა. უეჭველად ვიცი, რომ ისინიც ხედავენ ამას, მაგრამ ნუთუ ეს ის არ არის რაც ყველას უნდა აინტერესებდეს?


❓ რა არის შენთვის სილამაზე?


ამაზე პასუხი რთულია. ვაზუსტებ რთული არ არის პასუხის გაცემა, არამედ თვითონ პასუხია რთული. მარტივად ერთი წინადადებით ალბათ რაც გამშვიდებს ის არის სილამაზე.


❓ სილამაზის დანახვა რომ შეძლო, რა არის საჭირო?


განწყობა. განწყობა სილამაზის აღქმის პრელუდიაა, თუმცა არსებობს მძაფრი სილამაზეც, რომელიც უფრო მომხიბვლელობაა და განწყობასაც მართავს.


❓ ჯერ გრძნობ და მერე ხედავ?


რაღაცას მეტად გრძნობ და მეორე რაღაცას შეიძლება ჯერ ხედავ და მერე შეიგრძნობ. ხან დაბალანსებულია. ჩემი ფოტოგრაფია მარტო გრძნობა და ხედვა არ არის. აქ ბევრი ინგრედიენტი იხარშება ერთ ქვაბში და გემო სხვადასხვა მხარეს იხრება.


❓ რა არის ხოლმე შენთვის მოტივაციის წყარო?


სიყვარული, პატივისცემა, სიამოვნება, ვალდებულებები, წინასწარ ნაგრძნობი ემოციები და სამყაროს ძახილი.


❓ რა მეთოდები გაქვს სირთულეებთან გამკლავების?


მეთოდების დაჯგუფება გამიჭირდება, ისევე როგორც სირთულეებია მრავალფეხა ისე მასთან გამკლავების გზები. ალბათ ის ერთი საერთო მეთოდი, რაც ყველაზე ვრცელდება (ვცდილობ გავავრცელო) არის ის როცა სირთულის დროს ვცდილობ ემოციები მივაჩუმო და შეგნებას მოვუხმო.


❓ როგორ ფიქრობ, იყო პირველად სიტყვა? თუ სიტყვამდე იყო კიდევ რაღაც...


სიტყვა ფუფუნებაა. სიტყვები საჭიროა მაგრამ არააუცილებელი. რამდენიმე დღის წინ, ხერთვისის ციხესთან უცხო ცუგას გადავუღე ფოტო. ცუგა არაფერს არ ამბობდა უბრალოდ მოვიდა ჩემთან და თათი დამადო. მე კი ბევრი „ვებაზრე“, მაგრამ ამ სიტყვების რახარუხის გარეშეც მე მიყვარს ის ცუგა. მასაც ვუყვარვარ. უეჭველი ვიცი/ვიგრძენი.


❓ რას სთხოვ საკუთარ თავს ან რას ახსენებ ხოლმე?


რაღაცეები მეზარება ხოლმე, კი ისედაც ხშირად ვატყობ ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ ეს ზარები მომენტებში მამძიმებს. ამიტომ ხშირად ვახსენებ თავს, რომ როცა ყველაზე მეტად მეზარება რაღაც, ზუსტად მაშინ ვცდილობ გავაკეთო.


❓ როგორ ფიქრობ, რა არის საბრძოლველი?


არ ვიცი. არც ის ვიცი ვინმემ თუ ეს იცის. და თუ იცის არც იმის მჯერა რომ მას ამის ბოლომდე სწამს.


❓ რა არის შენი ცხოვრებისეული მთავარი სიბრძნე?


„მთავარია მიხვდე რა არის მთავარი“.


❓ რისი გჯერა შენი შინაგანი არსებით?


მჯერა რომ სადღაც იქ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მჯერა რომ ყველა ადამიანი ყველა მთავარ კითხვაზე პასუხს მივიღებთ. როგორ მოხდება ეს ვერ წარმომიდგენია, მაგრამ უეჭველი ეს პასუხები არც ინტერნეტით და არც ტელევიზიით არ გადმოიცემა.


❓ რისი დაფიქსირება გინდა უმეტესად კადრით? რას ეძებ?


პირველ რიგში, რა თქმა უნდა სილამაზის და ამბის გადმოცემას ვცდილობ. შემდეგ ისეთ კადრს ვეძებ, რაც უნიკალურია და რთულად მიღწევადი.


❓ რომ შემეძლოს ...


დროში ვიმოგზაურებდი და „იქიდანაც“ მოვიტანდი კადრებს.


❓ ღმერთს მადლობა ....


რომ ხშირად შემიძლია ის ვაკეთო, რაც მსიამოვნებს.


❓ ძალიან მიყვარს ....


ის მომენტები, როცა ადამიანებს ვაერთიანებ.


☀️ ცხოვრებაში მივხვდი რომ ....


ყოველთვის არ გინდა ის, რაც შენ გგონია რომ გინდა.






-------------------------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი და მეგობარი კომპანიები:



Giorgi Shermazanashvili




139 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page