✍️ ინტერვიუ / ქეთი ხურცილავა
❓ როგორ ხარ?
ჭირვეული ქალივით.
❓ შენ რომ დაიბადე...
მამაჩემს ეგონა მეორე მაინც ბიჭი იქნებოდა, მაგრამ - გავჩნდი ქეთი.
❓ რას ნატრობ ხოლმე მუდმივად გულის სიღრმეში?
უსახლკაროთა თავშესაფარი მინდა გავხსნა, სადაც საჭმელს მე მოვამზადებ.
❓ ცხოვრებამ...
ლამაზად შემიფუთა სამყარო და ახლა გამოცდები დაგეწყებაო - შემამზადა.
❓ რას ნიშნავს თითოეული დღე შენთვის?
თითქოს აზარტული მოთამაშე ვიყო, ისე მაინტერესებს ყოველი დღე. ახალი დღე შანსია - შეცვალო, „დახატო". კარუსელია, იქამდე იტრიალებს ეს დღეები სანამ მოინდომებ.
❓ რისი გწამს?
საათის, რომელიც ასე დაწიკწიკებს და მახსენებს რომ დრო მიდის. მას შეუძლია იაროს წინ და უკან, მაგრამ მე - არა.
❓ მუდმივად...
ვრისკავ რომ მოვინათლო ადამიანად, სუფრას მივუსხდე თვალახვეულმა და დავაგემოვნო იდუმალი კერძი, თუ გემო და არომატი მომეწონა ისევ შევჭამ.
❓ შენთვის რას ნიშნავს წარმატებული ადამიანი?
ადამიანი,რომელიც თავის კონკრეტულ საქმეში მაქსიმალურს დებს და მინიმალურს იღებს. ადამიანები, რომლებიც უმნიშვნელო რაღაცას მნიშვნელოვნად აქცევენ.
❓ როცა თვალებს ხუჭავ, რა სცენას ხედავ?
ვცეკვავ, ისე თითქოს ცეცხლის ალი ვიყო, თვალები იქაც დახუჭული მაქვს. მე ისე ვირხევი თითქოს სხეულიდან გადმოქცევას ვლამობ, კანიდან გამოძრომას, ჩემი საკანი მიჭერს და გათავისუფლება მინდა. მე ქარიშხალს ვქმნი და ბობოქარ ზღვას, მაგრამ ეს ორი ჩემში ჰარმონიას ქმნის.
❓ რა გიყვარს საკუთარ თავში?
✨ ჩემი კალაპოტი მიყვარს, რომელშიც ასე ვარ მოქცეული, უფრო მეტად ის ჯებირები მიყვარს, რომელსაც ასე ვემტერები. ვერ ვიტან ჯებირებს, ვერ დამიმორჩილებენ. თავისუფლება მიყვარს - როგორც მინდა, - სადაც მინდა. ეს თუ არა, მაშინ, ვიქნები ხელოვნურ სუნთქვაზე და მმართეთ!
留言