სად გადის ზღვარი კარგ ადამიანობასა და ცუდს შორის? სადამდე უნდა დავთმოთ საკუთარი თავი?
თავის დათმობა არა, ეს გულმა უნდა გიკარნახოს, რასაც აკეთებ, შენს გულს უნდა გაუხარდეს და სხვისი გულისთვის გაღებული მსხვერპლი თუ შენს გულს ახარებს, ვფიქრობ, კარგი ადამიანი სწორედ მაშინ ხარ.
მითხარით ახლა როგორია თქვენი განწყობა, როგორ ხართ, რაზე ფიქრობთ
ადამიანს ბევრი საფიქრალი აქვს. ახლა სწორედ იმაზე ვფიქრობ, რომელ საფიქრალზე ვიფიქრო პირველად? როცა გსურს ცვლილება, განწყობაც შესაბამისია, ეძებ სხვადასხვა გზას და ფიქრობ.
რისი კეთება გიყვართ ხოლმე დღის განმავლობაში?
ადამიანმა ყველაფრის კეთება არ უნდა დაიწყოს, ცხოვრება გასწავლის, რისი კეთება არის მნიშვნელოვანი იმ წუთებში. აქედან გამომდინარე ზოგჯერ დინებას უნდა გაყვე და ზოგჯერ მის საპირისპიროდ უნდა წახვიდე. ჰოდა, ვაკეთებ იმას, რაც მომავლისთვის ცვლილებებს მოიტანს.
რა გამხიარულებთ ცხოვრებაში?
ადამიანს ადამიანი უნდა უყვარდეს და სწორედ მათთან ურთიერთობა უნდა ამხიარულებდეს.
ყველაზე მეტად რა კითხვა გაწუხებთ ხოლმე სამყაროსთან, ან ადამიანებთან?
კითხვები სამყაროსთანაც მაქვს და ადამიანებთანაც -
თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რას შეცვლიდით?
ცხოვრება ისე ხანმოკლეა, ადამიანებს შორის დამოკიდებულებებს შევცვლიდი ალბათ, უფრო უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.
რას სცემთ პატივს ამ ქვეყნად?
სიყვარულს.
რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
ვფიქრობ, სიცოცხლეა ყველაზე მნივნელოვანი. თუ სიცოცხლე არ იქნება, მნიშვნელოვანი არაფერი იქნება.
რისთვის ღირს ამდენი წვალება, გარჯა, შრომა, სწავლა, რა აზრი აქვს?
სულაც არ ვფიქრობ, რომ გარჯა, სწავლა, შრომა წვალებაა, სწორედ ამაშია ცხოვრების აზრი.
თქვენ რისი გჯერათ ყველაზე მეტად?
კეთილი ადამიანების მჯერა.
გულის სიღრმეში რისი გწამთ?
წმინდა ზიარების.
რას ხედავთ როცა ბავშვებს უყურებთ?
ღმერთს.
რა ისწავლეთ მათგან მნიშვნელოვანი?
თავისუფლება.
თუ უთქვამს ვინმე ბავშვს ისეთი სიტყვები რაც დაგამახსოვრდათ ან გულში ჩაგრჩათ?
ჩემი მოსწავლე ლევანიკო წაიქცა, წამოდგომაში მოვეხმარე და ჩავეხუტე, ის ტიროდა და მითხრა: „მას, მე არ ვარ სრულფასოვანი ადამიანი“. ეს იმიტომ თქვა , რომ ის მშობლებთან არ იზრდებოდა და სიყვარული აკლდა. ამის შემდეგ
ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვი დედასთან და მამასთან უნდა იზრდებოდეს.
რა არის საინტერესო ცხოვრებაში?
ცხოვრებაში ყოველთვის ყოველ დღე შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება. სწორედ ეს არის საინტერესო - შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ
რისთვის ვიბადებით, როგორ ფიქრობთ, რა გვევალება?
სიცოცხლისთვის ვიბადებით და სწორედ სიცოცხლე გვევალება.
რამდენადაა მნიშვნელოვანი ადამიანი?
ადამიანი ღმერთის მსგავსი და ხატია
თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რას გამიზიარებდით, რა ცოდნა
შეგძინათ ამ გამოცდილებამ?
როცა ვინმე ტალახს გესვრის ზურგს უკან, იცოდე, რომ მის წინ დგახარ და უკან არ მიიხედო, გააგრძელე სვლა წინ.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მიხვდით?
მივხდი იმას , რომ შეცდომებით უფრო მეტი ვისწავლე , შრომით უფრო მეტი მოვიგე და ტკივილით უფრო გავძლიერდი.
რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
ადამიანის.
რა არის თქვენი ოცნება?
ოცნებას მოქმედება მირჩევნია, ასე რომ, ვმოქმედებ და არასდროს ვოცნებობ.
სიკვდილზე ფიქრისას რას გრნძნობთ ხოლმე?
ქართველებს ერთი საოცარი სიტყვა გვაქვს გარდაცვალება, რაც გამორიცხავს სიკვდილს. ჰოდა, ერთხელ ხომ გარდავიცვალეთ - დედის მუცლიდან გარეთ გამოვედით, წყლიდან ჰაერზე დავიწყეთ ცხოვრება, რომელიც არავის არ გვახსოვს. ჰოდაც რა გრძნობა უნდა მქონდეს, როცა არ მახსოვს, როგორია გარდაცვალება.
რა აკლიათ ადამიანებს?
ყველა ადამიანს აკლია დრო.
რა სჭირდებათ ბავშვებს?
სიყვარული.
თქვენი საყვარელი ფრაზა მითხარით
ცხოვრება მშვენიერია.
და ორიოდე სიტყვა სიყვარულზე...
სიყვარულისთვის შეიქმნა ადამიანი. ჰოდა, უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, რადგან ცოტა დრო გვაქვს ცხოვრებისათვის, გამარჯვებისთვის, შრომისთვის, სწავლისთვის, თავისუფლებისთვის.
Commentaires