✍️ ინტერვიუ / ლადო აფხაზავა
❓ გამიზიარე პირველ რიგში როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ? რა შეიცვალა?
რა შეიცვალა? ბევრი რამ. მეტწილად შეიცვალა დამოკიდებულებები, თურმე რამდენს არ მოსწონს, როცა წინ მიდიხარ. არადა, რა იციან, ეს სწორედ იმის დასტურია, რომ სწორ გზას ადგახარ, ერთგვარ საზომადაც კი ჩაითვლება და ეს ყველაფერი მოაქვს გამოცდილებას, რომელიც მწარეა, მაგრამ ამავე დროს აძლიერებს ადამიანს და გასაოცარია, მაგრამ მეტ და მეტ მოტივაციას აძლევს.
❓ რა მოიტანა ცხოვრებამ?
მოსწავლეებსაც ხშირად ვუმეორებ, არასოდეს თავიანთი შეცდომები სხვას არ დააბრალონ, ცხოვრება იმას მოიტანს, რაც დავიმსახურეთ. შეცდომებით ბევრი უნდა ვისწავლოთ, ვაღიაროთ ჩვენი სისუსტე და ცხოვრებაც მოიტანს იმას, რასაც სხვისგან მოელოდი. ამ დასკვნების გამოტანას სჭირდება საკუთარ ტყავზე გამოცდა და გადატანა ბევრი რამის, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჩიტი ბრდღვნად ღირს და მინდა, ეს გამოცდილება მათ მუდმივად გავუზიარო, რომ უფრო გაუადვილდეთ ცხოვრების გაკვეთილების სწორად მიღება.
❓ წყენებს რითი იქარვებ ხოლმე?
როცა ვინმე გაკრიტიკებს ანდაც შეურაცხყოფას გაყენებს და არ ჩერდება, მაგაზე კარგი რა უნდა იყოს? მე ჩემი თავისთვის არ მრჩება დრო და სხვა თუ ჩემთვის იცლის, ეს მშვენიერია. გავიმეორებ: ეს ისევ და ისევ წარმატების საზომია და მაჩვენებს, რომ სწორად მივდივარ. ყველას, ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვეტყვი, რომ წყენა, გულისტკენა და ამ ტიპის განსაცდელი არის ახალი კარის შეღების, ახალი გამოცდილების და გაძლიერების კიდევ ერთი დიდი შანსი.
❓ ადამიანებში რა გიყვარს განსაკუთრებულად?
ადამიანში მიყვარს ის, რომ ადამიანია და წერტილი. მასწავლებლობაც იმიტომ მიყვარს, რომ ადამიანს, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებას, რომელზე უკეთესიც არაფერი შექმნილა, დაანახებს მოსწავლეს ყველა რაკურსით. ეს რთულია და საპასუხისმგებლო, მაგრამ მუდმივად ახალი და საინტერესო.
❓ ბავშვები რითი განსხვავდებიან უფროსებისგან, რას გრძნობ ხოლმე მათთან ურთიერთობისას?
თავისუფლებით განსხვავდებიან უფროსებისგან და სწორედ ეს თავისუფლება უნდა შეანარჩუნებინო ცხოვრების ბოლომდე და ეს შენ უნდა ასწავლო, რომელმაც გზადაგზა გაანიავე შენი თავისუფლება რადგან უკვე იცი, რომ მისი დაკარგვით არაფერი მომხდარა კარგი. მასწავლებლის მთავარი მისიაც ესაა.
❓ რა მიგაჩნია ადამიანის ნამდვილ გამარჯვებად?
როცა საკუთარ თავს ცვლი, იმისთვის, რომ სხვებიც შეცვალო უკეთესობისკენ, ეს უკვე გამარჯვებაა, თან ძალიან დიდი, რომელსაც მხოლოდ შენ ზეიმობ . მოსწავლეებსაც ეს უნდა დავანახოთ, რომ ყველაზე მეტად ვისაც უნდა შეეჯიბრო და აჯობო, საკუთარი თავია.
❓ რას ეტყოდი პატარა ლადოს?
ვეტყოდი, რომ ბედნიერია რადგან ის შინ არის, მაგრამ მოემზადოს ძალიან დიდი ბრძოლისთვის... რომ წინ საინტერესო, დიდი თავგადასავლები ელოდება და არ უნდა შეუშინდეს არაფერს.
❓ სამყაროსთან ურთიერთობაში თუ გაქვს რაიმე შენებური მეთოდი, რაც აღმოაჩინე ან თავისთავად ჩამოგიყალიბდა?
დიახ, არის ასეთი მეთოდი, ის ძალიან, მარტივია, უბრალოა, ამ მეთოდზე ყველა ამბობს, რომ ეს მანაც იცის, თუმცა რატომღაც სირთულეს ირჩევს, რადგან სხვებს უფრო ძლიერი ეგონოს, უფრო განათლებული.“ „მე შენზე განათლებული ვარ“ , მწერს ძალიან ბევრი კოლეგა. „მე შენზე მეტი ცოდნა მაქვს და ჩემს დონეზე კარგა ხანს ვერ მოხვალ“ - მწერს ასევე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, მე კი ამ დროს შევძელი ამ ადამიანების აღიარება და იმის აღიარებაც, რომ ადამიანური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უმაღლესი განათლება და ეს ყველაზე მთავარია, მის გარეშე არც ცოდნას აქვს ფასი.
❓ რას ნატრობ?
ნატვრა ფუჭი დროს კარგვაა, რატომ უნდა ვინატრო, რაც არასოდეს მოხდება. ახლა ამ წუთას რატომღაც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ვნატრობ, რომ ცოცხლები იყვნენ, ვფიქრობ გვჭირდება ორივე.
❓ რა აღმოაჩინე ამ დროის განმავლობაში?
ბევრი მაყურებელ-მაცქერალი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც ელოდება მომენტს , რომ გითხრას, „ხომ გეუბნებოდი“, „რამდენჯერ გაგაფრთხილე, რომ ასე მოხდებოდა“, რადგან ურემი გადაბრუნდა და გზა გამოჩნდა, მეტი არაფერი დარჩენია, რომ მოვიდეს და გითხრას, რომ გაფრთხილებდა და არ მიიღე მისი რჩევა, შენ კი ამ დროს ფიქრობ, როდის იყო ეს?
❓ დაასრულე ფრაზა: ეს ცხოვრება არის.... ზმნა.
❓ დაასრულე ფრაზა: ერთ მშვენიერ დღეს.....მშვენიერება დასრულდება და უნდა დატოვო სწორად გავლილი გზა.
❓ როგორი წარმოგიდგენია შენი სიბერე? როგორ გინდა რომ დაბერდე?
ხომ ყველას ჩვენი სიბერე გვექნება, საიდანაც უფრო კარგად დავინახავთ ჩვენს ახალგაზრდობას, შეცდომებს, წარუმატებლობას, გამარჯვებებს. სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ უფრო სრულფასოვნად მოვახდენთ ჩვენი თავის შეფასებას, რომელსაც ადრე სხვისგან მოველოდით, ვფიქრობ, ყველაზე გულახდილები ვიქნებით ჩვენს თავთან, რადგან გამოსწორების დროც აღარ გვექნება და მხოლოდ მონანიება შეგვეძლება. სჯობს არ დავბერდეთ და დავრჩეთ ბავშვებად, სულიერად ისევ ის თავისუფლება შევინარჩუნოთ და სიბერესაც ვერ შევამჩნევთ, როდის მოვიდა.
❓ რა გინდა რომ ამ ცხოვრებაში მოასწრო?
ჩვენ მოვასწარით, ცხოვრება. ჩვენ ჩავისახეთ, დავიბადეთ და გავიმარჯვეთ, რადგან ვიხილეთ დედა, მამა, ოჯახი და მთელი სამყარო. რადგან მოვასწარი მესწავლა, აღარავის გავეჯიბრო, საკუთარი თავის გარდა. რადგან მოვასწარი, მებრძოლა იმისთვის, რაც მჯერა და სხვებისთვისაც მესწავლებინა ბრძოლა. ეს ყველაფერი ახლაც გრძელდება...
❓ რას მოაქვს კმაყოფილება? საჭიროა ეს განცდა ადამიანისთვის?
ხშირად კმაყოფილება არაფრის მომტანია, მეტიც, ხელიშემშლელიც შეიძლება იყოს და ბრძოლა შეანელოს. ზომიერების დაცვაა მასთან საჭირო. ვფიქრობ, ის მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ხედავ, შენ მიერ დათესილმა სიკეთემ როგორი ნაყოფი გამოიღო სხვების სახით და როცა ისინიც იმავეს აგრძელებენ, სიხარულით და სიამაყით ივსები.
❓ მითხარი რამდენიმე სიტყვა სწორისა და არასწორის შესახებ, რა არის სწორი, რა არის არასწორი?
ეჰ... ზოგს არასწორი სწორი ჰგონია და პირიქით, გული რასაც გეტყვის, ის არის სწორი, რადგან გულიდან მოდის, გული კი ყოველთვის მართალია. ეს მთლიანად მორალისა და ზნეობის საკითხია, რომელიც ყველას სხვადასხვა დოზით გვაქვს.
❓ რა არის, რაც არასოდეს იცვლება?
ღმერთი არ იცვლება, სიკეთე, სიყვარული, სამშობლო... მარადიულ ღირებულებებს რასაც ვეძახით.
❓ რა გივსებს გულს სიმშვიდით?
აურზაური, ხმაური, მოქმედება მამშვიდებს, სიმშვიდე ცოცხლებისთვის არ არის მგონია.
❓ რა გიჭირს ცხოვრებაში, რა არის შენთვის რთული და ძნელი?
რთული ცხოვრებაა და ძნელი მისი გააზრება.
❓ რა არის შენთვის ნამდვილი საოცრება?
საოცრებაა, როცა ადამიანს, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, შეუძლია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რისიც სწამს და სჯერა. „მაინც ბრუნავს“ - ამას რომ იტყვი, ეს დამოკიდებულებაა საოცრება.
❓ დაასრულე ფრაზა: რომ შემეძლოს... დეოკუპაციის პროცესს დავასრულებდი საბოლოოდ.
❓ მითხარი რაიმე ფრაზა რაც ამ ბოლო დროს, რატომღაც, თავში გიტრიალებს.
☀️ ყველა ღირსეულს, ძეგლის დადგმა, რომ ღირსებოდა, მაშინ ქვეყანა სასაფლაოდ გადიქცეოდა.
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
< ლადო აფხაზავა >
Comments