„სიკეთისა და ბოროტების იდეებს მიღმა მდელოა, მე შენ იქ შეგხვდები“
✍️ ინტერვიუ / Magda Bobokhidze
❓ რაში გაგვიმართლა?
აი, მზეში რომ ფულს გვახდევინებდნენ, ფოთლებში, მთებში - ალბათ ყველაზე მეტ ხელფასს მაგაში დავხარჯავდი. საუკეთესო რამეებს სამყარო თავისთავად გვაძლევს
❓ რა სჭირდება ადამიანს ჰარმონიისთვის?
ჰარმონიულობა ბუნებრივი მდგომარეობაა. მას სჭირდება დროთა განმავლობაში შეძენილი ილუზიების და ცრუ წარმოდგენების მოშორება და მორჩა - ჰარმონიულია.
❓ რა გაძლევს ძალას როცა ცუდად ხარ?
ან სხვა სამყაროში უნდა გადავეშვა ან ცუდად ყოფნას გვერდიდან შევხედო, რომ ხო - მაგდა არის ცუდად, მერე რა. თუ საკუთარი თავი უარს გიცხადებს შეგიცოდოს, ცუდად ყოფნასაც აღარ აქვს აზრი.
❓ მცენარე..
ზამთარში ყველაზე მეტად ფოთლები მენატრება და იყო დრო მაგის გამო ზამთარში სიკვდილი არ მინდოდა. გვიმრებიც ძალიან მიყვარს, ჩემს სოფელს და მიწის სუნს მახსენებს.
❓ რისი გწამს?
ზოგჯერ სამყარო იმდენად მკვეთრ მინიშნებას გაძლევს, თითქოს ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ გადის 3-4 წუთი და რწმენას ეჭვები ფარავს. საკუთარი თავის არსებობის ალბათ სულ მწამს.
❓ საყვარელი ფრაზა
✨ „სიკეთისა და ბოროტების იდეებს მიღმა მდელოა, მე შენ იქ შეგხვდები“
სრული ინტერვიუ:
მითხარი პირველ რიგში როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ
კარგად ვარ. თავს ვგრძნობ გარდამავალ ეტაპზე.
დაახლოებით ასე ვხედავ: A-------B------C-----D……. ასოები „სტაბილურ“ „ჩამოყალიბებულ“ მდგომარეობებს აღნიშნავს, როცა ემოციურად და აზრობრივად ვარ დალაგებული, ხაზები გარდამავალ, შემცვლელ ეტაპებს. ახლა თავს კარგად და თან ცვლილებების ხაზზე ვგრძნობ.
ყველაფრის მიუხედავად, რა გივსებს ხოლმე გულს სიხარულით?
მზის ამოსვლას შემთხვევით, მოულოდნელად თუ წავაწყდები ხოლმე ფანჯრიდან, ძირითადად ეიფორიულ სიხარულს ვგრძნობ.
რა მოგწონს საკუთარ თავში?
საკუთარ თავში მომწონს შესაძლებლობა, რომ ჩემს ქცევას დავაკვირდე. მგონია, რომ რეალურად მხოლოდ საკუთარ თავზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სხვა ადამიანის ქცევაზე დაკვირვებისას, მისი ქცევის ინტერპრეტირება გიწევს, ვარაუდს გამოთქვამ რომ „აი ეს იმიტომ გააკეთა, რომ...“ საკუთარი თავი ერთადერთია, რომელიც შეგიძლია გამოიჭირო ქცევის/გაფიქრების/ემოციის მომენტშივე და მაქსიმალური სიმართლე გამოართვა, რატომ და რისთვის აკეთებს რაიმეს.
გჯერა რეინკარნაციის? რას ფიქრობ ამაზე
დაჯერებით არ მჯერა, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ხანდახან როცა სხვანაირ ემოციურ ტალღაზე ვარ, უფრო მეტად ვგრძნობ ხოლმე რომ არსებობს, ხანდახან საერთოდ არანაირი მგრძნობელობა არ მაქვს რეინკარნაციის. ხან როგორ, ხან როგორ. ვფიქრობ, რომ ადამიანი ერთი ცხოვრების განმავლობაშიც განიცდის ძირეულ გარდატეხებს, რომლის შემდეგ სხვა თვალით იწყებს ყურებას, სხვანაირად აღიქვამს სამყაროს. სამყაროს სხვანაირად აღქმა უკვე სხვა ცხოვრებაა. იქნებ რეინკარნაციაც რაიმე მსგავსი იყოს, იბადებოდე მანამ სანამ სამყაროს სრულად ყველა შესაძლო თვალით არ დაინახავ.
რა არის შენი შინაგანი ბალანსი?
რაღაცებს და ვიღაცებს „ხანდაზმულობის“ გამოცდა აქვთ გავლილი. მაგალითად, ზოგიერთი მოგონება, მუსიკოსი, წიგნი, ადამიანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ახლობელია, მაგრამ შემდეგ იკარგება. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე ზედაპირულ შრეზე არ ჩანდეს, მაგრამ გრძნობდე რომ სადღაც სიღრმეში არსებობენ და შენი არსის ნაწილად არიან უკვე გამხდარი. აი ასეთი რამეებია ჩემთვის შინაგანი ბალანსი. სადმე რომც დავიკარგო, მანდ მიბრუნება შემიძლია
რა სჭირდება ადამიანს ჰარმონიისთვის?
არაფერი. მგონია რომ ადამიანი თავისთავადად არის ჰარმონიული, დამატებით არაფერი სჭირდება. ჰარმონიულობა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, უბრალოდ ილუზიები, ცრუ წარმოდგენები, ცრურწმენები, რომელსაც დროის განმავლობაში იძენს უშლის მას ხელს ამ ჰარმონიის აღქმაში. ადამიანს სჭირდება ამ ილუზიების მოშორება და მორჩა - ჰარმონიულია.
რას შეუძლია შენი გაღიმება?
უჰ ძალიან ბევრ რამეს, რას არ შეუძლია ეგ უფრო ცოტა იქნება, ვიდრე ის რას შეუძლია.
რას შეადარებდი ადამიანებს?
სხვა ცხოველებს. მიყვარს ადამიანის განსხვავებები სხვა ცხოველებისგან, მაგრამ პირყველყოფილური, ველური მსგავსებებიც ძალიან სასიამოვნო აღსაქმელია.
ქალი მშვენიერი, ადამიანი მშვენიერი, როგორია შენთვის?
მშვენიერი ადამიანია, ადამიანი, რომელიც თავისუფალია ცხოვრებაში აკიდებული ცრურწმენებისგან, მოვალეობებისგან და ვალდებულებებისგან და უბრალოდ ცხოვრობს. თუმცა, მე თვითონ ვერ ვარ იმდენად თავისუფალი, რომ მუდმივად შევძლო ასეთი ადამიანების სიმშვენიერის დანახვა, თუმცა პერიოდული გამონათებები მაქვს, როცა ვხვდები, რომ ზუსტად ასეთები არიან მართლა მშვენიერები.
რა გაბედნიერებს ამ ცხოვრებაში?
გააჩნია როდის. მგონია, რომ ადამიანი ზოგჯერ მზად ხარ ბედნიერებისთვის და ზოგჯერ რაიმე გიშლის ხელს. თუ მზად ხარ, მაშინ პატარა მიზეზიც კი კმარა, თუ არ ხარ შეიძლება რაღაც სასწაულმაც ვერ გაგაბედნიეროს.
ბევრი თავისთავადად არსებული რაღაც მაბედნიერებს. აი, მზეში რომ ფულს გვახდევინებდნენ, ფოთლებში, მთებში - ალბათ ყველაზე მეტ ხელფასს მაგაში დავხარჯავდი. „თბილისის გარშემო მთების არსებობის გადასახადი“ რომ არ არსებობს და თავისთავადია ბედნიერებაა ))
როგორ ფიქრობ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
აი არ ვიცი, ხანდახან მგონია რომ არაფერიც არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა არ იფიქრო, რომ ამ დროს ნიჰილიზმის შემოტევები მაქვს, უფრო პირიქით. „მნიშვნელოვანი“ თავისთავადად შეფასებაა და შეფასებები ბევრი პრობლემის საწყისი მგონია, ყველასი თუ არა.
ისე ზოგადად ფიქრები და შეგრძნებები ხშირად არ მემთხვევა ერთმანეთზე. ფიქრით ვფიქრობ, თურქეთმა რომ სირიას ომი გამოუცხადა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ფაქტი, რომ ხვალ დილით ადრე გაღვიძება მეზარება - მაგრამ შეგრძნებით ჩემი გაღვიძების პრობლემა უფრო მემნიშვნელოვანება.
რა გაძლევს ხოლმე ძალას როცა ცუდად ხარ?
ორი მეთოდი მაქვს, ან სხვა სამყაროში უნდა გადავეშვა და ჰარი პოტერის კითხვა ამ დროს იდეალური გამოსავალია ან მოვახერხო და ცუდად ყოფნას გვერდიდან შევხედო, რომ ხო - მაგდა არის ცუდად, მაგრამ მერე რა. დაახლოებით ისევე მუშაობს, ბავშვების ტირილს რომ ყურადღებას არ აქცევენ და ბავშვი ცოტა ხანში ტირილს წყვეტს. თუ საკუთარი თავი უარს გიცხადებს შეგიცოდოს, ცუდად ყოფნასაც აღარ აქვს აზრი. მაგრამ ამისთვის ენერგია მჭირდება ხოლმე და ზოგჯერ ვერ ვპოულობ საკმარისს.
რომელი მცენარე გიყვარს და რატომ?
ყველა მცენარე მიყვარს, განსაკუთრებით ხეები და ხეებზე ფოთლები. ზამთარში ყველაზე მეტად ფოთლები მენატრება ხოლმე და იყო დრო მაგის გამო ზამთარში სიკვდილი არ მინდოდა. გვიმრებიც ძალიან მიყვარს, ჩემს სოფელს და მიწის სუნს მახსენებს.
რა არის სიყვარული? როგორია შენი აღქმა გაგება?
სიყვარული უნარია, როცა ადამიანთან ურთიერთობა გინდა და ამ ურთიერთობაში მას ვალდებულებებს არ უწესებ. ადამიანს ნასწავლი აქვს ილუზიები და წარმოდგენები იმის შესახებ რა როგორ უნდა იყოს და ხშირად ვცდილობთ ერთმანეთი ამ წარმოდგენებს მოვარგოთ. მეგობრები, შეყვარებულები, დედა-შვილი, და-ძმა, ყველა ვუშვებთ ამ შეცდომას და ნელ-ნელა ვაფუჭებთ სიყვარულსაც და ერთმანეთსაც. ჯერ-ჯერობით დამახინჯებების გარეშე ვერცერთი ადამიანის შეყვარება ვერ შევძელი, თუმცა იმედია შევძლებ.
რისი გწამს გულის სიღრმეში?
მუდმივად ვერაფრის მწამს. ზოგჯერ ხდება რაღაც, სამყარო იმდენად მკვეთრ მინიშნებას გაძლევს, თითქოს ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ გადის 3-4 წუთი და რწმენას უკვე ეჭვები ფარავს. მუდმივად ჩამნაცვლებელი ტიპები არიან - რწმენა და ეჭვი.
თუმცა, ალბათ საკუთარი თავის არსებობის სულ მწამს. მაგრამ „ალბათ“ რომ მივაწერე ამ წინადადებას, ესეც უკვე ეჭვიანობაა.
რა გენატრება შენი ბავშვობიდან ან წარსული ცხოვრებიდან?
ჩემი თავის, ჩემი ძმის, დედის, მამის, მეგობრების პატარა და უფრო ახალგაზრდა ვერსიები მენატრება )) მგონი უბრალოდ დროის გასვლის წინააღმდეგ პროტესტია და არა რეალური მონატრება.
როგორ წარმოგიდგენია იდეალური სამყარო?
ყველა სამყარო იდეალურია, მე მომწონს თუ არა სხვა საკითხია. ვიფიქრე დავწერ, რომ იდეალურ სამყაროში ჯეფ ბაქლი და ფრედი მერკური ცოცხლები, პლანტი კიდევ ახალგაზრდაათქო, მაგრამ ბევრი გვერდითი ეფექტი წამოიღო მაგ ფიქრმა და გავეშვი. არ ვიცი, არ წარმომიდგენია იდეალური სამყარო.
რას იზამდი ღმერთი რომ იყო?
ღმერთი რომ ვიყო, ალბათ იგივეს გავაკეთებდი რასაც ახლა აკეთებს თუკი არსებობს. ნებისმიერ მომენტში იმ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმ დროს არსებულ „მე“-ს რომ საუკეთესო ალტერნატივად მიაჩნია და სავარაუდოდ ღმერთიც მასე იქცევა.
მაგრამ მე დამატებით ალბათ ბოროტად გამოვიყენებდი „ღმერთობას“ და ოფიციალურად გამოვაქვეყნებდი ჩემი სახელით მოლაპარაკე, ხალხის მანიპულატორი ადამიანების სიას, რათა ვეღარ მოეხერხებინათ ამ ყოვლად უღმერთო საქციელის ჩადენა ))
მითხარი შენი საყვარელი ფრაზა
„სიკეთისა და ბოროტების იდეებს მიღმა მდელოა, მე შენ იქ შეგხვდები“ - არ ვიცი ჩანაფიქრი როგორი იყო, მაგრამ მე ასე მესმის: ადამიანმა დაიწყო „კეთილისა და ბოროტის“ გარჩევა, შეაფასა რომ რაღაც მოსწონს, რაღაც არ მოსწონს და ამ შეფასების შედეგად აღმოჩნდა ილუზიების, სუბიექტური აღქმების ტყვეობაში და ამ ტყვეობიდან უკვე ვეღარ შეძლო სამოთხის აღქმა. ისევ სამოთხეშია, მაგრამ ვეღარ აღიქვამს. არადა სამოთხე, სწორედ ის მდელოა, რომელიც სიკეთისა და ბოროტების იდეებს, შეფასებების მიღმა არსებობს და იქ ის ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, რომლებმაც მოახერხეს და გააღწიეს ამ ილუზიიდან.
Comments