top of page

Interview: Mamuka Guruli



✍️ ინტერვიუ / Mamuka Guruli


❓ ყველა ადამიანს აქვს თავისი დანიშნულება? როგორ უყურებთ ამ საკითხს, როცა ამბობენ „ეს ჩემი ვალია“ „ეს ჩემი მისიაა“


ყველა ადამიანს აქვს თავისი ბუნებრივი ფუნქცია: მაგალითად, იყოს მწერალი ან მეომარი, მაგრამ რას დაწერს, ან რისთვის იბრძოლებს, ეს უკვე მისი ასარჩევია და ხშირად ადამიანს გარედან თავსმოხვეული ფასეულობები თავისი არჩევანი ჰგონია. ვალია - როცა არ გინდა, მაგრამ რაღაცეები უნდა აკეთო სხვებისთვის; მისიაა - როცა ბედნიერი ხარ იმით, რასაც სხვებისთვის აკეთებ.


❓ თქვენი აზრით, რისთვის იბადება ადამიანი?


იმისთვის, რომ გაფართოვდეს... და ეს გაფართოება ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს: ერთისთვის გაფართოება ძალაუფლებაა, მეორესთვის აბსოლუტური კონტროლი, მესამესთვის აბსოლუტური მინდობა, მეოთხესთვის სიყვარული, როგორც მდგომარეობა, მეხუთესთვის აბსოლუტთან ყველა დონეზე შერწყმა და ა.შ. სექსიც გაფართოების საწყისი დონეა - პარტნიორთან შერწყმა ფიზიკურ და ენერგეტიკულ დონეზე. მაგრამ არსებობს სექსის გაცილებით მაღალი დონეები: ემოციურ, მენტალურ დონეზე და ა.შ. ამ თვალსაზრისით ყველაფერი სექსია, ყველაფერი გაერთიანების მცდელობაა. ამას აღმოსავლეთში იოგას უწოდებენ.


❓ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა თავისი გზა, როგორ უნდა მიხვდეს საით წავიდეს?


აქაც ეტაპებია. ჯერ ადამიანმა თავისი ბუნებრივი სურვილები უნდა გააცნობიეროს და მათი ასრულების გზით უნდა წავიდეს. როცა სურვილთა იერარქიაში საწყისი სურვილებს დაიკმაყოფილებს, შემდეგ უკვე შეუძლია იპოვოს თავისი ცხოვრებისეული მისია. ყველაზე მარტივი მეთოდია - გულწრფელი კითხვები საკუთარ თავთან, და გულწრფელი პასუხები. გულის სიღრმეში ყოველთვის იცი, როდის იტყუებ თავს, და რაც უფრო ნაკლებად იტყუებ, მით უფრო სწორად ხედავ შენ გზას.


❓ თუ გრძნობს ადამიანი რომ რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერი გამოუვა მაგრამ არ იცის რას მოკიდოს, როგორ უნდა მოიქცეს?


ამაზე ცნობილი გამოთქმა გამახსენდა: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო“. თუ გრძნობს, რომ ყველაფერი გამოუვა, რაღაცით დაიწყოს, ნებისმიერი რამით, რაც იმ მომენტში უნდა, მთავარია დაიწყოს და გააკეთოს. ერთ ცხოვრებაში ყველაფერს ვერ მოასწრებ, რაღაცეები უნდა აირჩიო, თორემ დარჩები „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“


❓ ღმერთი რომ იყოთ რას იზამდით?


რამეს ვითამაშებდი.


❓ რა არის თქვენი აზრით ბედნიერება? როგორი გრძნობაა..


წკაპ, და რაღაც გააცნობიერე. ამ დროს ცოტათი უფრო გაფართოვდი. თვითონ „წკაპ“-ის მომენტია ბედნიერება. ძალიან წამიერია და ვერ ვიხელთებ.


❓ მე რომ მოწყენილი ვიყო, რას მეტყოდით?


დააკვირდი...


❓ რა ასაკის გინდათ რომ იყოთ და რას გააკეთებდით?


დაახლოებით 18 წლის. ვისწავლიდი იოგას, ფსიქოლოგიას და დრამატურგიას.


❓ რას „მიხვდით“ ცხოვრებაში? გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება


დაწერილი პროგრამები ვართ, ჩვენი ფუნქციით და პროგრამული უზრუნველყოფით. თუ ვასრულებთ ჩვენ ფუნქციას - ბედნიერები ვართ, თუ არადა ვიტანჯებით. თავისუფლების მცირე წილი გვაქვს და ხშირად იმასაც არ ვიყენებთ.


🔴 მითხარით თქვენი საყვარელი ფრაზა


✨ რა უნდა გაუგოთ ოკეანეს, როცა ერთმანეთისა ვერ გაგიგიათ? („სოლარისი“)


..................................................................

❓ რაღა დარჩა ცხოვრებაში საინტერესო?


რაც უფრო ცოტა დრო მრჩება ცხოვრებაში, მით უფრო ბევრი რჩება საინტერესო ))


❓ რა გიბიძგებს რომ ყოველ დილას სტიმულით იწყებ, რა გაძლევს ენერგიას და სტიმულს?


ჩემი საქმე, რომელიც მიყვარს... ჩემი ოჯახი... ახლა უკვე შვილიც...


❓ როგორ ექცევი ხოლმე სევდას?


ვაკვირდები, არ ვეწინააღმდეგები, და მალე თვითონვე მიდის... ზოგჯერ ვტკბები კიდეც სევდით, მაგრამ ცოტა ხნით, სანამ სუფთა ემოციაა და საკუთარი თავის სიბრალულში გადავა...


❓ რასთან გამკლავებაა ყველაზე რთული?


ადამიანების უმეცრებასთან, მექანიკურობასთან. საკუთარ მექანიკურობასთანაც, მაგრამ ჩემი საკუთარი მექანიკურობა იმდენად შემაწუხებელი არაა (ვფიქრობ არც სხვებისთვის), როგორც საშუალო-სტატისტიკური ადამიანების... შემდეგ ვხვდები, რომ უნდა გავუმკლავდე ჩემს სურვილს - შევცვალო სხვები, არადა საკუთარი თავით უნდა დავიწყო, ჰოდა მოკლედ დიდი დილემაა :D


❓ რას ვერ ეგუები?


უძრაობას, უმოქმედობას, პირველ რიგში საკუთარ თავში... სხვებში უკვე ვეგუები.


❓ თუ აცნობიერებ რომ ყველაფერი რასაც აკეთებ მოგბეზრდა, რა უნდა იღონო ამ დროს?


ამისთვის არსებობს ძალიან კარგი „მედიტაცია“: ჯდები მშვიდად, 2-3 დღით, განმარტოებული, უღრმავდები საკუთარ არსს, საკუთარ ცენტრს, არ აკეთებ არაფერს, და ელოდები - რისი კეთება მოგინდება. რაღაც უმარტივესი ყოველთვის გინდა, თუნდაც სუნთქვა, ჭამა, ძილი... შემდეგ უფრო მაღალი დონის სურვილები მოდის. თუ ენერგია გაქვს, სურვილის ძალა ყოველთვის გამოძრავებს, ერთ ადგილზე არ გაგაჩერებს. პირველ რიგში აცნობიერებ, რასაც აკეთებდი ნამდვილად კიდევ გინდა იმის კეთება თუ არა? ეს უენერგიობისგან გამოწვეული

მობეზრებაა თუ უბრალოდ ერთ რამეზე კონცენტრირება არ შეგიძლია? თუ გულწრფელი ხარ საკუთარ თავთან ყოველთვის მიხვდები, რა უნდა იღონო...


❓ რა არის სწორი გზა?


ამაზე ჩემთვის საუკეთესო პასუხი დონ ხუანმა გასცა კასტანედას, და უკეთესად ვერ ვიტყვი: „ყველა გზა არაფრისკენ მიდის. არცერთ გზას არ აქვს საბოლოოდ აზრი. მაგრამ ბედნიერი მაშინ ხარ, თუ გულის გზას იპოვი“. „სწორი“ გზა - შენი „გულის გზაა“.


❓ რა გინდა იცოდე ამ სამყაროს შესახებ?


ყველაფერი.


❓ რა გინდა იყოს ხელშესახები?


ნაკადები, ტალღები, რომლებშიც ვცხოვრობთ, მაგრამ რომლებსაც თითქმის ვერ ვაცნობიერებთ (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). ძნელია ამ ნაკადებს აღწერა მოუძებნო, შეეხო, ეს შეიძლება მხოლოდ გამოსცადო. ეს მინდა იყოს ხელშესახები, ცოტა ხნით მაინც, რადგან ამით რეალობას ცვლი...


❓ რომელი სევდაა რისი გაკონტროლებაც გიჭირს ხოლმე?


ჯერ-ჯერობით არ შემხვედრია ეგეთი. ყველა სევდას მალე ვიქარვებ.


❓ რისი მართვაა შესაძლებელი და რისი არ?


მხოლოდ ყურადღების მართვაა შესაძლებელი, და იმ ნაკადებს შორის არჩევა, რაც ზემოთ ვახსენე. სხვა ყველა პროცესი მეტ-ნაკლებად ავტომატურია და თავისი მექანიზმი აქვს, რომელშიც გგონია, რომ მმართველი ხარ, მაგრამ სინამდვილეში თავისით მუშაობს.


❓ როგორი ადამიანია ძლიერი ადამიანი?


გააჩნია რა კრიტერიუმით, რასთან მიმართებაში, მაგრამ მთლიანობაში ცნობიერ ადამიანს ვთვლი ძლიერ ადამიანად. იყო ცნობიერი - ძნელია, იყო მექანიკური - ადვილია. ესაა ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი.


❓ რა განაპირობებს ბრძოლისუნარიანობას?


ფსიქოლოგიურ ჭრილში თუ მივუდგებით, ბევრი რამ: გენეტიკა, ტემპერამენტი, ფსიქოტიპი, ბავშვობის დროინდელი და შემდგომი იმპრინტები, მოტივაცია, ცნობიერების ძალა...


❓ რას ფიქრობ ქალისა და კაცის განსხვავებაზე, სხვადასხვანაირად განიცდიან ისინი ყველაფერს?


ითვლება, რომ ქალები უფრო მეტად გრძნობენ და განიცდიან ყველაფერს. მაგრამ ზოგიერთი კაცი ბევრ ქალზე მეტად განიცდის. აქ მოკლე პასუხი არ გამომივა. განცდის მხრივ მე ფსიქოტიპებად უფრო ვყოფ, ვიდრე სქესებად. თუმცა მთლიანობაში ქალი რა თქმა უნდა უფრო მგრძნობიარე არსებაა, იმიტომ რომ ის ბუნებრივად უფრო მეტად იღებს იმპულსს, ხოლო მამაკაცი უფრო მეტად გასცემს (ინი და იანი).


❓ როგორ ფიქრობ ქალს და მამაკაცს უფრო ესმით და ავსებენ ერთმანეთს თუ გააჩნია წყვილს?


ესმითო ნამდვილად ვერ ვიტყვი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საერთოდ არ ესმით ერთმანეთის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბუნებრივად კარგად ავსებენ ერთმანეთს.


❓ რა სჭირდება წყვილს ჰარმონიისთვის?


ურთიერთ-თავსებადობა მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ (სექსუალურ) დონეზე. ამ სამიდან ორიც საკმარისია ხშირად.


❓ რა არის დიდსულოვნება?


როცა გასცემ და შედეგს, აღიარებას ან უკან სანაცვლოდ მიღებას არ ელოდები. იმიტომ გასცემ, რომ ვეღარ იტევ...


❓ ფიქრობ, რომ ადამიანი მექანიზმის ნაწილია? რამე არსებობს ამ ყველაფერში იმედის მომცემი?


კი, მექანიზმის ნაწილია, გარკვეული თავისუფალი ნების წილით. ტერმინატორი თუ გაქვს ნანახი - მანქანები ადამიანებს რომ აუჯანყდნენ. ჰოდა ჩვენც „ავუჯანყდებით“ შემოქმედს. შემდეგ კი მივხვდებით, რომ ჩვენ თვითონ ვართ შემოქმედები, მაგრამ რაღაც მექანიზმის ნაწილი ყოველთვის ვიქნებით. კარგია - არჩევანი მაინც თუ გვექნება, რა როლები და ფუნქციები ავირჩიოთ.


❓ ჩვენს გარჯას და მუდმივ დახვეწას, აქვს რაიმენაირი აზრი?


სხვას რას აქვს აზრი მაგის გარდა? მხოლოდ ევოლუციას აქვს აზრი...


❓ საბოლოოდ რისთვისაა ადამიანი განწირული?


ადამიანი, როგორც აპარატი (კომპიუტერი) - სიკვდილისთვის. ცნობიერება, როგორც ინფორმაცია - მარადიული ევოლუციისთვის.


❓ რას ფიქრობ ადამიანურ მოთხოვნილებებზე, ღირს ამასთან რაიმე ბრძოლა ან დახვეწა?


ბრძოლა რა საჭიროა. ჯერ საჭიროა ბუნებრივი და გარედან დაშენებული მოთხოვნილებების განრჩევა, შემდეგ ბუნებრივი მოთხოვნილებების ავსება, შემდეგ კი მათზე მაღლა დადგომა და ახალი დონის მოთხოვნილებების ავსება, და ასე დაუსრულებლად.


❓ რა ვუყოთ იმას რაც თავად არ აგვირჩევია?


გავაცნობიეროთ - რომელი დონიდან ავირჩიეთ (ცნობიერად ან არაცნობიერად).


❓ რა განცდები მოაქვს ასრულებულ სურვილებს?


იგივე, რაც ბავშვისთვის მოაქვს ძუძუს. კმაყოფილდება, დუნდება, შემდეგ კი ისევ შივდება და ტირის.


❓ რა არის ამქვეყნად ყველაზე ნორმალური?


ჩემი სიმაღლე.


❓ შენი ცხოვრების ყველაზე უჩვეულო შემთხვევა..


როცა უცებ მივხვდი, რომ გონება არ ვარ, და მთელი უწინდელი ცხოვრება გონებაში მიცხოვრია.


❓ მითხარი რამე...


🔴 არ არის კითხვა... არ არის პასუხი...


366 views0 comments

Comments


bottom of page