✍️ ინტერვიუ / მარიამ ცქიფურიშვილი
❓ როგორ გამეცნობოდი? ვინ ხარ შენ?
უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს სტატუსები, “ეს ვარ, ან ის ვარ”. სტატუსი ადრე თუ გვიან ადამიანს დაამონებს. ექიმი, ლიდერი მეწარმე, ხელოვანი, იმის შვილი, ამის შვილიშვილი, ქართველი, ამერიკელი, კაცი, ქალი, ეს ყველაფერი ადამიანს ჩარჩოში ამყოფებს და შემდეგ მთელი ცხოვრება ამის გამართლებაში უნდა იყოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველ ყოვლისა, ვარ ადამიანი და თუ ადამიანსაც გავცდები, ყველაფრის მიღმა რჩება უბრალოდ: მე ვარ.
❓ როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ? ვაჟა ფაშაველას აქვს ასეთი ლექსი “მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ როცა ვარ შეწუხებული” ხოდა მეც ასე ვარ, სევდანარევ სიხარულში. ❓ რა მიმდინარეობს ეხლა შენში, რა პროცესები? აწმყოში სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნაში ვარ. მივხვდი რომ მხოლოდ მაშინ ცოცხლობ და ცხოვრობ რეალურად სავსედ, როდესაც უბრალოდ ცხოვრობ ყოველი დღით. სადად, ყველანაირი გეგმების და მომავალზე ფიქრების გარეშე. სწორედ ამ აწმყოში ხდება სასწაულებიც.
❓ როგორია შენი ცხოვრება? როგორ დაახასიათებდი ზედმეტად მაღალფარდოვანი პასუხი თუ არ იქნება, ჩემი ცხოვრება ჰგავს ზღვას, თავისი ტალღებით, ცუნამებით, სიმშვიდით, შტორმით, უამრავი ცვალებადობებით, მაგრამ სიღმეში, ის უძრავი და უკიდეგანო მშვიდი იდუმალებაა. ❓ რაზე ფიქრობ ყველაზე ხშირად? რა არის სიყვარული. მართლა რა არის.
❓ რა გიყვარს სიცოცხლეში და როგორ ფიქრობ, რა გვავიწყდება ხოლმე ადამიანებს ან რა გამოგვრჩება ხოლმე ხშირად? სიცოცხლეში თავად სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ იმისთვის რომ ეს სიცოცხლე განიცადო, მართლა შეიგრძნო, უნდა “მოკვდე” სანამ მოკვდები, და უნდა “მოკვდე”, სანამ ცოცხალი ხარ. ადამიანებს ეს გვავიწყდება, ჩვენ პირდაპირ სიცოცხლე გვსურს, მისგან სიამოვნების მიღება, სიხარული, ნეტარება, არადა გვავიწყდება რომ სიხარული შეუძლებელია სევდის გარეშე, ნეტარება, ტკივილის გარეშე, სიცოცხლე სიკვდილის გარეშე. ეს ერთი მთლიანობაა, ჩვენ მხოლოდ სასიამოვნო მხარე გვინდა, ეგ ცალმხრივობაა, სამყარო და სიცოცხლე კი არ არის ცალმხრივი. აი როდესაც ტკბობის ვნება, ნეტარების ვნება, სევდის ვნება, ტანჯვის ვნება და სიცოცხლის ვნება ჩაქრება, მაშინ იწყებ ნამდვილ სიცოცხლეს.
❓ არის რამე რაზეც ძალიან გწყდება გული? რა აზრი აქვს სინანულს? როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს? ჩემს ადამიანურ მხარეს, ბევრ რამეზე სწყდება გული. მაგალითად იმაზე რომ მალე გადის გაზაფხული, რომ ჭკნებიან ყვავილები, რომ ყველაფერი რაც ლამაზი და მშვენიერია ფორმაში, წარმავალია. მწყდება გული იმაზეც რომ ბევრი ადამიანი აღარ არის ჩემთან ერთად, ისე რომ ერთმანეთის გაცნობა და სიყვარული ვერ მოვასწარით. ისიც კი ვერ მოვასწარით გაგვეგო რა არის, მართლა გვიყვარდეს. ვერ შევძელით ერთმანეთის მართლა შეცნობა, დაინტერესება ერთმანეთით. ჩემს ღვთაებრივ არსს კი არაფერზე გული არ სწყდება. გულის წყვეტები სწორედ ის “სიკვდილებია” რაც გვზრდის და ჩვენს არსთან სულ უფრო და უფრო გვაახლოვებს. ეს ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. თუ ეს საბოლოოდ გახლიჩე, ზრდა შეწყდება და შესაბამისად სიცოცხლეც. როდესაც არაფერზე დამწყდება გული, ესეიგი ადამიანიც აღარ ვარ და ჩემი ადგილი დედამიწაზეც აღარ იქნება.
❓ დაასრულე ფრაზა: ეს ცხოვრება არის...
აზროვნება. აზრის ვნების და ნების ერთობა.
❓ დაასრულე ფრაზა: ერთ მშვენიერ დღეს...
სიბრძნეც კი განქარდება და დარჩება მხოლოდ სიყვარული.
❓ რას შეადარებდი საკუთარ თავს?
სამყაროს, რადგან ის რაც გარეთ არის, ყველანაირი მრავალფეროვნება, ჭუჭყით თუ სისუფთავით ჩემშიც მოიძებნება.
❓ როდის ხარ ხოლმე ყველაზე ბედნიერი?
მაშინ, როდესაც რაღაც გავიგე და ის რაც გავიგე, სხვასაც ესმის. და ორივეს გვიხარია.
❓ რისი გეშინია სინამდვილეში? სიმაღლის. ❓ რამესთან გიჭირს ხოლმე გამკლავება? სევდასთან. ❓ რაშია შენი ძალა? არ მეშინია ცხოვრების ნებისმიერ დესტრუქციულობაში შესვლის, რადგან ვიცი რომ აღდგომა, სიკვდილის გარეშე არ არსებობს. თუმცა ბევრს ვტირი, სულ ღნავილით დავაბიჯებ ცხოვრების “შავბნელ” ადგილებში. ❓ არსებობს სისუსტეები როგორ ფიქრობ? ყველა “სისუსტე” სინამდვილეში ჩვენი ძალაა. ნებისმიერი კომპლექსი, ადრე თუ გვიან ჩვენს უნარად მეტამორფოზირდება.
❓ როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე ბევრი და ყველაზე ცოტა ამქვეყნად? ყველაზე ცოტა საკუთარ თავთან სიმართლე, ყველაზე ბევრი საკუთარი თვის მოტყუება, რადგან არ ვიცით რა არის სიმართლე. ❓ რას ეტყოდი 20 წლის მარიამს? აზრზე მოდი გოგო. ❓ რას ეტყოდი კიდევ უფრო პატარა მარიამს? ნუ გეშინია. ❓ სიხარული ძნელია? “უსიხარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე” ძნელი არ არის, თუ გაიგებ რომ სიხარული მწუხარების გარეშე ბათილდება. ❓ ზოგადად როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე რთული ამ ცხოვრებაში და რა არის ყველაზე მარტივი? ყველაზე მარტივია სხვებისთვის იმის სწავლება, როგორ უნდა იცხოვრონ და როგორ უნდა იყვნენ სრულყოფილი “ღმერთები”, ყველაზე რთულია აჩვენო სხვას, შენი არასრულყოფილება, არადა მხოლოდ ამით შეგიძლია გააბათილო არასრულყოფილება. ❓ როცა ცუდად ხარ, რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს, ან როგორ ექცევი?
ვეუბნები რომ ესეც გავა.
❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა
✨ “ყალბი ბრჭყვიალით ვერ მოხიბლავ დიდი ხნით ვერვის, რაც ნამდვილია მხოლოდ იგი შერჩება მერმისს”.
-------------------------------
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
ინტერვიუ: მარიამ ცქიფურიშვილი
Comments