top of page

Interview: Moksha Peikari

✍️ ინტერვიუ: მოქშა ფეიქარი


❓ როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთ?


რაც აქამდე იყო იმასთან შედარებით ცხოვრება ახლა ყველაზე საინტერესოა


❓ ზოგადად თუ ხართ განწყობის ადამიანი? რა მნიშვნელობას ანიჭებთ განწყობას?


ადრე მეგონა რომ განწყობა უმართავი რამ იყო, ან სრულიად გარემო ფაქტორებზე დამოკიდებული. ეს აზრი ნელ-ნელა შემეცვალა და ვხვდები, რომ ძალიან ბევრი რამ არის ჩემს ხელში. მათ შორის განწყობის მართვაც. კი, გარემოებებს ვერ ვმართავთ და იმაზე დრო და ენერგიაც არ უნდა დავხარჯოთ რაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის.


❓ ყველაფერი, რაც იცის ადამიანმა, ან რასაც სწავლობს, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზანი საბოლოოდ? რისთვის ვაგვარებთ პრობლემებს?


სწავლის მიზანი არ არის პრობლემების მოგვარება, არამედ უბრალოდ იმის დანახვა, თუ რატომ არსებობენ ისინი. რაიმეს დანახვას გარკვეული დისტანცია ესაჭიროება. დისტანციას გაიგივებიდან გამოვყავართ. ასე რომ არ გაიგივებაა სწავლის მიზანი და არა მოგვარება.


❓ თქვენ ბედნიერი ხართ?


როდესაც ამ კითხვას ჩემს თავს გულწრფელად ვუსვამ ხოლმე, პასუხად ის მრჩება - რომ ვარ, ეს უკვე ბედნიერებაა. რაც უფრო ხშირად შევახსენებ ამას საკუთარ თავს, მით უფრო ხშირად მექნება ბედნიერების განცდა. ესეც ჩემს ხელშია ყოველთვის.


❓ ცხოვრება ხანმოკლეა?


აღმოსავლელ ბრძენ გაუტამა სიდჰარტას, ანუ ბუდას დავესესხები აქ და მის სიტყვებს გავიმეორებ დჰამაპადადან: თქვენ გგონიათ, რომ დრო გაქვთ... PS: ცხოვრების განმარტებაზე ასევე ქართველებსაც გვაქვს ერთ სიტყვიანი და თანაც ულამაზესი პასუხი: წუთისოფელი...


❓ როგორ ვუთხრა საკუთარ თავს „არაუშავს“?


იმ პერსპექტივით, რომ უარესიც შეიძლება ყოფილიყო და ისიც კი „არაუშავს“ იქნებოდა.


❓ ყველაზე მნიშვნელოვანი რისი მოგვარებაა?


იმის მიხვედრა, რომ მოსაგვარებელი არაფერია. ცხოვრება მისტერიაა და არა პრობლემა.


❓ რა განსხვავებაა საკუთარი თავის სიყვარულსა და ეგოიზმს შორის?


იგივე, რაც გულწრფელობასა და სიყალბეს შორის.


❓ ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?


როცა რაღაცას ვერ ხვდები, არაფერია საშიში. როცა ხვდები, არც მაშინ. ყველაზე საშიში ის არის, როცა ხვდები და არ გინდა რომ შეიმჩნიო.


❓ რა საკითხს უყურებთ ყველაზე ოპტიმისტურად?


ყოფიერების თანაგრძნობას.


❓ საკუთარ თავთან კომუნიკაციაში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი როგორ ფიქრობთ?


გულწრფელობა.


❓ თქვენი ცხოვრება გიყვართ?


ამისთვის ჯერ უნდა ვაცნობიერებდე, რომ ცოცხალი ვარ. ხშირად სიზმრებს ვხედავ ხოლმე ღია ცის ქვეშ, თუმცა არის მომენტები, სიყვარულის მომენტები. ეს მაშინ ხდება, როდესაც ცხოვრებასთან ერთიანობას ვგრძნობ. ჩემი ცხოვრება ჩემზე დიდია, რადგან მასში მომავალიც არის, რომელიც ჩემთვის ჯერ არ დამდგარა.


❓ დღის განმავლობაში ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ? რა არის ყველაზე საყვარელი პროცესი თქვენთვის.


ერთის მხრივ თანაგრძნობა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ან ნებისმიერი აღგზნებითი ენტერტეინმენტით საკუთარი თავიდან გაქცევა არ არის ერთადერთი გზა ამ მოწყენილობით და მარტოსულობით სავსე ცხოვრებაში. ესენი უბრალოდ მოკლე გზებია, მაგრამ ამასთან ერთად ჩიხური. მეორეს მხრივ უაღრესად მადლიერი ვარ ცხოვრების, რომ მე მომეცა საშუალება და იმისი მიხვედრილობა, რომ საკუთარ თავზე, საკუთარ გრძნობებზე, ფიქრებზე, რუტინებზე და ქცევებზე დაკვირვება და მათი გაცნობიერება ყველაზე დიდი სიამოვნებაა, რაც კი შეიძლება საერთოდ არსებობდეს. თუმცა ეს უფრო გრძელი გზაა და ამიტომ ბევრს ამისთვის სიმამაცე და ნებისყოფა არ ყოფნის. მგონი ამ კუთხით იქნებოდა ყველაზე სწორი დავით გურამიშვილის ლექსის სტრიქონის გაგება - „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.“ ცხოვრება სწორედ რომ ეს სკოლაა.


❓ რა არის ყველაზე მშვენიერი?


ნებისმიერი რამ, რაც აუთენტურია. დედისთვის თავისი მახინჯი შვილი ყველაზე ლამაზია. სილამაზე აქ მიმღებლობაშია, რომელსაც სიყვარული თან ერთვის და ეს არის სწორედაც სილამაზის საწინდარი. თუ სიყვარული აუთენტურია, მას არა აქვს პირობა. მისთვის ყველაფერი სწორია და რაც სწორია, ის ლამაზია და რაც აუთენტურია, ის არის სწორი.


❓ ამ ცხოვრებაში რა არის ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია?


აქ ინდოელ მისტიკოსს, ოშოს დავესესხები, რადგან მიმაჩნია, რომ მან ძალიან კარგად განსაზღვრა თამიმდევრობა: თავისუფლება, ინდივიდის უნიკალურობა და სიყვარულის უნარი.


❓ თქვენი ცხოვრების განმავლობაში, რას მიხვდით მნიშვნელოვანს?


რომ ეს გზა ისევ ბავშვობისკენ ბრუნდება. რა თქმა უნდა აქ ინფანტილურობას არ ვგულისხმობ არამედ უშუალობას, უბრალოებას და უმანკობას.


❓ რომელი ასაკია ადამიანისთვის ყველაზე რთული თქვენი აზრით?


ჩემი გადმოსახედიდან სირთულე ქრონოლოგიური მოვლენა არ არის და ყოფიერებაც ყოველთვის იმ დოზას გვიბოძებს მოსანელებლად, რისი პოტენციალიც ჩვენში დევს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოგვინდება ის, რომ ამას თავი გავართვათ.


❓ რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც თავს ზედმეტად გრძნობს ამ სამყაროში?


ეს მხოლოდ გამოღვიძების დასაწყისია. სამყარომ შენს მიმართ უკვე გადადგა ნაბიჯი რომ გაგაჩინა დედის საშუალებით. ჭიპლარის მოჭრით ცხოვრება არ მთავრდება და ზედმეტი არ ხდები. სწორედ ახლა იბადები მეორედ და დაიწყე საკუთარი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა სიყვარულისთვის, დღესასწაულისთვის, შემოქმედებისთვის. შენ თავისუფალი ხარ.


❓ რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვინც შინაგანად გადაწყვიტა რომ სიცოცხლე აღარ უნდა?


ესეც გაივლის და თან ნუ გაყვები. დარჩი ამ სიცარიელესთან. როდესაც თვალები შეგეჩვევა, ნელ-ნელა შეიძლება ამ სიცარიელემ სხვა სისავსე დაგანახოს. მიეცი სივრცე ირაციონალურსაც.


❓ რას შეუძლია თქვენი დანაღვლიანება?


ადამიანთან ძალიან ახლოს მისვლამ. დისტანცია გიცავს ასევე ნაღვლიანობისგან.


❓ მითხარით რამე სიყვარულის შესახებ.....


მე არ ვიცი რა არის სიყვარული. ეს არის პირველი აღიარება.


❓ მითხარით რამდენიმე ცხოვრებისეული კანონი....


ახლა სპონტანურად მომდის თავში აზრი, რომ ყველასგან და ყველაფრისგან შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში სწავლა, ასევე რა თქმა უნდა საკუთარი თავისგანაც.


❓ რისი გწამთ?


მინდა რომ არაფრის არ მწამდეს, რადგან რწმენა გონებრივ სტრატეგიად მიმაჩნია. ჩემთვის ნდობაა მნიშვნელოვანი და მისი გაფრთხილება. თუმცა ნდობა არ უნდა იყოს სხვის საქციელზე დამოკიდებული, თორემ ეს მაშინ უბრალოდ ვაჭრობა გამოდის. ზოგადად ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა.


❓ დაასრულეთ ფრაზა: ერთ მშვენიერ დღეს....


❄️ გავაცნობიერე, თუ ვინ ვიყავი საკუთარი ტრავმის გარეშე.


❓ დაბოლოს, გამიზიარეთ რაიმე მოსაზრება..


მე თავად ნელ-ნელა მომდის იმის მიხვედრილობა, რომ რეალურად დისციპლინა არ არის გარედან მოწეპებული რაიმე ქმედება ან დაკისრებული ვალდებულება. ეს არის უბრალოდ ვერტიკალური პროცესი, რომელიც მიზიდულობის კანონს უპირისპირდება და ლევიტაციის კანონს ემოჩილება. მისი მაგნეტიზმი, მეტაფორულად რომ ვთქვათ, მაღლა არის მიმართული და არა დაბლა. ანუ, ჩვენი შინაგანი დისციპლინა სინამდვილეში ძალიან ბუნებრივი პროცესია. გერმანელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და ავტორი ბერტ ჰელინგერი, ამას ასევე სულის მოძრაობასაც უწოდებდა. ის ამასთანავე ამბობდა, რომ სულის მოძრაობა ნელია და ის ჩვენ იმდენად პატივს გვცემს, რომ ძილსაც კი არ გვიფრთხობს და ისე გველოდება. თუმცა მასაც თავისი კანონზომიერებები გააჩნია. აქვე სხვა კუთხიდან რომ დავამატო, გურჯიევი ამ გარედან მოკრული დისციპლინის შინაგან პროცესში გადასვლის მეტამორფოზას შემთხვევითობის კანონიდან ბედის კანონში გადასვლასაც უწოდებდა... ვატყობ რომ ახლა ამითი პანდორას ყუთს მოვხადე თავი, რადგან ესენი ძალიან დიდი თემებია და აქ ძალიან შორს წაგვიყვანს...


შევეცდები და მოკლედ ვიტყვი, თუ მე რას ვგულისხმობ შინაგან დისციპლინაში: ეს არის დამკვირვებლობა, ყურადღებიანობა, მგრძნობელობა და რეფლექტირების უნარი. დანარჩენი ყველაფერი ამათი შედეგია. ეს არის სიყვარული, სიხარული, თანაგრძნობა, ბუნებრიობა, გაწონასწორებულობა, სპონტანურობა... და ასევე კიდევ უამრავი სხვა ცხოვრებისეული რესურსული ინგრიდიენტი.

დღეს უკვე არსებობს უამრავი აქტიური თუ პასიური მედიტაციური პრაქტიკები და ასევე ფსიქოთერაპიული ტრავმაზე ორიენტირებული, რესურსული თუ ინტეგრატიული თერაპიული მეთოდოლოგიებიც. არასოდეს ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ფუფუნება ამ მხრივ, პოზიტიური რამეც რომ ვთქვათ დღევანდელობაზე. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და არ უნდა იყოს მიმბაძველობითი ხასიათის და მარტო მოდური და ტრენდული ტენდენციებიდან გამომდინარე.

ამ ყველაფრის მიზანია საბოლოოდ იმის განცდას მივუახლოვდეთ, რომ მგრძნობელობის, დამკვირვებლობის და ყურადღებიანობის პრაქტიცირების დრო ყოველთვის ახლაა და ამისი ადგილი ყოველთვის აქ არის.



ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი


მოქშა ფეიქარი



430 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page