✍️️ ინტერვიუ / ნინო ლოთიშვილი
✨ „სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, იყავი მუდამ შეყვარებული“
❓ რა გაგონდება ვარსკვლავებზე...
"ათასობით ვარსკვლავს შორის ობლად ჩაკარგული ყვავილი თუ შეიყვარე, ვარსკვლავის ხილვა ბედნიერებად გექცევა. შენთვის ფიქრობ: "ჩემი ყვავილი სადღაც იქ არის"... მაგრამ თუკი ბატკანმა ყვავილი შეჭამა, შენთვის ყველა ვარსკვლავი ერთბაშად ჩაქრება. ყველა ვარსკვლავი უნდა შეიყვარო და დაიმეგობრო. ყველა ვარსკვლავი დუმს. ასე თუ ისე, შენი ვარსკვლავი ყველასგან გამორჩეული იქნება. ღამით, ზეცას რომ შეხედავ, მოგეჩვენება რომ ყველა ვარსკვლავი გიღიმის, რადგან გეცოდინება, რომ ერთ ვარსკვლავზე მე ვცხოვრობ და ვიცინი..." /პატარა უფლისწული/
❓ ერთ მშვენიერ დღეს.....
მივხვდი, რომ ჩემმა გაუცნობიერებელმა არჩევანმა, თავზე დამაყარა წლების განმავლობაში, კარადაში უსწორ-მასწოროდ შეჩურთული ემოციები. წკიპზე დაკეტილი კარი გაიხსნა და გადმოიყარა ყველა ის მოგონება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვეწინააღმდეგებოდი. და ეს იყო მართლაც ერთი გასაოცარი დღე, რადგან სწორედ იმ დღეს დაიწყო ჩემი შინაგანი ტრანსფორმაცია.
❓ რა იყო ყველაზე რთული, რისი გადალახვა?
წლების განმავლობაში ვცდილობდი ამომეშალა ჩემი მეხსიერებიდან ის ეთნიკური თუ ინტერ-პერსონალური კონფლიქტური სცენები რამაც პატარა ნინოზე ძალიან მტკივნეული გავლენა მოახდინა. თუმცა, როგორც დიადი პოეტი რუმი იტყოდა „ჭრილობა ის ადგილია საიდანაც სინათლე შემოდის ჩვენში“ ამიტომაც, ყველაზე მტკივნეული გამოწვევა იქცა ჩემი პიროვნული/სულიერი თუ პროფესიული ზრდის უდიდეს საჩუქრად. ასე დაიწყო მშვიდობის მკვლევარი ნინოს საინტერესო ცხოვრება.
❓ რა გაძლევდა მოტივაციას საბრძოლველად?
ჩემი ერთ-ერთი შინაგანი რესურსი არის ცნობისმოყვარეობა, რომელიც უდიდეს მოტივაციას მაძლევდა. დასაწყისისთვის ძალიან მაინტერესებდა, მეპოვა გარეგანი მშვიდობის დამყარების, შერიგებისთვის საჭირო რესურსული ბაზა. თუმცა ბოლოს მივადექი ყველაზე მნიშვნელოვანს, როგორც, ჩემთვის ერთ-ერთი იტალიელი შთამაგონებელი ჟურნალისტი, მწერალი და ფოტოგრაფი, ომისა და მშვიდობის რეპორტიორი ტიციანო ტერცანი ამბობდა „ჩემს შიგნით სიმშვიდის ის მარცვალი უნდა მეპოვა, რომელსაც შემდგომ შევეცდებოდი და ბევრ ადგილას აღმოვაცენებდი“. ვგრძნობ რომ ცნობისმოყვარეობამ, შეუპოვრობამ, გამბედაობამ მომცა ის ძალა, რომელიც დღემდე საინტერესო მარცვლების აღმოჩენასა და კულტივირებაში მეხმარება.
❓ შენში ძლიერი და მყარი...
მინდა ჩემში ძლიერად და მყარად იყოს საკუთარი საზღვრების დაცვის უნარი და ის თვისება, რომელიც სპონტანურად გამომახატვინებს ჩემს ემოციებსა და გრძნობებს. საზღვრების გამყარება იმას ხომ სულაც არ ნიშნავს, რომ სხვას ვერ გავუგოთ, პირქით შეგვიძლია მყარი საზღვრები გვქონდეს და უფრო მეტად ემპათიური და თანაგრძნობით სავსენი ვიყოთ სხვების მიმართ.
❓ ამქვეყნად რის დეფიციტს განიცდი?
ვგრძნობ, რომ ყველა ადამიანს აქვს იმის ძალა და უნარი, რომ ბოლომდე გამოიყენოს ის პოტენციალი რითიც მოვიდა ამ სამყაროში, შენიშნოს და მოიშორის ის შინაგანი ბარიერები, რაც ხელს უშლის, რომ გათავისუფლდეს და გადმოღვაროს ის ენერგია შიგნიდან. თუმცა ადამიანების უმრავლესობა იმ ბარიერების ტყვეობაში აგრძელებს ცხოვრებას, და ასეთი ადამიანების უმრავლესობა მარტივად სამართავი ხდება. როგორც ოშო იტყოდა: „ყველაზე დიდი შიში მსოფლიოში წარმოადგენს სხვების აზრების გავლენაში მოქცევას, და იმ მომენტში, როდესაც ბრბოსი აღარ გეშინია, ცხვარი აღარ ხარ და ლომი ხდები, უდიდესი ღრიალი აღმოხდება შენი გულიდან, თავისუფლების ღრიალი“ - ასე რომ აი ასეთი თავისუფალი ლომების დეფიციტს განვიცდი ზოგჯერ.
❓ რა არის საბრძოლველი?
ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც ჩვენზეა დამოკიდებული, და შემდგომ ვენდობით.
ჩემი ცხოვრება თითქოს უფრო მეტად ბრძოლას გავდა, ბევრ მცდელობებსა და უნდობლობას. თუმცა დაახლოებით 11 წლის წინ ბევრი რამ შეიცვალა. მივხვდი რომ ნდობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.
მაგრამ, ახლა ისე არ გამომივიდეს, რომ თითქოს მცდელობები არაა საჭირო. ზოგჯერ თავს შეკითხვას ვუსვამ, რომ არ მქონოდა უამრავი მცდელობა, საბოლოოდ გამომივიდოდა თუ არა ის რის მიღწევასაც ვცდილობდი. შესაბამისად, გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მცდელობები აუცილებელია იქამდე, სანამ ამოვწურავთ ჩვენს მაქსიმუმს, როდესაც მივხვდებით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ამის შემდეგ ვდუნდებით და ვენდობით ენერგიას.
❓ მსგავსი იზიდავს მსგავსს...
დიახ, ჩემი განცდით ნამდვილად იზიდავს მსგავსი მსგავსს. როდესაც ჩვენი პიროვნული თუ სულიერი ზრდის სხვადასხვა ეტაპებს გავდივართ, სხვადასხვა სიხშირეებზე ვხვდებით და იმ სიხშირეებზე მსგავსი ტიპის ადამიანები გვხვდებიან აუცილებლად.
❓ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მიხვდი?
გაცნობიერება რომ ყველაზე მტკივნეული გამოცდილება შესაძლოა იქცეს ჩვენს ჯილდოდ. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, წლების განმავლობაში ვჩქმალე და კარადაში უსწორ-მასწოროდ ვყრიდი იმ მოგონებებს, რომლებიც მინდოდა რომ წამეშალა. თუმცა, სწორედ ეგ გამოწვევა იყო ჩემი უდიდესი ჯილდო, რომელიც ღრმა ფენების ძიებაში გამიძღვა.
❓ როდიდან ხდება ცხოვრება ყველაზე საინტერესო?
ცხოვრება საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ თავებს ვათავისუფლებთ ჩვენივე შექმნილი ტყვეობიდან. ამ სამყაროში ხომ სუფთა არსებები მოვედით, თუმცა ოჯახმა და საზოგადოებამ დაუცველები მოგვაქციეს ჩარჩოებში. ემოციების დაბლოკვა გვასწავლეს, რასაც სუნთქვის შეკავების ხარჯზე ვაკეთებდით, რის შედეგადაც განვივითარეთ ერთგვარი კუნთოვანი ჯავშანი და ამ დამცავი მექანიზმის მიღმა აგრძელებს ცხოვრებას უამრავი ადამიანი, რომელიც გახდა ზრდასრული, თუმცა ვერ შეძლო საკუთარი თავის გათავისუფლება, რადგან გათავისუფლებული გული უფრო მგრძნობიარე ხდება, და ადამიანებს გვეშინია ტკივილის. მაგრამ ცხოვრება საინტერესო ხომ მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ რომ მოვიცილოთ ეს დამცავი მექანიზმი, და ჩვენში ჩადებული პოტენციალის სრულად გამოყენება შევძლოთ.
ჩემს შემთხვევაში, ჩემი ყველა ბავშვობის გატაცება გადაფარული იყო ჩემი ლოგიკური ჰემისფეროს მიერ, წლების განმავლობაში მიტოვებული მქონდა ჩემი ყველაზე დიდი გატაცება რაც იყო ხატვა. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავისუფლებაზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ ხდება ამ გატაცებებთან დაბრუნება. მადლობა ამისთვის ჩემს უსაყვარლეს მასწავლებლებს და გზამკვლელებს.
❓ რას უმეორებ ხოლმე საკუთარ თავს ხშირად?
როდესაც სირთულეები ჩნდება გზაზე, ღრმად ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ, რამდენიმე იოგურ გაწელვას გავაკეთებ, ვიმედიტირებ და მერე გულის სიღრმიდან მოდის ხმა, ხომ ყოველთვის ყველაფერი გამოსულა ის რაც შენთვის საჭირო იყო, ხოდა ახლაც თუ მიენდობი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.
❓ რა არის შენთვის ნამდვილი ბედნიერება?
ყველაზე ბედნიერი მომენტები დგება მაშინ, როდესაც შინაგან ბარიერებს ამოვიცნობ და მას ხახვის ფოთოლივით შემოვიცლი, როდესაც დგება ის გაცნობიერება, რომ სწორედ იქ ვარ და იმ ადამიანებს ვხვდები გზად, ვინც ამ ბარიერების ამოცნობაში და გათავისუფლებაში მეხმარებიან. ამის შემდგომ, მოდის უსაზღვრო მადლიერების განცდა, რომ ამ ყველაფრის შეგრძნება და გაზიარებაც შემიძლია.
❓ რისი გწამს?
უკვალოდ არაფერი ქრება ამ სამყაროში და რომ საერთოდ არაფერი ხდება შემთხვევით.
ჩვენ ამ დიადი კოსმიური ენერგიის ნაწილები ვართ, ყველანი, რაღაცნაირი უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. საოცარია იმის შეგრძნება თუ როგორ და როდის ხდება რომელიმე კონკრეტული უხილავი ძაფი ხილული და როგორ იკვეთება სხვადასხვა ადამიანების გზები, თუნდაც სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენლების, რადგანაც მათ სწორედ იმ კავშირმა რაღაც გაკვეთილი უნდა ასწავლოს, რაღაცის ამოცნობაში უნდა დაეხმაროს და გზა გაუნათოს.
❓ ვინ არის ადამიანისთვის საუკეთესო მეგობარი?
ჩემი პირადი გამოცდილებიდან, ხშირად ძალიან ღრმა მეგობრობა შესაძლოა არ იყოს მთლად ჰარმონიული, ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს არჩეული აქვს ნიღბების გარეშე იურთიერთოს, მათი კავშირი უფრო ღრმაა, ისინი შიშვლდებიან ერთმანეთთან, აჩვენებენ ნამდვილ სახეებს, რაც ხშირად შესაძლოა არ იყოს მთლად სასიამოვნო, თუმცა თუ ორივე მხარე გაცნობიერებულია, ისინი ერთმანეთის მადლიერები ხდებიან.
❓ გაიხსენე სიტყვები, რამაც შთაგაგონა...
"შენ ახლა შიშები გაქვს მომავლის, იმის რაც შენთვის უცნობია, თუ ამ შიშებს დაუმეგობრდები, მიიღებ და გადალახავ, ნახავ რომ სამყარო ყველა მხრიდან დადებითად გიპასუხებს". მართლაც შთამაგონებელი იყო და სწორედ საჭირო დროს მოვიდა ჩემამდე.
❓ რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიზანი?
ბოლომდე შევიცნო და აღმოვაჩინო ის პოტენციალი რაც ჩემშია ჩადებული, დავინახო უნიკალური მარცვალი, რომელიც ჩაითესა ჩემში, მივყვე ინტუიციას, ჩემს გულს, აღმოვაცენო ის მარცვალი და ვიყო ენერგიასთან მუდმივად მოცეკვავე.
✨ საყვარელი ფრაზა...
რუმის ფრაზა მახსენდება აქ: „სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, იყავი მუდამ შეყვარებული“
-------------------------------------------------------------
Nino Lotishvili: Peace builder, Founder of Mindful Georgia and Peace Research Center Tbilisi, Winemaker
Photo by: ილონა მარგალიტაძე
Comments