✍️ ინტერვიუ / შივო რამადატა
☀️ "გამოდი შენი ჩარჩოდან და იმოქმედე თავისუფლად, როგორც კომპიუტერულ თამაშში"
❓ როგორ ხარ ეხლა?
კარგად, მშვენიერია, მომწონს როგორც ვარ...
❓ რა ფაზას გადიხარ?
რამდენიმე ფაზას გავდივარ. მაგედან ორს გამოვყოფ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანს.
1.ვსწავლობ საკუთარი თავის სრულ ნდობას, საკუთარი ინტუიციის ავტორიტეტად მიღებას.
2. ვთავისუფლდები იმაზე ფიქრისგან, სხვები რას იფიქრებენ ჩემზე.
❓ რამდენად ძირეულად იცვლები ხოლმე?
რომ გადავხედო ჩემს თავს, რამდენჯერმე ძალიან ძირეულად შევიცვალე. თუმცა ეს ცვლილება მწიფდება, მწიფდება და ერთხელაც ხდება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ წინ მაქვს მთავარი შეცვლა... დრო მჭირდება. თუმცა იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება დროც არ დამჭირდეს.
❓ შენში ცვლილებების დროს, რა რჩება ხოლმე მუდმივად მყარი და უცვლელი?
იმის ცოდნა, რომ გამივლია ბევრი ტრანსფორმაცია, ყველაფრიდან გამოვძვერი. ოპტიმიზმი. ვიცი, რომ მაგრად განვითარდება ყველაფერი.
❓ რას ეძახი ცუდად ყოფნას და რას ეძახი კარგად ყოფნას?
ცუდად ყოფნას ვეძახი, როცა არ ვარ სპონტანური, როცა შემოქმედებითობა მეკეტება, როცა თავდაჯერებულობა მიმცირდება, ან ჩაკეტილობას, გაჭედილობას ვგრძნობ ერთ ადგილზე. კარგად ყოფნას ვეძახი, როცა შემოქმედებითი ვარ, არასერიოზული ვარ, თამაშობა როცა შემიძლია, ცეკვა როცა შემიძლია, როცა ენერგია მაქვს, როცა შემიძლია ყოფნით სიამოვნების მიღება.
❓ გაქვს ცხოვრებაში მიზანი? რა..
მინდა ბედნიერი ცხოვრებით ვიცხოვრო, სულ ეს არის. უბრალოდ ამ მიზანმა მიმიყვანა სხვა აუცილებლობამდე - ამისთვის უნდა გაიღვიძო. მძინარე ცნობიერებით ბედნიერება არ მიიღწევა. ამიტომ ეს მიზანი დატრანსფორმირდა მეორე მიზნად, ვიყო გამოღვიძებული, ჩემი პირადი სიბნელისგან.
❓ რისი გჯერა სინამდვილეში? ის, რისიც მუდმავდ გჯერა?
მჯერა ცვლილებების და ევოლუციის. რაც ზუსტად ვიცი, არის ის რომ ყველაფერი შეიცვლება. ეს ნუგეშია. ❓ რა გაიმედებს ხოლმე საკუთარ თავში?
მაიმედებს რომ ჯოჯოხეთიც შემიძლია სამოთხედ ვაქციო, როცა საკუთარ გონებას ვმართავ.
❓ რა გაინტერესებს ხოლმე ადამიანებში?
ზოგადად ეთიკური ნორმების დარღვევის რომ არ ეშინოდეთ ადამიანებს, ბევრ შეკითხვას დავუსვამდი, პირდაპირს, ინტიმურს... მაინტერესებს ადამიანებში, რა ფსიქიკური ველიც აქვთ, საიდან ჩამოუყალიბდათ ასე. აქედან მაინტერესებს ბავშვობა, მშობლებთან დამოკიდებულებები, სექსუალობა.
❓ რაზეა შენი კონცენტრაცია უმეტესად მიმართული?
შინაგან სამუშაოზე არის მთელი ჩემი ყურადღება მიმართული.100-ვე პროცენტი. აქ იგივეს გავიმეორებდი, რაც ფაზებზე მკითხე, რა ფაზებსაც გავდივარ, იმაზე ვარ კონცენტრირებული.
❓ რისი გაკეთება გინდა და გიჭირს?
მინდა, როგორც ბავშვობაში GTA-ს ვთამაშობდი, ასე ვიცხოვრო. ამის გაკეთება მინდა. GTA ხომ რაღაც მხრივ, ცხოვრების სიმულაცია იყო? და ამ სიმულაციაში იქცეოდი ისე, როგორც გაგეხარდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ არ ფიქრობდი, რომ თამაშში ვინმე დაგსჯიდა ან განგსჯიდა. თუმცა თამაშში იყო პოლიცია, რომელსაც ჰქონდა დამსჯელი ფუნქცია. მაგრამ ეს შენს თავისუფალ სულს არაფრით ზღუდავდა, რადგან იცოდი, ეს თამაშია. მინდა ეგეთი თამამი და გამბედავი ვიყო, როგორც თამაშში. ამის გაკეთება მინდა და მიჭირს. მაგრამ გავაკეთებ! მე ვხედავ როგორ ვზღუდავთ ერთმანეთს, როგორ გვზღუდავს კულტურული ჩარჩო, რელიგია, ფილოსოფიები, ავტორიტეტები, განსჯები და ა.შ. შეიძლება ბევრი ადამიანი ამას ვერ აღიქვამს. მაგრამ მერწმუნეთ, ეს არის ყველაზე დიდი შიში, რომელიც ბლოკავს სულს, სულიდან წამოსულ იმპულსებს და ხელს უშლის ადამიანსიცხოვროს თავისი თავი.
❓ რა არის შენი დიდი ხნის ოცნება?
თუ ოცნება განსხვავდება მიზნებისგან და უნდა ატარებდეს ცოტა ფანტასტიკურ თვისებებს, მაშინ ვიტყოდი, რომ ვოცნებობ ასწლეულობით ცხოვრებაზე. 100 წელი ხატვას ვისწავლიდი, 100 წელი სხვადასხვა საკრავზე დაკვრას, 100 წელი სხვადასხვა აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას, 100 წელი ვიმოგზაურებდი, 100 წელი სიყვარულით დავკავდებოდი, 100 წელი ვიმედიტირებდი ჰიმალაებში, 100 წელი წიგნებს წავიკითხავდი... მოკლედ, მე ცხოვრება მინდა ძალიან დიდხანს... ნამდვილად არ მოვიწყენდი.
❓ რითი ამხნევებ ხოლმე საკუთარ თავს და სხვებს?
“ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდება მორტი, და თუ ყველაფერი კარგად არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ მოსულა დასასრული“- რიკ სანჩესი, „რიკი და მორტიდან“.
❓ უცხოა შენთვის დეპრესია და ცუდ ხასიათზე ყოფნა? მარტო ხარ ხოლმე ამ დროს?
არ არის უცხო. უცხო კი არა ძალიან ნაცნობია. ჩემი ძველი მეგობრები... მარტო არ ვარ აუცილებლად ამ დროს. ტყუპები ვარ და დიდხანს მარტო არ მაჩერებს სამყარო, არც ბედნიერებაში და არც უბედურებაში.
❓ რა გიყვარს ამ სამყაროში ძალიან?
ადამიანები, ბუნება, ხელოვნება, მედიტაცია, იოგა, სუფთა ჰაერი, დილა მიყვარს ძალიან ძალიან - მზის ამოსვლა, მუსიკა, კინო. მისტერიები მიყვარს. დედამიწის სულიერი მემკვიდრეობა მიყვარს ძალიან, გამოხატული სხვადასხვა სწავლებებში. სიცილი. შეყვარებულობა.
❓ რას მოყავხარ აღტაცებაში?
შეუცნობელს, მისტერიას. მერე მისტერიას გამოხატულს პოეზიაში. ვთქვათ რუმის. აღტაცებაში მოვყავარ კიდევ გამბედაობის ნებისმიერ გამოვლინებას. აღტაცებაში მოვყავარ ადამიანს, როგორც უდიდეს მისტერიას, როგორც ფენომენს. აღტაცებაში მოვყავარ მიზიდულობებს ადამიანებს შორის. ძველი თბილისის არქიტექტურას და ეზოებს. და ყველაზე დიდ აღტაცებაში მოვყავარ ექსტაზს...
❓ როგორია ცხოვრება შენთვის?
ცოცხალი, გამოწვევებით სავსე, დინამიური.
❓ რას ეტყოდი პატარა შივოს?
უფრო მარტივად მიუდექი ყველაფერს შივო. არ იდარდო. მენდე, მომავლიდან გეუბნები ამას. აქ ყველაფერი კარგადაა და კიდევ უმჯობესდება. შენი თავის ირწმუნე, შენი თავი იცხოვრე, შენ თავს დაუჯერე. რაც გინდა ის აკეთე! არაფრის ვალდებული არ ხარ... კარქი ბიჭი ხარ, პატარა შივო.
❓ რას ეტყოდი ახლა შენ თავს?
კიდევ ერთხელ მოიკრიბე ძალა, და კიდევ ერთხელ შეცვალე ყველაფერი რადიკალურად. არა იმიტომ, რომ რამე რიგზე ვერაა, კიდევ ერთხელ გადაახტი საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ჩვენ ესე ცხოვრება გვევასება!
❓ დაასრულე ფრაზა: „ ძალიან მინდა, რომ... ვიყო სრულიად თავისუფალი.
❓ დაასრულე ფრაზა: „ მჯერა..., რომ ყველაფერი გამომივა, მარტივად.
❓ ფრაზა, რაც ამ ბოლო დროს თავში გიტრიალებს.
☀️ "გამოდი შენი ჩარჩოდან და იმოქმედე თავისუფლად, როგორც კომპიუტერულ თამაშში"
ინტერვიუს პარტნიორი და მეგობარი კომპანიები:
--------------------------------------------------
Shivo Ramadatta / Yogi , Astrologist , Mystic, Lover, Brother, Friend, Heart, Yet ...
Comments