❓ თაკო, გამეცანი..
მე ვარ თაკო, 27 წლის. პროფესიით ექიმი. თაკო ხშირად საუბრობს საკუთარ თავზე მესამე პირში.
მაქვს 2 მარტივი მცნება ცხოვრებაში:
ნებისმიერ სიტუაციაში ეცადე დარჩე ადამიანი.
ნურასდროს მოექცევი ადამიანს ისე, როგორც არ გინდა რომ მოგექცნენ შენ.
ცხოვრებაში 3 რამ მაბენიერებს:
ბაქსი - ჩემი ძაღლია, რომელსაც ძაღლის თვისებებიდან მხოლოდ ყეფა აქვს შემორჩენილი, თორემ ისე ყველაზე საყვარელი უცხოპლანეტელია
ხატვა.. სადაც შემიძლია გადავიტანო ყველა განცდა და ემოცია, სადაც შემიძლია ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი და თავისუფალი.
მე, ბაქსი და ჩვენი მონსტრები + ხატვა + მუსიკა + კარგი ღვინო და ბედნიერების კომბო შეკრულია
❓ რა პერიოდია შენს ცხოვრებაში?
არეულ-დარეული და ზედმეტად ემოციური.. აზრები, ბევრი კითხვები. მოკლდ რომ ვთქვა, პასუხების ძიებაში ვარ..
❓ რას გაძლევს ცხოვრებისეული ტრავმები?
მარტოობაში მეტად მაგდებს, დადებითი ისაა რომ მანახებს ვინ ვარ, რა ვარ და რა შემიძლია.
❓ რა გავლენა იქონია ამან შენზე?
ნაადრევად გაზრდა მაიძულა და დამიკარგა ემოციების სათანადოდ გამოჩენის უნარი, მაიძულა “ძლიერი” გავმხდარიყავი და ყველაფერი კონტროლის ქვეშ მომექცია. ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, მაქცია მულტიფუნქციურ რობოტად.
❓ რას ვერ ივიწყებ?
ძველ თაკოს.
❓ როგორ უნდა მოერიოს ადამიანი თავის ტკივილებს?
შეეგუოს და გაიაზროს, რომ ბედნიერებისთვის ყოველდღე ეძლევა ახალი შანსი.
❓ რა არის შენთვის ყველაზე დიდი სტიმული?
მამა და მისი სურვილი რომ ვიყო ის რაც ვარ და არასოდეს გადავუხვიო ამ გზას.
❓ როდის დაიწყე ხატვა?
ძალიან პატარა ვიყავი. ვხატავდი მულტფილმის გმირებს.. მერე მოხდა ისე რომ ჩემი ნაჩუქარი ნახატი ვნახე საბავშვო გაზეთში სხვისი სახელით გამოქვეყნებული და მახსოვს, რომ ძალიან მეწყინა, რამდენიმე წელი საერთოდ აღარ ვხატავდი. შემდეგ როცა წიგნებით დავინტერესდი, ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ესა თუ ის პერსონაჟი და ვხატავდი. საბოლოოდ,
ხატვა იქცა ჩემს სასაუბრო ენად, ხატვის დროს ვსაუბრობ იმაზე რაც მიხარია, რაც მტკივა და რასაც განვიცდი.
❓ რა ხდება ხატვის დროს?
ხატვის დროს ჩემს პერსონალურ სამოთხეში ვარ, სადაც მე - რეალური მე ვარ და ყველაფერი შემიძლია
❓ შენი ნამუშევრებით რისი თქმა გსურს?
რომ სამყაროს მეტი სიყვარული სჭირდება და მულტიფუნქციურ რობოტებსაც აქვთ გული.
❓ ძირითადად რისი ხატვა გიყვარს, რა ქვია იმ მიმართულებას რასაც ხატავ
მიყვარს სახეების ხატვა. პატარ-პატარა დეტალების, ფიგურების ხატვა. ეს საშუალებას მაძლევს ვაჩვენო, რა გარემომ გამოიწვია ესა თუ ის ემოცია. ბევრი მიმართულებაა არეული, პორტრეტი, პუანტილოზმი, სურეალიზმი და შეიძლება ისეთი რამ, რაც მე არ ვიცი.
❓ რა არის ამ მიმართულების შენი კონცეფცია
ადამიანი ემოციების გროვაა.
❓ რას აქსოვ თითოეულ ნახატში, ან რაზე ფიქრობ ხოლმე?
თითოეულ ნახატში ვდებ საკუთარ თავს და გულწრფელობას. თითოეული დეტალის ხატვის დროს, კადრებად მახსენდება ის კონკრეტული ამბავი, რაც ნახატს მახატინებს და ამ მომენტში ჩნდება ის ემოცია, რაც გადმოდის ფურცელზე.
❓ როგორ ცნობ ნიჭიერ ადამიანებს?
ალბათ ნელ-ნელა ისინი ხომ ყოველთვის მალავენ ამას.
❓ რაში ვლინდება ღმერთი?
ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიპოვნია
❓ რა ფერია სიყვაურლი?
სიყვარულს ფერი არ აქვს ...
მოკლე მიმოხილვა თაკოზე და მის ნამუშევრებზე >>>
თაკოს ნამუშევრები მისი ხასიათის და განცდების ანარეკლია. როდესაც უყურებ მის ნახატებს ფიქრობ - სახეებია კანის გარეშე, სადაც ჩანს სისხლი, კუნთები, ქსოვილები. ხომ არ მიგვანიშნებს ეს თაკოს ფაქიზ ზამყაროზე? როგორ დეტალ-დეტალ განიცდის ის ყველა გაელვებას, ყველა ვიბრაციას და როგორ ცდილობს ასახოს ფურცელზე.
მისი ნამუშევრები ერთდროულად მოგაგონებს კანის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, თითქოს აჩვენებს შინაგან სამყაროს, მაგრამ არც ბოლომდე. სადღაც გაპაუზებს და გაიძულებს კანსა და ქსოვილს შორის იფიქრო და გააანალიზო ყოველი დეტალი, ამოიცნო, დაუკვირდე, შეისწავლო. თაკო თითქოს თავისი ნამუშევრებით გაფრთხილებს, რომ სანამ შიგნით ჩაიხედავ მანამდე გზები და ფაზები/ფენები გაქვს გასავლელი. მაგრამ სადამდეც გიშვებს თვალწინ ყველა დეტალი ცოცხალი და ზედმიწევნითია.
მეორეს მხრივ თაკოს ნამუშევრებში ყველგან იგრძნობა, რომ მისი პერსონაჟები ამ სამყაროს არ განეკუთვნებიან და იმ სამყაროში, სადაც ისინი ბინადრობენ, იქ, ყველა ასეთია და ეს ნორმალურია. ვხედავთ კოსმოსს, ვარსკვლავებს, ვიბრაციებს, თვალუწვდენელ სივრცეს, რომელიც ასევე დეტალიზებულია, ან კი იმას გამოხატავს რომ სივრცეები ფენა-ფენაა და შეგიძლია გაყვე, გადახვიდე, ჩაიკარგო.
მისი ნამუშევრების მუდმივი და დაუსრულებელი ზოლები ერთდროულად ამოცანასაც გისახავს, კითხვებსაც გიჩენს და თან გამშვიდებს, რადგან არსად არაა ცარიელი ადგილი, დეტალი და ყველაფერი ამოვსებულია. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
მისი ნამუშევრები საუბრობს ბუნების კანონზომიერებაზე - ამ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და დამოკიდებული, ყველაფერს თავისი ფორმა და სათქმელი აქვს.
მისი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ >> https://www.facebook.com/TQHerArt/
და ინსტაგრამზე >> https://www.instagram.com/her_art_tq
სტატიის ავტორი: სოფო სუდაძე
Коментарі