top of page

Interview: Tedo Rekhviashvili

"ნებისმიერი არსება, სულიერიც და უსულოც მშვენიერი და არსებითი ნაწილია სამყაროსი. ქმნადობის და სიყვარულის გარდა არაფერზე ღირს დროის დაკარგვა."

✍️ ინტერვიუ / Tedo Rekhviashvili


❓ რისთვის იბადება ადამიანი?


ყველაფრით თამაშისთვის, ჩვენ ყველაფერს გვასწავლიან გარდა თამაშისა, და ამით სიცოცხლეს მოსაწყენს ხდიან.


❓ ვიბადებით..


შანსით, რომ გავხდეთ ადამიანები, გავხდეთ „ღმერთები“.


❓ რას იზამდი ღმერთი რომ იყო?


გავიღიმებდი ისე, როგორც ახლა ვიღიმი.


❓ სიკვდილის მერე სიცოცხლის გჯერა?


სიცოცხლის მჯერა.. თუ გავიგებთ რას ნიშნავს სიცოცხლის რწმენა, ვიგრძნობთ, რომ ის არც იწყება და არც მთავრდება. სიცოცხლის ნამდვილი რწმენა, გაგება და შეგრძნებაა უკვდავება, რომელიც ფიზიკურ სიკვდილს აუქმებს. ზოგი მკვდარი მოდის და მიდის, ზოგი კი უკვდავია.


❓ რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?


სამყარომ ძალიან გაგვიღიმა ბასრი კბილებით, თუ ღიმილითვე არ დაუბრუნებ უბრალოდ სულელი ხარ.. უზარმაზარი იუმორია საჭირო, უნარ-ჩვევები, რომლის წყალობითაც არ მოიწყენ და საკუთარ კომედიას დაწერ. კომედიას, რომელიც სავსე იქნება შეშლილის სიცილით, სიმამაცით, ძიებით, ცვლილებებით, მარცხით, ნახტომებით, სიყვარულით.

ვთვლი, რომ მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურად რას გავაკეთებთ, თუ მასში სრული შემოქმედებითობით მოვახერხებთ ჩვენი თავისა და სამყაროს გაცნობიერება-შეგრძნებას. ამისთვის ღირს სიცოცხლე.


❓ რა გგვრის ადამიანის არსებობაში ყველაზე დიდ სიხარულს?


შემოქმედებითობა, რომლითაც შეგვიძლია საკუთარი თავი აღმოვაჩინოთ, რომ შემდეგ სხვები და მთელი სამყარო დავინახოთ, შეგვიყვარდეს.


❓ რას სცემ ადამიანში პატივს?


აზროვნებას, სიმამაცეს და უბრალოებას.


❓ რისი გეშინია?


იმის რომ მომეჩვენოს, თითქოს რაიმე ზუსტად ვიცი


❓ რას „მიხვდი“


აბსურდის მუდმივი შეგრძნება ჯილდოა. აბსურდის განცდაა ჩემი თავიც, მშობელიც და მეგობარიც, მივხვდი რომ ტარაკანაზე მნიშვნელოვანიც არ ვარ, რომ ნებისმიერი არსება, სულიერიც და უსულოც მშვენიერი და არსებითი ნაწილია სამყაროსი. ქმნადობის და სიყვარულის გარდა არაფერზე ღირს დროის დაკარგვა.


❓ ვინ ვართ ჩვენ?


ჩვენ მიკროსკოპები ვართ, რომელსაც ლინზა არ მოაყოლეს, ლინზა, რომელიც ჩვენი შრომით უნდა მოვიპოვოთ, რომ მის ქვეშ აღმოვაჩინოთ სასწაული, რასაც სიცოცხლე, მოძრაობა და სიყვარული ჰქვია.


❓ განვლილმა წლებმა..


მასწავლა, რომ ჩვენ ვარსებობთ ასე უბრალოდ, ამ არსებობის მიღმა, კი უსასრულო სამყაროა, რომელსაც შეიძლება გვერდით ჩავუაროთ და ვერ შევაბიჯოთ.


❓ რა გაბედნიერებს?


აღმოჩენები ჩემში და გარშემო, ნიჭიერი ან შეყვარებული არსების ნახვა, დანახვა ვინმესი, ვინც მთელი გულით შრომობს, უძღვნის რაიმეს თავს.


❓ განშორება ნიშნავს..


ახალთან შეხვედრას.


❓ ტრავმები..


გვაფხიზლებს, გვაწრთობს, მაძიებელს გვხდის.


❓ სიყვარულია..


✨ ზღვარის არარსებობა შენსა და სამყაროს შორის, როცა მთელი არსებით გრძნობ გულისცემას ყველასი და ყველაფრის. დგახარ სიბნელეში და გარშემო ყველგან ციცინათელებია, მძვინვარე ოკეანეში ხის ნაფოტი სიყვარულია.




71 views0 comments

Recent Posts

See All

Commenti


bottom of page