top of page

Interview: Tedo Rekhviashvili

Updated: Nov 7, 2019

"ნებისმიერი არსება, სულიერიც და უსულოც მშვენიერი და არსებითი ნაწილია სამყაროსი. ქმნადობის და სიყვარულის გარდა არაფერზე ღირს დროის დაკარგვა."


❓ დღის რა მონაკვეთი გიყვარს?


მიყვარს დილა და ღამის ის მონაკვეთი, როცა გრძნობა შემოდის, რომ მალე ინათებს.


❓ რა არის ის რასაც ყოველ ჯერზე სულმოუთქმელად ელი ხოლმე?


რაღაც არაორდინალური, შთამბეჭდავი, დამაფიქრებელი, დამანგრეველი ან აღმაფრთოვანებელი, რომელიც ისარივით შემოიჭრება და ფეთქდება შეგრძნების, გადააზრების გზით. ესაა ჩემთვის უძვირფასესი განცდა, ჩემი „სიცხადის უმძაფრესი ნარკოტიკი“, რაც მეხმარება ძველი აფეთქებიდან ახალს სულმოუთქმელად დაველოდო. ამის საწყისი შეიძლება იყოს რაიმე მნიშვნელოვანი ძვრა, აღმოჩენა სრულიად ახლისა ჩემს თავში, ჩემს ან სხვის შემოქმედებაში, შეხვედრა შედევრთან, გონიერ და ნიჭიერ ადამიანთან, ან მის ნააზრევთან. შეხვედრა ბუნების აქამდე უცნობ დეტალებთან, მცენარეებთან, ცხოველებთან , ყველაფერთან, რაც ჩემში არსებულ მეცნიერების საგანს უფრო ღრმადე შემასწავლის, განმაცდევინებს გრძნობით და შეხებით... ეს სასწაულია.


❓ რა გიყვარს ამ ცხოვრებაში?


მოძრაობა, ყველაფრის სიცოცხლისმიერი ფეთქვა, მძლავრი ემოცია. საკუთარი გრძნობითი და მენტალური სუბლიმაცია იქ სადაც, მანამდე ნაცნობი აღარავინ და არაფერი არსებობს, სადაც უზარმაზარი სინათლე გმოსავს და ანგრევ, არღვევ უკიდეგანო უკუნს, უმისამართოთ მიაქანებ შენს გონებას, განცდას უმისამართოთ, არ იცი რა მოგელის ამ სიცარიელეში, შეიძლება ვეღარც დაბრუნდე ისეთი, როგორიც ცოტა ხნის წინ იყავი და ზუსტად იმაში ვპოულობ ყველაზე დიდ აზარტს ცხოვრებაში, რომ არ მეშინოდეს აბსურდის, ტკივილის, საკუთარი თავის ყოველ ჯერზე დავიწყების და განახლებულის გახსენების.


❓ რისთვის ღირს ბრძოლა?


ბრძოლა ღირს იმად, რომ დავიბადოთ ადამიანებად. ჩვენ ცოცხალი ორგანიზმებად ვიბადებით შანსით, რომ გავხდეთ ადამიანები, გავხდეთ „ღმერთები“. თუ არ ვიბრძოლებთ, ორგანიზმებადვე წავალთ აქედან. რაც დრო გადის, დიდი, ყოველდღიური შრომისა მიუხედავად, თითქოს მით უფრო მიგრძელდება გზა იქამდე, რომ ვიქცე ადამიანად, მივუახლოვდე ჩემს არსებას, დავიჭირო და აღარასდროს დავთმო, მაგრამ მწამს აქ ერთხელ ფეხშედგმულს ვეღარაფერი გამაჩერებს. მახსოვს ჩემი უზრუნველი და თვალაუხელელი თავი, ახლა კი მღვიძავს, ამ მუდმივ სიცხადეში უმეტესად აუტანლად ვიტანჯები, მოძრაობაში კუნთები მტკივა, მაგრამ ეს ტანჯვა-ტკივილი ნებისმიერ სხვა განცდაზე მაღლა დგას, ესაა ჩემთვის სიხარული და მე ეს მაცოცხლებს.


❓ გჯერა სიკვდილის მერე სიცოცხლის?


მე მჯერა სიცოცხლის, სიცოცხლის და თუ იმას გავიგებთ რას ნიშნავს სიცოცხლის რწმენა, იმასაც ვიგრძნობთ, რომ ის არც იწყება და არც მთავრდება. ჩემთვის სიცოცხლის დასრულება-გაგრძელების საკითხი, სიკვდილის, როგორც ზღვარის გაუქმებით კარგავს მნიშვნელობას. სიცოცხლის ნამდვილი რწმენა, გაგება და შეგრძნებაა თვით უკვდავება, რომელიც ფიზიკურ სიკვდილს აუქმებს. ზოგი მკვდარი მოდის და მიდის, ზოგი კი უკვდავია.


❓ რას ფიქრობ რა არის ყველაზე მთავარი რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?


აინტერესებდეს ყოველი შემდგომი წამი, უყურებდეს და გრძნობდეს მომავალს. ჩვენი ფიზიკური მოცემულობა ჩვენსავე მენტალურ თუ გრძნობით პოტენციალთან მიმართებაში არაფერია, თუარა ერთი დიდი სარკასტული შედევრი, სამყარომ ძალიან გაგვიღიმა ბასრი კბილებით, ჰოდა ვთვლი, რომ თუ ღიმილითვე არ დაუბრუნებ მის სარკაზმს და ირონიას უბრალოდ სულელი ხარ.. უზარმაზარი იუმორია საჭირო, ის უნარ-ჩვევები, რომლის წყალობითაც არ მოიწყენ და უსასრულო შრომის შედეგად საკუთარ კომედიას დაწერ. კომედიას, რომელიც სავსე იქნება შეშლილის სიცილით, სიმამაცით, ძიებით, ცვლილებებით, მარცხით, ნახტომებით, სიყვარულით.

ვთვლი, რომ მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურად რას გავაკეთებთ, თუ მასში სრული შემოქმედებითობით მოვახერხებთ ჩვენი თავისა და სამყაროს გაცნობიერება-შეგრძნებას. აი ამისთვის ღირს სიცოცხლე.


❓ რისთვის იბადება ადამიანი შენი აზრით?


ყველაფრით თამაშისთვის, ჩვენ ყველაფერს გვასწავლიან გარდა თამაშისა, და ამით სიცოცხლეს მოსაწყენს ხდიან.


❓ რა გგვრის ადამიანის არსებობაში ყველაზე დიდ სევდას? / დიდ სიხარულს?


სევდას ის, რომ ჩემს ფიზიკურ სხეულ-ლეშს ვერაფერს ვუზამ და მომიწევს თამაშ-თამაშით მოვუარო. სიხარულს, კი შემოქმედებითობა, რომლითაც შეგვიძლია საკუთარი თავი აღმოვაჩინოთ, რათა შემდეგ სხვები და მთელი სამყარო დავინახოთ, შეგვიყვარდეს.

❓ რა მოგწონს საკუთარ თავში?


უსაზღვრო რისკიანობა და შეცდომები.


❓ რას სცემ ადამიანში პატივს?


აზროვნებას და სიმამაცეს და უბრალოებას.


❓ რას იზამდი ღმერთი რომ იყო?


გავიღიმებდი ისე, როგორც ახლა ვიღიმი

❓ რისი გეშინია ყველაზე მეტად?


იმის რომ მომეჩვენოს, თითქოს რაიმე ზუსტად ვიცი


❓ რა არის ის რაც გასწავლა ცხოვრებამ? გამიზიარე გამოცდილება, რას „მიხვდი“


ის, რომ აბსურდის მუდმივი შეგრძნება ყველაზე დიდი ჯილდოა ადამიანისთვის. აბსურდის განცდაა ჩემი თავიც, მშობელიც და მეგობარიც, რომ ტარაკანაზე მნიშვნელოვანიც არ ვარ, რომ ნებისმიერი არსება, სულიერიც და უსულოც მშვენიერი და არსებითი ნაწილია სამყაროსი. შექმნისა და სიყვარულის გარდა არაფერზე ღირს დროის დაკარგვა. მიყვარს ყველა ჩემი დაბრკოლება და მარცხი, რომელთა წყალობითაც ვიზრდები, ძალები მემატება და მზად ვარ ამოვიფრქვე. ჩვენ მიკროსკოპები ვართ, რომელსაც ლინზა არ მოაყოლეს, ლინზა, რომელიც ჩვენი შრომით უნდა მოვიპოვოთ, რათა მის ქვეშ აღმოვაჩინოთ ის სასწაული, რასაც სიცოცხლე, მოძრაობა და სიყვარული ჰქვია. მენანება ჩემი სიბრმავის და ძილის წამები, რომლის გაცნობიერებითაც ვხვდები თუ რას ვკარგავ. ჩემმა განვლილმა წლებმა მასწავლა ის რომ, ჩვენ ვარსებობთ ასე უბრალოდ, ამ არსებობის მიღმა, კი უსასრულო სამყაროა, რომელსაც შეიძლება გვერდით ჩავუაროთ და ვერ შევაბიჯოთ.


❓ მე რომ მოწყენილი ვიყო როგორ გამამხნევებდი?


„მტკივნეულ ადგილზე ფეხს დაგაჭერდი“


❓ რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს როცა ცუდად ხარ? ან როგორ იქცევი?


ვიცვამ სპორტულ სამოსს და დავრბივარ


❓ რა არის ბედნიერება შენი აზრით?


ყველაზე მოსაწყენი მდგომარეობა, რომელიც გვსიამოვნებს


❓ შენ რა გაბედნიერებს ხოლმე?


უფრო ვიტყოდი რა მანიჭებს მოკლეხნიან სიხარულის შეგრძნებას და ესაა აღმოჩენებიჩემში და გარშემო, მახარებს ნიჭიერი არსების ნახვა, ძალიან შეყვარებული არსების დანახვა, დანახვა ვინმესი, ვინც მთელი გულით შრომობს, უძღვნის რაიმეს თავს. დანახვა ბუნების მდინარებისა.


❓ რას აკვირდები ადამიანებში ყველაზე მეტად?


იუმორს, გულწრფელობას და ფეხის კოჭებს


❓ რა გაინტერესებს ამ სამყაროში ყველაზე მეტად?


მაინტერესებს კაცობრიობის მომავალი და სხვა ცივილიზაციები, რომლებიც გალაქტიკაში არსებობს.


❓ რა არის შენთვის აუხსნელი?


ყველაფერი


❓ რას ნიშნავს შენთვის განშორება?


ახალთან შეხვედრას.


❓ როგორ უყურებ ტრავმებს ადამიანის ცხოვრებაში?


ტრავმები ჩვენი ცხოვრების ის აუცილებელი დეტალია, რაც გვაფხიზლებს, გამოგვაწრთობს და მაძიებელს გვხდის.


❓ რა არის სიყვარული, რა ადგილი უჭირავს შენ ცხოვრებაში?


სიყვარულია როცა არ არსებობს ზღვარი შენსა და სამყაროს შორის, როცა დგახარ სიცარიელეში და მთელი არსებით გრძნობ გულისცემას ყველასი და ყველაფრისა. დგახარ სიბნელეში და გარშემო ყველგან ციცინათელებია, მძვინვარე ოკეანეში ხის ნაფოტია სიყვარული.


❓ რა არის შენი საყვარელი ფრაზა?


ცხოვრება მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამეა, რომ მასზე სერიოზულად ილაპარაკო - ოსკარ უაილდი



თედოს ნამუშევრების სანახავად გადადით ბმულზე >>> https://www.facebook.com/TedoRekhviashviliArt/?epa=SEARCH_BOX

474 views0 comments

Comments


bottom of page