"შვება შეიძლება იმან მოგგვაროთ, რომ ცხოვრებაში მარადიული არაფერია"
ს.ს. ეს ბოლო დროა ვეკითხები საკუთარ თავს - ამქვეყნად რამე არის მარადიული? - რა შეიძლება იყოს ის, რაც გულს დაგვიმშვიდებს ყოველთვის და შეგვიძლია ეს ცენტრად ვაქციოთ და იყოს ძალის მომცემი?
ც.ბ. სამყარო არ არის სტატიკური, სიცოცხლე არ არის სტატიკური, ჩვენ ისიც კი არ ვართ, ვინც გუშინ ვიყავით, ყველაფერი იცვლება და მიმდინარეობს...
თვითანალიზის შემდეგ შესაძლოა, იქამდე მივიდეთ, რომ დაგვამშვიდოს იმან, რაც გვაღელვებდა. მაგალითად, თქვენ ეძებთ, რა არის ცხოვრებაში მარადიული და სევდიანდებით, როდესაც პასუხს ვერ პოულობთ; ამ დროს კი შვება შეიძლება იმან მოგგვაროთ, რომ ცხოვრებაში მარადიული არაფერია... არც ჩვენი სხეულია მარადიული, - ესეც ხომ ვიცით...
მაგრამ, ამავე დროს, თქვენ გრძნობთ რაღაც მარადიულობის გემოს და ეძებთ მას და რასაც ეძებთ, ის ადამიანურ ურთიერთობებში არ იმალება, ის გადაფარულია ამ ცხოვრებით, ზედაპირით, ხმაურით, სოციალური სტრუქტურებით... ნამდვილი არსებობს და ის სიღრმეშია, როგორც აისბერგის წყალქვეშა ნაწილი. თუ გსურთ, აღმოაჩინოთ, რა იმალება იქ, თქვენ უნდა ჩაყვინთოთ იქ, როგორც გაბედულმა მყვინთავმა.
თავის დასამშვიდებელი აბების ძიება - ამ სამყაროს ნიშანია და ილუზიების კვების წყარო. პოზიტივის აკვიატება - აგრეთვე არაჯანსაღია მაშინ, როცა გეტირება და სევდიანი ხარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაჯდე და მოთქმით იტირო და ნეგატივი გაიძლიერო. ეს ნიშნავს, რომ გამოიკვლიო შენი სევდის მიზეზი. სინამდვილეში საიდან იღებს სათავეს შენი სევდა? როგორ უნდა დაშორდე იმას, ვინც გიყვარს? ეს ხომ მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არ არის? თუ თქვენი სიყვარული „გეოგრაფიულია“ და ამართლებ ფრაზეოლოგიზმს: „თვალი თვალს რომ დაშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო“, - მაშინ ისიც უნდა აღიარო, რომ ურთიერთობა დაფუძნებული იყო პირობებზე, მერე ვიღაცამ შენი პირობა ვერ დააკმაყოფილა, ან შენ ვერ დააკმაყოფილე იმის პირობა და დაშორდით, ახლა რაზე ღელავ? თუ სიყვარული იწურება, ურთიერთობა უმტკივნეულოდ სრულდება და თუ გტკივა, გიყვარს...
დაე, გიყვარდეს და გტკიოდეს და გდიოდეს ჭრილობიდან განუწყვეტელი სისხლი; ან დაე, იყოს ის მეორე ნაპირზე და თქვენ შორის ოკეანე ბორგავდეს... შეგიძლიათ მიიღოთ ასეთი სიყვარული? უპირობო... და არა რაღაც პირობებზე დაფუძნებული („თუ ასე არ მოიქცევი, წავალ და თუ ამას არ გააკეთებ - მე წავალ...)? სწორედ ასე შეძლებთ აღმოაჩინოთ ნამდვილი თქვენს არსში... არ გაექცეთ სიყვარულს! ლოგიკით ამ ამბავს ვერ ჩაწვდებით; ვიცი, რომ 1001 არგუმეტი შეგიძლიათ მითხრათ, რატომაც არ უნდა მიიღოთ სიყვარული და გეტყვით, რომ მართალი ხართ! მაგრამ განა ეს თქვენს სულს დაამშვიდებს? დაამსხვრიეთ სტერეოტიპები სიყვარულზე, ის ჩვევა არ არის და ვერ შემოსაზღვრავთ! ნამდვილი სიყვარული არის ეგოს დაძლევა... განა ეგოს გაქრობა? არამედ პიროვნულის გადალახვა და მიღმა გასვლა... სადაც სხვა პეიზაჟებია, სხვა ჯადოსნობა, სხვა სივრცე და არავითარი კითხვები....
ეს ლექსიც ამაზეა სწორედ!
ნუ გამოიცნობთ... 🌺🌸🌺 ნუ გამოფენთ სარეცხივით, _ გამოშრება... ნუ გადაცურავთ, _ მას არა აქვს მეორე ნაპირი... ნუ გადალახავთ, _ მას არა აქვს საზღვარი... ნუ პოულობთ, _ ის არასოდეს დაკარგულა... ნუ აფრიალებთ დროშასავით, _ მან არაფერი იცის გამარჯვებების და დამარცხებების შესახებ.... ნუ ჩაძირავთ, _ ის არასდროს არ არის ზედაპირზე... ნუ აღვიძებთ, _ ის სულ ფხიზლობს... ნუ მოჰყვებით, _ ამბავი არ არის... ნუ ებრძვით, _ ის გნებდებათ... ნუ გამოიცნობთ, _ ის გამოცანა არ არის... ის _ საიდუმლოა...
ცირა ბარბაქაძე
ცენტრად ვერაფერს ვერ ვაქცევთ... ვერც საკუთარ თავს... რადგან ის შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს და დარჩებით მერე ისევ უცენტრო და და-ცენტრილი.
Commenti