„if you can’t measure it, it doesn’t exist"
რისთვის ვიბადებით როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს თითოეულ ადამიანს?
არ არსებობს ადამიანის გაჩენის წინასწარგანზრახული მიზანი. არავის არანაირი როლი არ აქვს წინასწარ მინიჭებული. შემდგომ, ცხოვრების განმავლობაში ყველა ვირჩევთ ჩვენს როლებს, ან გარემო გვირჩევს.
რა მომენტში ხარ ხოლმე ყველაზე ბედნიერი?
თუ ძალიან დაღლილი ვარ - დასვენების დროს, თუ ძალიან მშია - ჭამის დროს, თუ ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიან(ებ)ი დიდი ხანია არ მინახავს - შეიძლება მისმა/მათმა ნახვამ გამაბედნიეროს და ა.შ. ზოგადად, ვცდილობ მცირე რაღაცებითაც გავიხარო.
რა არის შენი აზრით ბედნიერება?
ბედნიერება არჩევანია. სინამდვილეში ჩვენ, ადამიანები, ვირჩევთ ვიყოთ თუ არა ბედნიერები. ჩვენ ბედნიერება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ უმთავრესი - ჩვენი აღქმაა.
რა აზრი აქვს ცხოვრებას?
თავისთავად არაფერი, თუ ჩვენ თავად არ ვიპოვეთ აზრი. რასაც ვიპოვით - ის აზრი აქვს ზუსტად. ჩემთვის ცხოვრების აზრად ისიც საკმარისია, რომ მეგრული სამზარეულო არსებობს და მისი ჭამის ბედნიერება მაქვს.
რა არის შენთვის ყველაზე ამოუხსნელი?
ჯერჯერობით, რიმანის ჰიპოთეზა, რომელიც უარყოფს მარტივი რიცხვების განაწილების შემთხვევითობას და ამტკიცებს, რომ მათი განაწილების აღწერა სპეციალური ზეტა ფუნქციით შეიძლება. რამდენიმე ტრილიონ მარტივ რიცხვთან მიმართებით ეს ჰიპოთეზა დასტურდება, თუმცა ჯერჯერობით მეცნიერება ვერაფერს ამბობს მის საყოველთაოობაზე - ანუ იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა მარტივი რიცხვი ამ კანონზომიერებას ემორჩილება.
რა დამოკიდბეულება გაქვს სიყვარულთან?
მშვენიერი - ბევრი ადამიანი მიყვარს და, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრსაც ვუყვარვარ.
რა სჭირდება ადამიანს განვითარებისთვის?
უპირველეს ყოვლისა - სურვილი, რომ განვითარდეს.
როგორ უნდა ეძებოს თავისი თავი ამ სამყაროში?
კითხვითვე გიპასუხებთ - რატომ უნდა ეძებოს? რა მიზნით?
რა გზები იცი ჭეშმარიტებისკენ მიმავალი?
სამყაროში ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს - არსებობს მხოლოდ ჩვენი აღქმა ამ ჭეშმარიტებების. შესაბამისად, მისკენ მიმავალი გზებიც იმდენია, რამდენი ადამიანიც არსებობს. მე, პირველ რიგში, განათლებას დავასახელებდი - განათლება გვათავისუფლებს.
თავისუფალი ნება ნამდვილად გვაქვს?
ამ ფრაზის სრულყოფილი გაგებით, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. აბსოლუტურად თავისუფალი ნება აქვს მხოლოდ ახლად დაბადებულ ბავშვს. მას შემდეგ, როცა ვიზრდებით, სოციალური გარემო გარკვეულ შეზღუდვებს გვიწესებს და გარკვეულ ჩარჩოებში გვსვამს, რასაც ვემორჩილებით. როგორც ერთი ჩემი ლექტორი იტყოდა, „თქვენი თავისუფალი ნება იქ დამთავრდა, როცა დედამ შარვალში ჩასვრა აგიკრძალათ და მიგითითათ ადგილი, სადაც ეს უნდა გაგეკეთებინათ“.
რა ადგილია დედამიწა შენთვის?
პაწაწინა, ატომის ზომის (შეიძლება უფრო პატარაც) წერტილი უზარმაზარ სამყაროში.
ერთმა ბრძენმა რა თქვა?
ერთმა ბრძენმა არაფერიც არ თქვა და სწორედ ამიტომ იყო ბრძენი.
რა არის ამ სამყაროში ყველაზე ლამაზი?
რაც მინახავს, ასტროფოტოებს დავასახელებდი, განსაკუთრებით - ჰაბლის ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოები. ამაზე ლამაზი მართლა არაფერი მინახავს - ადამიანის წარმოსახვაც რომ ვერ გასწვდება ხშირად, ისეთია.
როგორი ქალია მშვენიერი?
განათლებული. და არამხოლოდ ქალი - ყველა ადამიანი.
საყვარელი ფრაზა?
„if you can’t measure it, it doesn’t exist"
Comments