ჩვენ არ გვსურს ყველაფერი ისე იყოს, როგორც გვინდა.
რამდენიმე თვეა ერთ სცენარზე ვოცნებობ, ზედმიწევნითი სცენარია. რეალობამ - ვერაო, და დამესიზმრა…
სიზმარში ზუსტად ის იყო რასაც გონებით სულ ვატრიალებდი. მთელი სცენარი ჩემი სურვილისამებრ განვითარდა.
და, მოვიწყინე, ვერაფერს ვგრძნობდი.
შემზარავიც კი იყო, თითქოს მარტო მე ვარსებობდი და ჩემი წარმოსახული სცენარი.
კი ვამბობთ ეს ცხოვრება ილუზიააო, მაგრამ რამხელა შვებას მგვრის როცა გარემოც ახდენს ჩემზე, ჩემს სურვილებზე და სცენარებზე გავლენას.
ადრე ვწერდი, ღრუბლებს რომ ვუყურებ და უცებ, ჩემსა და ღრუბლებს შორის ჩიტი გაიფრენს თვითნებურად, თავისი გზით და ხედს შემიცვლის.
ხომ არის ისეთი მომენტები, ბევრი მარტოობისგან საკუთარი სუნთქვაც რომ მოსაწყენი ხდება და სადაცაა გაიპარები სხვა სამყაროში, საკუთარი აზრებიც რომ მოსაწყენი ხდება და ფიქრს აჩერებ.
საიდანაც ადამიანები გავრბივართ - მოწყენილობაა.
ხოდა, მერე უცებ ვინმე რომ გამოჩნდება ჰოროზონტზე და თავის სიტყვებს იტყვის, თავისებური ტონით, ჰარმონიით, სუნთქვით, სტილით, ჟღერადობით და ა.შ რა ლამაზია ღმერთო ამის ყურება.
მარტოობა კიდევ ამიტომაც ღირს ხოლმე, რომ მომენატროს… არსებობა ჩემს იქითაც.
Comments