top of page

"გუშინდელი დღე ისტორიაა, ხვალინდელი დღე - საიდუმლო, დღევანდელი კი საჩუქარი" კუნგ-ფუ პანდა

გიფიქრიათ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მსოფლიოს გადარჩენა?


რაღაც წინადადებები ხანდახან ისე ჩაგვესმის როგორც პოეზია, ან მოტივაცია. ვეძებ ხოლმე რეალურ მიზეზებს საიდან მოდის ამ აზრების საფუძველი. უბრალო ქარაგმები არ არსებობენ.


"სიბრძნის სიმფონიიდან" დამამახსოვრდა ფრაზა "ადამიანის პირველი მოვალეობაა იყოს ადამიანი", მეხსიერება რისი მიღებისთვისაც არის მზად მხოლოდ იმას იღებს, ძალის დატანება უბრალოდ სიხარბეა დაეუფლო იმას რაც შენი არაა.


ჩემი ლექტორი ვალერი ასათიანი, ბერძნულ კულტურას და ცივილიზაციას გვასწავლიდა, ელინიზმს და ბიზანტინიზმს. სანამ ლექციის წაკითხვას დაიწყებდა გვეუბნებოდა "მეგობრებო, ახლა რასაც მოგიყვებით, თქვენ ეს ყველაფერი უკვე იცით, მე უბრალოდ გახსენებთო" პირველ რიგში, ამით გამოხატავდა ჩვენდამი პატივისცემას, და მეორე, ამაში მოიაზრებდა საიდუმლოს, რომ თითოეულ ადამიანში ჩადებულია მთელი სამყაროს ცოდნა. საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს ამ ცოდნის გახსენებას, და სამყაროს გადარჩენაზე ფიქრი მხოლოდ შემდგომი ეტაპია.

....................................................................

მულტფილმმა კუნგ-ფუ პანდამ უამრავი რამე გამახსენა და დამარწმუნა. გირჩევთ რომ უყუროთ, მანამდე კი ჩემს მცირე ანალიზს შემოგთავაზებთ.


კუ - ყველაზე უხუცესი და ბრძენი, ყველაზე ნელი და ზოზინა. კუ ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლოა. ხანგრძლივი ცხოვრების დროს შესაძლებელი ხდება დიდი გამოცდილების დაგროვება, ამასთან, უამრავი დაბრკოლება და მათი გადალახვის აუცილებლობა. ის ვინც ყველაზე ნელა გადის გზას, რომლისგანაც არავინ არაფერს ელის, ხდება უხუცესიც, ბრძენიც და უძლიერესიც. გიფიქრიათ რატომ ხდება ზღაპრებში, წიგნებში, მულტფილმებში, ყველაზე პატარები და უსუსურები რომ აღწევენ ყველაზე მეტს.. ორმაგად უჭირთ თავის თრევა და ეს გაჭირვება მათ გაწვრთვნას და დახვეწას აიძულებს.


პანდა - მთავარი გმირი, ყველაზე ზარმაცი, მძინარა, მოუხერხებელი არსება. კუ მას ირჩევს მხსნელად. პანდა მაშინ აღწევს თავისი თავის სრულ დანიშნულებას და რეალიზებას, როდესაც იხსენებს ვინ არის სინამდვილეში, იხსენებს თავის პანდობას და ვინაიდან ფრინველმა გაზარდა, დიდობაში მოუწევს ხელახლა ისწავლოს რას ნიშნავს პანდად ყოფნა, მოუწევს დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ ბუნებას. პანდა პანდას არ აღუზრდია, ეს სიმბოლურად გამოხატავს, რომ გარკვეულ ასაკამდე მოგვყვება ძველი ჩვევები, კარმა, გარემო, შთაგონება, გარედან მიღებული ცოდნით ამოვსება შინაგანის, და თუ ჭეშმარიტი ბუნების ერთგული რჩები და არ წყვეტ ძიებას, ოცნებას და მცდელობას, იმსხვრევა ფასადი და იხსენებ საკუთარ თავს, ვინც ხარ სინამდვილეში. ამას უსაზღვრო შესაძლებლობამდე მიყავს ადამიანი, რადგან თითოეული არსება რეზერვუარია უსაზღვრო სინათლის და ენერგიის.


როგორ იხსენებს პანდა თავის თავს - წავა სამშობლოში პანდებთან, პირველი რასაც გააკეთებს გორაობაა, ბევრი ძილია, ბევრი ჭამა, ღრმად მოდუნება. ესაა მათი საიდუმლო, პანდების, ასე ეუფლებიან დიდ ენერგიას, საკუთარ თავად ყოფნაში იღებენ ენერგიას.


დრაკონი - როგორც დიდი და ძლიერი სულის სიმბოლო. მესამე ნაწილში პანდა ხვდება სულეთის სამყაროში და აღმოჩნდება რომ ის მორიგი განსხეულებაა პანდას სახით, მისი სული კი ძველი ძლიერი და დიდია. ეთერული დრაკონის სიგრძე კი ამ ბევრჯერ რეინკარნირებულ სულს გამოხატავს. ეს ხდება მაშინ როცა ჩვენი მძინარა და უქნარა არსებიდან გავიხსენებთ ჭეშმარიტ ბუნებას, სულის გზას და ვუბრუნდებით გულის ცენტრს, სწორედ ეს ხდის ადამიანს უძლეველს.


ლაიტმოტივი - პანდა სულ ინარჩუნებს იუმორს, მხიარულებას, არის საყვარელი და ბავშვური, ეს მიანიშნებს მის გულზე, რომელიც კეთილი თბილი და დიდია. კეთილი გული და სიკეთისკენ სვლა - აუცილებელი გზაა სულისთვის, მხოლოდ ასე შეძლებ დიადი საქმეების გაკეთებას. "მკვირცხლი ჭკუა მაინცდამაინც არაფერი სასარგებლოა, თუ ჭეშმარიტ გზაზე არ დგას" - ვოვენარგი.


მასწავლებელი - პანდა ეკითხება მასწავლე როგორ ვიყო შენსავით ძლიერიო, მასწავლებელი პასუხობს, "შენ არ უნდა იყო ჩემსავით ძლიერი, მე შენ გასწავლი შენ თავად ყოფნას, როგორ იყო შენი თავი". ესაა ჭეშმარიტი მასწავლებლის მისია მოსწავლისთვის. თუ ვინმესთვის დახმარება გსურს, უნდა დაეხმარო საკუთარი თავის პოვნაში და საკუთარ თავად გახდომაში.


ბევრი სწავლული აკრიტიკებს ოშოს თავისი ცხოვრების წესის და ორაზროვანი საუბრის გამო. ოშო ამბობს რომ შენ უნიკალური ხარ და საკმარისი ხარ, არ გჭირდება ვინმედ ან რამედ გახდომა, შენ სრულყოფილი ხარ. ამას იაზრებ, გიჩნდება სიყვარული საკუთარი თავის მიმართ და ეს სიყვარულია რომელიც გეხმარება თავის ძიებაში, აღმოჩენაში, ახალი უნარების და თვისებების, ნიჭის პოვნაში.


პანდას მესამე ნაწილში ერთი უარყოფითი პერსონაჟი იყო, რომელიც ცდილობდა ყველას ენერგია მიეთვისებინა, თუ კი რამე ძალა და ენერგია არსებობდა ყველაფერი სურდა მას ქონოდა. ართმევდა სხვებს და არ უფიქრია რომ თვითონაც შეეძლო ყოფილიყო დიადი. კუ ამბობდა რომ ბევრი დიდი ენერგიის ავსება ბევრსაც გაკარგვინებს. ბოლოს პანდა აძლევს იმდენს რამდენიც უნდოდა და ის სკდება, ნაწილებად იშლება, ქრება, ეს კი სიმბოლოა იმის - როცა არ შეგიძლია სულის გზა გააგრძელო და უკეთესი გახადო მსოფილიო შენი არსებობით ყოველ ჯერზე, არამედ იყო სულმოკლე, არსებობდე მხოლოდ საკუთარი თავისთვის და საბოლოოდ გაქრე, უკვალოდ.


ნამდვილად დიადი სულის მაშინ ხარ როდესაც შეგიძლია თავი გაიქუმო, გაწირო სიყვარულისთვის, ანუ იმაზე მეტისთვის ვიდრე საკუთარი თავია. დეილ კარნეგი ამბობდა რომ თუ გინდათ ადამიანს საუბრის დროს თავი კომფორტულად აგრძნობინო დაივიწყე საკუთარი თავი და იქეცი სმენადო, დაინტერესდი მისით ბოლომდე და იგრძნობს რომ მნიშვნელოვანია. ამ დავიწყებაშიც საკუთარი თავის გუაქმებაა, თავგანწირვაა.



მადლობა თუ წაიკითხეთ სტატია, შევეცადე ჩემი ხედვა და ანალიზი გამეზიარებინა არაჩვეულებრივი მულტფილმის "კუნგ-ფუ პანდას" მეშვეობით.


სოფო სუდაძე.


246 views0 comments

 

 

Copyright © 2019 Interview

- (2).png
bottom of page