top of page

ისე მიყვარს სახლი, როცა შინ ვარ, მაშინაც შინ მინდა

***

ვინმეს რომ ეთხოვა,

ჩემი ერთი დღის მოყოლას სულაც არ დავიწყებდი თვალის გახელიდან და არ გავაგრძელებდი  ,,გაცვეთილი,,  მადლიერების გამოხატვით კიდევ ერთი დილის გათენებისთვის, კიდევ ერთი დღის სიცოცხლისთვის, რადგან, ზოგჯერ, ცხოვრება ისეთი მომხიბვლელი სულაც არაა, რომ მისი გაგრძელებისთვის გაცნობიერებული მადლობები ვიხადო,თუმცა, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ზოგჯერაა ასე და არა ყოველთვის...


არ მოვყვებოდი ჩემი გულითადი კბილის ჯაგრისის შესახებ, რომელიც ჯერჯერობით მართლა ყველაზე გულითადი  ,,მეგობარია“- ყოველთვის იქ მხვდება სადაც დავტოვე, ყოველთვის მზადაა ჩემ დასახმარებლად და ურთიერთობასაც ყოველთვის იქიდან ვაგრძელებთ, სადაც გავჩერდით.


არ გავამხელდი, რომ საპნის სუნზე კვლავ ისე მინდება მისი ჩაკბეჩა, როგორც ბავშვობაში, მაგრამ ვერ ვბედავ(დარწმუნებული რომ ვიყო ამ ქმედებას სლოკინისა და პირიდან ბუშტების ამოშვების მეტი არაფერი მოყვება, როგორც ეს ,,ფიფიქია და შვიდ ჯუჯაშია“ აუცილებლად დავიკმაყოფილებდი ამ მოთხოვნილებას).


საუზმობა ხომ მოსაყოლადაც არ ღირს, ამიტომ დავიწყებდი ეზოდან გასვლის წამიდან, რადგან დღის ყველაზე უსიამო მოვლენა სახლიდან გასვლაა, კარის გახურვა და წასვლა, დროებით, მაგრამ  მაინც წასვლა ყველაზე მყუდრო ადგილიდან, ყველანაირი თვალსაზრისით.. მერე ქუჩა, ყვითელი ავტობუსი ყველაზე არაყვითელი განწყობით და გზად ,,მიცვალებულთა ქალაქი“-ქინძისთავის ჩხვლეტა გულთან და დანაშაულის შეგრძნება, რომ იქ მეგობრის მამა განისვენებს...


მერე მეტრო და ნაცნობი სახეები, ნაცნობში ალბათ იმას ვგულისხმობ, რომ გამოუძინებელი თუ მთვლემარე, გადაღლილი თუ დასვენებული, დაღდასმული და იშვიათად, ძალიან იშვიათად ბედნიერი სახეები ერთმანეთს გვანან და მეც მგონია, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე ადმიანებთან ერთად ვმგზავრობ.


თითქმის ყოველ დღე ვხვდები ნასაუზმევ და ამის გამო ლოცვის წაკითხვავერმოსწრებულ მორწმუნეებს (აქ შეგიძლიათ ,, ’’ ივარაუდოთ) ,,ლოცვანით’’ ხელში, მასობრივია ინგლისურის xerox-ები და სისხლისფერი კოდექსები ასევე სისხლისფერი  თვალები რომ იზეპირებდნენ მთელი ღამე, აღარაფერს ვამბობ ,,სპორტში’’ (გაზეთია) და i-phone-ებში, pad-ებსა თუ pod-ებში ჩამძვრალებზე.


ირონია იქით იყოს და მხვდებიან ადამიანები ისეთი ფეხსაცმლით, მრავალჯერადი შემოკერვის შედეგად ნემსის გასაყრელი ადგილი რომ აღარ დარჩენილა და მე თვალებს ვხუჭავ... ყოველ სადგურზე პროფესიონალი მათხოვარი რომ შემოდის და არანაირ ადამიანურ გრძნობას არ აღმიძრავს, ამაზე ლაპარაკი არ მსურს, სამაგიეროდ გულში ლოდად და თვალებში სევდად მაქვს მოწყალების მთხოვნელი თეთრწვერა მოხუცი, უკიდურესი გაჭირვებისგან გაუბედავად რომ გაუწვდია ნაოჭიანი ხელი და თვალებში ეკითხება: უკიდურესი გაჭირვება ადამიანობაა! თბილ სევდად მეღვრება უნივერსიტეტის წინ მჯდომარე ყვითელქურთუკიანი და წითელშარვლიანი მოხუცი, ცხოვრებისფერი გარმონით ხელში ნაცნობ მელოდიებს რომ აჟღერებს. ასევე, ამავე უნივერსიტეტის ეზოში მოსიარულე, უფრო ზუსტად მობოდიალე, თავისებურად უცნაური თუ უცნაურად თავისებური კაცი ზენიტის აპარატით ხელში შავ-თეთრი სურათების გადაღების მსურველთ რომ დაეძებს i-phone-ების ეპოქაში..


რა თქმა უნდა მსურველი ცოტაა, რადგან შავ-თეთრი ფოტო დაბერილ ტუჩებს ანუ ფოტოს მთავარ ღირსებას სათანადოდ არ წარმოაჩენს,  განწყობისთვის, სამახსოვროდ  და თუნდაც თავისებურად უცნაური ზენიტიანი კაცის ლუკმაპურისთვის კი ფოტოების გადაღება მოდაში არაა, თან გარდასულ საუკუნეთა ასოციაციას იწვევს, იმ უცნობ,  დღევანდელი გადასახედიდან ,,ბნელ’’ ეპოქაში დაბრუნება კი, თუნდაც მხოლოდ სურათის ფერით ახლგაზრდობას არ ხიბლავს.  დამაფიქრებლად კონტრასტულია წითელი, თეთრი და ყვითელი ვარდები და მათი გამყიდველი, ხან სიცივისგან მობუზული, ხანაც სიცხისგან გათანგული კაცი, გზად მიმავალს ყოველდღიურობას რომ გიფერადებს თავისი საქმით..


ზოგჯერ ბაზრის გზა და სიჭრელე ფერთა, სურნელთა, მყიდველთა და გამყიდველთა, ერთი და იგივე დიალოგი სხვადასხვა აქცენტით, კილოთი და თათრულ-ქართულ-რუსული სიტყვებით, ვაჭრები, სულით ვაჭრები და აქა-იქ მობუზული გლეხი გადამყიდველის თვალს გამორჩენილი  უბრალო, ჭიანი, ჯანსაღი და ყველა ღირსებით დაღდასმული სოფლის ნობათით.. მიხარია, რომ ყოველდღე განმეორებადი ეს და კიდევ სხვა მრავალი სახე თუ სიტუაცია ჩვეულებრივი და შესაბამისად შეუმჩნეველი არ ხდება, მიხარია, რომ ერთფეროვნება სულაც არაა ყოველთვის ერთფერი.


ბედნიერი ვიქნები, როცა ვიგრძნობ რომ უძლური არ ვარ და თვალებს კი აღარ დავხუჭავ, დახმარების ხელს გავუწვდი ადამიანებს.. პათეტიკურად ჟღერს ეს სურვილი?! მაშინ ასე ვიტყვი: ბედნიერი ვიქნები, როცა ბედნიერი სახეები მომრავლდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში.. მაგრამ, ამით ჩემი ერთი დღე არ დამთავრებულა, არ მითქვამს, რომ გზად კვლავ ჩემი ყოველდღიურობის ლაიტმოტივი ანუ ,,მიცვალებულთა ქალაქი’’ მაქვს გასავლელი და  ის უსიამო შეგრძნება ქინძისთავის ჩხვლეტას რომ არქმევ და მახათისას უფრო ჰგავს, მერე სახლი და მთელი დღის ტვირთისა და დაღლის ზღურბლს იქით დატოვება და ფიქრი: ისე მიყვარს სახლი, როცა შინ ვარ, მაშინაც შინ მინდა და  ჩაღიმება საკუთარ თავზე...



24 views0 comments

Comments


bottom of page