top of page

მზე არ მოძრაობს - ლეონარდო და ვინჩი

ბუნების საიდუმლოებების მკვლევარი ☀ ლეონარდო და ვინჩი

მე-16 საუკუნის დასაწყისი (ჩინკვეჩენტო), ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პერიოდი. გენიის უეცარი აღზევება - ლეონარდო და ვინჩი.


ლეონარდო და ვინჩი ფიქრობდა რომ მხატვრის საქმე, ხილული სამყაროს შესწავლა იყო, ოღონდ მეტი სიღრმით და სიზუსტით. სწავლულთა მწიგნობრული ცოდნა არ აინტერესებდა. შექსპირის არ იყოს, მან იცოდა "ცოტა ლათინური და უფრო ნაკლები ბერძნული".


ფერმწერი ლეონარდო საკუთარი თვალით შემოწმების გარეშე არასდროს შეიწყნარებდა წაკითხულს. როდესაც რაიმე პრობლემას წააწყდებოდა, პასუხს ავტორიტეტებთან არ ეძებდა, ცდილობდა მის გადასაწყვეტად ჩაეტარებინა ცდა თვითონ.

  • ბუნებაში არაფერი იყო, რაც მას ცნობისმოყვარეობას არ აღუძრავდა და რამეს არ გამოაგონინებდა.

  • ადამიანის სხეულის საიდუმლოთა გამოსაკვლევად მან ოცდაათი გვამი გაკვეთა;

  • ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია საშვილოსნოში ბავშვის ზრდის საიდუმლო.

  • იკვლევდა ტალღებისა და ნაკადების კანონებს;

  • წლების განმავლობაში აკვირდებოდა და აანალიზებდა მწერებისა და ფრინველების ფრენას, რაც მფრინავი მანქანის გასაკეთებლად უნდა გამოსდგომოდა, რასაც, მისი რწმენით, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შეძლებდა.

  • კლდეებისა და ღრუბლების მოყვანილობა, ატმოსფეროს გავლენა შორეული საგნების ფერზე, ხეებისა და მცენარეების ზრდის კანონები, ბგერა ჰარმონია - მისი გამუდმებული ძიების საგანი იყო და საფუძვლად უნდა დასდებოდა მის ხელოვნებას.

  • ლეონარდო ცაცია იყო, და მარცხენა ხელით მარჯვნიდან მარცხნივ წერდა; ასე რომ, მისი ჩანაწერების წაკითხვა მხოლოდ სარკის საშუალებით ხერხდება.

თანამედროვეების თვალში ლეონარდო ძალიან უცნაური და საშიში ვინმე გახლდათ. ეთაყვანებოდნენ როგორც დიდ ხელოვანს, მასზე დიდი მოთხოვნილება იყო, როგორც შესანიშნავ მუსიკოსზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი იდეების მნიშვნელობა ან მისი ცოდნის ხარისხი ცოტას თუ ესმოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ

  • ლეონარდოს თავისი ნაწერები არასოდეს გამოუქვეყნებია და მათი არსებობა ძალზე ცოტა ვინმემ თუ იცოდა.

მის ნაწერებში ვხვდებით ფრაზას "მზე არ მოძრაობს", რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლეონარდო წინ უსწრებდა კოპერნიკის თეორიას, რომელმაც მოგვიანებით გალილეო დიდ გასაჭირში ჩააგდო. ისიც შესაძლებელია, რომ იგი ყველანაირ კვლევასა და ექსპერიმენტს მხოლოდ თავისი უშრეტი ცნობისმოყვარეობის გამო აწარმოებდა და,

  • როგორც კი თავისთვის გადაწყვეტდა რაიმე პრობლემას, მის მიმართ ყველანაირ ინტერესს კარგავდა, რადგან ამქვეყნად კვლავ უამრავი საიდუმლო რჩებოდა გამოსაცნობი.

ბუნების გამოკვლევა მისთვის გახლდათ გზა ხილულ ბუნებაზე ცოდნის დაგროვებისა, რაც თავისი ხელოვნებისთვის გამოადგებოდა. იგი ფიქრობდა, რომ, მეცნიერებაზე დაფუძნებით, მისთვის საყვარელ ფერწერის ხელოვნებას მოკრძალებული ხელობიდან საპატიო და კეთილშობილურ საქმედ გადააქცევდა.


ცნობილია, რომ ლეონარდო ხშირად ვერ ახერხებდა დაკვეთის დასრულებას. იგი იწყებდა სურათს, მაგრამ, დამკვეთის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მას არ აბოლოვებდა. ის ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, დამთავრებულია ნამუშევარი თუ არა; თანაც მას მანამდე არ უშვებდა ხელიდან, სანამ კმაყოფილი არ დარჩებოდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ

  • ლეონარდოს მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარია დასრულებული.

ლეონარდო ერთ ადგილას ვერ ისვენებდა - ფლორენციიდან მილანში გადადიოდა, მილანიდან ფლორენციაში. საბოლოოდ იგი მეფე ფრანსუა I-ის კარზე იყო საფრანგეთში, სადაც უფრო აღფრთოვანებით უყურებდნენ, ვიდრე ესმოდათ მისი, და იქვე გარდაიცვალა კიდეც 1519 წელს.


სამწუხაროდ, ლეონარდოს მოწიფულობის ხანის რამდენიმე ნამუშევარმაც კი, იშვიათი უბედობის ძალით, ჩვენს დრომდე ძალზე ცუდ მდგომარეობაში მოაღწია.

შემდეგი სტატია იქნება "საიდუმლო სერობის" შესახებ.

წყარო: E. H. GOMBRICH / The Story of Art

72 views0 comments

Komentáře


bottom of page