top of page

რა წერია სუფთა ქაღალდზე / ბესიკ ხარანაული / ნაწილი I

რა წერია სუფთა ქაღალდზე

***

ადამიანი

თავის სახლშიც კი იკითხავს ხოლმე ხანდახან:

- საიდანა ვარ

და აქ რად ვარო?

ნუთუ ასე შორი მგზავრია?!


ბავშვობის შემდეგ,

წლების შემდეგ,

დიდი ხნის შემდეგ

მე კვლავ აქ ვწევარ,

ჩემს ძველ ბინაში

და კვლავ ვუყურებ ცას,

რომლისთვისაც

წლებს ვერაფერი ვერ დაუკლიათ,

მაგრამ ცხოვრება ის აღარ არის.

არც ძველი სახლის ფიცრებია კვლავინდებური,

თუმცა ლამაზად დაძველებულან,

რადგანაც წმინდად მოუხდიათ თავისი ვალი

ბუნების მიმართ.

ისინი მშვიდად უდრტვინველად

იფენდნენ გულზე

თოვლს, მზეს და წვიმას,

ამიტომ მათი სახეც და ფერიც

ბუნებრივია

და მშვენიერი.

და შენც რომ თავი შეადარო,

შენც რომ მოგინდეს

ახსენო

ქარი, წვიმა, თოვლი,

რომლებისთვისაც

თითო ფურცელი სიყმაწვილის შეგიწირია,

აბა დაფიქრდი,

განა შენც ასე

წმინდა იყავი იმ სამის მიმართ?

მოუთმენლობით,

გაუძლებლობით

აღბეჭდილია შენი ცხოვრება.



დავბერებულვარ,

აღარაფერს ხატავს ფიქრი

იმ ცის ნაჭერზე.

ჩემი ოცნებაც

ძველ ღობეებს ელამუნება,

რადგანაც იცის,

რომ ისინი არ გაკაწრავენ,

იმდენჯერ ისხდნენ

მათ წვერებზე

თოვლი, მზე, წვიმა...

და ნუ დაუწყებ

შენს კვალს ძებნას

ამ ადგილებში,

კაცი რომ წავა,

მისი სუნიც აიკრიფება,

ძველ ადგილებს კი

შეუძლიათ გამოგწურონ ის ბოლო ცრემლი

შენი თავისთვის რომ ინახავდი.


ასეთია კაცის ცხოვრება,

თოვლს, მზეს და წვიმას

გრძნობს ხელისგული

ამ ძველ ფიცრებში

და უხარია...

თოვლს, მზეს და წვიმას

თავისი თავი

დაუხატიათ აქ და

წასულან,

არ შეუცვლიათ მათთვის ფანქარი,

არც ერთი ბწკარი

არ წაუშლიათ!

ფიქრი წარსულზე

შეღავათიან გახსენებებში...


რატომ ვსწორდებით,

ძველ ადგილებს როცა ჩავუვლით?

წელში ვიშლებით,

ვიმართებით,

და სადაც გვინდა შეგვარცხვინონ,

ოღონდ - აქ არა!

რად უყვარს საწყალ ადამიანს

იმის მტკიცება,

რომ ტყუილად არ უცხოვრია,

რას მისცემს

ძველი ღობეების აღფრთოვანება?

ო, ძველო დედავ,

შენ მოქსოვე

ჩვენთვის ეს ბადე,

ძველო ობობავ,

შეგვისრუტე და გაათავე!


თითქოს

ერთხელ დაწერილს წერდე,

თითქოს შენი ნიჭი ის იყოს,

რომ გააცოცხლო ის სიტყვები,

ოდესღაც რომ გაიბრწყინეს

ლურსმნის თავებად.

რა წერია სუფთა ქაღალდზე?

შენ თუ მეტყვი,

რა წერია სუფთა ქაღალდზე?

თოვლი, მზე , წვიმა,

თოვლი, მზე , წვიმა...

მივარაკუნებ

ღობეებზე ჯოხს და მივდივარ

უპასუხოდ დატოვებული.

მე კი არ მინდა,

რომ ასე ვიყო,

რადგანაც ის ადგილები,

ბავშვობა რომ გამილევია,

ნობათს რაიმეს კი არ მთხოვენ

არამედ პასუხს!

რა ვუპასუხო?

შეხედე ერთი,

რა ლამაზი მთა და ბარია,

მე აქ აღვიხვენ მზის სხივები

ჩემს ბავშვობაში,

თორემ მერე სად შემხვედრია!

რა ვუპასუხო?

შენ არ უთხარი არაფერი

ჩემზე უფრო პატიოსნად დაყრილთ მუხლებზე,

არსად,

არც ერთ საუკუნეში

და იქნება მე,

უბირსა და ჩვეულებრივს,-

როგორც გლახაკს აჯილდოვებენ

მდიდრების ჯიბრით-

გამცე პასუხი:

საიდანა ვართ

და სად მივდივართ!


II


მართლაც ღირსი ვარ,

რომ თქვან ჩემზე -

აი სულელი,

კარგად იცის,

რომ ჩვენს პასუხს ვერ ეღირსება,

მაგრამ მაინც

იმავ კითხვით

კარს მოგვადგაო,

განა ყოველი დაჟინება

ნაყოფს მოიტანს?!

რამდენჯერ უნდა მოხვდეს დინგში

და უკან გაქცეულს

რამდენჯერ უნდა მივაყოლოთ

სახრე ფეხებში?

მგლის ქვეშა დევს

იგი პასუხი!


ჩემი გვამი კი

სავსე არის შეკითხვებით

და აქ იმ მიზეზის მოვყავარ სწორედ,

რა მიზეზითაც სულელი ვარ.

მითხარით, აბა,

რომელი გიჟი დაკარგავს გზას

მამის სახლისკენ

რაკი ერთხელ გეში აიღო?

თუნდაც მამამისს

გაგონებაც არ სურდეს მისი,

ის მაინც მოვა,

რადგან იცის,

რომ ყოველი რაც მას აკლია,

იმ ჭერქვეშ არის.

და თუნდ ძაღლებს დააგლეჯინონ

ასჯერ, ათასჯერ,

ის მაინც მოვა,

მისი ბილიკი

ბალახით არ დაიფარება.


ერთი შემხედე

განა ასეთი გინდოდი შენ,

როცა შექმნისთვის

ჯიგარს იშლიდი?!


ისეთია ჩემი ფიქრები,რომ ვგრძნობ,

ვერსად წამიყვანენ,

არაფერს ახალს არ მაჩვენებენ,

ისევ იმ ძველი გზით

კვლავ ჩემს თავში შემიძღვებიან.

ძველ გახსენებებს

ფრთებივით თუ ავაფრთხიალებ,

იქვე ქვასავით დავეცემი,

ბავშვობას თუ გადავუდექი?

- ჩემო ბავშვობავ,

კვლავ შემოავლე

შენი ნეკნები

ჩემს სულს,

რომელიც

ძველ ჭურჭელშია გაწყალებული!

რაა ბავშვობა?

ათიოდე გახსენებას ჰქვია ბავშვობა?

- ასე მკვლელიც გამოიწვევს

თავის მსხვერპლის სულს -

თუ სურნელია,

რომელიც ვარდს არ უბრუნდება?

ჩვენ შევატოვეთ

ჩვენი ბავშვობა

დროს,

რომ აქამდის გამოვეშვით

და ახლა აქ ვართ,

აქეთ ნაპირზე,

ის კი,

ლამაზი და საწყალი,

იმ მხარეს დარჩა -

ეს სიკვდილზე უარესია.

და საერთოდ,

რა ნება გვაქვს,

რომ გავიხსენოთ

და ჩვენ ვთქვათ

იმაზე, ვინც სხვაგან წავიდა?

იგი მკვდარია,

იმისთვის, რომ ჩვენ გვეცოცხლა,

თავი დაჰგმო და გაუჩინარდა.

რაღაც ნაჭრევი ლოყაზე და

ხალი ბეჭებზე -

- აი ბავშვობა?

მან მოილია თავის გზა,

ითამაშა თავისი როლი,

ხომ ქრებიან

ყვავილები ნაყოფისათვის,,

რომ ახლა ამათ იბზრიალონ

დიდებულ მზეზე,

მაგრამ ხის ქვეშ რომ

მაკე ღორი დაიარება?

როგორ ვიყოთ დამშვიდებულნი?

რომ შევთქვლიფეთ

ჩვენი ბავშვობა,

სულ ვჩქარობდით,

სული გვისწრებდა

და

ვისაც იგი გაუგრძელდა,

იმას დავცინეთ!


III


აი, ჩემი გოლითი,

რომელიც არ გაწბილებულა.


დილაა,

ცაცხვი,

ათასობით რომ აუსხამს

უმტვერო ნამი,

ბინდბუნდიდან ნაბიჯს გადმოდგამს

და წამოვა

ჩემი ფანჯრისკენ.

წყლის ღმერთივით

ნამს დაიბერტყავს

და მერე,

მერე მისი ტოტები

მზეს ვერცხლისფერად დააჭრელებენ.

ცაცხვის თავზე ცაცა თითქოს უფრო შეზნექილია,

როგორც ჩვენშია ორმოები

ქალის მკერდისთვის.

ის მეფე არის თავის ეზოში

და სხვა ხეები

მის იღლიებს ეტმასნებიან.

სიმშვიდეა მის გამო ირგვლივ.

მაგრამ იმ ღამით?



ახლანდელ ცაცხვში

მე კვლავ აბა როგორ ვიხილავ

იმ ბავშვის თვალებს,

გაოცებით რო უცქეროდა

ქარიშხალით დარბეულ ტიტანს,

ჩევულ ღირსებით

თავს უკვე რომ ვეღარ იჭერდა

და ცოფთებოდა

და ქარიშხალს ემატებოდა

ის გახელებაც.


ეწერა ქარი.


ერეკებოდა

იგი ღრუბლებს

და აწვიმებდა,

და დიდდებოდა

მთის მდინარე

და გამორბოდა,

ნეტავი თქვენ,

ფერდობებზე

მდგარო სახლებო!

ვაი,

ჭალაში დაბმულ თიკანს,

დიდის ამბით რომ აბია ყელზე ბაწარი!

ვაი, წყლისპირის მამულებო!

ვაი, ქვრივის ნამუშაკევო!

ეწერა წყალი.

კიდითკიდე ეწერა წყალი.

და იკბინა თითზე იმან,

ვისაც წამოცდა:

”მდინარეები დაკნინდნენო”.

თვალს ტყუილადღა აყოლებდნენ

ძირიანად ამოთხრილ ხეებს,

წყალს მოჰქონდა

მკვდარიცა და ჭირისუფალებიც.



მაგრამ წავიდა.

მოსწყინდა და გაგავეცალა

და მდინარეც დაუბრუნდა

თავის კალაპოტს,

ხოლო როდესაც

ყოველივე დაშოშმინდა

და გაფერმკთალდა,

ზეცაც

ისე გადაიწმინდა,

რომ თუ სადმე კიდევ იყო

ღრუბლის ნაფლეთი,

ბავშვის სუნთქვა გადარეკავდა,

და მდინარის ნაპირებზე

დედაბრები

ნარიყს ქექავდნენ,

ფარული შიშით,

რომ სადმე გვამს არ გადაჰყროდნენ,

ცაზე გამოჩნდა

ვეებერთელა კითხვის ნიშანი

და ყველასთვის გახდა ნათელი:

მდინარეები ზღვებისკენ,

ხოლო კაცნი - სიკვდილისაკენ!


IV


რამდენიც ძილი,

იმდენიც ღვიძილი...

და რაა იგი,

რაიც გვაღვიძებს?

რა ძახილი,

ან რა სვეტი აღმოცენდება

ჩვენს დაბინდულ გონებისათვის.

ნათელი და მიმხმობელი თავის საფენთან,

თავის წინარე შუქის საცხებლად.

რა არის იგი,

რაიც გვაღვიძებს,

წამოგვყვრის და მიგვერეკება მერმისისათვის,

სანამ უკანასკნელ

სულის ნაფლეთს არ გამოვბოლქვავთ.

ბოლო კითხვას არ ამოვისვრით

და დავიძინებთ

ბოლო ძილით,

დავითუთქებით

სულ ყველაზე

მხურვალე და ხანგრძლივი კოცნით,

ისე რომ ჩვენ კი არ ვიქნებით

იმ კოცნისაკენ მიმსწრაფველნი

და იმ ტუჩთა შემწებებელნი,

ის იქნება

ბაგეებით ჩემი მძებნელი,

ბოლოსდაბოლოს

მომსურვები ჩემი ხორცისა,

რადგანაც მე,

მართალია, კუზიანი ვარ,

სიყვარული მეც მიხარია.

და გაზაფხულის სითბოზე მეც ისე ვიშლები

როგორც დიდი,

დიდი,

დიდი

ვარდის კოკორი...

მეც ვირთვები და

მეც ვთამაშობ,

როგორც ყველა ამ ქვეყანაზე,

მაგრამ არავის გამოურბის ჩემსკენ თვალები,

ბაგეები არვის გამოსძლევს

და გაგიჟებულ ძუძუებსაც

არავინ აბამს,

- ეს საწყალი

ამ ძაღლებმა არ დაგლიჯონო!

არაა ტკბილი

მიწაში ყოფნა,

არც საავადმყოფოს წყალსა აქვს გემო,

სადაც მკვდრები

ცოცხლების ენით ლაპარაკობენ.

და მწარედ გრძნობენ,

თუ რა ცოტა დარჩათ სათქმელი.

მე თითქოს

ბევრი რამე ვნახე,

მაგრამ პირი

მაინც ღია მაქვს,

თვალებიც

ძალით დამიხუჭეს,

რომელ თაფლისთვის?

რომელი ცისთვის?

არ მოვრჩები მე ჩემს კითხვებს

და შენ,

შენ,

თავზე რომ დამმხობიხარ

და ყველაფერი

შენ გამო რომ არის ნამდვილი,

შენ,

რომელიც გამონასკვავ

ხეებზე კვირტებს.

და გოგოებსაც შენ მოუყრი

მკერდზე ძუძუებს,

შენ მიპასუხე -

როგორ შენივე შექმნილს,

უბედურსა და დაკნინებულს როდესაც ხედავ:

სოფლის გზას რომ გაჰყურებს კუტი

თავისი ჭიშკრის ღრიჭოებიდან!

რატომ დაუდე იქ საზღვარი?

რა ბალახი გადაარჩინე

იმის ფეხთაგან,

რა ბილიკები შეინახე

მტვერშეურხევი?

როგორ უყურებ ამ უბედურს

და როგორ აძლევ

ძალას

იმ დედის ნათქვეფ მუხლებს,

შვილის კუბოს უკან რომ მისდევს.



როგორ ვკვდებით,

ღმერთო ჩემო,

როგორა ვკვდებით,

რა უბრალოდ და

გულისამრევად.

გზის პირზე,

რუში

უფრო კარგად ბოლოვდება

გახრწნილი ზღარბი,

ჩვენ კი აც ხე ვართ,

არც ქვა ვართ და

არც საგანი რამ

და რომ ვიცოდეთ,

უფრო მეტად შევიზიზღებდით

ჩვენს კვალს,

ყველაფრის კიდეებზე რომ ვტოვებთ ხოლმე.

სად არიან ჩვენი თმები,

ჩვენი კბილები,

სად არი ჩვენი გაზაფხული,

ჩვენი ზამთარი!

ოი,

ჩვენზე უფრო გამძლე საგნებო!

თვისებებო!

რატომ თავიდანვე არ ვიშორებთ იმას,

რაც შემდეგ უნდა ტკივილით ვკარგოთ?!

ვინ მისცათ ნება,

თითო -თითო ფურცელი გვაძრონ

და ყველაზე უფრო მკაცრი დროის -

ზამთრის წინაშე -

შიშველი დაგვდგან!

მოვიშოროთ ყველაფერი,

რაც ბუნებისგან გვაქვს ნაბოძები,

რადგანაც ისიც კი არ ვიცით:

გულით გვაჩუქეს

თუ დაცინვით გამოიმეტეს.

დედის მუცელი

იყო ჩვენი სალხინებელი,

ჩვენ იქ ვტკბებოდით,

როგორც

ცისფერ ოკიანეში,

წყალმცენარეთა ბადეებში

გამოხვეულნი.


ბავშვს რომ ენახა ჩემი თავი,

თავს გავიქნევდი

და უკანვე გავბრუნდებოდი.

განა ასეთზე ვოცნებობდი?

სად არის ხმალი,

რომ მოგეცი?

ზოგს კი ჰგონია,

რომ წარსდგება

ის ღვთის წინაშე.

სასამართლოს ვინ გაღირსებთ!

დედის კარი რომ იღებოდეს

აქ ვის ნახავდით!

ჩვენ კი მარტოდენ

პირებიღა დაგვიფჩენია,

მაგრამ

წვიმა როდი ჩავა ამ ორმოებში,

არც ვარსკვლავი არ ჩაეტევა

და რამდენჯერაც კითხვით მივალთ,

დრუნჩში გვირტყამენ!

რა დავაშავეთ!

უყურე,

როგორ იღერებს ყელს

ეს მომღერალი

და როგორ იწვის

ის სანთლის დარად,

ჩვენ რომ შევქმენით

ჩვენივე მსგავსად.

როგორ დაწერა

მან მკაფიოდ ის სიტყვა,

რომელიც მერე

გულმოდგინედ უნდა წაშალოს.

განა კორომს არ წააგავს

ეს ორკესტრი შეფენილობით?

როგორ ახერხებს

არ გადაჰყვეს ერთ აღტკინებას,

ან შეხედე

როგორ გადადის

ერთი ჰანგიდან

სხვა, განსხვავებულ სიმღერაზე

მომღერალთ გუნდი,

როგორ წარმოშობს თავისთავში

ახალ სიყვარულს?

და მთელი ჩვენი ქალაქები,

ჩვენი გზნება და ჩვენი ყოფნაა -

ვედრება არის

და შეგტირი,

გეტოტები წმინდა სამოსზე -

ნუ დააობლებ და შვილს ნუ წაჰგვრი!

და თუკი მოგვკლავ,

მაშინ ფრთები მაინც მოგვეცი,

რათა გავფრინდეთ.




სელენა,

ნუთუ, კაცის ყოფნა ის არის მხოლოდ,

რომ შენს ამოსვლებს დაესწროს ხოლმე!

კაცის სიკვდილთან ერთად კვდება

მთელი ქვეყანა,

იხუჭება არაემარე,

მთები, გორები,

ვინაა იგი,

ვის სიცოცხლის თანამგზავრად

სიკვდილი უნდა

და ერთი ხელით რომ აშენებს,

მეორით ანგრევს?!

ჰო, ცაო, ცაო,

ჩემთან ერთად რომ იმარხები

და სამყაროვ,

ჩემთან ერთად რომ კვდები,

ჩემი თვალების წყალობითა ხარ,

თქვენა ხართ ჩემი თვალების ხელა!


ბალი... მეჯლისი... ვაგზალები...

ნუთუ ამდენი ბწყინვალება სიკვდილისაა,

მის მიერაა ერთი წამით გამოშვებული?

რამდენ რამეზე გაცვდა მზერა,

ჩვენი გულები,რამდენ რამეს გულევია...

როგორ მღერიან,

ერთი შეხედე,

როგორ აღწევენ ლაჟვარდებამდე

და ზურგსუკან კი

ხიფათი ელით,

ო, ღმერთო, ღმერთო,

ათავისუფლე

ყველა ესენი სიკვდილისაგან,

თორემ იმდენი მიდის ჩვენგან,

რომ ვერც კი ვასწრებთ

გულში მაინც ვთქვათ - ”განუსვენეო”.



შენშია ერთად

სადიზმი და გონიერება!

ყველაფერი

გვერდს რატომ გვივლის,

როგორც მდინარე,

რომელიც თითქოს ისე ახლოა,

რომ შეიძლება ჩვენიც გვეგონოს,

მხოლოდ იმიტომ,

რომ მისი ნატვრა

დიდხანს დაგვქონდა.

მაშ გავიწოდოთ

ხელი ჩვენი სურვილებისკენ?

ახლა რაც გვინდა,

რას მოგვიტანს ჩვენ სასიკეთოს,

იქნებ მერმინდელ სურვილისთვის

გვერჩია დაცდა?

ვიცადოთ და ასე განვლიოთ

ზღვის მეწამული კიდეები?

მართალი ვარ ჩემს სურვილებში?

მოიწი, ქალო,

ჩვენ ყველანი ცოლ-ქმარი ვართ,

არ არსებობს არცერთი წყვილი

ბუნებისგან ერთად ჩათქმული!


საწყალი კაცი, სულ იმას ცდილობს,

რომ ღრმა ნახნავში

ჩააგდოს თესლი!

ადამიანო,

შენზე გული

მე ჯერ კიდევ არ გამტეხია,

ჯერ კიდევ ველი,

რომ რაღაცას მოიმოქმედებ,

სანთელი შენი

ენთოს შენს შუბლზე,

შენთა თვალთა გადასასვლელზე,

მიჰყევ ამ სანთელს,

იმუშავე თვალებდახრილმა,

თავს რომ ასწევ, რას დაინახავ?

ვინ არ იფიქრა,

ქალის მკერდზე თავმიდებულმა,

თავის ცოდვაზე.

მაშ რატომღა ვუბრუნდებით

კვლავ ძველ ნაკვალევს?

ვინ?: ვინ გვეძახის?

რა თავშესაფარს ვიორმოვებთ,

ან რად გვინდა,

რომ დავიმალოთ?

რატომ ვცხრებით,

ან ჩვენი ვნების ნანაგრევებთან

რატომ ვსხდებით მოკუნტულები?

რა ახალ ჭიპს ვეძებთ ნეტავ,

რა ახალ კავშირს?

ვერ შევეჩვიეთ სიმარტოვეს?

ჰეი, საწყალო,

დედამიწაც სწორედ ეგრეა,

თავის დედას მოშორებული...

და ის ცოლ-ქმარიც,

სადღაც მთაში რომ ცხოვრობენ,

ჭიპს არ ეძებენ,

როცა ერთურთში

ჩაჰყვინთვენ ხოლმე?!

დღეს თუ არა,

ხვალ მიაგნებენ!

ვინ, ვინ არ მჯდარა

თავის ვნების ნანგრევებთან

შერცხვენილი და მოკუნტული!

ნეტავ რა არის

ჩვენს ვნებებში ისეთი ცოდვა,

რომ ამდენ ხანს ვერ შევეჩვიეთ?

იმით არ ვიშვით?

რა დავაშავეთ,

იმაზე მეტად

თვალები რომ არ გვეხილება,

რომ ჩვენს არსს ჩავწვდეთ?

ანდა მოხუცის

დამცხრალი გული

ახალგაზრდობის ვნებით სავსე მოგონებებს

ვით ეგუება?

ღალატს როგორ ეგუება,

როცა იხსენებს!?


----------------------------

გაგრძელება II ნაწილში


67 views0 comments

コメント


bottom of page