ფლორენციელი ქალბატონის "მონა ლიზას" პორტრეტი
მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც ამ სურათზე ვიცით ან გვგონია, რომ ვიცით, და იგი ისე დავინახოთ, ვითომ პირველად ვხედავდეთ.
ცოცხალი არსებასავით, ის თითქოს ჩვენ თვალწინ იცვლება და მასთან ყოველი მიბრუნებისას ცოტათი სხვანაირად გამოიყურება. სურათის ამ უცნაურ ზემოქმედებას ფოტოსურათებიც კი გვაგრძნობინებს. ლუვრში უშუალოდ მის წინ მდგომ ადამიანში იგი ლამის შიშის გრძნობას იწვევს. ის თითქოს დაგვცინის, შემდეგ კი მის ღიმილში ვითომ რაღაც სევდისმაგვარი გამოკრთება. ეს ყველაფერი ძალზე იდუმალად ჟღერს და არის კიდეც იდუმალი.
მაზაჩოს გეზით მავალი იტალიური კვატროჩენტოს ხელოვნების ოსტატების დიდებულ ნაწარმოებებს ერთი ნიშანი აერთიანებს: მათი ფიგურები ხისგან გამოკვეთილივით მაგარი და ხისტი ჩანს. უცნაური კია, მაგრამ ამის მიზეზი მოთმინებისა თუ ცოდნის ნაკლებობა ნამდვილად არ არის. ბუნებას ვან ეიკზე მეტი მოთმინებით არავინ ბაძავდა; სწორად ხატვა და პერსპექტივის აგება მანტენიაზე უკეთ არავის შეეძლო. მაგრამ, მათ მიერ შექმნილ ბუნების გამოსახულებათა სიდიადისა და ზემოქმედების ძალის მიუხედავად, მათი ფიგურები უფრო ქანდაკებებს ჰგავდა, ვიდრე ცოცხალ არსებებს. მიზეზი შეიძლება ისაა, რომ, რაც უფრო კეთილსინდისიერად, "სტრიქონ-სტრიქონ" და დეტალურად გადმოვიღებთ ფიგურას, მით უფრო გვიძნელდება მისი წარმოდგენა, როგორც მოძრავი და სულდგმული არსებისა. ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს მხატვარმა იგი უეცრად მოაჯადოვა, სამუდამოდ გაშეშება აიძულა.
...............................................................................................................................
ახლა "მონა ლიზას" თუ დვაუბრუნდებით, შეგვიძლია მისი ზემოქმედების საიდუმლოს შესახებ ზოგ რამეს მივხვდეთ. ჩვენ დავინახეთ, რომ ლეონარდომ "სფუმატოს" საშუალებები უაღრესად მიზანდასახულად მოიხმარა. ვისაც კი სახის დახატვა თუ დაჯღაბნა უცდია, იცის, რომ, რასაც სახის გამომეტყველებას ვუწოდებთ, ძირითადად ორი ნაკვთი განისაზღვრება: ბაგეთა კუთხეებით და თვალთა უპეებით. ლეონარდომ განზრახ სწორედ ეს ადგილები არ გამოკვეთა; მათ მსუბუქი ჩრდილი გადაავლო. ამიტომაა, რომ ვერასოდეს ვიტყვით დაბეჯითებით, რა განწყობით შემოგვცქერის მონა ლიზა. მისი გამომეტყველება თითქოს მუდამ ხელიდან გვისხლტება. რასაკვირველია, ამ ეფექტს მხოლოდ ბუნდოვანება როდი იწვევს. მის მიღმა ბევრად მეტი რამ არის.
ლეონარდომ მეტად თამამი რამ გააკეთა. თუ სურათს ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი ორი ნახევარი ერთმანეთს ზუსტად არ იმეორებს. განსაკუთრებით კარგად ეს ფონის ფანტასტიკურ, სიზმრისეულ პეიზაჟს ემჩნევა. მარცხნივ ჰორიზონტი თითქოს უფრო დაბალია, ვიდრე მარჯვნივ ყურებისას. მზერის გადანაცვლების დროს თითქოს მისი სახეც იცვლება, რადგან არც მისი ორი ნახევარია ზუსტად ერთნაირი. მაგრამ ყველა ამ რთულ ხერხის გამოყენებით ლეონარდოს შეიძლება ოსტატური მეფოკუსეობის ნიმუში გამოსვლოდა და არა ხელოვნების დიადი ქმნილება, თუკი ზუსტად ვერ გათვლიდა, რამდენად შორს შეეძლო წასულიყო, და თუკი ბუნებისგან გადახვევას ცოცხალი სხეულის თითქმის სასწაულებრივი გამოსახვით ვერ დააბალანსებდა. შეხედეთ, როგორ არის მოდელირებული ხელები ანდა სახელოების წვრილ-წვრილი ნაოჭები. ლეონარდოს არ გაუჭირდებოდა ბუნებას თავისი წინამორბედებივით გულმოდგინედ დაკვირვებოდა. მაგრამ იგი უბრალოდ ბუნების ერთგული მსახური აღარ იყო.
ოდესღაც, დიდი ხნის წინ, ხალხი შიშით შეჰყურებდა პორტრეტებს, რადგან ფიქრობდა, რომ მსგავსების შენარჩუნებით მხატვარს რაღაცნაირად შეეძლო გამოსახული პირის სულიც უკვდავეყო. ახლა დიდმა მეცნიერმა ლეონარდომ პირველ სახისმოქმედთა ოცნებები და შიშები სინამდვილედ აქცია. მან იცოდა ჯადო, რომელიც მისი ჯადოსნური ფუნჯით დატანილ ფერებს სიცოცხლეს შთაბერავდა.
"მონა ლიზა" მსოფლიოში ხელოვნების დარგში ყველაზე ცნობად ნამუშევარს წარმოადგენს. ასევე გინესის რეკორდის მფლობელია, როგორც ყველაზე ძვირად დაზღვეული ხელოვნების ნიმუში, დაზღვევის ღირებულებამ დაახლოებით 800 მილიონ დოლარს მიაღწია.
წყარო: E. H. GOMBRICH / The Story of Art
Comentários