top of page

რეზო გეთიაშვილის პოეზია


გთავაზობთ ინტერვიუს რჩეულ 15 ლექსს, რომლის ავტორიც არის თანამედროვე პოეტი რეზო გეთიაშვილი.



გარშემო ღამეა

გარშემო ღამეა, ღამე და ღმერთები,

მე - გარეთ დამტოვა ჩემივე ოთახმა,

შენ - სიზმრის უცნობი ფერებით ერთობი

და მაინც ჩემი ხარ და მაინც შორსა ხარ.


აქ სადღაც სული და სხეული ერთდება,

იწყება სიჩუმის მტვრიანი ამინდი,

მე მინდა, ეს ღამეც იწამონ ღმერთებმა,

მე მინდა, დღეს შენი სიზმრები გამანდო,


გაღვიძებ, ძალიან მაღლიდან ეშვები,

თვალებს რომ გაახელ, იქნება გვიანი,

უკან ფერებია, შენს თმებს რომ შეშვენის

და მე მაქვს მიზეზი, რომ ვიეჭვიანო.




გოქსუ


სადაც ყვავილები მთავრდებიან

და შენი თითები იწყებიან,

შენი თითებიდან დაწყებული,

ჩემი დაკარგული მიწებია.

არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,

სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,

საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,

ერთი უცხოელი ტურისტივით,

თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,

ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.

უკან ურდოები მომყვებიან

და მიტოვებული მეფეები,

როცა ყველაფერი წესრიგშია,

როცა ყოჩივარდებს ეფერები.

სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,

ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:

მთელი უშენობის მფლობელი ვარ,

დიდი დანაკარგის მესაკუთრე.




დღეს ვრჩები შენთან


დღეს ვრჩები შენთან და ყველა წამთან,

ცხადია ყველა სიზმარი ხვალის,

დღეს სახლში შენი სურნელი წამყვა

და გულზე - შენი თითების კვალი.


რამდენი დამრჩა უთქმელი სიტყვა,

თუმცა, სიტყვები ვერაფერს შველის,

რომ უშენობაც საოცრად მიყვარს

და უშენობაც სავსეა შენით.


დღეს რჩები ჩემთან და ვყვები წამთა

უბრალო რიტმებს და სიზმრებს ხვალის,

დღეს სახლში შენი სურნელი წამყვა

და გულზე - შენი თითების კვალი.




დღეს შენი მწვანე ..


დღეს შენი მწვანე კაბის ფერი

დღეც ისე გაქრა ქარის ფრად

შენც ისე ქრები (ნელა-ნელა

არი და არა არი რა)

შენ სადღაც ქრები ჟამი-ჟამ

და ქრები ქრები ნელა ნელა

მთელ ღამეს

- კაი მაინც გავა

- და მაინც სხვაა

- მაინც გავს

- ქარს თავი მოაქვს

- თავის-თავად

- და ისევ ატანს თავის თავს

და ისე ატანს თავის თავს

რომ ქრები ქრები ნელა ნელა.




ინტერვალი


უფსკრული. ისე მივუყვებით ქიმნარს და შიშნარს,

რომ ზოგჯერ ქიმზე ვჩერდებით და ყვავილებს ისვრის

ზეცა ქვევიდან, წარსულისკენ, ეს იმას ნიშნავს,

რომ ისევ მოვრჩით და ახალი დასასრულისთვის


ისევ ვიწყებით, უსაშველო ვარდნა და შვება

და ფორიაქი, სინანული, ტკივილი, ის რაც

სისხლად, მტვრად, ხორცად, ერთმანეთად ქიმებზე რჩება,

მისაღებია, რადგან ფსკერიც დასაწყისს ნიშნავს,


რადგან მიყვარხარ (სიგიჟეა), მწყევლი და ბოლო

ვარსკვლავიც ცაზე მიწურია ჩემი და მიჯნა,

მაგრამ ჩვენი დრო, სიცოცხლის და სიკვდილის დრო რომ

უკვე გავიდა, უკვე აქ ვართ, ეს უკვე ნიშნავს


გარდაცვალებას, ვიმეორებ, გაფრენას, მიწას,

წყევლას, თავიდან, ფორიაქი, ვარდნა და შვება

და ნეტარება, ჟრუანტელი, ტკივილი, ის რაც

იწყება, რჩება. ინტერვალი. იწყება, რჩება.




კრიზისი

წვიმს, გულუბრყვილოდ ტიტინებს და მხრებით იცინის,

რომ ერთმანეთთან გავჩერდით და აღარ მივედით.

ხოლო ეს წვიმა ლაფსუსია, რადგან ისინიც

ჩამოდიოდნენ და წვიმაში აიგივებდი.


უჩვეულოა, უაქცენტო და მედინალი,

რა ისე მოხდა, რომ სამყაროს თხელი ლიბრივით

ვერ გავაცალეთ დაწყვეტილი წვიმის მდინარე

და რა თქმა უნდა, რაღაც ძალზე ჩვეულებრივი.


ისეთი ღია ფანჯრებია, წვიმით ავსებენ

ოთახს. ო, არ ვარ მოწყენილი და მითუმეტეს

რომანტიული, იატაკზეც, როგორც ასეთი,

აგდია ღამე, როგორც ყუთი, როგორც იმედი.


წვიმს, გამოცდილად, ლაკონურად, მხრები, ნოველა,

მოკლე ფრაზებით, მოკლებული ყველა სიფითრეს.

ხოლო ეს წვიმა ნამდვილია, როგორც ყოველი

წვიმა, რომელთა სისველეშიც გამოვიფიტეთ.




მზეში ყოველთვის რაღაცას ვკარგავთ ..

მზეში ყოველთვის რაღაცას ვკარგავთ,

სხვა არის ღამე..

მე შემიძლია დავუგდო ყური

შენს დუმილს, სადღაც, ქალაქის იქით,

სხვა არის ღამე ეჭვის და შურის

თითო ნატეხის და ღვინის ჭიქის

და როცა ვიცი, რომ ფიქრობ სხვაზე,

როცა გგონია, რომ ფიქრობ ჩემზე,

სხვა არის ღამე, შენსავით ნაზი,

შენსავით ბავშვი,

მენდე, ძვირფასო,

მე შემიძლია დავუგდო ყური

გაყინულ ქარში ფოთლები თოვას

და თქვი, რაც გინდა, შხამად თუ პურად,

დღეს ყველაფერი ჩემამდე მოვა

და თქვი, რაც გინდა, არ ვღირვარ იმად,

რომ შენ იფხიზლო ქალაქის იქით,

რა შუაშია ქარი და წვიმა,

ეს სხვა ღამეა - დაცლილი ჭიქით.

არ შეუშვირო მუჭები წუთებს

და არ მიადო სიცივეს ლოყა,

არ მაგრძნობინო, ძვირფასო, უცებ

რომ ჩვენი სევდა ერთ ქარში მოყვა,

თორემ ხვალ დილით რაც გინდა, ის თქვი,

თუნდაც ღამეზე მოყევი რამე,

ოღონდ დილამდე თუ გამყვა ფიქრი,

ოღონდ დილამდე თუ იქნა ღამე.




მტვერი

წუთშესვენებისთვის აიღე სოფლიდან

ეს წუთი, რომელიც მორჩა, ეს წუთია

და მტვერი აიღე, რომელიც ოფლივით

შიგნიდან გამოდის, ამბობდი, ცუდია,


ცხადია, წააგე,


გათავდი, გათოვდა, გარშემო კი შენიფერია,

რომელიც ყველაფერს დაედო,

მძიმეა, აიღე, სასვენი ნიშანი,

პაუზა, აკორდი, პაუზა, გარედან


ცხრიანს რომ წააგავს


და მტვერი აიღე სხეულზე (ელექსირს

ტუჩებით იღებენ) სატკენად, სათქმელად

და კანზე სრიალით გადაღლილ ხელებში

მათზე გადაღლილი ხელების ჩათვლემა,


რომ ისევ წააგო...


რადგან რაც წერია, სულ მტვერზე წერია,

რაც კი სახელია, სახეა, წიგნია,

რადგან ზედაპირის იქითაც მტვერია,

რომელიც ოფლივით გამოდის შიგნიდან.




მწვანე პარკის გაგრძელება

გაფრენას. ოდესმე გარდაცვლილ ფერიას.

თან ახლავს ფოთლები. და მათი შრიალი.

ისინი. ფოთლები. ვერაფერს შველიან

სიჩუმეს. შრიალში. სიცარიელეში


გაფრენას. გარდაცვლილ ჰაერში. მე ახლა.

მეორედ. მე ახლა არაფერს ვაპირებ.

მაღელვებს. ხელები როგორმე შევახო.

ვუსმინო ფოთლების საბრალო ლაბირინთს.


ღიმილი. სამყარო აქეთკენ გადატყდა.

აქ თვითონ ღამდები. შავი. ნუჟრიანი

სიმაღლით. რომელშიც ხანდახან გადასვლას

თან ახლავს ფოთლები. და მათი შრიალი.



საკუთარი სიბერე

სულ უფრო არ ყოფნის ფერები ფერების შესაფერი

სულ უფრო არაფერს - ფოთლებით, ხეივნით, პოინტერით,

წარსულშიც, ჯერ კიდევ არგასულ წუთებს რომ ეწაფება,

ოდნავღა კრთებიან ლანდები ბავშვობისდროინდელი.


მგონი ამ ბოლო დროს მეტამორფოზები მეძნელება,

თორემ საკუთარ ჩრდილს გამოსახულებას გავუცვლიდი,

ადამიანები, მათთან შეხებები, შეგრძნებები

ქრობით დაავადდნენ, მშრალი ამოვდივარ აუზიდან


და რასაც განვიცდი, ის არის, რომ სულაც არ განვიცდი

ამ ამბავს და მეტიც, ნელ-ნელა ეს განცდაც მინელდება

და ვრჩები სიგიჟის, გაფრენის, დაცემის მაგალითი

გარდაცვალებების, გარდაცვალებების იმედზეღა.


რასაც წარმოსახვის სუსტი წინაღობით ვეღობები,

ღია თვალებია, ცამაც მეტისმეტად აიწია,

მრჩება წასული და უკვე დარჩენილი მეგობრები,

მარად ძვირფასები, თუმცა მეგობრებმა რა იციან.



საღამო და სინათლით

საღამო და სანთლით დასვრილი მაგიდა

და შენი სახელი, ბედმა რომ დაწერა,

და შენი თვალები, ცისკენ რომ მაქეზებს

სრულიად უცნობი ფერების მიგნებით,

ფარდებთან ცა არის და ცაში დაგეძებ,

ყველაზე ბრდღვიალა ვარსკვლავი იქნები

დღეიდან, ბინას რომ დაიდებს ბაგეზე

სახელი, სიჩუმემ ყველგან რომ დაწერა.


ნელ-ნელა გაიხდის ჰორიზონტს, დაწვება

ქალაქი, ცას სარკის ნატეხად გაიხდის,

დღეიდან ყველაზე ვარდისფერღაწვება,

ყველაზე ბრდღვიალა ვარსკვლავი იქნები,

სანთელში ამოსვრილ და სანთლით საძებარ

სიზმრებში ჩნდები და ხელებში მიქრები,

შენს სახელს, სიჩუმემ ყველგან რომ დაწერა

და სარკის ნატეხებს კერპებად გავიხდი.



სიყვარულით

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს

მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,

ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,

გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ


წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,

სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,

დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,

თან შენზე მშობლიურად, თავიდან - მშობლიურზე უცხოდ.


არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,

ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,

ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,

ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.




შვედური ზღაპრები

წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი,

არც შენი კაბები, უხმოდ რომ დასველდნენ, მოწყენა, კაპრალი.

გშვენოდა, იცოდი, თვალებში პატარა ცრემლები მონახე

და მერე თვალებით, თითებით მიამბე შვედური ზღაპარი.

ეს იყო სულერთი, სულ ორი, სულ ცოტა, სიზმრები, ღმერთები,

რადგანაც უაზროდ, უარად ხმარობდი ღიმილის ილეთებს,

ისედაც, საერთოდ, ყოველთვის ვტყუოდით ჩვენ ორში ერთ-ერთი,

წვიმამ არ იცოდა მარტივი ტკივილი წერტილთა, მძიმეთა...

შენ კაბებს იხდიდი და სადღაც გარბოდი, იხდიდი ქალაქებს,

რომ უცებ ჩაგვერთო თითების თითებთან შეხების მუსიკა

და წლების გადაღმა წუთები, წამები, წვიმებით დალაქე

და შენი არყოფნაც მოფინე წვეთების მსუბუქი მუსლინით.

ეს იყო სულერთი და ავტო ლოშნიდა, ნივა, ავენიუს,

კეთრი პასეიზმი და გლიცინიები და საპირფარეშო,

რადგანაც მოგვართვეს წითელი, ყვითელი ტუჩების მენიუ

და ჩუმად გვფურცლავდა ნაპირთან მჯდომარე ვიღაცა გარეშე

და რადგან გშვენოდა, საშინლად გშვენოდა, ცრემლები მონახე,

ეს იყო სულერთი, სულ ცოტა, ღალატი და კაფე “მედუზა”,

წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი,

არც შენი კაბები, სპლინი, მით უმეტეს, ზღაპრები, შვედური.




უსიყვარულოდ

იცი, რომ ოდესმე ზღვაც იქნები,

შიში სიცოცხლის და მაგნოლიის,

მოგსვამ, წმინდანივით განცვიფრდები,

აშლილს, წვიმიანს და მარილიანს.


იცი... ქვიშიანი ღამეები,

თუმცა სიმშვიდეა ერთიციცქნა

და ცაც გუთანივით გამოგვაბეს

რაღაც წარსულების ასაჩიჩქნად.


რაღაც უცნაური ამინდია

და შენ - დაკარგული ალბატროსი

და დღე - გათელილი სიმინდები.

ხომ არ ჩაგეძინათ, ქალბატონო.


და ცრემლს... მაპატიე გადახვევა,

იქნებ გეშინია საქანელის.

რაღაც შთამბეჭდავად დაგახველა

და მზე და მკლავები - ხაფანგები


ვიცი, რომ გრძნობებიც ზღვა იქნება,

ცხელი, შიშველი და გაწოლილი.

ჯერ კი დაკარგული სამი დღეა

და რტო გუშინდელი მაგნოლიის.




სპირალი


თითქმის მიილია მარტი, ვერ ვიტყვი რომ მაგალითი

თრთოლვის, ჰორიზონტებს ფენდა ანფასში და პროფილში,

უკვე გაზაფხულმა მზერა ხიფათივით ამარიდა,

თბილი ღამეებით, ბოლო იმედების ოფისით,

უკან დაბრუნება შეუძლებელია, მარგარიტა,

დღეებს... მერე რა რომ გზები, შორეული, ყოფითი

წრეზე ტრიალია... დღეებს პატარებს და შუათანებს

უკან მოჰყვებიან უფრო დიდები და გრძელები,

არის რომანტიკაც, ფარულ პროცესიებს უმართავენ,

მარტის ჭირისუფლად მაინც თუ გეძნელები,

უნდა გაგვიღიმო ყველა მათგანსა და უმათგანესს,

ხოლო პოეტებმა წყალში გადაყარონ ხელები.


აღარც სინანული, როგორც წარსულების ატელიე,

გრძნობა საკუთარი თავის შენდობის და შეწევნის,

რაც კი ნათელია, ჩემი ფეხებითაც ნათელია,

არსად აღარ წასვლის მსუბუქ პროპაგანდას ვეწევი,

უკან დაბრუნებაც შეუძლებელია, ნათელია,

დიდი წყალობაა, ძილში ტირილი თუ შეძელი.


თითქმის მიილია მარტი, ვერ ვიტყვი, რომ მაგალითი

თრთოლვის...



125 views0 comments

Comentarios


bottom of page