ვზივარ ახლა სალხში, მარტო, ერთადერთი რაც ხმაურობს ვინტილიატორია, ოდნავ მაგრილებს, კი.
აივნის კარიც ღიაა, კორპუსები ჩანს, მაგრამ ჩემს სახლში მთელი სამყაროდან ისეთი განწყობა შემოდის, თითქოს ყველას და ყველაფერს სძინავს, სრული მდუმარებაა. ჩიტების ხმაც კი მიწყდა, თან კვირა დღეა.
ამ გარემოებამ დამაფიქრა ისევ საკუთარ ცხოვრებაზე, რომელიც შორიდან ძალიან ხმაურიანი, სავსე და დატვირთული ჩანს. ასეც არის კი, მაგრამ აგიხსნით.
ყოველთვის ისეთი განცდა მქონდა რომ ცხოვრება ჩემ გარეშე მიდიოდა. არაფერში ჩართული არ ვიყავი. არ მყავდა მეგობრები, რომლებიც სადმე დამპატიჟებდნენ, ჩემთვის არ არსებობდა დაბადების დღეები და ქორწილები. არავინ არასდროს არსად მპატიჟებდა და არაფერი ხდებოდა. ალაგ-ალაგ ვინმე ბიჭი თუ მომეწონებოდა და ჩემს გულს და გონებას თავშესაქცევი მიეცემოდა, დაკავდებოდა ოცნებებით, სურათხატებით, სიზმრებით, იმედებით. ჩემი ერთადერთი გასართობი სიყვარული იყო, რომელიც გულისტკენით მთავრდებოდა და ისევ მქონდა ახალი გასართობი სახელად - უიმედობა, სასოწარკვეთა, ცრემლები.
კი ამბობენ ჩვენ ბედს თავად ვქმნითო, მაგრამ არის რაღაცეები რაც თავისითაც ხდება, აი ისეთი, შენგან რომ მხოლოდ "დიახ"; "კი"-ს თქმაა საჭირო და ყველაფერი მზადაა.
მოვლენები ასე განვითარდა, საკუთარი ცხოვრება შევქმენი, რაც შემეძლო და რასაც ვგრძნობდი ფორმა მივეცი, გარეთ გამოვიტანე. დაიწყო სავსე დღეები, ვგეგმავდი შეხვედრებს, გაცნობებს, გასართობს, ბევრს ბევრი გავაცანი, ბევრს ბევრი მოეწონა, ბევრი ბევრს დაუმეგობრდა,
ბევრიც უმიზეზოდ გამინაპირდა და ასე.
ვზივარ ახლა და ვფიქრობ, რომ საკუთარ გართობას ყოველთვის თავად ვიწყობ.
დედა ხშირად მეუბნებოდა რომ უკუღმართი ვარ და აი მაგალითად როგორ ვარ სურვილებში და ოცნებებშიც.
თუ მინდა რომ ვიყო ცნობილი დიზაინერი, წარმატებული ბლოგერი, დედამიწას გავაცნო თავი - ეს გამყავს სურვილების სიაში.
ოცნებების სიას რაც შეეხება ასე გამოიყურება - მინდა მესიჯი მომივიდეს ვინმე მეგობრისგან: - ყავას ვიდუღებ და გამოდი; ან, გემრიელი საჭმელი მოვამზადე და გელი, დესერტი ერთად გავაკეთოთ; ან, მე და ჩემი მეგობარი ვართ ცივ ყავას ვამზადებთ, მოდი და ნაყინი ამოიყოლე;
ენერგია ყოველთვის იმდენი მაქვს რამდენსაც გამოვიმუშავებ ჩემით, სიყვარული და ყურადღება ზუსტად იმდენი მიბრუნდება, რამდენსაც გავცემ.
როგორი დამღლელია რომ ჩვენს ბედს თავად ვქმნით..
მინდა თავისითაც მოხდეს რაღაცეები.
რაღაც უბრალო და მხიარული...
コメント