top of page

როდის ვარ კარგად?

როდის ვარ კარგად?


მანამ ვარ კარგად, სანამ ჩემს სახეზე ცვილის სანთელივით ჩამომდნარ ღიმილს შეამჩნევდეთ და მკითხავდეთ, როგორ ხარ?

მერეც კარგად ვარ, როცა ღიმილის გარეშე კარგად ყოფნას ვცდილობ.

ყველაზე კარგად კი მაშინ ვარ, როცა ინტერნეტ რესურსებისთვისაც კი უცნობი წამლებით გაბრუებული და ძილსმიცემული, ექიმებისთვის უცნობ დაავადებას ,,ვებრძვი’’ და ვფიქრობ: რა მიმზიდველი სიტყვაა სუიციდი, მარტო იმისთვის ღირს მისი რეალობად ქცევა, რომ შენს სახელს საკუთარი გვარივით შეერწყმება. ჰო, სიკვდილზე, უფრო თვითმკვლელობაზე ფიქრის ენერგია ძილბურანშიც კი მაქვს. თვით! - აი, ესაა აქ მთავარი! მკვლელობა გინდ ყოფილა, გინდ არა. როდიდან დავიწყე ამაზე ფიქრი? ფიქრი არ ვიცი და მგონი ბავშვობიდან მისკენ ვიყავი მიდრეკილი, პირველად, ალბათ მაშინ გავამჟღავნე თავი, როცა დედის მუცლიდან ახლად ამოყვანილმა, ისეთი ფართხალი დავიწყე, რომ ექთანმა დამხმარეებს უხმო. მერე, ორი წლისამ, სარწყავ არხში ვისკუპე და თვით არა, მაგრამ მკვლელობა გამომივიდა, დიდი ბებიის(რომ დავუნახივარ, გული გასჩერებია). მერე, შვიდი წლისა, ველოსიპედიდან გადმოვვარდი და საფეთქელი დავარტყი, ახლაც მახსოვს ტკივილისგან განცდილი ნეტარება, თვალთ დამიბნელდა და საოცარ ფერებს ვხედავდი, მერე ვგრძნობდი, მერე ვეღარც ვგრძნობდი, მაგრამ... მაინც გადავრჩი. მას შემდეგ, ველოსიპედის ქონა ოცნებად მიქციეს.

მერე იყო მრავალი სახიფათო სიტუაცია, ვერ ვიტყვი, ყოველთვის გამიზნულად ვქმნიდი-მეთქი მათ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიტუაციების მოსალოდნელი დასასრული მხიბლავდა, რომელიც იწყებოდა ასე: ,,თვით’’, მაგრამ ვერასდროს დაბოლოვდა ,,მკვლელობით’’. აი, ახლაც, როცა ე.წ. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა საკუთარ თავს მიცვალებულის სხეულმიტოვებული სულივით ვადევნებ თვალს და ვფიქრობ, როგორ დავიბრუნო საკუთარი თავი, როგორ დაგიბრუნო შენ, ჩემგან წასულო მეო, კვლავ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, რომელიც იწყება თვითმყოფადი სიტყვით და არაფრისმთქმელით მთავრდება. და ახლა მთავარია როგორ?

იქნებ, ავდგე და ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვა, რომელსაც მხოლოდ სარკის წინ ვიზომავ, ზღვაზე წაყვანას ვპირდები და კვლავ თავის ადგილას ვაბრუნებ ხოლმე.. ამჯერადაც იმავე პროცედურას გავიმეორებ, ოღონდ არ დავასრულებ, ჩავიცვამ, ჩემს მხიარულ ნაჭრის ზურგჩანთას მოვიკიდებ, გავიფიქრებ, რომ ასე წასვლა ყოველთვის მინდოდა, გავუღიმებ საკუთარ თავს და წავალ. ზღვაზე. ჯერ ძველ თბილისში გავივლი.. დავდგები ბარათაშვილის ხიდზე და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკანასკნელად წარმოვიდგენ, როგორ მიმოაბნევენ აქ ელის მზენაკრავი სხეულის ფერფლს.. კიდევ ერთხელ გადავხედავ ჩემს წარმოდგენაში არსებულ თბილისს, ვიწრო, განათებული, ქვაფენილიანი შუკებით, ფერადი აივნებით, ცივ და თეთრ ღამეებში, თხელ ქურთუკებსა და ცარიელ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მოხეტიალე, ღარიბი პოეტებით მდიდარს. ყველგან ალალი და უბოროტო თვალები.


ეს ის თბილისია, ,,სადაც სახლში არავინ ბრუნდება, აქ ყველგან შენი სახლია’’, ღმერთო, მართლა რა ლამაზია ასეთი ქალაქი! არ დავბრუნდები რეალობაში, წარმოდგენილი ქუჩებით მივალ რკინიგზის სადგურში, ბილეთს ავიღებ და ჩემს კაბას დანაპირებს შევუსრულებ. მატარებელში დავწერ წერილს, მეგობრებისთვის. სახელებს არ ჩამოვთვლი, ისინი თავად მიხვდებიან.. და დავიწყებ ასე: „ჰეი, თქვენ, ერთებო და ერთადერთებო! დღეს ჩემი ქორწილია (ცხადად ვხედავ თითოეულის გაკვირვბის მიმიკას), ჰო, მე და ზღვა ვქორწინდებით. შენ, ერთო, მიხვდები, რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ზღვა და იქნებ, ერთი უბრალო და ჩემთვის ძალიან ძვირფასი პოეტის, მონათესავე სულის სიტყვებიც გაგახსენდეს ,,სიმარტოვე ლურჯი ფერია’’.


ალბათ, ჩემზე გაბრაზებული, ცრემლის შიდა, გულისკენ მიმავალ სადინარს გახსნი და ჩემი ადგილის დატბორვას დაიწყებ და უკანასკნელად გამოსცრი ბაგეთაგან: არა ხარ მარტო! არა ხარ მარტო! არა ხარ მარტო! ყვირილი მოგინდება, მაგრამ ვერ იყვირებ, იმიტომ რომ მიხვდები, ადამიანი მუდამ მარტოა, რომ მე მართალი ვიყავი, არა და როგორ მინდოდა პირიქით ყოფილიყო და შენი სიმართლე გვეზეიმა.

მეგობრებო, ძალიან მალე, ზღვას ჩავეხუტები, მერე საძილე აბებს დავლევ, ზღვის გულზე გავწვები და მზეს მივენდობი, ბოლომდე, მისტიურად(ასე იტყოდა გრ.რობაქიძე) და ბედნიერი იმით, რომ ,,არავის აუხდია ჩემთვის საბურველი“ ერთ მთლიანობად ვიქცევი და მე ვიქნები ყველგან და ყველაფერში, რაც ჩემს თავს გაგახსენებთ.


არ მინდა დამაშორონ ზღვას, თუმცა, არც ფსკერზე მინდა და მაინც, თუ მიპოვნიან, ლურჯი სასახლე დაამზადებინეთ, უთხარით, ასე სურდა-თქო, ზღვისფერი ლურჯი, მშვიდი ზღვისფერი.

არ ჩაიცვათ შავი სამოსი, არამედ ნაზყვავილებიანი, წელიდან გაშლილი, მუხლამდე კაბები..გულზე დაიბნიეთ კესანები და ცალი გვირილა.. არ იტიროთ, მხოლოდ გაიღიმეთ. ჩემი სხეული დაწვით და ჯერეთ შეუკეთებელ თბილისის ქუჩებში მიმოაბნიეთ. არასდროს იფიქროთ ჩემზე, როგორც გარდაცვლილზე, არამედ იფიქრეთ მითოსურად.

გთხოვთ, არ დაკარგოთ ადამიანების რწმენა! ამას გეუბნებით მე, რომელმაც საკუთარ თავთან დიდი ჭიდილის შედეგად შევინარჩუნე ეს უკანასკნელი. არასდროს არავინ შეგებრალოთ, მითუმეტეს საკუთარი თავი! იყავით ისეთები, როგორების ხართ და გინდათ რომ იყოთ, როგორებიც მე მიყვარხართ! ხშირად ინახულეთ ერთმანეთი და ისაუბრეთ საყვარელ თემებზე, ერთი ცარიელი სკამი ჩემთვის მოიტოვეთ ხოლმე.. მოიკიდეთ ზურგჩანთები, თავისი საძილე ტომრებითა და კარვებით და დალაშქრეთ საქართველო ,,ჩვენი’’ სახელით, ანუ აკეთეთ ის, რაც ყოველთვის გვინდოდა, ერთად გვეკეთებინა. ნუ გამიბრაზდებით. ნუ ჩამითვლით ამას სისიუსტედ. იამაყეთ იმით, რომ მე გადავლახე საკუთარი თავი, მე შევძელი ვყოფილიყავი თვით... და მეყო გამბედაობა დამესრულებიდა ის, რაც ჩემი ნებით არ დამიწყია. მე გავაკეთე ის, რაც მსურდა. ბოლოჯერ ვიქნები ბანალური და გეტყვით, რომ...არა, არ გეტყვით, ბანალურობა არასდროს მხიბლავდა, ამიტომ ჩემს გრძნობებს გამოვატან მზეს, მათ თქვენში არ უწერიათ სიკვდილი.. თუ გინდათ ნუ გამიგებთ, იქნებ ვერ, ოღონდ მ ი გ რ ძ ე ნ ი თ !

სიყვარულით თქვენი მე ‘’


ამასობაში ჩავედით ზღვაზე. ახლა სკუტერს ვიქირავებ და მანამ ვივლი ჰორიზონტისკენ, სანამ საწვავი მეყოფა, მერე კი...

ახლა ძილბურანიდან გამოვდივარ, მორიგი წამლების დალევის დროა. ნუ შეგეშინდებათ, ეს მხოლოდ ერთი ვარიანტია იმ მიმზიდველი ქმედებისა, რომელსაც ჰქვია თვით...გაგრძელებას მნიშვნელობა აღარ აქვს, აქ მთავარია თვით!

არ იდარდოთ!

სანამ ჩემს სახეზე ცვილის სანთელივით ჩამოღვენთილ ღიმილს შეამჩნევდეთ და მკითხავდეთ როგორ ხარ? სანამ შემწევს ძალა ამ კითხვაზე გიპასუხოთ - კარგად! სანამ ვცდილობ ვისწავლო კარგად ყოფნა, მანამ მე ვიქნები კარგად.

მე ვიქნები..!


03/08/2014


50 views0 comments

Коментарі


bottom of page