top of page

საერთო საწუხარი გვაქვს, არ გავხდეთ იმედების მსხვრევის მიზეზნი

რა კარგი ხარ, რა კარგი


ლექციაზე აღმოვაჩინეთ ერთმანეთი.

ის ლექტორის ამპლუაში, მე_სტუდენტის.

მიმოწერა გვქონდა.

და ერთ-ერთი წერილი სრულდებოდა ასე: წინასწარ ბოდიშს გიხდით იმ

იმედგაცრუებისთვის, რომლის მიზეზიც შეიძლება ვიყო.

წერტილი.


ჰოდა, მაშინ მივხვდი რომ აღმოჩენასთან ერთად, ეს ადამიანი ჩემიანიც იყო. იქნებ, ყველაფერი რაც აღმოჩენის სექციაში ხვდება, მანამდე ჩემიანის გამოცდას გადის, არ ვიცი, როგორც არის..


მანამდეც ბევრი მიფიქრია იმაზე, როგორ არ მინდა, ადამიანები ისეთს მხედავდნენ, როგორიც არ ვარ.. იმაზე განათლებულს, ვიდრე ვარ, იმაზე კეთილს, მშვიდს, მხიარულს, სევდიანს, ღრმას, ნაკითხს, ლამაზს, მაღალს, მსუქანს ან გამხდარს, ვიდრე ვარ. როგორ არ მინდა, ისეთ კრიტერიუმებს მომარგებდნენ და მაფასებდნენ, საერთოდაც რომ არ მერგება. მესმის, რომ ყველა იმ პერსპექტივიდან გიმზერს, რომელიც მოეხერხება, რომელიც აწყობს.. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ყველა მხრიდან მზერისა და ჭვრეტის საშუალება გვაქვს, მაგრამ იმ ჩვენ ამოჩემებულ პერსპექტივას არ ვთმობთ, ვდგავართ პოსტზე და გავყურებთ ჩვენს წარმოსახულ ადამიანებს, ნამდვილებს კი არა, ჩვენი ფიქრით განამდვილებულებს და მოგვწონს, ამიტომაც ვდგავართ, ამიტომაც არ ვიძვრით ადგილიდან, ხშირად წავუძინებთ კიდეც, რომ არასახარბიელო ამბები გამოვტოვოთ, ის ამბები, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებს ფერს შეუცვლის და მოგეხსენებათ, გახუნებულ წარმოდგენებს სიყვარული ვეღარ ირეკლავს, ამიტომ არ გვაწყობს ყველაფრის დანახვა, ჰოდა, არც ვხედავთ, ვერ კი არა, არ. ასეთია ჩვენი პოსტი, ჩვენი სიყვარულის კოშკურა, რომელზეც შადეს soldiers of love შემომდგარან, ხელში დაბურული, დაკაწრულმინიანი ჭოგრიტი მოუმარჯვებიათ და წარმოსახვით სავსე თვალებით იცქირებიან თავიანთი სიყვარულის ობიექტებისკენ. მათთვის წაძინებაც ნებადართულია და წაყრუებაც. მკაცრად მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებათ _ ერთგულება.


იცით რამხელა ტვირთია, რომ გეუბნებიან, კარგი ხარო?! კარგი გოგოო/ბიჭიო ან უბრალოდ, კარგი ხარო, კიდევ არაუშავს, მაგრამ აი, რომ გეტყვიან, კარგი ადამიანი ხარო, მაშინ აღარ იცი რა გზას დაადგე, აღარ იცი, სად გადის ის ზღვარი კარგობასა და ცუდობას შორის, ადამიანობასა და.. ადამიანობას შორის. აღარ იცი სად დაემალო სხვათა შექმნილ შენს მეებს, როგორ აიცილო თავიდან ,,ისეთი კარგი’’ შენი თავი ან როგორ გაამართლო..


ისეც ხდება, ადამიანი დგება და გტოვებს, მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ხარ, მისთვის ,,ნამეტნავად კარგი’’, ჰო, ასე, ადამიანები ,,მე შენ არ გიმსახურებ’’ მოტივით მიდიან და შენი სიკარგის თეორიაც იქ იწყებს კვდომას, არა იმიტომ, რომ პასუხი გაეცა, არამედ იმიტომ, რომ ისეთი კითხვის ნიშნები დასვა, გვერდს ძახილის ნიშანი რომ უმაგრებს და კითხვა-პასუხის ორთაბრძოლაც აზრს კარგავს.

ახლა ეს ყველაფერი იმ გოგომ გამახსენა, ჩემი კოშკურიდან კარგ გოგოდ რომ მოჩანს, მი და მო წერა რომ გვაქვს და რომ ამოუჩემებია კარგი ხარ, კარგი ხარო.. ჰოდა, ჯერ იმ გოგოს და მერე ყველა სხვა დანარჩენს ბოდიშს გიხდით იმ იმედგაცრუებისთვის, რომლის მიზეზიც შესაძლოა ვიყო.

როგორც იმ ლექსშია:

ყველაზე მეტად მე მათზე ვწუხვარ ვინც ჩემი არსებობით, ჩემი ნაცნობობით დავადარდიანე..

მე თქვენზე ვწუხვარ?! თუ თქვენი თვალის ობიექტივში ადამიანები კარგები ჩანან, თუ თქვნი წარმოდგენები მიდრეკილია მათში კარგის დანახვისკენ, მაშინ რა გაქვთ საწუხარი?!

მე და, მგონი თქვენც, ერთი საერთო საწუხარი გვაქვს, არ გავხდეთ იმედების მსხვრევის მიზეზნი.

რა იქნება, ვიყოთ კარგები?!

ვიყოთ რა..

იმედით! თინა



154 views0 comments

Комментарии


bottom of page