სტატია მოამზადა სოფი პოპიაშვილმა, 17 ციტატა ელიფ შაფაქის წიგნიდან "სიყვარულის ორმოცი წესი"
ს. პოპიაშვილი: "სიყვარულის 40 წესი ყოველთვის ერთი ბანალური ისტორია მეგონა, რომელსაც ალბათ არასდროს წავიკითხავდი, დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ არ ერჩია სპონტანურად, სწორ დროს. ყოველი მომდევნო აბზაცი ერთმანეთზე დიდი სინქრონიზაცია აღმოჩნდა, თითქოს ვიღაც ფეხდაფეხ მომყვებოდა და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე მცემდა მთავარ პასუხს."
,,ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშითა და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ.”
,,ადამიანმა, ცხადია, უნდა ასაზრდოვოს თავისი გონება, მაგრამ, ამავე დროს, მის დანაგვიანებას უნდა მოერიდოს. გონება და სიყვარული სხვადასხვა მასალისგან არის შექმნილი. გონება ადამიანებს ბოჭავს, მაგრამ არაფერს კარგავს, სიყვარული კი ყველა ბორკილს ამსხვრევს და ყველაფრის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. გონება გეუბნება:,, ფრთხილად! ზედმეტ გზნებას ერიდე! ” სიყვარული კი ამბობს: ,, ნუ კრთი, იყავი თამამი!”. გონებას ადვილად ვერ გატეხ, სიყვარული კი ერთი ხელის მოსმით შეიძლება შემოგეფშვნას ხელში. მაგრამ განძი სწორედ ნანგრევებში იმალება. განძს შემუსრული გული ინახავს!”
,,მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთმინება შორსმჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკლას რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ. მოუთმენლობა კი სიბეცეა, შედეგის განჭვრეტის უუნარობა. ღვთის მოყვარულთ მოთმინება არასოდეს ელევათ,რადგან იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო სჭირდება.”
,,ღმერთი შენს სრულყოფას ცდილობს. გარეგანი სრულყოფაც იგულისხმე და შინაგანიც. ის მთლიანად შენითაა დაკავებული. ყოველი ადამიანი მიმდინარე სამუშაოა, რომელიც ნელა, მაგრამ განუხრელად მიიწევს სრულყოფილებისაკენ. ყველა ჩვენგანი ჯერაც დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ელის და მიელტვის სრულქმნას. ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ცალ-ცალკე „მუშაობს“, რადგან კაცობრიობა არის ნატიფი ნახელავი, ოსტატური ხელნაწერი, სადაც თითოეული წერტილი თანაბრად მნიშვნელოვანია ერთიანი სურათის მისაღებად.’’
,,ადვილია, გიყვარდეს ყოვლად სრული ღმერთი - სპეტაკი და შეუცდომელი. ბევრად უფრო ძნელია, გიყვარდეს მოძმე შენი - ადამიანი, უამრავი ზადის მქონე. გახსოვდეს, რომ მხოლოდ მისი შეცნობა შეგიძლია, რისი შეყვარების უნარიც გაქვს. არ არსებობს სიბრძნე სიყვარულის გარეშე. სანამ ღმერთის ქმნილების სიყვარულს არ ისწავლი, ვერც ღმერთის შეყვარებასა და შეცნობას შეძლებ.’’
,,მთელი ქვეყნიერება მოქცეულია ერთ ადამიანში - შენში. ყველაფერი, რასაც ირგვლივ ხედავ, მათ შორის ბევრი ისეთი რამ, რაც არ მოგწონს და ზიზღსა გგვრის, სხვადასხვა სახით შენშიც ძევს, ამიტომ ნუ ეძებ შაითანს სადღაც სხვაგან. ეშმაკი რაღაც განსაკუთრებული ძალა კი არ არის, რომელიც გარედან გიტევს, არამედ შენივე შინაგანი ხმაა. თუ შენს თავს ბოლომდე შეიცნობ და თვალს პატიოსნად და წარბშეუხრელად გაუსწორებ საკუთარ ავსა და კარგს, საბოლოოდ გაფაქიზებული, უმაღლესი გონების პატრონი ხდები. როცა ადამიანი შეიცნობს თავის თავს, ის შეიცნობს ღმერთსაც.’’
,,თუ გსურს, შეცვალო სხვების დამოკიდებულება შენდამი, პირველ რიგში, შეცვალე შენი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. სანამ საკუთარი თავის გულწრფელ სიყვარულს არ ისწავლი, ვერავინ შეგიყვარებს. მაგრამ თუ ერთხელ მიაღწიე ამ საფეხურს, იყავი მადლიერი ყოველი ეკლისათვის, რომელსაც მოიხვედრებ და კეთილი საზღაური არ აგცდება: საბოლოოდ ვარდების ზღვაში იბანავებ.’’
,,ნუ გაფიქრებს ის, საით წაგიყვანს გზა. სჯობს, მთელი ყურადღება პირველ ნაბიჯს მიაპყრო. ეს არის ყველაზე რთული და შენც პასუხს სწორედ ამაზე აგებ. თუ ამ ნაბიჯს ერთხელ გადადგამ, ბუნებრივად მოსახდენს მოხდენა აცალე, დანარჩენი კი მას თავისთავად მოჰყვება. ნუ მიჰყვები დინებას, თავად იყავი დინება.’’
,,ღმერთს ხატად თვისად შევუქმნივართ ყველანი, მაგრამ მაინც ყველანი განსხვავებულნი და თავისებურად განუმეორებელნი ვართ. დედამიწის ზურგზე ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი არ მოიძებნება. ორი გულიც კი არ ძგერს ერთი რიტმით. არსთაგანმრიგეს რომ ჩვენი ერთნაირობა ნდომებოდა, ყველას ერთნაირებად გაგვაჩენდა. ამიტომ ვინც განსხვავებას პატივს არ სცემს და თავის აზრს სხვებს ახვევს, პირველ რიგში ღვთიურ წესრიგს არ უწევს ანგარიშს.’’
,, - ერთი ეს მითხარი, თქვენ, სუფებს არასოდეს გეპარებათ მასში ეჭვი? - გვეპარება. ეჭვს რა სჯობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ და ეძიებ... ადამიანი მორწმუნე ერთ დღეში არ ხდება. თავიდან მას თავი მორწმუნე ჰგონია. მერმე რაღაც ხდება მის ცხოვრებაში, ისეთი, რაც რწმენას აკარგვინებს; მერე კვლავ მორწმუნე ხდება და ასე შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვმერყეობთ, სანამ გარკვეულ საფეხურს არ მივაღწევთ. წინსვლის ერთადერთი გზა მხოლოდ ეს გახლავს, თითოეული ახალგადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტებასთან გვაახლოებს.’’
,,რუმის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეიძლება ველურ ბაღს ჰგავდეს, რომელიც ეკალბარდითაც სავსეა, სამკურნალო ბალახითაც, წიწვოვანი მცენარეებითაც და ბუჩქნარებითაც, მაგრამ ბაღის სტუმარი თვითონ ირჩევს იმას, რაც მოეწონება. ლამაზ ყვავილებს მყისვე კრეფენ, ეკლიან მცენარეებს კი იშვიათად თუ აქცევს ვინმე ყურადღებას. არადა, ყველამ ვიცით, უებარი წამლები სწორედ მათგან მზადდება.’’
„ჯოჯოხეთი აქვე, ახლოს არის. იგივე ითქმის ზეციურ სავანეზეც. ნუ გეშინია ჯოჯოხეთის, ნურც სამოთხეზე ოცნებობ, რადგან ორივე ისევ და ისევ შენშია და არა - სადმე სხვაგან. როცა გვიყვარს, ზეცად სწორედ მაშინ ვმაღლდებით. გეენაში კი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი გვაგდებს.’’
,,ბარაქიანად დაგაბერტყა ბედმა ყველა სიკეთე. არაფერი გაკლია თითქოს. ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია, სანამ მოვა ის ერთი ვინმე და მიგახვედრებს, რა გაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც სარკე ნაკლს უფრო ირეკლავს, ვიდრე ღირსებას, ასეა ის ვინმეც საკუთარ სულში ჩაგახედებს და დაგანახვებს, რომ ის გაუდაბურებულია, შენ კი ამის აღიარება აქამდე არა და არ გსურდა. ეს ვინმე შეიძლება საყვარელი მეგობარი იყოს შენი ან სულიერი მოძღვარი, ზოგჯერ კი სულაც ბავშვი, რომელსაც პატრონობ და უვლი. მთავარი ის არის, რომ როგორმე პოვო სული, რომელიც შენსას შეავსებს. ყველა წინასწარმეტყველი გვირჩევდა: „პოვე ვინმე, ვინც შენი სარკე იქნება!“
,,მინებება არ ნიშნავს არც სისუსტეს და უმოქმედობას, არც ბედისწერის გარდაუვალობასთან შეგუებას და არც ფარხმლის დაყრას. სულ პირიქით არის ყველაფერი. ნამდვილი ძალა სწორედ მინებებაშია, ძალა, რომელიც შიგნიდან მოდის. ვინც სიცოცხლის ღვთაებრივ არსს დაემორჩილება, აუმღვრეველ სიმშვიდეში ჰგიებს მარადჟამს, თუნდაც მთელი ქვეყანა ერთ დღეს დაიქცეს.’’
,,არასოდეს არის გვიან შენს თავს ჰკითხო: „ვარ თუ არა მზად, შევცვალო ჩემი ცხოვრება? ვარ თუ არა მზად, შევიცვალო მე თვითონ?“ ერთი დღეც თუ დაემსგავსა გუშინდელს, ნამდვილად დასანანი იქნება. ადამიანი ყოველწუთიერად, ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად უნდა ახლდებოდეს. თუ გსურს ხელახლა იშვა, სიკვდილამდე უნდა მოკვდე.’’
‘’სიყვარული გაუგებარია და მაინც...ის ყველაფერს გასაგებს ხდის.’’
‘’უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისაკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.’’
სტატია მოამზადა სოფი პოპიაშვილმა (#SophiePopiashvili)
17 ციტატა ელიფ შაფაქის წიგნიდან "სიყვარულის ორმოცი წესი"
Comentários