კაცობრიობის ისტორია უამრავ ეპიდემიას და პანდემიას ინახავს თავის მოძველებულ ფურცლებზე და აი დადგა დრო, როდესაც კიდევ ერთხელ ხმაურობს ისტორიული კალამი, იწერება ისტორიის შემდეგი ფურცელი და ჩვენ ამ ყველაფრის მომსწრე და მონაწილე ვართ.
2020 წელი – მსოფლიო ახალმა პანდემიამ მოაქცია კლანჭებში და ვფიქრობ ამ წლის ქრონიკებს ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვებით.
დღეს ჩვენ დიდი, საერთო სახლი, დედამიწა დავტოვეთ და მასზე ჩვენივე აშენებულ პირად სახლებში გამოვიკეტეთ. შესაბამისად შევწვყვიტეთ მისი დაბინძურება, გაჩეხვა, გამონაბოლქვით გავსება და სხვა მავნებლობა, რომლითაც საუკუნეების მანძილზე ვტანჯეთ ჩვენი საერთო საცხოვრებელი – დედამიწა.
მარტივად რომ ვთვქვათ, დედამიწა შვებულებაში გავუშვით.
ამასთანავე გვერდი რომ ავუაროთ პოლიტიკას, ეკონომიკას და თითოეული სახლის თითოეულ ფანჯარაში შევიხედოთ, თამამად ვიტყვით, რომ ჩვენი, დედამიწის შვილების ცხოვრებაც ძირფესვიანად შეიცვალა.
დრო გამოგვიჩნდა ვიფიქროთ, ვიზრუნოთ და გადავწყვიტოთ ის საკითხები, რისთვისაც აქამდე დრო არ გვრჩებოდა.
დედამიწამ ოჯახები ერთი მაგიდის გარშემო შემოსვა, ზოგის ცხოვრებაში ქაოსი ჩააწყანარა, ზოგსაც ამოსუნთვის და ფიქრის საშუალება მისცა.
ვიღაცამ დრო იპოვნა გამოექცეს რუტინულ სამსახურს და დაწყებული წიგნის წერა განაგრძოს. ბევრმა კი დაუმთავრებელი წიგნები ჩაიკითხა.
საერთო პანდემიის ფონზე ჩვენ და დედამიწა ერთად ვსუნთქავთ.
მეგობარი მიყვებოდა გუშინ, რომ თურმე ყოველდღიურ ქაოსში ბევრი რამ გამოპარვია და ძირფესვიანად, სამსახურიან-ურთიერთობიანად ყველა ხარვეზის გამოსწორებას გეგმავს.
სხვა მეგობარმა მიტოვებულ პროექტზე მუშაობა განაგრძო და შემოქმედებითი ყვავილობით ტკბება.
ჩემს ცხოვრებაში კი ტრფობა და ბაასი შემოიჭრა. გათბა შეციებული ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ითქვა უთქმელი სათქმელი შეწყვეტილ ურთიერთობებში, ასევე რამდენიმე „ბოდიში“ და ბევრი „მომენატრე“
და მაინც, ყველა დიალოგი, ყველა ფიქრი და ყველა ქმედება ამ სიტყვებით მთავრდება : „ეს ყველაფერი რომ გადაივლის…“
ეს ყველაფერი რომ გადაივლის ვფიქრობ არაფერი იქნება ისე როგორც უწინ. ეს მასობრივი ცვლილება ჩვენში, ყველა წაკითხული წიგნის და ნანახი ფილმის პარალელურად მიმდინარეობს.
ხშირად ნათქვამი და ბანალურად ქცეული რეპლიკა – „შეცვალე შენი ცხოვრება!“ მასობრივ რეალობად იქცა.
მონეტას ორი მხარე აქვს და პანდემიის პარალელურად ჩვენი, დედამიწელების ცხოვრება ლაგდება და იცვლება უკეთესობისკენ.
დიახ მეგობრებო, ყველაფერი ჩაივლის და როდესაც სახლებიდან გამოვალთ და მეტად სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავთ ვიდრე აქამდე, არასასურველ სამსახურებს დავტოვებთ და ჯანსაღი ურთიერთობებით დავკავდებით მივხვდებით, რომ განგებამ კაცობრიობას ერთი დიდი “Restart”-ი გაუკეთა, დედამიწა დაასვენა და ჩვენი, დედამიწელების ცხოვრებას ახალი ელფერი შესძინა.
მანამდე კი, ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი იწერება სათაურით „ტრფობა და ბაასი პანდემიის ჟამს“.
コメント