top of page

ფარშევანგი

ფარშევანგი

მარტო ყოფნა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა რამე ღირებულს ქმნი. რა სისულელეა და გულისამრევი რომ „რამე ღირებულის შექმნა“ უნდა დაისახო მიზნად და თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ვერშემდგარი, უიღბლო, საცოდავი ადამიანის სტატუსი გენიჭება.

ვიგრძენი როგორ ამექავა თავის კანი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვნერვიულობდი. ყოველთვის როცა ვნერვიულობ, თავს ვიფხან. საქმიანად და ჩაფიქრებით კი არა, ქეციანი ძაღლივით, ტილიანი ბავშვივით და მუნიანი კაცივით. არცერთი ვარ, მაგრამ არც ერთს ვჯობივარ.

როცა ვინმეს შეყვარებულთან შეხმატკბილებულად მოღუღუნეს დაინახავენ, ამბობენ, როგორ გაუმართლაო. ნათელია, სიტყვა „გამართლების“ მნიშვნელობა, ნამდვილი მნიშვნელობა, ფართო მასებისთვის უცნობი ან დამახინჯებულია. გაუმართლა იმას, ვინც ჰოლივუდური გარეგნობით ან სულაც ჰოლივუდელ მსახიობად დაიბადა. ყველა ლამაზ და სიმპატიურ ადამიანს საშინლად გაუმართლა, მათ ჯეკ პოტი მოხსნეს, კარგი გარეგნობა აქვთ, განძი, რომელიც ადამიანებში ყველაზე ძვირად ფასობს, ყველაზე მოთხოვნადია, ყველაზე ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.

მე არ გამიმართლა, ამიტომ ნაშების დასაკერად ინტელექტუალური გზების ძიება მიწევს, რაც გაცილებით რთული, ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. გარეგნული უთანასწორობა უსამართლობის ყველაზე ნათელი მაგალითი და წყაროა. ერთი სიმპატიური მეგობარი მყავს, რომლის ყველაზე დიდი ღირსება ლამაზი ცხვირ-პირია, სხვა ვერაფრით დაიკვეხნის, მისი შინაგანი სამყარო ისევე ღარიბია, როგორც იესო, მაგრამ კონკურენციას ვერასოდეს ვუწევ. მის გვერდით თავს ისე ვგრძნობ, როგორც რობინი ბეტმენთან, არადა გონებრივი მონაცემების გათვალისწინებით ბეტმენობა მე უფრო შემეფერება. მაგრამ თავცარიელი და მკერდსავსე გოგოები, რომლებმაც დიდი ხანია უარი თქვეს საკუთარ გონებაზე და უხვად ბოძებული ფიზიონომიური სიკეთეების ექსპლატაციას მიჰყვეს ხელი, ყოველთვის იმას ანიჭებენ უპირატესობას. რა გინდა რომ ქნა. უფრო სწორედ, შეგიძლია, ბევრი რამე ქნა: დაიბოღმო ადამიანებზე, სამყაროზე, ღმერთზე; წარმოიდგინო რა მოხდებოდა და რას იზამდი ბრედ პიტად ან ჯონი დეპად რომ დაბადებულიყავი, თავი გაიმხნევო რომ შენზე მახინჯებიც არსებობენ და ა.შ. მაგრამ საბოლოოდ ფაქტი ფაქტად დარჩება: არ გაგიმართლა.

ხომ არსებობს თეორიები რაღაცნაირ შარმზე, ეშხსა და სექსუალურობაზე, რომლებიც შეიძლება უშნო მამაკაცებსაც ჰქონდეთ და ქალებისათვის მაინც უსაშველოდ მიმზიდველები იყვნენ? მე არც ეგ რაღაცები მაქვს. შემიძლია ბევრი ვიწუწუნო, ვცადო კიდეც ამ ნაკლების გამოსწორება, თავი ვიმშვიდო, რომ ყველა გზა გარეგნობისკენ არ მიდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმედგაცრუებული და უსამართლობის საკუთარ თავზე გამოცდით გულგატეხილი დავრჩები, ეს გარდაუვალია. რატომ? იმიტომ რომ ყველა გზა ზუსტადაც რომ გარეგნობისკენ მიდის. კაცობრიობის მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა - მახინჯი და ლამაზი ადამიანები. მახინჯებს უნდათ ლამაზები იყვნენ, ლამაზებს უნდათ ლამაზებთან იყვნენ.

თავის კანი კიდევ უფრო ამექავა, შეიძლება გავმელოტდე, თმა საგრძნობლად შემითხელდა. რა ბედნიერება იქნება, კიდევ ერთ ანტიჯეკპოტს მოვხსნი. აი ასეთი დღე მაქვს დღეს. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ასე ვარ: დილით მანამდე ვდგავარ სარკის წინ გაუნძრევლად, სანამ რამე ნაკლს, პრობლემას არ ვიპოვი, და მერე მთელ დღეს მის შესწავლასა და მასში წიაღსვლებს ვუთმობ, ყველაფერს ამ პრობლემას ვუკავშირებ, ვაბრალებ, ვუსადაგებ. ყველა მხრიდან ვსწავლობ და სანამ ბოლომდე არ ამოვწურავ, სანამ თავს არ მომაბეზრებს და მასზე ფიქრი გულს არ ამირევს, თავს არ ვანებებ (მაგალითისთვის, გუშინ სიღატაკე გავამათრახე, გუშინწინ უნიჭობა, იმის წინ სიმსუქნე და ასე უსასრულოდ). ამ დილით გადავწყვიტე, ჩემს გარეგნობაზე გამემახვილებინა ყურადღება. თემა საკმაოდ მოცულობითია, რამაც თავიდან ჩამაფიქრა, ხომ არ აჯობებდა, რამდენიმე ნაწილად დამეყო და რამდენიმევე დღეზე გადამენაწილებინა. აი, მაგალითად, იქნებ უფრო ჭკვიანური იქნებოდა, რომ პირველი, ანუ დღევანდელი დღე ჩემი უსიმპატიო ცხვირისთვის დამეთმო, ცხვირი ხომ გარეგნობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ათასნაირი თეორიის მოფიქრება შეიძლება, ათასნაირი მოვლენა შეიძლება დაუკავშირო იმ ფაქტს რომ მახინჯი ცხვირი გაქვს. ასე რომ მოვქცეულიყავი, ხვალ დილით ალბათ ახალ სამიზნედ ჩემს კვერცხვისებრ თავს ავირჩევდი, ანუ, ზოგადად - მახინჯი ფორმის თავებს; მაზეგ - თხელ ტუჩებს მივადგებოდი, მერე კიდე ვიპოვიდი რამეს და ა.შ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დილიდან ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას ვგრძნობ, გადავწყვიტე გამოწვევას არ შევშინებოდი, არამედ შევბმოდი და ასეც მოვიქეცი. შეიძლება დიდი წინდახედულება ვერ გამოვიჩინე, იქიდან გამომდინარე რომ მაინცდამაინც იმ დღეს შევეჭიდე ამ თემას, როცა პაემანი მაქვს დანიშნული საკმაოდ მიმზიდველ გოგოსთან, რომელსაც კარგა ხანია ვკერავ (ინტელექტუალური გზებით), მაგრამ წინდახედულობა არც არასოდეს ყოფილა ჩემი სტიქია.

ხანგრძლივად მარტო ყოფნა ძალიან დამღლელია და ბოლოს აუცილებლად ამოუშვებ სასოწარკვეთილ ხმას დამეხმარეთო. ადამიანს ადამიანი სჭირდება, თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ სძულდეს. ჰოდა მეც დამჭირდა და ვიპოვე კიდეც. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, სიმპატიური რომ ვიყო სადარდებელი არაფერი მექნებოდა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ არ ვარ. იმას გაუმართლა, მე - არა. ჰოდა ახლა იმდენი უნდა მოვახერხო, ეს დისონანსი ვერ შეამჩნიოს, რაც წარმოუდგენლად რთული მისიაა. მაგრამ მაგდენი რომც მოვახერხო, ერთმანეთი ძალიანაც რომ მოგვეწონოს და შემდეგ შეყვარებულებადაც ვიქცეთ, ხომ მაინც მუდმივად შემაწუხებს იმის შეგრძენება რომ რაღაც დაუმსახურებელს ვეპოტინები? როცა ხელიხელჩაკიდებულებს სიმპატიური ბიჭი ჩაგვივლის, ხომ შემომიტევს თავის ქავილი და გავიფიქრებ, ალბათ როგორ უნდა ისეთი გარეგნობა მქონდეს. ან: ალბათ როცა ჩემთან კოცნისას (მოგვიანებით - სექსისას) თვალებს დახუჭავს, იმ ბიჭს წარმოიდგენს.

ამ ფიქრების მიუხედავად არ შემინელებია ფეხი, რომელსაც ავტომატუტად მივყავდი დანიშნულების ადგილისკენ.

„ჩაი გიყვარს?

კი, ძალიან. ჰოდა, მე და შენ აუცილებლად უნდა დავლიოთ ჩაი და ვიმსჯელოთ ეგზისტენციალურ საკითხებზე. ეგზისტენციალურ საკითხებზე მსჯელობას ისე არაფერი უხდება, როგორც კარგი ჩაი. კარგი. შენც გიყვარს ჩაი? ვერ ვიტან.“

ჰო, ზუსტად კარგი ჩაისთვის შევიწუხე თავი. თავი კარგი კონტურების მქონე ტრაკისა და საშუალოზე დიდი მკერდისთვის შევიწუხე. მაშასადამე, თავი კარგი გარეგნობისთვის შევიწუხე. ეს მოცემულობა აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ ლოგიკურ ამოცანას ჰგავს. საერთოდაც, ცხოვრება ერთი დიდი უნარების ტესტია, ოღონდ მაღალი ქულის აღებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ სიმპატიურიც ხარ. თუ არა, სულ ნაკერავზეც რომ გასკდე, მაინც არავინ დაგაფინანსებს. ეგზისტენციალურ საკითხებსაც გავკარი, კაცი ფიქრს მაშინ იწყებს, როცა მახინჯია. თუ ლამაზი ხარ და ფიქრს იწყებ, გამონაკლისი გქვია. ჰო, ფიქრი მახინჯების საქმეა, ბედნიერება - ლამაზების.

რაზე უნდა ვისაუბროთ არც დამიგეგმავს, ამ მხრივ, ასე თუ ისე, მაქვს საკუთარი თავის იმედი (რამეში მაინც ხომ უნდა გამომადგეს). არა, იმას კი არ ველოდები, რომ პირველივე პაემანი სექსით ან ხანგრძლივი ფრანგული კოცნით დაგვირგვინდება. პრინციპში, ზუსტად ამას ველოდები, ოლ ინი უნდა გავაკეთო, ბლიცკრიგის ტაქტიკას მივაწვე, ან ყველაფერი, ან არაფერი, აბა სად მაქვს ახლა მე გაწელილი ურთიერთობების თავი და ნერვები? ვნებების დაკმაყოფილება საერთო ჯამშიც დამაკმაყოფილებს, არაა საჭირო მაღალ მატერიებთან პირფერული პოტინი, მაშინ, როცა ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს - გარეგნობაა. რეალობა მაღალ მატერიებს ყოველთვის ხმარობდა, ხმარობს და იხმარს კიდეც.

„უნდა გაიპრანჭო? რა თქმა უნდა, მოვიწესრიგებ თავს, პაემანზე მოვდივარ, ბოლოს და ბოლოს.“

რა თქმა უნდა, მოიწესრიგებს, ჰო, შეეცდება რაც შეიძლება სექსუალური და  მიმზიდველი იყოს. რაც შეიძლება ბევრჯერ გამიმაგროს სასქესო ორგანო პაემანის განმავლობაში. რაც შეიძლება ღრმად ჩამიბეჭდოს თავისი სექსულური ტრაკი და მკერდი მეხსიერებაში, რომ სახლში, მარტო ყოფნისასაც რაც შეიძლება მეტჯერ გამიმაგროს სასქესო ორგანო. რა მზრუნველი და ყურადღებიანია. ანუ ლამაზი.

დათქმულზე ცოტათი ადრე მივედი და აღმოვაჩინე, რომ ჩაის სახლში ლუდის დეფიციტი ყოფილა, ამიტომ ორი ჩაი შევუკვეთე და ლოდინი დავუწყე გოგოს, რომელმაც ჩემს მარტოობის ჭაში კიბე ჩამოდგა.

„ხვალ?.. რატომაც არა, მაინც მოწყენილი ვარ. მოვუვლით მაგ ამბავს. გამამხიარულებ? მოგიხერხებ რამეს.“

შენი მოწყენილობა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, მთავარია ის ჯილდო, რომელსაც ამ მოწყენილობი გაქარვების შემდეგ მივიღებ. ყველას ჩვენ-ჩვენი მიზნები გვაქვს და კეთილი საქმე მხოლოდ მაშინ გამოგვდის, როცა ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვინმე საწყალობლად გდია, ჰოდა იმისთვის რომ გზა, ანუ მიზნისკენ სვლა განვაგრძოთ, ამ ვინმეს წამოდგომაში ვეხმარებით, სინამდვილეში კი მხოლოდ გზას ვითავისუფლებთ.

ძალიანაც არ დაუგვიანია, მაგრამ სანამ მოვიდოდა კიდევ ბევრი სიტყვა იქცა წინადადებად და არანაკლები წინადადება - აზრად. როცა შემოვიდა და გადავკოცნე, მუცელთან რაღაცამ შემიღიტინა. პეპელა კი არ აფარფატებულა, უფრო გველის გასრიალებას ჰგავდა, სიყვარული კი არა, მყისიერი პორნოგრაფიული კადრებით გაფორმებული ვნება იყო, რომელიც ჩემმა სხეულმა გამოისროლა ლამაზი სხეულის დანახვისას. დავსხედით.

- ჩაი შევუკვეთე.

- ვხედავ. - ისე მოკლედ მიპასუხა, ვიფიქრე, ალბათ გამიბრაზდა იმისთვის რომ სიმპატიური არ ვარ-მეთქი და მოვიღუშე. ყველანაირი უფლება აქვს თავი ჩემზე მაღლა დააყენოს, მაგრამ მაინც ნერვების მომშლელია, როცა ვიღაც გახსენებს როგორ იქეცი უზენაესი უსამართლობის მსხვერპლად, ანუ გახსენებს, რომ მახინჯი ხარ.

- დალიე. - ვერ დაიწყო ყველაფერი საუკეთესო ნოტაზე. თუ იმის მიღებას ვაპირებ, რაც მიზნად დავისახე, უფრო უნდა მოვინდომო და ვიაქტიურო. - რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე რომ უცნაური უნარი მაქვს. - რა უნარი? - დაინტერესდა და თვალებში ღიმილიც გაუკრთა. ახლა უნდა ავდგე და რაღაც ჩახლართული სისულელე მოვიგონო, რითაც ხაზს გავუსვამ რომ ყველას არ ვგავარ, გონებრივად განვითარებული, უჩვეულო და საინტერესო ადამიანი ვარ, დავუმტკიცო, რომ შევძლებ მოწყენილობისას გავართო და ცხოვრება გავუმრავალფეროვნო, ანუ ღირს ჩემთვის დროისა და ყურადღების დათმობა, ურთიერთობის დაწყება და იმაზე თვალის დახუჭვა რომ სიმპატიური არ ვარ. თუმცა ეს რომც მოვახერხო, ამით ჩემი მისია მაინც არ ამოიწურება. მერეც მუდმივად მომიწევს იმაზე ზრუნვა, რომ ჩემი გარეგნული ნაკლოვანებები, გონებრივი ღირსებებით ავანაზღაურო და მუდმივად მიზანდასახული ვიქნები, მუდმივად დაძაბულიც. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა იმ ჩემს სიმპატიურ მეგობარს ორი სიტყვის თქმაც არ მოუწევდა ახლა აქ რომ მჯდარიყო. შეხედავდა თავისი ლამაზი თვალებით და მთელი პაემანის განმავლობაში ეს შტერი ილაპარაკებდა პორნო-აღტყინებით, პორნო-აზრებითა და პორნო-შეგრძნებებით აღვსილი.

არაუშავს, უარესებიც არ ხდება, მაგრამ მაინც არაუშავს. მიმზიდველმა ოფიციანტმა გოგონამ ჩაგვიარა სექსუალური ტრაკით, მექანიკურად გავაყოლე თვალი, მერე ჩემ პირისპირ მჯდომის თვალებს დავუბრუნდი, რომელშიც მოდამცინავო და მოგაკვირვებულო გამოხედვა დამხვდა.

- რა იყო?

- რა ქენი წეღან?

- რა ვქენი?

- იმ გოგოს შეხედე უკანალზე!

- აჰ, ჰო, კარგი ტრაკი აქვს, ვერ გავუშვებდი ამ შანსს.

- ამაზრზენი ხარ..

- თავი გაბია.

- რა თქვი?!

- აბა როდის აქეთაა ტრაკების დეგუსტაცია, ისიც მხოლოდ მზერითი, ამაზრზენი?

- პაემანზე ხარ!

- პირველზე. ჩვენც ახლა უცებ ოჯახი არ შევქმნათ.

- წადი შენი!

- მოიცა არ წახვიდე.

- რატომ?

- გადამახდევინეს უკვე ამ ორი ჩაის ფული.

- ორივე შენ ჩაისხი!

- კაი, ჰო, დაწყნარდი. ჩემს განსაკუთრებულ უნარს გიმხელდი, არ გაინტერესებს? დარჩი, ჩაი დალიე და მომისმინე, რას კარგავ, ამდენ ხალხში რა უნდა დაგიშავო, რაც არ უნდა მანიაკი ვიყო.

როგორც იქნა, დააბრუნა ტრაკი სკამზე, მაგრამ ისევ გაბრაზებული მიყურებდა, უნეებურად მკერდზე შევხედე, რომელიც თვალშისაცემად მიმოეღეღა. -თვალებში მიყურე! - მომესმა. ერთი წუთით-მეთქი, თითით თვალაუწევლად ვანიშნე, ცოტაც და მოთმინებიდან გამოვიდოდა, მაგრამ დავასწარი და თვალი გავუსწორე, მერე ცერა თითი ვაჩვენე და ქვედა ტუჩი გამოვბურცე, წარბები კი მოწონების ნიშნად მაღლა ავყარე. გაეცინა.

- ჰო, იმას გეუბნებოდი, რომ საოცარი უნარი მაქვს.

- აღარ ამოღერღავ, რა?

- გეტყვი, ჰო. აი, მაგალითად, შემიძლია ჩემი ცხოვრების ნებისმიერი ეპიზოდი ხელოვნების ნაწარმოებად ვაქციო.

- როგორ?

- მაგალითის სახით აგიხსნი. სახეობა აირჩიე, მუსიკალური ნაწარმოები გირჩევნია, მხატვრული თუ ასე შემდეგ...

- მხატვრული იყოს.

- პროზა, პოეზია?..

- პოეზია. - თვალებში ზედაპირული კრძალვა გაუკრთა ამ ლორდ ბაირონზე მნძრეველს.

- პოეზია ით იზ. დახუჭე თვალები და მისმინე. დახუჭე, ჰო, ნუ გეშინია. - როცა დახუჭა კიდევ ერთხელ შევუთვალირე გულმკერდი, მერე გარშემოც მიმოვიხედე და ტრანსფორმაციის პროცესიც დაიწყო, საგნები თანდათან იქცნენ სიტყვებად, სიტყვებმა თანდათან იპოვეს მსგავსებები ერთმანეთს შორის და დაწყვილდნენ. სანამ ყველაფერი დასრულებულ სახეს მიიღებდა და შეიკვრებოდა, ჩაი მოვხრუპე. სახე დამემანჭა და სითხე კვლავ ჭიქაში ჩავაბრუნე. ცოტა ხანს კიდე მომიხდა ლოდინი, იმ ოფიციანტის ტრაკის უფრო დეტალური შესწავლაც მოვასწარი, შემდეგ კი როგორც იქნა პროცესი დასრულდა და თვალდაუხამხამებელი სიმშვიდით, მონოტონურად გავახმოვანე, ის რაც თითქმის ჩემგან დამოუკიდებლად შეკოწიწდა ჩემს თავში.

როცა დავასრულე, ის შტერი ისევ თვალებმინაბული იჯდა, სახეზე პოსტორგაზმული ნეტარება ეფინა. გაახილე, მოვრჩი-მეთქი, ვუთხარი და ძალიან ნაზად აფახულდა, თითქოს სიყვარული ამეხსნას. ლამაზი არ ყოფილიყო, ვინ დახარჯავდა ამაზე დროს და სიტყვებს. მე ნამდვილად არა. შინაგანი სამყარო ჩემიც მყოფნის.

- პოეტი ხარ?

- ღმერთმა დამიფაროს.

- ულამაზესი იყო.. თითქოს ავმაღლდი სანამ გისმენდი.

- ჰო? კაია. მაკოცებ?

- ახლა?

- რატომაც არა, ხომ ამაღლებული მომენტია?

შეიშმუშნა, რაც უარს ნამდვილად არ ნიშნავდა და გადავიხარე, ისიც დაიძრა ჩემკენ. ერექცია კოცნამდე დამეწყო, კარგა ხანს და ვნებიანად ვკოცნიდი, თვალდახუჭულსაც მახსოვდა როგორი ლამაზი და სექსუალური იყო. წაგრძელებული კისერი რომ დამეღალა და ადგილს დავუბრუნდი, ეს ისევ თვალდახუჭული გაირინდა. „შენი ჰობი რაა? თვალების დახუჭვა.“ წყალი მომინდა. ჩაი არა. უმწეოდ მიმოვიხედე.

- რამეს ეძებ?

- იმ ოფიციანტის ტრაკს.

- ჩემი ჯობია.

გაკვირვებულმა შევხედე, ისევ ისტერიკებს ველოდი, ეტყობა იმოქმედა ჩემმა „უნარმა“ და ჩემივე არასიმპატიურობა დაიჩრდილა. გამომწვევად მიღიმოდა, მოდი გამჟიმე სახით. ანუ წვალებამ შედეგი გამოიღო. მაგრამ გამარჯვებისგან ორგაზმულ სიამოვნებას მაშინ იღებ, როცა ჯილდოზე უარს ამბობ. ისღა დამრჩენოდა, ორ მოსალოდნელ ორგაზმს შორის უფრო ძლიერი ამერჩია და ასეც მოვიქეცი.

-უნდა წავიდე.

-სად?!

-იქ, სადაც ქარიშხალია.

ყველაფრის ამ ნოტაზე დასრულება სულაც არ მესახებოდა ურიგო პერსპექტივად და წამოვდექი, უკანმოუხედავად დავტოვე ეს სულელური ადგილი. არასიმპატიურებს ის უპირატესობა გვაქვს, რომ შეგვიძლია ცხოვრების სხვა ფრონტებზე გავაკეთოთ აქცენტი, ძალები სხვაგან გადავისროლოთ. მაგრამ სადაც არ უნდა გადაპარტიზანულდე, თანდაყოლილი სუსტი წერტილი მუდამ სუსტ წერტილად დაგრჩება და იქ, საიდანაც გაიქეცი, მუდამ დამარცხებული იქნები. ამიტომ გაქცევას აზრი არ აქვს. დამარცხებასთან შეგუებასაც არ აქვს აზრი. აზრი არც გამარჯვებას აქვს. ფარშევანგი ხომ ლამაზი, მაგრამ უსარგებლო ქათამია, მაგრამ ზოოპარკში მაინც დიდის ამბითაა გამოჭიმული, მაშინ როცა სასარგებლო მაგრამ მახინჯ ქათმებს ნაჯახებით დავსდევთ დასაკლავად. ის კი გასაგებია, რომ სრულყოფილება სრული კომპლექტის გარეშე წარმოუდგენელია და ეს სრული კომპლექტი პირველ რიგში სწორედ მახინჯსა და ლამაზსს მოიცავს, მაგრამ ვის რა ჩემს ფეხებად უნდა უსამართლობანარევი სრულყოფილება? რა დააშავა ქათამმა, რომელსაც ლამაზი და გაფოფრილი კუდი არ აქვს და ამიტომ შეწვისთვისაა განწირული? რით დაიმსახურა ფარშევანგმა თანდაყოლილი გრაციოზულობა და მისით მოხიბლული ადამიანების აღფრთოვანებული შეძახილები?

გავჩერდი, მერე ქუსლებით შევტრიალდი და სწრაფადვე დავბრუნდი უკან, თვალი მოვკარი როგორ გამოდიოდა იმ ჩაის სახლიდან დაბნეული, მაგრამ მაინც ლამაზი. თვითონაც რომ დამინახა თვალები ბრაზისგან აენთო და კიდევ უფრო გალამაზდა. მივუახლოვდი და სანამ რამეს მეტყოდა, დავასწარი: -ფარშევანგი ხარ.

ისევ გამობრუნება და წასვლა დავაპირე, მაგრამ ხელი მომკიდა და თავისკენ დამქაჩა.

ყველაზე საშიში რამ, რაც ერთმა ადამიანმა შეიძლება მეორეს გადასდოს, განწყობაა.

თვალი რომ გავუსწორე, მეორე (უფრო ლამაზი) მესავით იყო და გავიფიქრე, რომ ზუსტად ასეთი მინდოდა ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება. მაგრამ ის, რაც გადამდებია, მუდმივი ვერ იქნება. პრინციპში, მუდმივი ვერაფერი იქნება. თავი ამექავა.

ნელა, მაგრამ ძლიერად მიმიზიდა და როცა მეგონა, მაკოცებდა, მითხრა: - ადამიანები მხოლოდ თავდაჯერებულობის დონეებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. გარეგნობას კი, შე ქათამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არ უთქვამს. იმან მხოლოდ სილა გამაწნა და ზურგი დემონსტრაციულად შემაქცია. მაგრამ სილის გაწვნის მომენტი ჩემმა გონებამ ამ სახით გარდაქმნა.

ერთხანს გაბრუებული ვიდექი, მერე ისევ შიგნით შევედი და ჩაი შევუკვეთე, რათა იმ ლამაზ ოფიციანტს გამოვლაპარაკებოდი.


ავტორი: იანუსი ჟანრი: პროზა 30 მაისი, 2015






45 views0 comments

Commentaires


bottom of page