შეიძლება ადრე მიყვარდა, მაგრამ ახლა მეცოდებოდა და, რაკი მეცოდებოდა, მაშასადამე არ მიყვარდა. შეუძლებელია, ქალი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. რადგანაც, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია. „მდგმური“
ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ.„მდგმური"
ჩემი აზრით პროვინციალობა, ყოველ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, ისაა, კაცს რომ თავისი მოდელი ეთაკილება და სხვისი მოდელით ცდილობს იცხოვროს. „ქარავანი“
ადამიანის დანიშნულება ადამიანის გარეთაა საძებნელი. თუმცა თავისი თეორია ყველას შეიძლება ჰქონდეს. ჩემი თეორიის მიხედვით ადამიანს არავითარი დანიშნულება არ აქვს, უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს ბადებს. „ქარავანი"
არსებობა ურთიერთობებია, არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათები მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი. ეს იმდენად ნათელი და ურყევი აქსიომაა, რომ მის ჭეშმარიტებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს სულის მეტი. სული კი, რასაც გვეუბნებიან, თუ სიმართლეს გვეუბნებიან, სიცოცხლესა და სიკვდილს მიღმა დგას და, ამდენად, მატერიალური პასუხისმგებლობა არ აკისრია. „ქარავანი“
ჩვენ გამუდმებით მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ.
არაფერი არ არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული.
ნუთუ არ იცით, რომ ყოველი კაცის ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი წინამავალთა გამოცდილებაა? თეორიული მაქსიმუმი, რაც პიროვნული გენიისთვისაა დარჩენილი, არის ერთი პროცენტი და ვინც ამ ერთ პროცენტს გამოიყენებს, სწორედ ის არის გენიოსი.
ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში. ამაში საკვირველი არაფერია. ვისაც ეს ხელს არ აძლევს, მან საკუთარი თავი უნდა უარყოს, რადგან თავისუფლება საკუთარი თავის უარყოფით იწყება. თვისებებზე უნდა თქვას უარი და, თუ ამის შემდეგ რაიმე დარჩა, იმას უნდა დაეპატრონო და მოუფრთხილდე, მაგრამ დარჩება რამე? აი, ეს არის საკითხავი.
რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გამო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსს და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ.
ყოველ კაცს განვითარების საკუთარი, პიროვნული ბილიკი აქვს, რომელიც ერთ საერთო გზას უნდა უერთდებოდეს და თუ არ უერთდება, ეს ბილიკი გაუქმებული ბილიკია.
სხეული ხელოვნური რამაა, სკაფანდრია, რომელიც სულს იმისთვის დასჭირდა, რომ დროსა და სივრცეს მორგებოდა და კონკრეტულ სამყაროში გამოვლენილიყო. სიცოცხლე და სიკვდილი სკაფანდრის არსებობის ფორმაა და არა სულის. სკაფანდრი გაცვდება და დაიშლება სული კი ცქვიტად დაუბრუნდება თავის საწყისს, თავის წყაროს.
გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია... სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.
ჩვენ ილუზიურ სამყაროში ვცხოვრობთ. ილუზიურ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტება არის ოცნება. ჩვენ კი ოცნებას ცხვირსახოცად ვხმარობთ.
Comments