top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - გონებისა და გრძნობის შესახებ

და კვლავ თქვა ურუმმა ქალმა:


გვითხარი გონებისა და გრძნობის შესახებ.


და მიუგო მან და თქვა: თქვენი სამშვინველი ხშირადაა ბრძოლის ველი, სადაც თქვენი ჭკუა-გონება ებრძვის თქვენსავე გრძნობა-სურვილებს. ნეტა შემეძლოს, მშვიდობა მოვფინო თქვენს სამშვინველს. ნეტა შემეძლოს თქვენთა ნაწილთა შუღლი და აშლილობა ერთობად და საამურ ჰანგად გარდავქმნა!


მაგრამ, აბა, ამას რანაირად შევძლებ, თქვენ თვითონ თუ არ გახდით მშვიდობისმყოფელნი, თვითონ თუ არ შეიყვარეთ ნაწილები თქვენივე არსებისა?


გონება და გრძნობა საჭე და იალქანია ზღვაში გაჭრილი თქვენი სამშვინველისა. აფრები თუ დაფხრეწილია, ან საჭე დამსხვრეული, მაშინ ან აქეთ-იქით მიაწყდებით, ან დინება წაგიღებთ, ან შუა ზღვაში იტივტივებთ. მხოლოდ გონება თუ მბრძანებლობს, ეს დამთრგუნველია; გრძნობა თუ მოუთოკავია, ეს მწველი ალია და თავს ინადგურებს. ამიტომ, დაე, თქვენმა სამშვინველმა აზიდოს თქვენი გონება გრძნობათა სიმაღლეზე, რათა გონებამ გალობა შეძლოს. დაე, თქვენმა სამშვინველმა გონივრულად წარმართოს თქვენი გრძნობები, რათა თქვენი მისწრაფებანი დღითიდღე აღორძინდეს და ფენიქსივით აღდგეს საკუთარი ფერფლიდან.


ვისურვებდი, თქვენი გონიერება და თქვენი მისწრაფებანი შინ წვეულ ორ სასურველ სტუმრად მიგეჩნიათ. ერთ სტუმარს ნამდვილად ვერ მიაგებდით მეორეზე მეტ პატივს, ვინაიდან, თუ უფრო გულისხმიერი იქნებოდით ერთის მიმართ, დაკარგავდით სიყვარულსა და ნდობას ორივე წვეულისას.


მთებში როცა ისვენებთ ფოთოლვერცხლა ვერხვის ჩრდილში, როცა შორეული ველ-მინდვრები გყავთ სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოზიარედ, მაშინ, დაე, გიჩურჩულოთ თქვენმა გულმა: "ღმერთი სუფევს გონებაში". როცა ქარიშხალი ბორგავს და გრიგალი ეხეთქება ტყეს, როცა ელვა და ქუხილი ზეცის სიდიადეს გვამცნობს, დაე, თრთოლით გითხრათ გულმა: "ღმერთი იძვრის გრძნობაში". და რაკი სუნთქვა ხართ ღვთაებრივი სამყაროსი, რაკი ფურცელი ხართ ღვთაებრივი ტევრისა, თქვენც სუფევთ გონებაში და თქვენც იძვრით გრძნობაში.



18 views0 comments

Commenti


bottom of page