მერმე წამოდგა ქალაქის მოსამართლე და თქვა:
გვითხარი რამე დანაშაულისა და სასჯელის შესახებ.
და მიუგო მან და უთხრა:
თქვენი სული როცა ქარში დაძრწის, მაშინ თქვენ, მიტოვებულნი და დაუცველნი, სიავეს სჩადიხართ სხვების მიმართ და, ამდენად, საკუთარი თავის მიმართაც. და ამ შეცოდებათა გამო მიუკაკუნებთ ბჭეს კურთხეულისას, მაგრამ ლოდინი მოგიწევთ, ვერ შეგნიშნავენ.
ოკეანის მსგავსია თქვენი ღვთაებრივი არსი. მარად უბიწოა იგი. ღვთაებრივი ეთერის მსგავსად, იგი აღამაღლებს მხოლოდ და მხოლოდ ფრთაშესხმმულთ. მზის მსგავსიც არის თქვენი ღვთაებრივი არსი. მან არც თხუნელას გათხრილი გზები იცის, არც გველის სორო. მაგრამ მხოლოდ ღვთაებრივი - მე - არაა დავანებული თქვენ არსებაში. ბევრი რამ თქვენში უკვე ადამიანია, ბევრი რამ თქვენში ჯერ კიდევ არ არის ადამიანი. უგვანი ჯუჯაა, რომელიც რულმორეული დაბორიალობს ნისლში და ცდილობს გაღვიძებას.
თქვენში რომ ადამიანია, ახლა იმაზე მინდა გითხრათ.
რამეთუ სწორედ მან იცის, და არა თქვენმა ღვთაებრივმა არსმა ან ჯუჯამ, რა არის დანაშაული და რა არის სასჯელი.
ბევრჯერ მსმენია თქვენი საუბარი ავისმქმნელთა შესახებ, თითქოს სიავის ჩამდენი ერთი თქვენგანი კი არა, არამედ ვიღაც უცხო ყოფილიყოს, თქვენს სამყაროში შემოჭრილი ვიღაც მოძალადე. ხოლო მე გეტყვით თქვენ: უბიწონი და მართალნი ვერ ამაღლდებიან ყოველ თქვენგანში დავანებულ უზენაესზე მაღლა. ასევე, ბოროტნი და ლაჩარნი ვერ დაეცემიან ყოველ თქვენგანში დავანებულ უმდაბლესზე დაბლა. და ერთი ფოთოლიც კი ვერ გაყვითლდება მთელი ხის უჩუმარი დასტურის გარეშე; თქვენ ყველანი ერთად, ერთიან ნაკადად მიემართებით თქვენი ღვთაებრივი არსისკენ. თქვენ ხართ გზა და თქვენვე ხართ მგზავრი. და, როცა ერთი თქვენგანი წაიქცევა, იგი ეცემა იმათ ნაცვლად, ვინც წინ წაიჭრა მტკიცე, სწრაფი ნაბიჯით და ლოდი შებრკოლებისა არ ჩამოიცილა გზიდან, არ მოისროლა ქვა, რომელზეც წაიბორძიკებდით.
და კიდევ გეტყვით, თუმცა ჩემი სიტყვები გულს დაგიმძიმებთ: მოკლულსაც მიუძღვის ბრალი მკვლელობაში; გაძარცულიც ბრალეულია ძარცვაში; უბიწოთა წილიც ურევია ავისმქმნელთა სიავეში;
და მართალი, რომლის ხელები სუფთაა, მონაწილეა ავაზაკის დანაშაულისა. დიახ, დამნაშავე ხშირად მსხვერპლია შეურაცხყოფილისა. მსჯავრდებულს ხშირად მიუსჯიან ხოლმე უდანაშაულოთა და უბრალოთა გამო. თქვენ ვერ გათიშავთ სამართალს უსამართლობისგან, სიკეთეს ბოროტებისგან. მზის წინაშე ისინი ერთად არიან წარმდგარნი, ერთად, როგორც შეგრეხილ-შეწვერილი შავი და თეთრი ძაფი. და როცა შავი ძაფი წყდება, მქსოველი ქსელს შეავლებს თვალს და საქსოვ დაზგასაც შეათვალიერებს.
სამსჯავროზე ვინმე თუ წარადგენს მოღალატე ცოლს, მავნე სასწორის პინაზე დადოს გული იმ ქალის ქმრისა და იმავე საზომით გაზომოს სული მისი. ვისაც გასაშოლტად ემეტება შეურაცხმყოფელი, მან შეურაცხყოფილის სულშიც ჩაიხედოს. რომელიმე თქვენგანი თუ მიიჩნევს, რომ სამართლიანია უნაყოფო ხის მოკვეთა, და ნაჯახს მოუქნევს, დაე, დახედოს ამ ხის ფესვებსაც. და იგი ჭეშმარიტად იხილავს ხის ჯანსაღ ფესვებსაც და უვარგისსაც, სასიკეთოსაც და გამოუსადეგარსაც, ერთმანეთში გადახლართულს მიწის მდუმარე გულში. და თქვენა ხართ მსაჯულნი და სამართლიანობა გმართებთ.
რა განაჩენს გამოუტანთ მას, ვინც სხეულით უბიწოა, სულით კი ბიწიერი? რა სასჯელს დაუწესებთ მას, ვინც კლავს სხეულს, თავად მას კი სული მოუკლეს?
და როგორ განსჯი მას, ვინც ცრუა და მოძალადე, ოღონდ, ამასთან ერთად განაწყენებულია და შეურაცხყოფილი? და როგორ დასჯით მათ, რომელთა სინანული ბევრად აღემატება მათსავე ცოდვებს?
განა თვით სინანული არ არის სამართალი, დაფუძნებული იმ კანონზომიერებაზე, რომელსაც სიამოვნებით დაემორიჩილებოდი? მართალ კაცს თქვენ ვერ დააკისრებთ სინდისის ქენჯნას, ვერც დამნაშავეს აუკრძალავთ სინანულს. სინანულს მოპატიჟება არ სჭირდება. იგი უჩუმარ ღამეში დაიწყებს ხმობას, რათა გაიღვიძონ ადამიანებმა, გამოფხიზლდნენ და ჩაიხედონ თავიანთ სულში. და თქვენ, სიმართლის მაძიებელნო, რას იზამთ, როგორ გაირჯებით, ვიდრე ღვთაებრივი ნათლის შუქზე არ იხილავთ ყოველ ნამოქმედარს? მხოლოდ მაშინ შეიტყობთ, რომ ამაღლებულიცა და დაცემულიც ერთი და იგივე ადამიანია და გაჩხერილია თავისი მიწიერი ჯუჯა არსის ღამესა და ღვთაებრივი არსის დღეს შორის. და ასევე შეიტყობთ, რომ ტაძრის ლოდი თავსაკიდურთა არ არის უფრო აღმატებული, ვიდრე ბალავრის ყველაზე ქვედა ლოდი".
Commentaires