top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - მეგობრობაზე

და თქვა ჭაბუკმა: "მეგობრობაზეც გვითხარი".


და მიუგო მან და უთხრა:


მეგობარი - ეს არის თქვენთა საჭიროებათათვის შეგებებული პასუხი. იგი მინდორია, რომელზეც თესავთ სიყვარულით და იმკით მადლიერებით. იგივე თქვენი ტაბლა და თქვენი კერია. რამეთუ მას მიაკითხავთ მოშიებული და მასვე მიაშურებთ სიმშვიდისთვის.


მეგობარი როცა გულს გადაგიშლით, "არა" გულში ჩაიკალით, "ჰოს" თმა იჩქარეთ. მეგობარი რომ დადუმდება, თქვენი გული განაგრძობს მისი გულის სმენას. რამეთუ ყოველგვარი ფიქრი, სურვილი, იმედი იბადება მეგობრობაში და ზიარი ხდება უსიტყვოდ, ჩუმი სიხარულით. მეგობრის სიშორე ნუ დაგაღონებთ. მეგობარში რაც ყველაზე მეტად გეძვირფასებათ, შესაძლოა, მაშინ უკეთ გაცხადდეს, როცა მეგობარი შორსაა თქვენგან. მთამსვლელი რომ ბარიდან უკეთ ხედავს მთას.


დაე, ნუ ექნება მეგობრობას რაიმე სხვა მიზანი, გარდა სულის ამაღლებისა. რამეთუ სიყვარული თუ არ ეძიებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი იდუმალების წვდომას, მაშინ სიყვარული კი არა, მოსროლილი ბადეა, რომელიც სახეიროს ვერაფერს მოიყოლებს.


დაე, მეგობრისთვის გქონდეთ, რაც საუკეთესოა თქვენში. მან თუ უნდა იცოდეს როდის გიჭირთ, ისიც შეატყობინეთ, როდის გილხინთ. რის მაქნისია მეგობარი, რომელსაც დროის მოსაკლავად ეძიებთ? მუდამ ეძიეთ იგი დროის გასაცოცხლებლად.


რამეთუ მეგობარმა თქვენი სიცარიელე კი არ უნდა ამოავსოს, სწორედ მან უნდა გაასრულოს თქვენი მისწრაფებანი. მეგობრობის სიამტკბილობაში, დაე, იყოს ხალისი და ზიარი სიამოვნება. რამეთუ პატარ-პატარ სიტკბოებანი ცვარ-ნამივითაა გულისთვის, გული მცირედშიც პოვებს თავის განთიადს და შვებას.



26 views0 comments

Comments


bottom of page