top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - მშვენიერების შესახებ

და თქვა პოეტმა: გვესაუბრე მშვენიერებაზე.


და მიუგო მან:


სად ეძიებთ მშვენიერებას და როგორ იპოვით, ვიდრე თვით მშვენიერება არ გახდება თქვენი გზაც და თქვენი მეგზურიც? და რას იტყვით მშვენიერებაზე, თავად მან თუ არ შეთხზა თქვენი სათქმელი?


ჩაგრულნი და განაწყენებულნი ამბობენ: "მშვენიერება სათნოა და კეთილი. თავისი ბედნიერებითა და უჩვეულო პატივით ოდნავ დამორცხვებულ ახალგაზრდა დედასავით დაიარება იგი ჩვენ შორის".


მგზნებარენი ამბობენ: "არა, მშვენიერება ძალმოსილია და შიშისმგვრელი. იგი გრიგალივით არყევს მიწას ჩვენს ფეხქვეშ და შეძრავს ცას ჩვენს თავზევით".


ილაჯგაწყვეტილნი და დამაშვრალნი ამბობენ: "მშვენიერება უნაზესი ჩურჩულია. იგი ხმიანობს ჩვენს სულში. მკრთალი ნათელი რომ თრთის ჩრდილის შიშით, მშვენიერების ხმასაც სწორედ ასე აკრთობს ჩვენი დუმილი".


დაუცხრომელნი ამბობენ: "გვსმენია მშვენიერების ძახილი მთებში. და მთებიდან მის ძახილში აღწევდა ფლოქვების თქარუნი, ფრთების ფათქუნი და ლომების ბრდღვინვა.


ღამღამობით ქალაქის გუშაგები ამბობენ: "მშვენიერება აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდება აისთან ერთად".


შუადღის ალხში მხვნელ-მთესველნი და მოგზაურნი ამბობენ: "ვიხილეთ მშვენიერება, მიწისკენ გადმოიხარა დაისის სარკმელთაგან".


ზამთარში, დიდთოვლობისას, ამბობენ: "მშვენიერება მოვა გაზაფხულზე და ხტუნვა-ხტუნვით შემოირბენს გორაკებს".


ზაფხულის ხვატში ყანის მომკელნი ამბობენ: "გვინახავს მშვენიერება, შემოდგომის ფოთლებთან მოცეკვავე, და თოვლის ნამქერიც გვიხილავს მის თმაში".


ეგ ყველაფერი თქვენი ნათქვამია მშვენიერებაზე.


და მაინც, სინამდვილეში თქვენ მასზე კი არა, თქვენს აუხდენელ სურვილებზე საუბრობდით. მშვენიერება გასაჭირი კი არა, წამლეკავი ნეტარებაა. მშვენიერება არც წყურვილით გამშრალი ბაგეებია, არც - მოწყალებისთვის გაწვდილი ხელი. მშვენიერება ანთებული გულია და აღტაცებული სულია. იგი არაა ხატი, რომელსაც ხედავთ; არც ჰანგია, რომელსაც ისმენთ. მშვენიერება ხატია, რომელსაც უმზერთ თვალდახუჭულნი და ჰანგია, რომელსაც ისმენთ ყურებდახშულნი.


მშვენიერება არც ხის დახეთქილ-დანაოჭებულ ქერქში გამონაჟონი აშიფია და არც ფრთაა, ჭანგებთან შეზრდილი. იგი წალკოტია, რომელიც მარად ყვავილობს, და ანგელოზთა დასია, რომელიც მარად დაქრის.


ორფალესის მკვიდრნო, მშვენიერება სიცოცხლეა, რომელიც რიდეს ჩამოიხსნის და თავის წმინდა ხატს გვიჩვენებს. მაგრამ თქვენვე ხართ სიცოცხლე და თქვენვე ხართ რიდეც. მშვენიერება მარადისობაა და სარკეში არეკლილი თავის ხატებას უმზერს. მაგრამ თქვენვე ხართ მარადისობაც და თქვენვე ხართ სარკეც.



77 views0 comments

Comments


bottom of page