top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - რელიგიის შესახებ

და თქვა მოხუცმა ქურუმმა: გვესაუბრე რელიგიაზე.


და თქვა მან:


განა დღეს სხვა რამეზე გესაუბრებოდით? განა რელიგია არ არის საქმე ყოველი და ფიქრი ყოველი? აგრეთვე - ის, რაც არც საქმეა და არც ფიქრი, არამედ გაკვირვებაა და გაოცება, მუდამ რომ გვიღვივის სულში, მაშინაც კი, როცა ჩვენი ხელი ქვას კოდავს, ან ჯარას ატრიალებს. ვინ გათიშოს თავისი რწმენა თავისივე ქცევისაგან, ანდა - თავისი აზრები თავისივე საქმიანობისგან? ვის შეუძლია წინ განიფინოს თავისი დრო და თქვას: "ეს ღვთისთვისაა, ეს კი ჩემთვისაა, ეს ჩემი სულისთვისაა, ეს კი - ჩემი სხეულისთვის?


თქვენი დრო ფრთებია, რომლებსაც სივრცეში მოიქნევთ თქვენი არსიდან თქვენივე არსისკენ. კაცს თუ თავისი ზნეობა აქვს საგარეო სამოსად მორგებული, ამას სიშიშვლე უჯობს. ქარი და მზე კანს ვერ დაუშაშვრავს მას. ვისაც ეთიკა აქვს თავისი ქცევის საზომად, იგი გალიაში ამწყვდევს თავის მგალობელ ჩიტს.


ყველაზე ლაღი სიმღერაც კი ვერ გამოაღწევს გისოსებიდან და მავთულხლართებიდან. ვისთვისაც ღვთისმოსაობა სარკმელია, რომელიც იღება, მაგრამ, ამასთანავე, იხურება კიდეც, იგი ჯერ არ სწვევია სავანეს თვისი სულისას, რომლის სარკმლები დაფელილია განთიადიდან განთიადამდე.


თქვენი ყოველდღიური ცხოვრება არის თქვენი ტაძარი და თქვენი რელიგია. ყოველთვის, როცა ტაძარში შეხვალთ, ყოველივე თან იქონიეთ. თან წაიტანეთ გუთანი და ურა, საბეგველა და ბარბითი; და წაიტანეთ ყველაფერი, რაც თქვენი ნახელავია და შეგიქმნიათ საჭიროებისთვის, ანდა ოდენ სიამოვნებისთვის. ღვთის თაყვანებით ვერ ააღწევთ თქვენს წარმატებებზე უფრო მაღლა და ვერც დაეცემით თქვენს მარცხზე დაბლა. თან წაიყოლეთ ყველა ადამიანი: რამეთუ ღვთისმოსაობით თქვენს მარცხზე დაბლა. თან წაიყოლეთ ყველა ადამიანი: რამეთუ ღვთისმოსაობით თქვენ ვერ ააღწევთ იმათ იმედებზე მაღლა და ვერც თავს დაიმდაბლებთ იმათ უსასოებაზე დაბლა.


ღმერთი რომ შეგეცნოთ, აღარ მოგიწევდათ ქარაგმების ამოხსნა. უმჯობესია მიმოიხედოთ ირგვლივ და დაინახავთ, უფალი ღმერთი როგორ ეთამაშება თქვენს ბავშვებს. სივრცეს მოავლეთ თვალი და იხილავთ, რომ უფალი ღმერთი დაიარება ღრუბლებში, რომ უფალი ხელს გაშლის და... ელვა გაიკლაკნება, რომ უფალი წვიმად ეშვება დაბლა. უფლის ღიმილს დაინახავთ ყვავილებში, მერმე უფალი მაღლა აიწევს და ხელს დაგვიქნევს ხეთა შრიალით.



21 views0 comments

Comments


bottom of page