ქალაქის უხუცესთაგან ერთმა თქვა: დაგველაპარაკე სიკეთესა და ბოროტებაზე".
და მიუგო მან:
თქვენში არსებულ სიკეთეზე შემიძლია გესაუბროთ, მაგრამ ბოროტებაზე - არა. აბა, რა არის ბოროტება, თუ არა შიმშილითა და წყურვილით შეურვებული სიკეთე? ჭეშმარიტად, სიკეთე რომ დაიმშევა, საზრდელს ეძიებს ბნელ პარახებში, და რომ მოსწყურდება, დამდგარ წყალსაც კი ეწაფება.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა ერთნი ხართ საკუთარ თავთან. მაგრამ, როცა შორდებით საკუთარ თავს, არც მაშინა ხართ ბოროტნი. რამეთუ გაყოფილი სახლი არ არის ქურდების ბუნაგი. იგი ზიარი სახლია მხოლოდ და მხოლოდ. უსაჭოდ ხომალდმა შეიძლება იბოდიალოს სახიფათო კუნძულებს შორის, მაგრამ ფსკერისკენ არ წავა.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა ცდილობთ გაიღოთ საკუთარი არსიდან. მაგრამ თქვენ არა ხართ ბოროტნი, როცა თქვენდა სახეიროდ იღწვით. სათავისოდ როცა იხვეჭთ, მაშინ თქვენ ხართ ნიადაგი ჩაზრდილი და მიწის მკერდს დაწაფებული ფესვი.
ნაყოფი ნამდვილად ვერ ეტყვის ფესვს: "დამემსგავსე, გახდი წვნიანი, მწიფე, მარად გამცემი უხვად". რამეთუ ნაყოფისთვის მოთხოვნილებაა გაცემა, როგორც მიღება არის მოთხოვნილება ფესვისა.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა ფხიზელნი საუბრობთ. მაგრამ მაშინაც კი არ ხართ ბოროტნი, როცა ძილღვიძილში ლუღლუღებთ. ენისმოკიდებით ლაპარაკი აწრთობს და წაადგება ხოლმე ენაბრგვნილს. თქვენ კეთილნი ხართ, მტკიცე, გაბედული ნაბიჯით ტოცა მიიწევთ მიზნისკენ. მაგრამ არც მაშინ ხართ ბოროტნი, როცა ბორძიკით მიემართებით. ვინც კოჭლობით მიიკვლევს გზას, ისიც წინ მიიწევს და არ იხევს უკან. ხოლო თქვენ, რომელნიც ძლიერნი ხართ და სხარტნი, გაფრთხილდით: კოჭლთან ნუ იკოჭლებთ, ნუ გეგონებათ, რომ ამით სიკეთეს იქმთ. თქვენ კეთილნი ხართ უამრავ ვითარებაში და არა ხართ ბოროტნი მაშინაც, როცა არ ხართ კეთილნი. თქვენ მხოლოდ ზარმაცობთ და უსაქმურობთ. დასანანია, რომ ირემი კუს ვერ გაწვრთნის სისწრაფეში. თქვენივე დიადი არსისკენ თქვენს სწრაფვაშია სიკეთე თქვენი. და ეს სწრაფვა არის ყოველ თქვენგანში.
მაგრამ ზოგი სწრაფვა ნამდვილი ნიაღვარია, გაჩქარებული ჩაიქცევა ზღვაში, მიექანება და მიეზიდება მთის კალთების საიდუმლოს და ტყის ჰანგებს. ზოგის სწრაფვა მინდვრის ლიკლიკა ნაკადულია, ლამის იკარგება მისახვევ-მოსახვევში და ნელი რაკრაკით მიედინება ზღვის ნაპირისკენ. ვისაც ბევრი სწადია, ნუ ერტყვის მას, ვისაც სწადია ნაკლები: "რას ზოზინობ და ფერხდები". ღვთის გულისათვის, ნუ ჰკითხავთ შიშველს: "რა უყავი სამოსი?" უსახლკაროსაც ნუ ჰკითხავთ: "რამ დაგიქცია სახლ-კარი?"
Comments