და უთხრა ქალმა: გვესაუბრე ტკივილზე.
და თქვა მან:
ტკივილი იმ ნაჭუჭის მსხვრევამ იცის, რომელშიც გამომწყვდეულია თქვენი ცნობიერება. ხილის კურკა უნდა გატყდეს, მისი გული რომ მზეს დაენახოს. თქვენც ასევე უნდა გამოსცადოთ ტკივილი. თქვენი ცხოვრების ყოველდღიური სასწაულებისთვის რომ არ გქონდეთ გული შეჩვეული, მაშინ თქვენი ტკივილი თქვენსავე სიხარულზე ნაკლებ საოცრებად როდი მოგეჩვენებოდათ. და იგრძნობდით თქვენი გულის დროთა ცვალებას, როგორც ყოველთვის გრძნობთ წელიწადის დროთა ცვლას, თქვენს მინდვრებზე გადავლილს. და მშვიდად გამოიმზირებოდით დარდისა და სევდის სიზამთრიდან.
თქვენი ტკივილის დიდი ნაწილი თქვენივე არჩეულია. ეს მწარე წამალია. ექიმი, რომელიც თქვენშია, კურნავს ავადმყოფს წამლით, რომელიც ასევე თქვენშია. ამიტომ მიენდეთ ექიმს, მშვიდად და უჩუმრად შესვით მისი წამალი. რამეთუ მისი ხელი, ეგებ მოუქნელიცა და უხეშიც, მართულია უზეშთაესისა და უხილავის მადლიანი ხელით. მან რომ თასი მოგაწოდათ, ტუჩებს კი აგიწვავთ, მაგრამ იგი იმ თიხისგანაა ნაკეთები, რომელიც უზენაესმა მეთუნემ თავისი წმინდა ცრემლით დანამა.
Comentarios