top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - ქორწინებაზე

მერმე ალმითრამ მიმართა და უთხრა: "მოძღვარო, რას იტყვი ქორწინებაზე?

და მიუგო მან და თქვა:

თქვენ ერთად იშვით და ერთად იქნებით მარად. თქვენ ერთად იქნებით მაშინაც, როცა სიკვდილის თეთრი ფრთები გაფანტავს თქვენს დღეებს. ჰო, თქვენ ერთად იქნებით ღვთის უჩუმარ მეხსიერებაშიც. იყავით ერთად, ოღონდ დარჩეს თქვენ შორის სივრცე. დაე, ზეციურმა ქარებმა იქროლონ და ინავარდონ თქვენ შორის.


გიყვარდეთ ერთმანეთი, ოღონდ ბორკილად ნუ გაიხდით სიყვარულს. დაე, იგი ბობოქარი ზღვა იყოს თქვენი სულების ნაპირთა შორის. სასმისები შეუვსეთ ერთმანეთს, ოღონდ ნუ შესვამთ ერთი სასმისიდან. თქვენ-თქვენი პური უწილადეთ ერთმანეთს, მაგრამ ნუ მოკბეჩთ ერთი პურიდან. იმღერეთ და იცეკვეთ ერთად და გაიხარეთ, მაგრამ იყავით ცალ-ცალკე, როგორც ცალკეა ჩანგის სიმები, თუმცა ერთად თრთიან და ერთ ჰანგს გამოსცემენ. გული გულს შეუწონეთ, მაგრამ ერთმანეთს საკუთრებად ნუ მისცემთ გულს.


რამეთუ მხოლოდ ხელს სიცოცხლისას შეუძლია ეპყრას თქვენი გულები. იდექით ერთად, ოღონდ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არა. რამეთუ ტაძრის სვეტებიც ცალ-ცალკე დგანან. მუხა და კვიპაროსი ვერ ხარობენ ერთმანეთის ჩრდილში.



12 views0 comments

Comments


bottom of page